თბილისის მე-17 კინოფესტივალის 15 ფილმი რომელიც არ უნდა გამოტოვო

lavenir

გუშინ თბილისის მორიგი კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. თუმცა, სრული დატვირთვით ის დღეიდან ამუშავდება. გთავაზობთ ჩემს მიერ შერჩეულ თხუტმეტ ფილმს, რომელიც ვფიქრობ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

Granny’s Dancing on the Table/ბებო ცეკვავს მაგიდაზე

ქვეყანა: შვედეთი

89 წთ.

შვედური კინოსთვის ოჯახური ძალადობის თემა უცხო რამ არ არის. თუმცა, ჰანა სკოლდი ამ პრობლემას სტილისტურად ორიგინალური კუთხით მიუდგა და ამბის მოსაყოლად ანიმაციას იშველიებს, რაც ფილმს მართალია შემზარავი, მაგრამ მაინც ზღაპრის იერს აძლევს.

Stefan Zweig, Farewell to Europe/გარიჟრაჟის წინ: შტეფან ცვაიგი ამერიკაში

ქვეყანა: ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი

106 წთ.
ფილმი გერმანული ლიტერატურის კლასიკოსზე, შტეფან ცვაიგზე მოგვითხრობს. თუმცა, ნაწარმოების რეჟისორის, მარია შრადერის განხილვის თემა არა ცვაიგი როგორც მწერალი, არამედ მორალური დილემის წინაშე მდგარი ადამიანია. ბიოგრაფიული ფილმი ფაშიზმის აღზევების პერიოდში ცვაიგის ავსტრიიდან სამხრეთ ამერიკაში გადასვლას და ახალი სახლის ძიებას ასახავს.

Ernelláék Farkasékná/ეს არ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო

ქვეყანა: უნგრეთი

81 წთ.
ოჯახური დრამა საკმაოდ გამოცდილი უნგრელი რეჟისორისგან. მიუხედავად იმისა, რომ საბოლჩ ჰაიდუს  ფილმი უნგრულ ოჯახზე მოგვითხრობს, ის უნივერსალურ თემებს ეხება, მაგალითად შუახნის ასაკის კრიზისს, ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის მაყურებლისთვის საინტერესო უნდა იყოს.

Ostatnia rodzina/უკანასკნელი ოჯახი

ქვეყანა: პოლონეთი

123 წთ.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვარ ზდზისლავ ბექსინსკის სახელი პოლონეთის გარეთ ნაკლებად ცნობილია, წელს გამოსულმა ფილმმა მის და მისი ოჯახის წევრების შესახებ უკვე მოასწრო არაერთი პრესტიჟული კინოფესტივალის ჯილდოს მოპოვება. ახალგაზრდა რეჟისორის იან მატუშინსკის ფილმი არაჩვეულებრივი ოჯახის საკმაოდ ორიგინალურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

Aquarius/მერწყული

ქვეყანა: ბრაზილია, საფრანგეთი

144 წთ.

წლევანდელი კანის ფესტივალის ნომინანტი მთავარი ჯილდოს კატეგორიაში. ფილმი 65 წლის ქვრივზე, კლარაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი სახლის გადასარჩენად კერძო კომპანიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთვება.

 

L’avenir/მომავალი

ქვეყანა: საფრანგეთი, გერმანია

104 წთ.

საკმაოდ ახალგაზრდა (35 წლის), მაგრამ უკვე არაერთი წარმატებული ფილმის ავტორი, მია ჰანსენ ლიოვი ქართველი მაყურებლის წინაშე ამ ახალი ნამუშევრით წარსდგება. ფილმი ფილოსოფიის ლექტორის (რომლის როლსაც იზაბელ იუპერი ასრულებს) შესახებ მოგვითხრობს. მთავარი პერსონაჟი არაერთ განსაცდელში იმყოფება, რომელიც მას დედის გარდაცვალებით, სამსახურიდან დათხოვნით და მოღალატე ქმრის სახით ევლინება.

 

Fuocoammare/ხანძარი ზღვაზე

ქვეყანა: იტალია, საფრანგეთი

114 წთ.

ჯანფრანკო როსის დოკუმენტური ფილმი თანამედროვოების მნიშვნელოვან პრობლემაზე, მიგრანტთა კრიზისზე მოგვითხრობს. ფილმის მოქმედება იტალიურ კუნძულ ლამპედუზაზე ვითარდება, რომელიც არალეგალი მიგრანტების “ფრონტის” წინახაზს წარმოადგენს.

 

 

Toni Erdmann/ტონი ერდმანი

ქვეყანა: გერმანია, ავსტრია

162 წთ.

“ტონი ერდმანმა” ევროპის კინოფესტივალები შტურმით აიღო და არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. სან სებასტიანის ფესტივალზე მას FIPRESCI – ს (კრიტიკოსებისგან და ჟურნალისტებისგან შემდგარი ასოციაცია) ჯილდოც გადაეცა. ფილმის თემა – მამის და ზრდასრული ქალიშვილის ურთიერთობაა.

 

Ucitelka/მასწავლებელი

ქვეყანა: სლოვაკეთი, ჩეხეთი

102 წთ. 
გამოცდილი და ცნობილი ჩეხი რეჟისორის იან გრჟებეიკის სლოვაკურენოვანი დრამა/კომედია 80იანი წლების ჩეხოსლოვაკიაზე. ფილმის პერსონაჟები დილემის წინაშე დგანან, დაუპირისპირდნენ თუ არა მასწავლებელს მათი მორალური სიმართლის გასატანად, თუ გაჩუმდნენ იმის გამო, რომ მას კომუნისტურ პარტიაში კარგი ნაცნობობა აკავშირებს.

76 Minutes and 15 Seconds with Abbas Kiarostami/76 წუთი და 15 წამი აბას კიაროსტამისთან ერთად

ქვეყანა: ირანი

76 წთ.
იქედან გამომდინარე, რომ ეს ფილმი წელს გარდაცვლილი ლეგენდარული ირანელი რეჟისორის, აბას კიაროსტამის შესახებ მოგვითხრობს, მისდამი ინტერესს ერთი-ორად უნდა ზრდიდეს.

Hymyilevä mies/უბედნიერესი დღე ოლი მეკის ცხოვრებაში

ქვეყანა: ფინეთი, შვედეთი, გერმანია

92 წთ.
შეიძლება არა ფინელ მაყურებელს ოლი მიაკის სახელი არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ ამ ბიოგრაფიულ დრამაში უნივერსალური, სიყვარულის თემა ნეიტრალურ, თუნდაც სპორტში არაფრის გამგები ადამიანიც არ უნდა დატოვოს გულგრილი. აღსანიშნავია წლევანდელი პრესტიჟული ფესტივალებიდან წამოღებული არაერთი ჯილდოც, მათ შორის კანში ოქროს კამერის და განსაკუთრებული ხედვის ნომინაციაში მოპოვებული ჯილდოები.

Câini/ძაღლები

ქვეყანა: რუმინეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, ყატარი

104 წთ.

ვფიქრობ, ეს ფილმი, რომელიც საკონკურსო პროგრამაშია, გამარჯვების ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. ბოგდან მირიცას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი თრილერია, რომელმაც მაყურებელი წესით მთელი ფილმის განმავლობაში ეკრანს არ უნდა მოაშოროს.

 

São Jorge/წმინდა გიორგი

ქვეყანა: პორტუგალია

112 წთ.

 

თანამედროვე პორტუგალიაზე რამე თუ გსმენიათ, აუცილებლად გეცოდინებათ ამ ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ამ პრობლემამ კინოშიც ჰპოვა ასახვა. ფილმის მთავარი პერსონაჟი პროფესიონალი მოკრივე რთული მდგომარეობის გამო კრედიტების შემგროვებლად, ან უფრო მართებული იქნება ვთქვათ, გამომძალველად იქცევა.

Bacalaureat

ქვეყანა: რუმინეთი, საფრანგეთი, ბელგია

128 წთ.
კიდევ ერთი რუმინული ფილმი სიაში, თუმცა „ძაღლებისგან“ განსხვავებით, ამ ნამუშევრის რეჟისორმა, კრისტიან მუნჯუმ, თანამედროვე ევროპული კინოში უკვე დიდი ხსნი წინ გაითქვა სახელი, რომელმაც წლევანდელ კანის ფესტივალზეც დატოვა კვალი (საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაში). ამ ფილმის მთავარ თემასაც მამა-შვილის ურთიერთობა წარმოადგენეს.

I, Daniel Blake

ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ბელგია

100 წთ.

თუ ფესტივალზე დროის უქონლობის გამო, ან რამე სხვა მიზეზით მხოლოდ ერთი ფილმის ნახვა შეგიძლიათ, აუცილებლად ეს ფილმი ნახეთ. „მე, დენიელ ბლეიკი“ ფესტივალამდე ქართულ კინოთეატრებშიც გადიოდა, მაგრამ იმდენად მცირე ხნის განმავლობაში, რომ მისი ნახვა შეზღუდული რაოდენობის მაყურებელმა შეძლო. რთულია წარმოიდგინო, რომ კენ ლოაჩის ამ სოციალურმა დრამამ ვინმე გულგრილი დატოვოს.

+ 5 ფილმი რომელსაც სიაში მოხვედრა სულ ცოტათი დააკლდა

 

Personal Shopper,  Bar BahrLa fille inconnueCzerwony pajak, Lantouri

ფესტივალის სრული პროგრამის ნახვა შეგიძლიათ აქ. 

 

უკანასკნელ ამოსუნთქვაზე, იდენტობის ძიებაში

ამ ვიდეოში ჟან-ლიუკ გოდარის პირველ ფილმზე, “უკასკნელ ამოსუნთქვაზე,” ვლაპარაკობ. გოდარის ეს ნამუშევარი თითზე ჩამოსათვლელ იმ ფილმების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც თანამედროვე კინოზე უდიდესი გავლენა იქონიეს. 

პრესტიჟი, მანიპულაციის ხელოვნება

თანამედროვე კინორეჟისორებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მანიპულატორად კრისტოფერ ნოლანი მიმაჩნია. თუ რატომ, იხილეთ ვიდეო მიმოხილვაში.

ფავნის ლაბირინთი, ზღაპარი დაუმორჩილებლობაზე

თითქმის ექვსი წლის წინ ფავნის ლაბირინთზე მცირე რეცენზია დავწერე.

ამჯერად სახეცვლილ რეცენზიას ვიდეო ესსეს სახით გთავაზობთ

ასღარ ფარჰადი, აზრი დეტალებშია

ეგრეთ წოდებული ვიდეო ესსეების კეთება გადავწყვიტე, ესეც პირველი ვიდეო

ბევრი წუნია, კითხვის ტეპმი ზედმეტად ნელი და რამდენიმე შესამჩნევი ხარვეზი, მომავალში შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ

თბილისის მე-16 კინოფესტივალის: ხუთი [+1] საუკეთესო ფილმი [ბლოგის ვერსიით]

თბილისის მე-16 კინოფესტივალი გუშინ დასრულდა. წელს წარმოდგენილი 117 ფილმიდან ექვს დღეში მხოლოდ 17-ის ნახვა მოვახერხე, სამწუხაროდ ყველა ნამუშევრის ნახვა ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. თუმცა, წინასწარ შედგენილი სიის დამსახურებით საკმაოდ გამორჩეული და საინტერესო ფილმების ნახვა მომიწია.

აქვე იმის თქმაა საჭირო, რომ მეტწილად იმის გამო რომ ზოგიერთ შემთხვევაში სეანსები ერთმანეთს ემთხვეოდა, რამდენიმე ისეთი ფილმის ნახვა ვერ შევძელი, რომელსაც პოტენციურად ამ ხუთეულში მოხვედრა შეეძლო. ამ მხრივ ყველაზე მეტად ტაქსიზე  და მოცეკვავე არაბებზე  მწყდება გული.

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე ფილმები სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში აჩვენებდნენ, ამ სიაში გადავწყვიტე ეს დაყოფა არ გამეთვალისწინებინა და მარტივად, ჩვეულებრივი მაყურებლის თვალით ამერჩია ხუთი ფილმი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა. აქვე, ფესტივალის საკონკურსო ფილმებს შორის ოფიციალური გამარჯვებულები გაინტერესებთ, მიჰყევით ამ ბმულს. ბლოგის ვერსიით შარშანდელი საუკეთესო ფილმების სანახავად კი, დააჭირეთ აქ.

film-nicije-dete-1409696642-561483

სანამ უშუალოდ ფესტივალზე ნანახ ფილმებზე და ხუთეულზე გადავალ,  ფესტივალზე  ნაჩვენებ ფილმებს შორის მინდა გამოვარჩიო, 2010 წლის “წვიმასაც კი ყიდიან” (Even The Rain). ნაწილობრივ იმიტომ რომ ეს ფილმი ფესტივალამდე მქონდ ნანახი და ნაწილობრივ იმის გამო, რომ ხუთი წლის წინ არის გადაღებული, გადავწყვიტე ძირითად ხუთეულში არ შემეყვანა. ეს ორი ფაქტორი რომ არა, ნამდვილად მოხდებოდა ქვემოთ მოყვანილ ხუთეულში.

5. შორს კაცთაგან (Loin des hommes)

ვიგო მორტენსენი იდეალურად მოერგო მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ალჟირში მცხოვრებ წარმოშობით ფრანგ მასწავლებლის როლს. “შორს კაცთაგან” ალბერ კამიუს მოთხრობის ეკრანიზაცია მძლავრი მორალური მესიჯით, ფრანგი მასწავლებლის, დარუს და მას ჩაბარებული პატიმრის – მოჰამედის შესახებ მოგვითხრობს. ორივე პერსონაჟი მტკიცე მორალური პრინციპების მატარებლები არიან, რომლებიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად უარს აცხადებენ ცალსახად დაემორჩილონ აქ დაწესებულ არაბულ თუ ფრანგულ წესებს და მიუხედავად იმისა, რომ არჩევანში ისინი შორს არიან ადამიანებისგან, სწორედ მათ მიერ არჩეული პრინციპები გამოარჩევენ მათ როგორც პიროვნებებს.

4. გაკვეთილი (Urok)

ბულგარული სოცდრამა “გაკვეთილი” (Urok) არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება გადაიღო მაღალი დონის ფილმი შეზღუდული ბიუჯეტით. მართალია, ფილმის რეჟისორებისთვის – კრისტინა გროზევასთვის და პეტარ ვალჩანოვისთვის ეს სადებიუტო ნამუშევარია, ვფიქრობ მათ შეუძლიათ გაკვეთილი ჩაუტარონ უფრო გამოცდილ რეჟისორებს იმაზე თუ როგორ შეიძლება მიაჯაჭვო მაყურებელი ეკრანს.

 

3.  არავის შვილი (Nicije Dete)

რეალურ ამბავზე დაფუძნებული ეს ფილმი ერთგვარი იგავია ადამიანებზე მძლავრი პოლიტიკური (ამ სიტყვის ფართო გაგებით) მესიჯით. ფილმის მთავარ გმირს, დაახლოებით ათი წლის ბავშვს იუგოსლავიაში ტყეში მგლების ხროვაში პოულობენ, რომელსაც ცხადია უჭირს ადამიანებთან და ცივილიზაციასთან შეგუება. თუმცა, საინტერესო არა ამ ბიჭზე დაკვირვება, არამედ ამ ბავშვის თვალით, განსხვავებული კუთხით ნაჩვენები ცივილიზაციის დანახვაა.

2. ვიქტორია (Victoria)

მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ვიქტორია შინაარსიდან გამომდინარე ერთხელ სანახავი ფილმია, ტექნიკური თვალსაზრისით მსგავსი ნამუშევარი ფესტივალზე არ მინახავს. ღამის ბერლინი სცენაა სადაც ერთი დუბლით გადაღებული ფილმი ავანტიურაზე და კრიმინალზე  გვიყვება. რეპეტიციები რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, საბოლოოდ კი მივიღეთ ფილმი ძალიან ძლიერი სამსახიობო შესრულებით და კამერის ვირტუოზული ნამუშევრით. ამის დამსახურებით ფილმი სრულად იპრყობს მაყურებლის ყურადღებას და ორ საათზე მეტ ხანს დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს.

1. ბომბებზე ხმამაღლა (Louder than Bombs)

ხოაკიმ ტრიერის ფილმი მრავალწახნაგოვანი დრამაა, საკმაოდ ორიგინალური თხრობის სტილით, გადასარევი ვიზუალით, მუსიკით და ატმოსფეროთი. “ბომბებზე ხმამაღლა” ურთიერთობის სირთულეზე და ამ ურთიერთობებში სრული სურათის დანახვის აუცილებლობაზე მოგვითხრობს. ტრიერი ამ სირთულეს საინტერესოდ, სწორედ რომ სრული სურათის ჩვენებით ახერხებს.

თბილისის მე-16 კინოფესტივალი: 4 დეკემბრის ანონსი, გასული დღის შეფასება

grlwalks

დღეს საჩვენებელ ფილმებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია “წვიმასაც კი ყიდიან” (Even the Rain). მართალია, ფილმი ხუთი წლის წინ გამოვიდა, მაგრამ ის ამ ფესტივალის ფარგლებშიც აქტუალურია.  “წვიმასაც კი ყიდიან,” რომელშიც მთავარ როლებს გაელ გარსია ბერნალი და  ლუის ტოსარი ასრულებენ, ისტორიული ანალოგიის გამოყენებით, ბოლივიაში წყლის პრივატიზაციის და ამ ფონზე მომხდარი პროტესტების შესახებ მოგვითხრობს. ფილმს ცხრა საათზე რუსთაველის მეოთხე დარბაზში აჩვენებენ.

თუ ნახსენები ფილმი უკვე ნანახი გაქვთ, ან უბრალოდ ალტერნატიული სეანსი გაინტერესებთ, საინტერესო უნდა იყოს ამავე დროს რუსთაველის მეხუთე დარბაზში საჩვენებელი ფილმი. 2015 წლის ფრანგული ნამუშევარი “ახალგაზრდა სისხლი” (La tête haute). ფილმი, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს კატრინ დენევი ასრულებს, ახალგაზრდა, მეამბოხე ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს.

ყველაზე ადრეულ სეანსებზე წასვლას თუ გადაწყვეტთ და წლევანდელი საკონკურსო ფილმები გაინტერესებთ, 12 საათზე ამირანის დიდ დარბაზში თურქულ “სამშობლოს” (Ana Yurdu), მეორეში კი უნგრულ “ოთხშაბათის შვილს” (Szerdai gyerek) აჩვენებენ.

სპარსულენოვანი ფილმი ამეკირიდან “გოგონა ღამით შინ მარტო მიდის” (A Girl Walks Home Alone At Night), რომელზეც წელს ძალიან ბევრს საუბრობდნენ, ორ საათზე რუსთაველის მეხუთე დარბაზში გავა. ფილმი, რომელიც სხვადასხვა ჟანრების კოქტეილს წარმოადგენს მივიწყებული ირანული ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მარტოსული ვამპირი აქაურ მაცხოვრებლებს დასდევს.

ასევე საკონკურსო ფილმს წარმოადგენს “ნულოვანი წერტილი” (Nullpunkt), ესტონური დრამა საკმაოდ კარგი გამოხმაურებებით. ფილმის ნახვა ოთხ საათზე ამირანის დიდ დარბაზში შეგიძლიათ.

მოკლედ 3 დეკემბერს ნანახ ფილმებზე

ბულგარული სოც. დრამა “გაკვეთილი” (Urok) არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება გადაიღო მაღალი დონის ფილმი შეზღუდული ბიუჯეტით. მართალია, ფილმის რეჟისორებისთვის – კრისტინა გროზევასთვის და პეტარ ვალჩანოვისთვის ეს სადებიუტო ნამუშევარია, ვფიქრობ მათ შეუძლიათ გაკვეთილი ჩაუტარონ უფრო გამოცდილ რეჟისორებს იმაზე თუ როგორ შეიძლება მიაჯაჭვო მაყურებელი ეკრანს. ფილმმა თავიდანვე დაიპრყო ჩემი ყურადღება და მის მსვლელობისას ერთადერთი რამის მეშინოდა, კლიშეების. ზოგიერთ შემთხვევაში ფილმი ამასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სულ სხვა მიმართულებით მიჰყავდა სიუჟეტი. ვფიქრობ, “გაკვეთილი” წლევანდელ საკონკურსო ფილმებს შორის ფავორიტებში უნდა მოვიაზროთ.

45 წელი (45 years) არის ფილმი მყარ ურთიერთობაზე, რომელიც შეიძლება ითქვას საფინალო ეტაპზე ბზარის გაჩენის საშიშროების წინაშე დგას. ფილმის დასასრული მაყურებელს ინტერპრეტაციაში თავისუფლების აძლევს. ინგლისელი რეჟისორის ენდრიუ ჰაის ამ საკმაოდ ესთეტიკურ და აზრიან ფილმში ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ მათზე დაკისრებულ როლებს ტომ კორტნი და შარლოტ რემპლინგი.

ვიგო მორტენსენი იდეალურად მოერგო მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ალჟირში მცხოვრებ წარმოშობით ფრანგ მასწავლებლის როლს. “შორს კაცთაგან” (Far From Men), ალბერ კამიუს მოთხრობის ეკრანიზაცია მძლავრი მორალური მესიჯით, ფრანგი მასწავლებლის, დარუს და მას ჩაბარებული პატიმრის – მოჰამედის შესახებ მოგვითხრობს. ორივე პერსონაჟი მტკიცე მორალური პრინციპების მატარებლები არიან, რომლებიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად უარს აცხადებენ ცალსახად დაემორჩილონ აქ დაწესებულ არაბულ თუ ფრანგულ წესებს და მიუხედავად იმისა, რომ არჩევანში ისინი შორს არიან ადამიანებისგან, სწორედ მათ მიერ არჩეული პრინციპები გამოარჩევენ მათ როგორც ადამიანებს.