Category Archives: კულინარია

ჩემი მოკრძალებული კულინარიული წიგნი

აი, ასე მტკივნეულად ვიწყებდი

პირველად მარტო ცხოვრების პერსპექტივა რომ დამეღრიჯა დედაჩემმა ქართველი დედებისთვის ესეოდენ დამახასიათებელი შიში გამოხატა, რომელიც დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერდა: “შვილო, რა უნდა ჭამო, კვერცხს ვერ იწვავ წესიერად.”  მაშინ კვება არ მაღელვებდა, თავისუფალი ცხოვრების პერპექტივით დაბრმავებული (რომელიც საინტერესო თავგადასავლებს და რა თქმა უნდა ჩემს მაშინდელ წარმოსახვაში უამრავ სასიყვარული ისტორიას მისახავდა) ისეთ მიწიერ პრობლემაზე როგორიც კვებაა რა თქმა უნდა არ ვფიქრობდი.

მარტო საცხოვრებლად გადასავლისთანავე ჩემი რომანტიული და თავგადასავლური ილუზიები დაიმსხვრა, კუჭი კი საჭმელს მთხოვდა. საერთო ჯამში მარტო ცხოვრების დაახლოებით ერთ წლიანი სტაჟის შემდეგ ჩემი კულინარიული უნარები ერთი ორად დაიხვეწა, ამიტომაც დღესდღეობით დედაჩემს აღარ ეშინია რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ შემწვარ კვერცხს შევჭამ და აუდუღებელ ჩაის დავლევ.

მოკლედ, გთავაზობთ  ჩემს მიერ გამოცდილ რამდენიმე რეცეპტს.

პიურე, შემწვარი ღორის ხორცი და მწვანილი

ძალიან მარტივი მოსაზმადებელია და ალბათ ყველა დამწყებ მზარეულს გამოადგება, ყოველ შემთხვევაში მშიერს არ დაგტოვებთ. ერთი პორციის მოსამზადებლად დაგვჭირდება 5-6 კარტოფილი, თქვენი შეხედულებისამებრ. კარტოფილის დაჭრის შემდგომ ვაგდებთ მას წინასწარ ადუღებულ წყალში და ვხარშავთ დაახლოებით  25 – 30 წუთის განმავლობაში. სანამ კარტოფილს მოვამზადებთ ვაბასთურმებთ ხორცს. ვჭრით ღორის ხორცს პატარა ნაჭრებად, ისე რომ თითო დაახლოებით 20-25 გრამი იყოს (ან თქვენი შეხედულებისამებრ), ვაყრით პილპილს, მარილს და წვრილად დაჭრილ ხახვს, ვზილავთ და ვტოვებთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.

კარტოფილის მოხარშვის პარარერულად ვწვავთ ხორცს დაახლოებით 30 – 35 განმავლობაში.

მოხარშულ კარტოფილს ვამატებთ ცოტა ოდენ რძეს (ან კარაქს, შეგიძლიათ ასევე ოდნავ ნახარში წყალი დაამატოთ) და ვჭყლეტ, ამის შემდეგ პიურე მზადაა.

ვინაიდან და რადგანაც ამ კერძის მომზადებისას თქვენ ხორცი გამოიყენეთ სასურველია მას მწვანილი მიაყოლოთ თქვენი შეხედულების და მიხედვით, მე პირადად ასეთ შემთხვევაში ძალიან მიყვარს მწვანე ხახვი.

მოხარშული ბრინჯი კვერცხით და ლიმნის წვენით

პროგრესი სახეზეა (თეფშზეა)

თქვენი შეხედულების მიხედვით ყრით ბრინჯს წინასწარადუღებულ მარილიან წყალში და ხარშავთ 15-20 წუთის განმავლობაში. პარალელურად ხარშავთ კვერცხს 10-15 წუთის განმავლობაში (ერთ ცალს პორციაზე). კვერცხის მოხარშვის შემდეგ ჭრით მას წვრილად.მოხარშულ, მშრალ ბრინჯში წურავთ ლიმნის წვენს (ერთ ცალს პორციაზე), რის შემდეგ მასში ურევთ უკვე დაჭრილ კვერცხს.

შილა ფლავი მარტივად

ამის მოსამზადებლად ბატკნის ხორცი დაგჭირდებათ, რომელსაც ჭრით ძალიან პატარა ნაჭრებად (არა უმეტეს 10 გრამისა). დაჭრილ ხორცს ურევთ დაჭრილ ხახვში და აყრით პილპილს და მარილს. ათავსებთ ხორცს წინასწარ ადუღებულ წყალში (რომელიც ბევრით არ უნდა აღემატებოდეს ხორცის მასას). ხარშავთ ხორცს დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ამატებთ ადუღებულ წყალს და ბრინჯს თქვენი შეხედულების მიხედვით. თქვენი შეხედულებით მიხედვით ასევე შეგიძლიათ დაამატოთ მარილი და პილპილი. 15 წუთში თქვენი კერძი მზადაა.

პასტა იტალიურად ბოსტნეულში

იტალიურ სამზარეულოში უმეტესი კერძის მომზადებისას ხახვი ან ნიორი დაგჭირდებათ.  ტაფაზე ზეთის დასხმის შემდგომ თქვენი შეხედულების მიხედვით ათავსებთ ხახვს ან ნიორს, თუ ხედავთ რომ შრება ამატებთ ადუღებულ წყალს პატარა რაოდენობით. ამის პარალელურად ჭრით ბოსტნეულს, რომლის არჩევა თქვენი შეხედულების მიხედვით შეგიძლიათ. ჩემს შემთხვევაში მე ვიყენებ ყაბაყს, სოკოს და ბულგარულ წიწაკას. ბოსტნეულის დაჭრის შემდეგ ვათავსებთ მას ტაფაზე და ვწვავთ, თუ ვხედავთ რომ ის შრება ისევ ვამატებთ წყალს. ამ ყველაფრის პარალელურად რა თქმა უნდა ვხარშავთ პასტას (მაკარონს, სპაგეტის ან ვერმიშელს). ბოსტნეულის შეწვის ბოლო წუთებში ვამატებთ ტომატის წვენს. ეს იმისთვისაა საჭირო რომ საბოლოო კერძი არ გამოვიდეს მშრალი, ტომატის შეცვალა ასევე კვერცხით შეგიძლიათ. რამდენიმე წუთში როდესაც ყველაფერი შეიწვა ვამატებთ მას პასტას და ვურევთ. კერძი მზადაა.