გთავაზობთ ფოტომასალას, გუშინ, 20 მაისს გუდიაშვილის მოედანზე გამართული აქციიდან. ინფორმაციას უშუალოდ აქციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ლიბერალის ვებ გვერდზე.
გთავაზობთ ფოტომასალას, გუშინ, 20 მაისს გუდიაშვილის მოედანზე გამართული აქციიდან. ინფორმაციას უშუალოდ აქციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ლიბერალის ვებ გვერდზე.
ერთი რუსის ქალი რომელიც საქციელით და მემგონი ცოტა გარეგნობითაც ძალიან ჰგავს კონკიას დედინაცვალს კონცეტრირებაში ხელს მიშლის და რესტორანში მსხდომი საზოგადოების ყურადღებას იქცევს.
“Что это у вас за чай? Это не чай, а безобразие какое-то,” ხმამაღლა გაიძახის რუსი ქალბატონი იქვე ახლო ახლო მოფუსფუსე აზერბაიჯანელი მიმტანის გასაგონად.
მოქმედება ბაქოში ხდება და მეც საჭმელის მოლოდინში გადაწყვეტილი მაქვს აზრები დავალაგო და ამ ქალაქზე შექმნილი პირველი შთაბჭდილებები ჩამოვაყალიბო.
თუმცა, “კონკიას დედინაცვალი” უკმაყოფილების გამოხატვას აგრძელებს და კვლავ ხმამაღლა გაიძახის, ამჯერად უკვე როგორც ჩანს რიტორიკულად მიმართავს თანხლებ ორ ახალგაზრდა გოგონას (ეს ორი გოგონა კონკიას დედინაცვალის პერსონაჟს კიდევ უფრო ამსგავსებს ამ უკმაყოფილო ქალს) ”Куда это мы попали? Безобразие какое – то.”
მიუხედავად იმისა რომ ამ ტრიოსგან ზურგით ვზივარ იძულებული ვარ უკან მივიხედო, ქალი ჭირვეულობას განაგრძობს და ნელ-ნელა ჩემი “რუსოფილია” ნოლზე დადის. ამ ქალის პათოსით შეწუხებული კი სოლიდარობას ვგრძნობ ოფიციანტებთან და ლამისაა მათ დასაცავად დავდგე და ვუთხრა, “ქალბატონო მე გუშინ აქ ვივახშმე და მშვენივრად მომემსახურეს,” თუმცა ვჩუმდები და იმას ვფიქრობ ჩაუფურთხუბს თუ არა რომელიმე ოფიციანტი სამზარეულოში გასვლისას ამ ქალს მოსატან კერძში ან თუნდაც სასმელში. ამრიგად ვხვდები რომ ჩემი ჩარევა საერთოდ არ არის საჭირო.
საკვირველია რატომ არ ფიქრობს ხოლმე კაფეში ან რესტორანში შესული კლიენტი რომ მიმტანიც ჩვეულებრივი ადამიანია და 6 საათი ფეხზე დგომის შემდგომ დაღლილზე და გაბრაზებულზე პრობლემის გადაწყვეტა ერთი ჩვეულებრივი ნერწყვის გამოყოფით შეუძლია.
ამასობაში ჩემთვის აირანი მოაქვთ, გემრიელად მივირთმევ და ისქენდერის ქაბაბს ვუკვეთავ. წინა დღის შემოსულმა ჩაიზე მიმტანს 60 კაპიკი დავუტოვე (დაახლოებით 1.20 ლარი). საკმაოდ პატარა თანხაა, მაგრამ ამის მიუხედავად როგორც ჩანს აქ ჩემს “ხელგაშლილობაზე” ხმა გავარდა (თან იმის ფონზე რაც გვერდზე მაგიდაზე ხდება და ჩემი მადლობის თქმა მიმტანის ყოველ მოსვლაზე როგორც ჩანს ჩემს მიმართ კეთილგანწყობას ერთი ორად ამაღლებს) და მიმტანები ისე მივლიან თავი პრინცი მგონია, ან პრინცი თუ არა, ტაილერ დარდენი მაინც.
ამასობაში ქალი ახალ მოტანილ კიევურ კატლეტს (ჰქონდა თუ არა ამ კატლეტს დამატებითი ორგანული დანამატები მხოლოდ მოსამსახურე პერსონალმა თუ იცის) მიირთმევს და მერამდენიმე ჩაკბეჩაზე კვლავ კაპარჭყანობას იწყებს, ”Что это такое? Это киевские катлеты по вашему? Я это вообше не заказывала? მაგიდასთან მისული აზერბაიჯანელი მიმტანი, რომელიც რუსულად წესიერად ორ სიტყვას ვერ აბავს, ქალს თეფშს ართმევს და რამდენიმე წუთში ახალი მაგრამ აბსოლუტურად იდენტური კერძით მოდის.
ამის დანახვაზე ამჯერად უკვე “კონკიას დედინაცვალის” სავარაუდო შვილები აქტიურდებიან და დედას მიუგებენ რომ “это абсолютно тоже самое блюдо.” თუმცა, როგორც ჩანს ეს ქალბატონი თვითონ იღლება საკუთარი ჭირვეულობით და დარჩენილ დროს ფარდობით სიჩუმეში ატარებს, ჩეკს იხდის და ყოვლად შეწუხებული შვილებთან ერთად გადის რესტორნიდან…
ამასობაში ჩემთვისაც შესანიშნავ ისქენდერი მოაქვთ, ხასიათი მიმაღლდება და მეც ახალი შთაბეჭდილებებისათვის ვემზადები, თუმცა ამაზე მოგვიანებით…
“ასეა, თუ ბავშვი ხელში გყავთ აყვანილი ესეიგი ბავშვია, თუ არა, და ფეხზე დგას, ესეიგი ბავშვი აღარაა”
-საბაგიროს თანამშმრომელი, ქალბატონს რომელმაც ბავშვებს ბილეთი არ აუღო
ტაქსის ხელს ვუქნევ, მიჩერებს. ჩაწეულ ფანჯარას ვუახლოვდები და მძღოლს ვეკითხები, “სპორტის სასახლესთან სამ ლარად გაგვიყვანთ?” თბილისის მაშტაბებში მანძილი რომელსაც ტაქსისტს ვთხოვ გასავლელად დაახლოებით გაგარინის მოედნიდან სპორტის სასახლემდე ტოლია. ვიცი რომ ეს ფასი ნორმალურია დედაქალაქის პირობებში, მაგრამ ამჯერად ქუთაისში ვიმყოფები და აქ ტაქსისტები სხვა კასტას წარმოადგენენ.
ჩემს კითხვის გაგონებაზე ტაქსისტი ძალიან მოკლე მაგრამ ბრაზიან მზერას მიქცევს, მყისიერ სიჩქარეს რთავს, სახეს გზისკენ ისწორებს, უპასუხოდ მტოვებს და ჰორიზონტზე ქრება. პოზის შეცვლასაც კი ვერ ვახერხებ, გაოგნებული ვდგავარ და ჩემი მეგობრების ხარხარს ვისმენ.
ვერავინ დამარწმუნებს რომ ქუთაისის ტაქსისტებს უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ ვიდრე თბილისელებს. აქ საქმე ორ მოვლენასთან უნდა გვქონდეს, პირველი, აშკარა ანტიპატია “დედაქალაქიდან ჩამოსულების მიმართ,” ა ლა “ჩამოვიდნენ აქ თბილისიდან და ჰგონიათ რომ შეუძლიათ კაპიკეპად იარონ” და მეორე, “სჯობია სულ ისე ვიარო ვიდრე იმდენი არასაკადრისი გადამიხადონ”.
ასე მაგალითად, მეორე შემთხვევაში სხვა ტაქსისტს ერთ ადგილამდე მისაყვანად იმაზე მეტი შევთავაზეთ ვიდრე საჭირო იყო. თუმცა, ხის ჩრდილის ქვეშ გაჩერებულმა ძალიან მშვიდად და ზარმაცად მოკლედ “არა” მოგვიგო. მართლაც, რატომ უნდა შეიწუხო თავი როდესაც ასეთ სიცხეში სჯობია მთელი დღე უსაქმოდ ხის ჩრდილის ქვეშ იდგე და კოლეგებს ქვეყნის ავბედითობაზე ესაუბრო.
ამრიგად ტაქსი თბილისისაზე გაცილებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა არის კიდევ ერთი განსხვავება. თუ თბილისში ტაქსის მძღოლები პოტენციური კლიენტის შენიშვნისას სიჩქარეს აგდებენ და ისევე მიიზლაზნებიან როგორც ბაგირა მსხვერპლის დანახვაზე, ქუთაისელი ტაქსისტები ბევრად “დასტოინად,” კლიენტის დანახვაზე სიჩქარეს უმატებენ და მათ მისამართით დაქნეულ ხელს არაფრად აგდებენ.
ქუთაისი კონტრასტების ქალაქია. ამ ჯერზე მეგობრებთან ერთად ჩასულმა აქ სულ რაღაც ორი დღე გავატარე, რომ არა მეორე დღე ქუთაისიდან ყველანი ძალიან ცუდი შტაბეჭდილებებით წამოვიდოდით. საქმე ისაა რომ პირველ დღეს დროის უქონლობის გამო ძირითადად ქალაქის შეფასება მხოლოდ შემოსასვლელით (საღორია) და ავტოსადგურით მოგვიწია. პირველ რაც თვალში გვეცა იყო მტვერი. თბილისიდან ჩამოსულს მტვერი რომ გაგიკვირდება ალბათ დაგვეთანხმებით რომ საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა. საბედნიეროდ მეორე დღემ, როდესაც მოგვეცა ბაგრატის, თეთრი ხიდის და განახლებული ქალაქის ნაწილის ნახვა ჩვენზე სულ სხვა შტაბეჭდილება დატოვა. ამ უბანში გასეირნება ნამდვილად არაა ცუდი იდეა და არც მტვერი შეგაწუხებთ, რაღაცეები კი მართლა კარგადაა გაკეთებული.
მერე რა რომ აქ ტურისტები ჯერჯერობით მხოლოდ კანტი კუნტად ჩანან, ტურისტულ ცენტრში რუკაზე შესულებს მომსახურე პერსონალმა ძალიან მოწადინებულად, ნეიტრალური აქცენტით მოგვიგო, “How can I help you?” ჩვენგან იგივე ენთუზიაზმი რომ ვერ შენიშნა, მშობლიური, მკვეთრად გამოხატული ქუთაისურით მოგვიგო, “აა, ქართველები ხართ?” ჩვენც თავი დავაქნიეთ და საჩუქრად ქალაქის რუკა მივიღეთ. სხვათაშორის როგორც ჩანს აქ ინგლისურად არა მარტო უცხოელები საუბრობენ. ამაში შემდეგ ფაქტმა დამარწმუნა. რესტორან მირზაანში შესულებმა შეკვეთამდე ერთ-ერთ ოფიციანტს გავესაუბრეთ და თეთრ ხიდზე მისასვლელი გზა ვიკითხეთ, იმანაც აგვიხსნა, ოთხივე მადლობა გადავუხადეთ და მენიუ ვთხოვეთ. იმანაც კი ბატონოო, ოღონდ მენიუ ინგლისურად მოგიტანოთო თუ ქართულადო? რადგანაც კითხულობს უნდა იყოს იმის პრეცენდტი რომ შემოსულ სტუმარს მიუხედავად ქართველობისა ინგლისურად წაკითხვა ერჩივნა…
ისე რეკლამაში არ ჩამითვალოთ და მირზაანის სამზარეულო ძალიან გემრიელი აღმოჩნდა და თბილისის ფილიალი ქუთაისისას ბევრად ჩამოუვარდება. თემა რომ გავაგრძელოთ, მაგიდასთან დასხდომისას ჩვენს უკან სტუმრები ახალი წასულები იყვნენ. მათი მაგიდა ტიპიურ ქუთაისურ მოვლენას ასახავდა.
ყოველთვის მეგონა ხოლმე რომ რესტორანის მესვეურებს არ უნდა აწყობდეთ ქუჩიდან შემოსული სტუმრის ტუალეტში შეშვება, მაგრამ ამ ორ შემთხვევამ დამარწმუნა რომ მათი ტუალეტის კარები ყოველთვის ღიაა შემთხვევით გამვლელისთვის. ამ ორიდან ერთ-ერთ შემთხვევაში კი ღია პირდაპირი მნიშვნელობით, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ კარები უბრალოდ არ იკეტებოდა და საქმეზე შესულს თან კარი უნდა დაგეკავა და თან არხსენებულ საქმეზე გეფიქრა.
კიდევ ერთი თავისებურებაა სამარშრუტო ტაქსები, თუ თბილისში ამ სატრანსპორტო საშუალებაში მფლობელი ცდილობს რაც შეიძლება მეტი სკამის ჩატენოს (საბოლოოდ ფეხების დასადები სივრცე იმდენად მცირეა რომ ამაზე შეიძლება პიგმეებმაც კი დაწერონ საჩივარი), ქუთაისში ყველაფერი პირიქითაა. აქ “მარშუტკაში” შესულს მაქსიმუმ 10 დასაჯდომი ადგილი თუ დაგხვდება, ყველა დანარჩენი სკამი აღებულია, რათა მგზავრმა კომფორტულად იგრძნოს თავი ფეხზე დგომისას. რომელია ამ ორთაგან მარკეტინგულად უფრო გამართლებული თქვენი გადასაწყვეტია…
კიდევ ბევრი სხვა რამე იყო, იყო მაკდონალდსი რომელმაც ჯერ საკუთარი არსებობით და შემდეგ უკვე ფერების გადაწყვეტილებით გულახდილად გაგვაკვირვა, იყო დაძაბული გამვლელი რომელმაც მიმართულების კითხვისას პრაქტიკულად ჩაგვეცუცქა, იყო არხეინად მოსიერნე პატრული და ბევრი სხვა რამ… თუმცა ყველაფერს ვერ მოჰყვები, ყველაფერი დანარჩენისთვის არსებობს თბილისიდან ქუთაისში მიმავალი 12 ლარიანი მარშუტკა, რომლის პლეილისტიც ცალკე ისტორიაა…

ძმებმა ლუმიერებმა ერთ-ერთი პირველი ფილმი რომ აჩვენეს, შეკრებილი საზოგადოება დაფრთხა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მოძრავი კადრი მანამდე არ ენახათ და ეკრანზე მომავალ მატარებელმა რეალური მოაგონა. ეგ მე-19 საუკუნეში ხდებოდა. 21-ე საუკუნეში კი ევროპელ მაყურებელმა ნერვები მოითოკა, კინოში მოქცევა ისწავლა და უმეტეს შემთხვევაში ეკრანზე მომხდარს გასუსული უყურებს.
მიუხედავად იმისა რომ საქართველო აგერ უკვე მერამდენე წელია ცდილობს ევროპულ ოჯახში შეღწევას, სხვა თემას ამ ჯერზე თავი რომ დავანებოთ, კინოში მოქცევა ვერაფრის დიდებით ვისწავლეთ. ცოტა თუ ბევრი ვიარე კინოში, გადავწყვიტე შემომეთავაზებინა ჩემეული დასკვნა ქართველ მაყურებელზე ქვემორე მოყვანილი ჩანახატის სახით…
შემთხვევა კინოში ანუ ჰიპოტეტიურად მომხდარი ერთი ამბავი
წარმოვიდგინოთ ერთი პატარა დარბაზი რომელიც ასამდე ინდივიდს იტევს. ცარიელ დარბაზში შემოდის ახალგაზრდა გოგონა და სრულ მარტოობაში მე-4 რიგში იკავებს ადგილს. მოდით, მას პირობითად ანა დავარქვათ. ანას სურს კარგი ფილმის ნახვა და ამიტომაც კინოში მარტო სიარულს არ ერიდება. ამჯერადაც იტალიური ნეო რეალიზმის ერთ-ერთი ფილმის სანახავადაა მოსული.
რამდენიმე წუთში დარბაზში შემოდის ექვსკაციანი ჯგუფი და გოგონას უკან მე-5 რიგში იკავებს ადგილს. კიდევ რამდენიმე წუთში შემოდის წყვილი რომელიც გოგონას გვერდზე, იმავე რიგში სხდება. ნელ-ნელა დარბაზი ივსება…
კინოჩვენებას ტრეილერებით იწყებენ. ფილმის დაწყებამდე კი საქართველოში ახლად დანერგილი პრაქტიკის შედეგად ეკრანზე სოციალური ხასიათის რეკლამაა. რეკლამაში ამერიკის ერთ-ერთი კინოთეატრის ფოეში კინომაყურებელს ეკითხებიან თუ რამდენად მოსწონთ ახალი შემოღებული წესი, რომლის თანახმადაც ფილმის ჩვენებისას ყოველ ნახევარსაათიანი პაუზის შემდეგ, მაყურებელს ეძლევა საშუალება ისარგებლოს მობილური ტელეფონით და გააკეთოს საჭირო ზარები. რგოლში მონაწილე მაყურებელი ამბობს რომ გადასარევი წესია და მაგალითად მოჰყავთ ასეთი შემთხვევა, “წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცამ დაგირეკა და ნახევარ საათში არ გადაურეკე… ხომ შეიძლება იფიქროს რომ გარდაიცვალე?” ამრიგად ყველა თანმხდება რომ ეს მშვენიერი წესია.
რა თქმა უნდა ეს რგოლი სახუმარო, უფრო ცინიკური ხასიათისაა და მოუწოდებს კინოთეატრში მსხდომ მაყურებელს ტელეფონის გამორთვისკენ, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ტელეფონს მხოლოდ ჩვენი მთავარი პერსონაჟი თიშავს.
იწყება ფილმი…
5 წუთის შემდეგ
ანას უკანა რიგიდან ესმის ტელეფონის ზარი, ზარს ერთ-ერთ მაყურებელი პასუხობს, “ალიო, ალიოოო, არ მესმის, გადმორეკე რა!” აბონენტს რამდენიმე წამში კვლავ ურეკავენ, “ხო, ალიოო, აი ახლა მესმის… კი, კი კარგად… შენ? რავი კინოში ვართ, მე, ირუშკა, ნინჩო, იკა, აუ ბევრნი ვართ რა… ხო რავი, ახლა დაიწყო… შენ, როგორ ხარ?.. აჰა, ხო კაი მაშინ დაგირეკავთ რომ დამთავრდება… ოქეი.”
15 წუთის შემდეგ
ისმის რეპლიკა ბოლოს წინა რიგიდან, “აეეე, რეჟისოოორ დაიწყე რა!.. იმ ტიპს რაღა უნდა, რა ტანჯულაა…” რეპლიკას მოჰყვება აბსოლუტური უმრავლესობის რეაქცია, რომელიც მეტწილად ხმამაღალ სიცილში და რიგ შემთხვევებში მოკრძალებულ ღიმილში გამოიხატება.
30 წუთის შემდეგ
ვიღაც “მეამიტი” რიტორიკულად კითხულობს, “ეეე, ფილმის დასაწყისში ხომ გვითხრეს რომ შეგვასვენებენ, დარეკვა მინდა,” რასაც კვლავ სიცილი მოჰყვება და ვიღაც “გონებამახვილი” მოუწოდებს, “შენც დარეკე, რა გენაღვლება.” მოწოდებას კვლავ ხარხარი მოჰყვება.
50 წუთის შემდეგ
ფილმში ხდება დრამატული გარდატეხა, მთავარი პერსონაჟი საბოლოოდ იგებს სხვა პერსონაჟის გულს და ეს ესაა აკოცოს… დამსწრე საზოგადოება ემზადება რომანტიკული კოცნისთვის როდესაც ერთ-ერთი დარბაზში მსხდომი წამოიძახებს, “აკოცეეეე შე ჩურბანო, რაღას ელოდები?” გადამწყვეტ მომენტში მთავარი პერსონაჟი უკან იხევს და მოსალოდნელ კოცნას არ ანხორციელებს. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ოხრავს, ხოლო ბოლო წინადადების ავტორი მეორეს აყოლებს, “აუ, ეს მართლა ჩურბანი ყოფილა, შენი დედა ვატირე!”
55 წუთის შემდეგ
მაყურებლების ნახევარი დარბაზს ტოვებს. კინოთეატრების მესვეურები კი, ამის შემხედვარე ანალიზის შედეგად ხვდებიან, რომ ფილმმა გაამართლა, უმეტეს სხვა შემთხვევაში, მაყურებლის საგრძნობი ნაწილი როგორც წესი დარბაზს ფილმის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ტოვებს ხოლმე.
1 საათის და 5 წუთის შემდეგ
ანას გვერდზე მსხდომი წყვილი იწყებს ერთმანეთში საუბარს, გოგონა ეუბნება თავის “კავალერს,” “აუ ეს ჩვენს გვერდზე გოგო რომ ზის ნახე? რა ცოდოა… მარტოა, მეგობრები არ ჰყავს ნეტა?” ბიჭიც დასტურად თავს უქნევს და “ნწ, ნწ-ს” გამომხატველ მოძრაობასაც აკეთებს თავით. შემდეგ გადადიან სხვა თემებზე და უფრო ხმამაღლა ლაპარაკსაც არ ერიდებიან. “ბიჭო, პალიკო როგორაა? იმ დღეს ძალიან გამიხარდა მაგის და ზურას ნახვა,” ეუბნება გოგონა. “პალიკო ძმაა, მაგრად მიყვარს, მაგარი რაღაცეები ჩაატარა იმ დღეს,” პასუხობს ბიჭი.
1 საათის და 30 წუთის შემდეგ
ფილმი მთავრდება. ანას უკან მსხდომი ჯგუფი უკრავს ტაშს და ამავდროულად ერთ-ერთი ხმამაღლა გაიძახის, “აუ რა მარაზმი იყო, კიდევ კარგი მორჩა, ვისი იდეა იყო აქ მოსვლა?” სხვები იცინიან, ერთი-ორ უკბილო ხუმრობას ისვრიან და სწრაფი ტემპებით ირაზმებიან გასასვლელისკენ.
ნელ-ნელა დარბაზს ყველა ტოვებს. ბოლოს სრულ მარტოობაში ანა რჩება და ასრულებს ტიტრების ყურებას…
ასე გვჩვევია ქართველებს, ცუდი თუ მოგვივიდა რამე და ცუდის მეტი რა მოგსვლია ბოლო 20 წლის განმავლობაში, ობიექტურად თუ სუბიექტურად ყოველთვის ხელისუფალს ვაბრალებთ ხოლმე.
მართალია ამ 20 წლის განმაბლობაში მაინცდამაინც ღმერთს ვერცერთი ჩვენი ლიდერი ვერ უქნია, ზვიადიდან დაწყებული მიშათი დამთავრებული, მაგრამ ის რომ ზოგ შემთხვევაში ჩვენი ბრალდება აბსურდამდე დადის, “რა ამინდია, რას გვიშვრება ეს შევადნაძე,” ეს ფაქტია.
ასეა, ვერ ჩამოვყალიბდით სამოქალაქო საზოგადოებად სადაც ყოველი წევრი იშვიათი გამონაკლისების გარდა, საკუთარ თავზე თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებდა და კარგ მოქალაქედ წარმოაჩენდა თავს.
ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც გინდა გიამბოთ ჩემს რამოდენიმე ბოლოდროინდელ დაკვირვებების შესახებ.
20 თეთრი როგორ გაკადრო?
რამდენიმე კვირის წინ ბოულინგ კლუბში ვაგზლის მოედანზე რომ მდებარეობს, ლუდის დალევა გადავწყვიტე ბარში, არ მახსოვს რომელიც იმპორტირებულ ლუდს მივადექი (ქართული არ ჰქონდათ) და ფასი ვიკითხე. “ხუთი და ოთხმოცი,” მომიგო “ბარგოგონამ”. კი ვიფიქრე “ღმერთმანი, ხუთი და ოთხმოცი რა ამბავია თქო, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციით 400 ლარია,” მაგრამ გულისწყრომა ხმამაღლა აღარ გამოვხატე და პატიოსნად ხელი ჯიბისკენ წავიღე, ექვსი ლარი მივაწოდე და ჩემს კუთვნილ ლუდს და ხურდას დაველოდე. ლუდი ისეთი მკაცრი გამომეტყველებით მომაწოდა, რომ მივხვდი ამისგან ხურდის დაბრუნებას ამაოდ ველოდები თქო.
ოცი თეთრის დედაც ვატირე, არც გამოვართმევდი, მაგრამ ის რომ ქართულ ბარებში სადაც სასმელს კატასტროფული ფასი ადევს ხოლმე, მომსახურე პერსონალი ხურდის დაბრუნების ჟესტის ჩადენა როგორც ჩანს პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ უტყდებათ. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მცირედი თანხის არ დაბრუნება, არა სარგებლის მიღების მიზნით არამედ “კარგი რა ოც თეთრს ხომ არ გაკადრებ” ვერსიითაა განპირობებული.
დავეწიოთ და გადავუსწროთ ზებრას
მიუხედავად იმისა რომ გადასასვლელებზე, აი ისეთ გადასასვლელებზე ე.წ. ზებრა რომ ამშვენებს და წესით და რიგით მანქანები სისწრაფეს რომ უნდა უკლებდნენ და ფეხით მოსიარულე რომ უნდა ატარებდნენ, კინაღამ ერთიორჯერ მანქანამ გამიტანა, მაინც მედგრად ვდგავარ და ზებრას ფუნქციას არ ვუკარგავ.
საინტერესო ისაა რომ ისეთ ადგილებში სადაც ზებრა ახლოსაც კი არ არის ნახსენები, მანქანის მძღოლმა გადამსვლელი რომ დაინახოს სისწრაფეს შეანელებს და პატიოსნად გაატარებს. მაგრამ ზებრა… ზებრა სულ სხვაა. ასეთ დროს როგორც ჩანს ქართველ მძღოლს ზებრაზე დატანილი კონტურები ფინიშის ხაზს აგონებს რომელიც პირველმა უნდა გადაკვეთოს, საჭეს მთელი ძალით ეჭიდება და ზებრაზე პატიოსანი მოქალაქის გატანას ლამობს, ქვეცნობიერად მაინც.
ორგიები თბილისის ავტობუსებში
ვისაც ერთხელ მაინც გიმგზავრიათ თბილის ქალაქის ცნობილ ყვითელ ავტობუსში ალბათ განცდილი გექნებათ ვინმე უცხოსთან ჩახუტება, სასწაული სურნელი და გასასვლელისკენ სვლისას ჯიკაობა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო რუსთაველიდან ვაკეში მივდიოდი ბაგდანოვკით, ჩვეულად გაჯეჯგილი იყო და სადღაც გასასვლელს და სკამებს შორის ერთი ფეხით მდგარი მეორე ფეხისთვის ამაოდ ვეძებდი დასადგმელ ადგილს. ალბათ მიხვდით რომ ჩემნაირად მგზავრების უმეტესობა ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი.
ერთ-ერთ გაჩერებაზე ახლო მახლო ადგილი განთავისუფლდა. იმ ადგილზე თავიდანვე ხელი კი არადა ფეხი ჩავიქნიე, ჩემს წინ რამდენიმე ადამიანი იდგა.
ვიფიქრე რომელიმე დაჯდება თქო და ჩემს მეორე ფეხსაც დასადგმელი ადგილი გაუჩნდება თქო… თუმცა იმ ადგილთან მჯდომ სუბიექტი სულ სხვა იდეამ შეაწუხა – გადაწყვიტა რომ ერთ ადგილზე ვერ ეტეოდა და ერთის ნაცვლად ორ ადგილზე გაიშხლართა.
ავტობუსში სამგზავრო 50 თეთრის გადახდა კიდევ ცალკე თემაა. თან რატომღაც მგონია რომ გადასახადს უფრო ისეთი მოქალაქეები არ იხდიან რომლებსაც საშუალეაბა აქვთ და არა ისინი ვინც 100 ლარიან პენსიაზე ცხოვრობენ.
ერთხელ მგზავრობისას ჩემს ახლო მახლო 3 ახალგაზრდა ბიჭი იჯდა და ცოცხალი თავით ბილეთს არ იღებდა. კონტროლიორის საყვედურზე ამათმა ცინიკურად მოიშორეს, “ხო, ხო, გადავხიდით, გვაცადე რა…” შემდეგ გაჩერებაზე მეორე კონტროლიორი ამოვიდა, იგივე მოთხოვნაზე ბიჭები გაუბრაზდნენ, ასეთ რამეს როგორ გვაკადრებო და აქეთ მოსდეს შარი რომ ჩასვლისას უნდა იღებდნენ ბილეთს. კონტროლიორი კონფლიქტს მოერიდა და მალევე ჩავიდა.
“ხოდა ასე,” გაიფიქრეს როგორც ჩანს კმაყოფილმა ბიჭებმა და გზაც მთავრობის გინებაში გააგრძელეს…

შეგიძლიათ გაიხსენოთ დასავლეთ ევროპაში არსებული ორი სახელმწიფო რომელიც ერთმანეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი? რა თქმა უნდა ვერ გაიხსენებთ.
დრო როდესაც მეზობელი ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, აწყობდნენ 100 წლიან ომებს და ა.შ. ბნელ წარსულს ჩაბარდა. დღევანდელი “ქიშპობა” მაქსიმუმ ერთმანეთის მიმართ არაპოლიტკორექტულ ხასიათის მქონე ხუმრობით შეიძლება გამოიხატოს. ჩვენ სამწუხაროდ გარკვეულწილად ჯერ კიდევ იმ შუასაუკუნოვან სიბნელეში ვიმყოფებით.
დღეს ევროპა ევროკავშირის საფარის ქვეშ ცხოვრობს სადაც გადაადგილება თბილისიდან ბაქოში მგზავრობაზე მარტივია. მოგზაურობისთვის საზღვარგარეთის პასპორტიც კი არ გჭირდებათ. პირადობის მოწმობა საკმარისია.
დღეს ლონდონიდან მილანში გადაფრენა თუ სარგებლობ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობრივი პრივილეგიით დაახლოებით იმას ჰგავს თბილისიდან მოსკოვში 37 მანეთად რომ მიდიოდნენ საქეიფოდ. აბა, უთხარით რომელიმე ევროკავშირელს რომ ეს შესაძლებლობა შეიძლება ოდესმე შეუწყდეს?
შარშან გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტში სწავლისას სახელმწიფო მმართვის ერთ-ერთ ლექციაზე საუბარი ევროკავშირის შესაძლო გაფართოებაზე, კერძოდ კი თურქეთის საკითხზე ჩამოვარდა. განხილვისას გადავწყვიტე შესაძლებლობად გამომეყენებინა და საქართველოს შანსებზე ვკითხე ლექტორს. მაინცდამაინც არ გამიკვირდა რომ შანსებზე საუბარი მხოლოდ ფინანსურ (ევროპისთვის) სარგებლობიანობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. დემოკრატიის ხარისხი, სიტყვის თავისუფლება და ა.შ. კი უფრო ქაღალდზე დაწერილ ფორმალობას წარმოადგენს.
ყველამ ვიცით რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში იმდენად ნელი და არაეფექტურია რომ ეს უკანასკნელი შეიძლება უფრო ადრე დაიშალოს (ეკონომიკური კოლაფსების ფონზე) ვიდრე საქართველოს შესვლის საკითხი გადაწყდეს. ასეთ ვითარებაში როდესაც ევროპაში მოხვედრა საკმაოდ რთულია და ვერც მოსკოვში მიფრინავ 37 მანეთად რა პერსპექტივა აქვთ საქართველოს და მის მსგავს სახელმწიფოებს?
დასავლეთი ადრე საბჭოთა კავშირს რკინის ფარდის გამო დასცინოდა , თუმცა დღევანდელი რთული სავიზო პროცედურების პირობებში რკინის ფარდა სწორედ რომ ევროკავშირს აფარია ხშირ შემთხვევაში ჩვენნაირი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აუცილებლად გასავლელი პროცედურები კი ხშირად დამამცირებელია.
პოსტი დასავლეთ ევროპის ერთიანობის აღწერით შემთხვევით არ დამიწყია და არც 37 მანეთი მიხსენებია უბრალოდ. თუ პოსტ საბჭოურ სივრცეში არსებულ მდგომარეობას და მოუგვარებელი კონფლიქტების რიცხვს გადავლებთ თვალს მივხვდებით რომ კონტრასტი დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის კატასტროფულია. აქეთ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ყარაბაღი, იქეთ დნესტრისპირეთი და ყირიმი, უკეთეს შემთხვევაში დაძაბული ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებს შორის… მოკლედ, დიდი კვლევის ჩატარება არაა საჭირო იმის დასადგენად რომ პოსტ საბჭოური ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთობის კრიზისს განიცდიან. ასეთ პირობებში კი რთულია ეკონომიკური წარმატების იმედი გქონდეს.
მიუხედავად იმისა რომ გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ და სამყარო სულ უფრო და უფრო პატარა ხდება როგორც ჩანს კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას კვლავ დიდი მნიშვნელობა აქვს. იქნებ დროა პოსტ საბჭოურ ქვეყნები ახალ, პრაგმატულ (ისევე როგორც ამას დასავლეთ ევროპა აკეთებს) პოლიტიკაზე დაფიქრდნენ და ერთგვარი ალტერნატივა შექმნან?
პრაგმატული პოლიტიკის შემთხვევაში კი 37 ევროდ და მანეთად თუ არა, იქნებ 37 გრივნად მაინც იქნეს ფრენა შესაძლებელი?
ყოველ ენას აქვს ისეთი სიტყვები რომლებიც ძალიან რთულია გადმოთარგმნო მეორეზე. ყველაფერი კულტურული მემკვიდრეობის და ენის განვითარება არ განვითარებაზეა დამოკიდებული. არც ქართულია ამ მხრივ გამონაკლისი. თუმცა, ეტიმოლოგიური ექსკურსით ძალიან რომ არ მოგაწყინოთ თავი, რამდენიმე ინგლისურ სიტყვაზე გავამხვილებ ყურადღებას და თან გთავაზობთ თარგმნის თქვენეული ვერსიები შემომთავაზოთ, აქვე შევეცდები ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანო.
Flatmate – უცხოეთში ნამყოფი ახალგაზრდების მუდმივი პრობლემა ქართულად საუბრისას. მართლა, როგორ უნდა თარგმნო? “თანამცხოვრები?” – რა თანამცხოვრები – ვერ ჟღერს სიტყვა აშკარად. “მეზობელი”? – ეს ფაქტობრივად არასწორია, მეზობელი ისაა კარის იქეთ რომ ცხოვრობს, Flatmate კიდევ იქვე, ბინაში გყავს. შეიძლება მეგობარიც კი არ იყოს და უბრალოდ ცხოვრობდეს შენს სივრცეში, დატანტალებდეს შხაპში, მიირთმევდეს შენს სამზარეულოში და ა.შ. მიდი და დაუძახე ამის მერე მეზობელი, მეგობარი… პირდაპირი თარგმანი ხომ საერთოდ არაჟღერადი გამოდის, “ბინის მეგობარი.” არა ისევ ამ სიტყვის გამოყენება სჯობია ქართულ დიალოგში, სანამ რამე ახალს ვერ მოვიფიქრებთ.
Nerd/Geek - მიუხედავად იმისა რომ ამ ორ სიტყვას შორის უკვე არსებობს განსხვავება ის მაინც არაარსებითია. ზოგადად გულისხმობს უგზო უკვლოდ განათლებულ ადამიანს, ანუ ჩვენში რუსულად რომ იტყოდნენ ხოლმე “ბოტანიკი”. მაგრამ რუსული არ გამოგვადგება ქართულზე თუ მიდგა საქმე, მითუმეტეს თუ გადმოვაქართულედ სრული უაზრობა, ანუ “ბოტანიკოსი” გამოვა. შეგვიძლია გამოვიყენოთ “ენციკლოპედიკი,” მაგრამ სიტყვაში ბოლო ხუთ ასოს ცოტა სხვა ელფერი დაჰკრავს. ვთავაზობ “ნერდებს” და “გიკებს” თავად გამოიგონონ რამე შესატყვისი.
Winger – სლენგზე გულისხმობს მეგობარს რომელიც გეხმარება გოგოების (შეიძლება ასევე ბიჭების, მაგრამ მე არ გამიგია) შებმაში. ანუ მარტო რომ არ გახვიდე სადმე კლუბში თან გახლავს მეგობარი. ამის პირდაპირი თარგმა საერთოდ აბსურდია, “მეფრთე”. მეფრთე არა პილოტი კიდევ… ჰმმ, თუმცა პილოტი არც ისე ცუდად ჟღერს, თითქოს ოდნავ მნიშვნელობას უცვლის, მაგრამ ისე თვითონ სიტყვას არაუშავს. მეორეს მხრივ, ზოგადად რამდენად გამოსადეგია ამ სიტყვის არსებობა ქართულ რეალობაში ცალკე საკითხია… შტურმანი?..
Procrastination – ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფსიგოლოგიურ ტერმინთან, რომელიც გულისხმობს რამე მნიშვნელოვანის გადადებას და ნაკლებად მნიშვნელოვანი მაგრამ უფრო მეტი სიხარულის მომგვრელი საქმით დაკავებას. ამხელა ახსნის შემდგომ მიდი და მოუფიქრე ასეთ ტერმინს ერთ სიტყვიანი შესატყვისი…
Pub Crawl – პირდაპირი თარგმანი “პაბ ცოცვა” ან “ბარ ცოცვა,” მაგრამ ისეთი ალპინისტური ტრადიციების მქონე ქვეყანაში როგორც საქართველოა ისევ “ნიტოა”. სიტყვა როგორც უმეტესობა ალბათ მიხვდით გულისხმობს ბარიდან ბარში გადასვლას და ალკოჰოლის ჩასხმას იმ მომენტამდე როდესაც უბრალო გადასვლა მართლა ცოცვას არ დაემსგავსება. შეიძლება იმის ვარაუდი რომ სუფრის მოყვარულ ერში ეს სიტყვა ვერ ჩამოყალიბდებოდა აღნიშნული კულტურული განვითარების ფონზე, თუმცა გლობალიზაციის პირობებში ალბათ დროა ჩვენც მოვიფიქროთ რამე…
მაიას კალენდარს თუ დავუჯერებთ სამყარო წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა ამის არავის გვჯერა, და ამიტომაც მუშაობას, სწავლას თუ ბლოგერობას შეფერხების გარეშე განვაგრძობთ.
თუმცა, შემთხვევით გამომივიდა და ეს პოსტი პირველი გამოდგა ჩემი ბლოგისთვის 2012 წლის დასაწყისში, შემთხვევითობის სიმბოლურობა კი იმაში გამოიხატება რომ გუშინ სპონტანურად გადავყწვიტე გლაზგოს ყველაზე დიდი სასაფლაოს მონახულება. სასაფლაოს რომელსაც სახელად გლაზგოს ნეკროპოლისი ჰქვია.
აქ არსებული საფლავები ძირითადად მე-19 საუკუნის შუა წლებით თარიღდება. დღეს გლაზგოს ნეკროპოლისი ჩვეულებრივ სასაფლაოზე მეტია, ის ქალაქის არქიტექტურის და ხელოვნების ნაწილია, რომელსაც წლიურად ათასობით ტურისტი ინახულებს, მკვიდრი მოსახლეობა კი ხშირად უბრალოდ გასასეირნებლად იყენებს.
მოკლედ, გთავაზობთ ფოტო მასალას.
ფოტოების ავტორები:
ელენა გარანი
დათო ლობჟანიძე
თეთრი კაცი პირველად რომ დავინახე ტირილი მოვრთე, დეიდაჩემთან გავვარდი და ქვითინით მოვახსენე, “ფილიპე ბიძიამ თეთრი კაცები მოიყვანა.” ექვსი წლის ვიქნებოდი და ჩვენს ქვეყანაში თეთრკანიანი ადამიანები ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენდნენ. თეთრი კაცები ბიძაჩემმა მოიყვანა, ტაქსის მძღოლად მუშაობდა და როდესაც ორი გადამთიელი ადამიანი დაემგზავრა სახლთან გავლა და ზაფხულში დასასვენებლად ჩამოსული ბავშვისთვის უცნაური ხალხის ჩვენება გადაწყვიტა, რომლისთვისაც სხვა ფერის ადამიანები სიახლეს წარმოადგენდნენ. ბავშვისთვის სიახლე შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, ხოლო უფროსებისთვის მისი რეაქცია სასაცილო.
მსგავსი ისტორია მართლა გადამხდა თავს, იმ განსხვავებით რომ ეს კაცები თეთრკანიანი კი არა შავკანიანები იყვნენ და არც ბიძაჩემს ჰქვია სახელად ფილიპე, თუმცა წერილის დაწყება ასეთი ფორმით ორი მიზეზის გამო გადავწყვიტე. პირველი მიზეზი – არ გავმხდარიყავი ბოლოდროინდელი პოლიტქორექტულობის მსხვერპლი და მეორე – ეს ამბავი პერსონაჟების მსგავსი გადანაცვლებით თავისუფლად შეიძლება მომხდარიყო რომელიმე აფრიკულ სახელმწიფოში. მთავარი აქ ისაა რომ ხუთი თუ ექვსი წლის ბავშვისთვის რომელსაც რასიზმის შესახებ არაფერი სმენია უცნაურია დანახვა ადამიანების რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან იმ სხვებისგან რომელსაც ის შეჩვეულია(თუმცა აქ ისიც არის აღსანიშნავი რომ მიუხედავად ტერმინების უცოდინრობისა მაშინ კი სრულად პოლიტქორექტულად განვაცხადე “ავთო ბიძიამ შავი (და არა ზანგი) კაცები მოიყვანა”).
რამდენიმე კვირის წინ მეგობართან საუბრისას რასიზმის თემას შევეხეთ და იმაზე შევთანხმდით რომ საქართველოში ეს პოპულარულ განხილვებში შემოსული თემა ბოლოდროინდელი რიტორიკის ფონზე გაფუქებული, გაზვიადებული და არალევანტურია. მაგალითად კვლავ პატარა ბავშვის რეაქცია გამოდგება.
საქმე ისაა რომ ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არ გამოუვლია ის გზა რომელიც თავის დროზე დასავლეთმა აირჩია, ანუ რეალური რასიზმის და ნაციზმის გზა. საქართველოში არასდროს ყოფილა აფრიკიდან ჩამოყვანილი ადამიანების მონობაში მოქცევის თუ ექპლოატაციის ფაქტები, არ მომხდარა ჰოლოკოსტი, ინკვიზიცია თუ რომელიმე სხვა სასირცხვილო მოვლენა რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დონემდე იქნებოდა აყვანილი.
ნაცვლად ამისა ყოველთვის არსებობდა რიტორიკა რომელიც სიტუაციაში გაურკვეველ ადამიანს შეიძლება რასისტულად თუ ნაცისტურად მოჩვენებოდა, მაგრამ ეს რიტორიკა უფრო ქართული მოსახლეობის მატრაკვეცობის და ქილიკის სიყვარულზე უნდა მიუნიშნებდეს ვიდრე რამენაირი სახის სიძულვილზე.
ამერიკულ შეერთებულ შტატებში დღეს როდესაც სიძულვილის ენა რიგ შემთხვევაში დასჯადია სხვა ისტორიულ რეალობას ემყარება და სწორედ რომ ასეთი რეალობის არსებობის გამო ხდება მწვავე რეაქციის საგანი. იგივე სიტუაციაა ევროპაში როდესაც სიძულვილის ენის მსხვეპლნი ებრაელები ხდებიან. ზოგადად აღსანიშნავია რომ გენოციდის ფაქტები, კოლონიალიზმი, ნაციზმი და ა.შ. მეტწილად დიდი სახელმწიფოებისთვის, პოსტ კოლონიალური ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ინერციით თანამედროვე მოსახლეობაშიც კი ვლინდება.
პოსტ კოლონიალური ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს მოსახლეობას ისტორიულად სხვადასხვა ერები წარმოადგენდნენ, მართალია იგივე სომხებზე ქილიკი საქართველოში ყოველთვის არსებობდა მაგრამ ქილიკი იმ ადამიანებზე რომლებიც ქვეყნის დედაქალაქში მის დაარსებისთანავე ცხოვრობდნენ რეალურად ქილიკს არ სცდებოდა და მეტწილად სახუმარო თემას წარმოადგენდა ვიდრე სიძულვილს.
მარტივად, საყოფაცხოვრებო ენაზე რომ ვთქვათ თუ საქართველოში ვინმე ირაკლი დასცინის ვინმე რუდიკას, მეორე დღეს ირაკლი და რუდიკა ერთად სვამენ. თუ მსგავს ვითარებაში სიტყვაზე ადოლფი ქილიკობს მოსეზე, მეორე დღეს ადოლფი მიდის და მოსეს თავში აგურს ურტყამს(ბოდიში უხეში შედარებისთვის).
შექმნილ ისტორიულ რეალობაში კი გადამატებული პოლიტქორექტულობა და გარკვეული პირების დემონიზაცია (მაგალითად მიხეილ საააკაშვილის თუ რობერტ სტურუას გამონათქვამი ზანგებზე გამოდგება) არელევანტური და აბსურდულიც კია. მიზეზი კვლავ და კვლავ ალბათ ისტორიული სინამდვილის გაუცნობიერებაში და დასავლეთში არსებული ტენდენციების ბრმა კოპირებაშია, რომელმაც მომავალში შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ხომ შეიძლება ასეთ ვითარებაში გაიზარდოს თაობა რომელსაც მართლა ეგონოს რომ საქართველოში პოლიტქორექტულობა არსებობს იმდენად რამდენადაც ქვეყანაში არსებობს სხვა ერების თუ რასების შეგნებული განადგურების ფაქტები?
საინტერესოა, როგორი იქნება მაშინ ამ შემთხვევაში ამ ადამიანების ბავშვობა?
რამდენიმე კვირის წინ მეგობარმა წერილი მომწერა, რომელიც ზოგადად საქართველოში მისი გამოცდილებიდან გამომდინარე მდგომაორების აღქმას ეხება. მისი თანხმობის შემდეგ გადავყწვიტე წერილი საჯარო, ღია გამეხადა და ანონიმურად გამომექვეყნა ბლოგზე. გთავაზობთ მოწერილს უცვლელად.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?