Monthly Archives: July 2010

კიდევ ერთხელ ქალიშვილების და ბოზების შესახებ

“კაი ბიჭის დას, უკნიდან შეხედავ?”

– არა ხალხური, არა სიბრძნე –

ორიოდე თვის წინ ერთ ვიდეო გამოკითხვას ვუყურე. ყველაზე საინტერესო რესპოდენტი ამ გამოკითხვაში ერთი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. პირველ კითხვაზე, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა “უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტი?” მან შემდეგნაირად უპასუხა: “არა!” მოკლედ, ეს ახალგაზრდა ბიჭი მაჩო აღმოჩნდა, ოღონდ ისიც გამოჩნდა, რომ მაჩო ელემენტარული ლოგიკისაგან საკმაოდ შორს იყო, რადგანაც შემდეგ შეკითხვაზე, რომელიც დაახლოებით შემდეგი შინაარსის იყო: “მოიყვანდი თუ არა არაქალიშვილს ცოლად?” მან შოკის მომგვრელი და საოცარი (წინა პასუხის გათვალისწინებით) პასუხი გასცა: “არა!”. როგორც ერთი ბუმბერაზი კლასიკოსი იტყოდა: “სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს”.

მოკლედ, ჩვენ ქალიშვილობაზე ჩვენებური წარმოდგენა გვაქვს, არ გვინდა ქალიშვილები, მაგრამ თან გვინდა, გვინდა (მამაკაცებს), რომ ბევრი სექსი გვქონდეს, მაგრამ არა ჩვენ ცოლებთან (ბავშვის გულისა, თორემ ისე როგორ ვაკადროთ). მოკლედ, ალბათ გვინდა, რომ მოსკოვში ბილეთი ისევ 20 რუბლი ღირდეს, სახლში კი ფქვილ ამოვლებული ხელებით ქართველი დიასახლისი გვხვდებოდეს. საერთოდ, ამ თემაზე საუბრისას ხშირად დამისვია შეკითხვა: “ვისი ბრალია მაინც უფრო, კაცების თუ ქალების?”. ვფიქრობ ორივე სქესის წვლილი ამ შემთხვევაში თანაბარმნიშვნელოვანია. მარტო ქალების ნება, რომ იყოს დარწმუნებუი ვარ გათხოვებამდე ვერცერთი გაქაჩავდა, ამ მხრივ ქალებს ეშინიათ, რომ ქართველი მამაკაცი (მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც) მათ არასდროს მოიყვანს ცოლად თუ მას მანამდე სხვა პარტნიორი ჰყავდა, ამიტომაც ბევრი თავს იკავებს – ამ შემთხვევაში კაცის ბრალეულობა სახეზეა. მეორეს მხრივ ქართველი ქალები უფრო თამამები, რომ იყვნენ იმავე ქართველ მამაკაცს სხვა ალტერნატივა არ ექნებოდა და შესაბამისად ცოლიც ზოგიერთ შემთხვევაში არა ქალიშვილი აღმოჩნდებოდა.

ქალიშვილობის ინსტიტუტის თემა საქართველოში წლების განმავლობაშია აქტუალური და თითქოს რაღაც ავტონომიითაც კი სარგებლობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ცალკე აღებულად არ არსებობს და მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან. მაგალითისათვის, ქალიშვილობის ინსტიტუტი იწვევს იმას, რომ ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი ე.წ. ბორდელებს სტუმრობს. ჩემი ნაცნობი ახალგაზრდების უმრავლესობამ ვაჟიშვილობა, სწორედ რომ ასეთ დაწესებულებაში დაკარგა. მონაყოლიდან ვიცი, რომ პირველად ძალიან ეშინოდათ და ბორდელს უფრო სტომატოლოგირ კაბინეტს ამგავსებდნენ ვიდრე სიყვარულის ტაძარს. რომანტიულია, არა? არადა საზღვარგარეთ ე.წ. ბოზებში სასოწარკვეთილი, ასაკში შესული მამაკაცები დადიან, რომლებსაც ფულის გარდა არავითარი შნო არ გააჩნიათ ქალის შესაბმელად. მათაც ეხმარებიან. საქართველოში კი ძირითადი კონტიგენტს ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცები წარმოადგენენ.

ამ წერილის ბოლოს მივხვდი, რომ ის მაჩო სავარაუდოთ ბოზებს გულისხმობდა, ანუ იმის თქმა უნდოდა, რომ ბოზებში, ანუ იმ ქალებში რომლებსაც ფულს იხდის ქალიშვილობის ინსტიტუტი დაუშვებელია და არავითარ შემთხვევაში ჩვენი მაჩო არ გულისხმობდა თავის მომავალ ცოლს, აბა როგორ შეიძლება ცოლთან იმით დაკავდე რისთვისაც სხვა შემთხვევებში ფულს იხდი?!

მარჯვნისაკენ, ერთი, ორი! მარცხნისაკენ, ერთი, ორი!


1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, “ბოროტების იმპერია”, როგორც მას დასავლეთში უწოდებდნენ დაინგრა, ეს ტერმინი მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ა.შ.შ. -ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სსრკ – ს ამ ეპითეტით მიმართა.

მოკლედ, მას შემდეგ რაც “ბოროტების იმპერიამ” არსებობა შეწყვიტა საქართველომ კურსი დასავლეთისკენ აიღო, ცხადია დასავლეთისკენ სწრაფვა იმას გულისხმობდა, რომ ჩვენს ქვეყანას მემარჯვენე კურსი უნდა აეღო, რამდენად გამოვიდა ეს საქმეზე, რთული სათქმელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩანაფიქრში, სწორედ რომ სწორება მარჯვნივ იყო ჩვენი გეზი. მაშინ ე.წ. კომუნიზმზე, სოციალიზმზე ან ზოგადად მემარცხენე იდეოლოგიაზე არავინ ფიქრობდა, თუ სადმე ესა თუ ის ჯგუფი ცდილობდა რამე მსგავსი იდეოლოგიის დამკვიდრებას მას ჩანასახშივე კლავდნენ და უსწორდებოდნენ. ეს ბუნებრივიცაა, ჯერ კიდევ არ იყო დავიწყებული ის 70 წლიანი გამოცდილება, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სსრკ-ს მარწუხებში მოაქცია, კომუნიზმი რამის საგინებელ სიტყვად იქცა, ამიტომაც პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთის შეურაცხყოფის მიზნით კომუნისტური პარტიის წევრებს ეძახდნენ, სიტყვა “კომუნიზმა” მაშინ (დღეს ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს) მკვეთრად უარყოფითი ხასიათი შეიძინა და მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა. დღეს კიდევ შემორჩა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ამ სიტყვას ვინმეს შეურაცხყოფისთვის იყენებს, ბევრმა მათგანმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არც იცის და მხოლოდ მაშინ ხმარობს, როდესაც ვინმეს დიქტატორთან ან ვინმე მაგდაგვართან შედარება სურს. მოკლედ, სიტყვა კომუნიზმი და სსრკ გაიგივდა და ამიტომაც ამ სიტყვამ პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა.
არადა, ხომ გვაფრთხილებდა ძია მარქსი, ქვეყანა სადაც კომუნიზმი შეუძლებელია პირველ რიგში რუსეთიაო.

ძია მარქსი იქეთ იყოს და ჩვენ ჩვენ თავს მივხედოთ, რა ხდება დღეს? შეიცვალა თუ არა რამე “ბოროტების იმპერიის” დაშლის შემდგომ და რა პლატფორმაზე ვდგავართ ამჯერად? შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი აზრით სიტუაცია დღეს გაცილებით სხვანაირია ვიდრე ოცი წლის წინ. თუ მაშინ საზოგადოებას ერთადერთ ალტერნატივად მემარჯვენე კურსი ესახებოდა (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) დღეს მომრავლდა ისეთი ჯგუფები, რომლებიც გამოსავალს მემარცხენეობაში ხედავენ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს უფრო ახალგაზრდა თაობას ეხება.


მემარცხენე კურსი ყოველთვის უფრო ახლოს იდგა რევოლუციურ ჟინთან და მაშასადამე ახალგაზრდებთან. დღეს ქართული ახალგაზრდობა პრაქტიკულად მემარჯვენე მემარცხნეობის კუთხით ორ ბანაკადაა დაყოფილი, ცხადია ერთი მემარჯვვენე იდეოლოგიას იზიარებს და მეორე შესაბამისად მემარცხენეს. მოკლედ, ისე მოხდა რომ მემარცხენეობამ ჩვენში ფესვები გაიდგა, რა გახდა ამის მიზეზი? ისტორიული აუცილებლობა, სასწრაფო ცვლილებების სურვილი, თუ უბრალოდ მოდა? სხვათაშორის, მოდა ამ შემთხვევაში უკანასკნელ როლს არ ასრულებს, რადგანაც კომუნიზმი, მემარცხენეობა და ა.შ. ყოველთვის ასოცირდებოდა ინტელექტთან, სიკეთესთან და რიგ სხვა დადებით თვისებებთან.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მემარცხენე ახალგაზრდების ნაწილი საქართველოში არა მონოლითურია და მათი მოტივები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. თუ ზოგიერთი გულახდილად იზიარებს და იცნობს მემარცხენე ან თუნდაც კომუნისტურ იდეოლოგიას, დიდი ნაწილი აშკარად მოდას არის აყოლილი და საკუთარ უვიცობის დაფარვას მემარცხენეობით ცდილობს, არსებობს მესამე კატეგორიაც, რომელიც დღეს მემარცხენეა, მაგრამ თუ ქარი სხვა მიმართულებით დაუბერავს დიდი სიხარულით ჩახტება მოწინააღმდეგის ნავში. არაერთხელ მომისმენია მემარცხენეებისგან (მათგან ვინც მოდას არ არის აყოლილი), რომ ყალბ მემარცხენეს გულახდილი მემარჯვენე ურჩევნია, რადგანაც საბჭოთა კავშირში თავის დროზე წითლებს საფრთხეს არა არისტოკრატები, არამედ სხვა კომუნისტები უქმნიდნენ. გასაგებია, ამ ადამიანების შიში, მართლაც უგუნური მემარცხენეები საკუთარი საქციელით ხშირად ამ ფლანგის მომხრეების მთელი იდეოლოგიის დისკრიმინაციას ახდნენ.

მემარცხნეებს თავი დავანებოთ, და თვალი მემარჯვენეებს გადავავლოთ. ისინიც მემარცხენეებს გვანან და რამდენიმე ბანაკად არიან დაყოფილი თუ ერთსულოვნება აქ უფრო იგრძნობა? ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ცოტა სხვა სიტუაციაა, მემარჯვენეობა ამ მხრივ გარკვეულწილად უფრო “ნაღდი” გამოდის, რადგანაც მემარჯვენეობა არასდროს ითვლებოდა მოდურად, პირიქით მემარჯვენეები პირდაპირ ამბობენ თავის საფიქრალს, რომელიც ხშირად ადამიანურობისაგან შორსაა და კორპორაციების გამდიდრებას ემსახურება. შესაბამისად, გამოდის, რომ მემარჯვენე ვერასდროს გახდება ადამიანი, რომელიც ამ იდეოლოგიას მხოლოდ და მხოლოდ მოდის და კარგი ტიპობის გამო აირჩევს. ამიტომაცაა, რომ მემარჯვენეები უფრო ძლიერად და შერწყმულად იცავენ საკუთარ ინტერესებს.


შეუძლიათ თუ არა მემარცხენეებს და მემარჯვენეებს ერთმანეთთან საუბარი? თუ სოციალური ქსელების მაგალითს ავიღებთ მაშინ მივხვდებით, რომ კი, ასეთი რამე შესაძლებელია, ხშირად მათ მეგობრობაც კი ძალუძთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, მეგობრობა მეგობრად, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია და მეგობრობა გვერდზე რჩება, როდესაც ამა თუ იმ თემაზე იწყება პოლემიკა. იმ შემთხვევაში თუ ამ ორ მხარეს ერთმანეთთან საუბარი შეუძლია – ერთ გადაწყვეტილებამდე და საერთო ჭეშმარიტებამდე მისვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიტომაცაა, რომ მემარცხენეები მაინც მემარცხნეებად რჩებიან, ხოლო მემარჯვენეები პირიქით, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც თვლის, რომ მემარჯვენეობა და მემარცხენეობა ძალიან პირობითი და არაფრის მთქმელი დაყოფაა, ასეთი საკუთარ თავს არცერთ ჯგუფს არ მიაკუთვნებენ.

არსებობს ბრიტანული ანეკდოტი. ისმის შეკითხვა: “როგორ გძრნობს თავს ადამიანი, რომელსაც მარხცენა ხელი, მარცხენა ფეხი, მარცხენა თვალი და მარცხენა ყური არ აქვს?” პასუხი ამ კითხვაზე მარტივია: All Right! ამიტომაც, მოდით ყველაფერ მარცხენას (ანეკდოტი პირიქით, რომ ყოფილიყო მარჯვენას ვიტყოდი) ნუ მოვიჭრით და თუნდაც არ ვიგრძნოთ თავი All Right, მაგრამ ხანდახან მაინც მოვუსმინოთ ერთმანეთს.

ზოგადად ბლოგებზე და მათი განახლების პრინციპზე

“წერე, წერე ჩემო კარგო, თუ ბლოგერი ვერ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლი “ – არა ხალხური, არა სიბრძნე –


ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩემი ნაცნობის ბლოგს ვეწვიე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში – არ განვანახლო ბლოგი ყოველ საათში ან თუნდაც ყოველ დღე, არა იმიტომ, რომ ასეთი პრინციპი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ყოველ დღე არ მებადება ღირებული აზრი წერილის დასაწერად. ზემოთხსენებულ ბლოგის ავტორი რამდენიმე პოსტში სულ რაღაც ორ ხაზიან პოსტებს დებდა, ერთ-ერთი ასეთის შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: “ინტერნეტი ახალ სახლში არ მაქვს და რამდენიმე დღე ასე ვიქნები, ასე რომ დროებით გემშვიდობებით”. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს მაგრამ ჩემი აზრით ასეთი პოსტები არავის დააინტერესებს გარდა ძალიან ახლო ადამიანებისა. წერო იმაზე რას გრძნობ და იმაზე, რომ თითი გაგეჭრა სტაფილოს ჭრისას არა მართებულად მიმაჩნია.
რა თქმა უნდა, თავს უფლება, რომ მივცე ასეთი პოსტები გამოვაქვეყნო ჩემი ბლოგი საქართველოში ალბათ ყველაზე განახლებადი იქნება. პატარა, რომ ვიყავი და წერამ რომ გამიტაცა ხშირად თავს უფლებას ვაძლევდი ჩემს პირად გრძნობებზე მეწერა, რას განვიცდიდი, რა მიხაროდა, რა მაყენებდა ცუდ ხასიათზე და ა.შ. ცოტა, რომ გავიზარდე და ოდნავ მეტი წიგნი წავიკითხე მივხვდი, რომ არავის არ აღელვებს ამ წერილების შინაარსი, სხვებს არ სურთ თქვენი პრობლემების მოსმენაში დრო დაკარგონ (ამისთვის ფსიქოტერაპევთები და მოძღვრები არსებობენ) მათ უბრალოდ რამე ისეთის წაკითხვა სურთ რაც მათვის სარგებლიანი აღმოჩნდება, სწორია კიდევაც, რატომ უნდა დავკარგო დრო იმაზე, რომ ვიღაც ადამიანი, რომელიც გრაფომანიით არის გადატეცებული განიცდის იმას, რომ კურდღელი გარდაეცვალა – ბოდიში და სულ ცალ ფეხზე მკიდია და არ მაღელვებს.
ერთი ორი თვის წინ ერთ ჩემ მეგობართან ბლოგებზე მქონდა საუბარი – ის საქართველოში წარმატებულ ბლოგერად ითვლება და სხვადასხვა სემინარებზე გარკვეული დამსახურებების გამო რეგულარულად პატიჟებენ. მოკლედ, მან ასეთი რამე მითხრა: “შენ ბლოგებზე სურათებს არ დებ და ხალხს სურათები უყვარს”. გამიკვირდა, არა იმის, რომ ხალხს სურათები უყვარს, ეს გასაგებიცაა (ერთი მულტფილმი მახსენდება სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი წიგნს იმის მერე გადააგდებს, როდესაც ვერცერთ ნახატს იპოვის), არამედ ადამიანების მიდგომამ საკუთარი ბლოგების მიმართ გამაკვირვა – ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზოგიერთი ბლოგს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ანახლებს, რომ ასეა საჭირო – ამ შემთხვევაში კი ცხადია ამა თუ იმ გვერდის ხარისხი პირდაპროპორციულად ეცემა. სურათის ნახვა რომ მინდოდეს Flickr.com – ზე შევალ, ან თუნდაც უბრალოდ დავგუგლავ, რაში მჭირდება ამის გამო რომელიმე ბლოგერის გვერდზე შესვლა? ალბათ, ყველა ბლოგერს პოპულარობა სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოგი თავის დანიშნულებას დაკარგავდა, გულახდილად გეტყვით – არ მჯერა მწერლების, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ საერთოდ არ სურთ პოპულარობა, რას ჰქვია პოპულარობა არ სურთ? წერენ ხომ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანმა წაიკითხოს და შეისმინოს ესა თუ ეს აზრი. უბრალოდ, საქმე ისაა რამდენად ხარისხიანი იქნება შენი ბლოგი და რას წაიკითხავს მანდ ადამიანი – იმას თუ როგორ გაიჭერი ხელი, ან მოგიკვდა კურდღელი თუ მისთვის სარგებელ ინფორმაციას მოიპოვებს და მნიშვნელობა არ აქვს როგორს – თუნდაც ყავას ეხებოდეს.

რატომ მივრბივართ საზღვარგარეთ?

“ხინკალი მოგენატრათ?.. ქართული სუფრა მოგენატრათ?.. პარიზში ჩადით, მანდ ქართულ რესტორანზე მეტი რაა? არ გამაგონოთ საქართველოში დაბრუნება, ხალხში გაერიეთ და პასპორტი დახიეთ, მერე კიდევ თქვით, რომ არ გახსოვთ ვინ ხართ.” – ერთი ჩემი მეგობარი –

ჩემი მეგობრები არასდროს მთვლიდნენ განსაკუთრებულად პატრიოტულად და ნაციონალურად განწყობილ ადამიანად,  პირიქით ამ წრეში ყოველთვის გლობალისტად და უსახელმწიფო სამყაროს მომხრედ ვითვლებოდი, თუმცა საქართველოსთან ხანგრძლივი განშორების შემდგომ თბილისში, რომ ვბრუნდებოდი განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა. თვითფრინავმა რამდენიმე საათიანი ფრენის შემდგომ შავი ზღვა, რომ გადალახა სხვანაირად ვიგრძენი თავი, მონატრებულმა აღფრთოვანება ვერ დავმალე იმ პეიზაჟებით, რომელიც დიდი სიმაღლიდან დავინახე, მართლაც, რომ განსაკუთრებული რელიეფი აქვს ჩვენს ქვეყანას და ეს განსხვავება ევროპას და ჩვენს შორის ყველაზე კარგად თვითფრინავის ფანჯრიდან ჩანს. ძალიან მიხაროდა,  ერთი სული მქონდა თბილისის აეროპორტში როდის ჩავფრინდებოდით და მეც ჩემს ახლობლებლს ვნახავდი. არადა, მეუბნებოდნენ რას ჩამოდიხარ, რომ ჩამოდიხარო? დარჩი მანდო, აქ ამინდის გარდა არაფერი ვარგაო, მაგრამ მე არ დავუჯერე და დიდი სიხარულით შევეგებე ჩემს სამშობლოს.

ორი თვე მიხაროდა, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, შემდეგ დაიწყო შეჩვევის პერიოდი, აქაურობას ვეგუებოდი და ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით ცუდად ვგრძნობდი თავს. ცოტა ხნის წინ, ერთი ჩემი ნაცნობი შემხვდა, რომელიც ჩემნაირად რაღაც პერიოდი საზღვარგარეთ ცხოვრობდა,  ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და მეექვსე თვეა რაც აქაურობას ეგუება, რომ შევხვდი ჩემი გამოცდილება გავუზიარე და ის ვუთხარი, რომ სწორედ მეექვსე თვის შემდეგ დამეწყო ნეგატიური დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ, რაც ჩემში ისევ საზღვარგარეთ წასვლის სურვილს აღძრავდა, ამას ყველას ვეუბნები ხოლმე და ჩემი უსაყვარლესი ადამიანი მაგაზე მეჩხუბება,  ყველას ერთი და იგივეს როგორ უყვებიო? აბა, რა ვქნა, ასე ვგრძნობ თავს და ყველას სხვადასხვა ისტორიას ვერ მოვუყვები.

და მაინც რა დაგვრჩენია ამ დასავლეთში, რატომ მივრბივართ და მივილტთვით იმ უცხოსკენ, რომელიც თითქოს ჩვენს ცხოვრებას უკეთესს ხდის და პრობლემებს გვიხსნის? ჩემი აზრით ეს ბევრი რამის გამო ხდება. მე, რომ გითხრათ რომ ბრიტანეთში ყოფნისას რაღაც განსაკუთრებულ პირობებში ვიმყოფებოდი თქო მოგატყუებთ, გულახდილად გეტყვით მე მანდ ერთ ჩვეულებრივ კოლეჯში ვსწავლობდი სადაც ძირითადად საშუალო ფენის,  ხშირ შემთხვევაში კი უფრო დაბალი კლასის წარმომადგენლები სწავლობენ,  მეც უფრო არა პროფესიონალური მიზნების მისაღწევად არამედ უბრალოდ საქართველოდან რაღაც პერიოდით დაღწევის მიზნით წავედი, ყველაზე ადვილი ხერხი ვიპოვე აქედან წასასვლელად და წავედი კიდევაც. უბრალოდ, მაშინ აღარ შემეძლო აქ დარჩენა, სამსახურში ნერვების შლამ მაიძულა დამეტოვებინა ჩემი სამუშაო ადგილი, რამაც ჩემი უმუშევრობა გამოიწვია და უშედეგოდ ახალი, სათანადო სამუშაო ადგილის ძებნის მიზეზი გახდა,  გართობითაც ვეღარ ვერთობოდი, ერთი და იგივე ხალხი და ერთი და იგივე გართობის სტილი ყელში ამომივიდა და დანევროზებულს სასწრაფო შველა მჭირდებოდა. ეს შველაც საზღვარგარეთ წასვლაში მესახებოდა, რომელიც ერთგვარი ტაიმ აუტი იყო ნორმალურ რითმში დასაბრუნებლად.

წავედი და რა დამხვდა იქ? ბევრი რამე, კარგიც და ცუდიც, მეტწილად კარგი,  ოღონდ ეს კარგი უფრო სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიხატებოდა ვიდრე სხვა ურთიერთობებში. უბრალოდ,  არ იყო ნერვების შლა, ყველგან ადამიანივით გექცეოდნენ,  პატივს გცემდნენ ყოველ ნაბიჯზე და ამაგსაც გიფასებდნენ,  მოკლედ პოლიტკორექტულობა (თუ რაღაც მაგდაგვარი) ყოველ ნაბიჯზე გხვდებოდა,  რაც რელაქსაციის და არ დაძაბვის საშუალებას მაძლევდა. მართალია,  იქ ოქროს კოშკები არავის ელოდება, მაგრამ იქ შენი თავის პატრონი მხოლოდ შენ ხარ და მეტი არავინ, მხოლოდ შენ შეგიძლია ჩაუყარო ოქროს კოშკებს საძირკველი და ამაში ხელს არავინ შეგიშლის, ოღონდ უნდა იმუშავო. იმუშავო, იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყო შენ წარსულ ცხოვრებაში (ანუ საქართველოში) მჭადით და ყველით არავინ შეგხვდება, აქ სულ რომ ვარსკვლავი იყო მაინც დაიკარგები და გზის გაკაფვა ოფლის ფასად მოგიწევს. ოფლს აქაც ვღვრით, მაგრამ ეს ოფლის ღვრა ფუჭია, რამდენი წელიც არ უნდა იმუშავო, წინ ვერასდროს წახვალ თუ
განსაკუთრებულ ნიჭი არ გაქვს ზოგ ზოგიერთ საკითხში. უბრალოდ, პატარაა საქართველო,  ხალხიც ცოტა გვჭირდება და ყველანი ვერ ვეტევით,  ყველას წინ ვერ გაუშვებენ, ამიტომაცაა, რომ სულ ერთეულები სჩანან და სხვებს არაფრის საშუალება ეძლევა. მოკლედ, აქ რომ გადარჩე ძალიან მაგარი უნდა იყო, მგელიჭამია მგელი თუ გნებავთ,  ამიტომაც მივრბივართ,  პერსპექტივებს სხვაგან ვეძებთ და ვცდილობთ უკან არ მოვიხედოთ.

ბევრი ჩემი მეგობარი კითხვაზე “საშუალება, რომ გქონდეს საზღვარგარეთ გააგრძელებდი მოღვაწეობას?” ერთხმად პასუხობს: “საშუალება, რომ მქონდეს აქ დავრჩებოდი”. მართლაც, აქ დარჩენა ყველას ურჩევნია და ამის გულახდილად მჯერა, მაგრამ საშუალება არაა, არადა აქ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება ვიდრე სხვაგან,  უფრო განვითარებულ ქვეყნებში,  უბრალოდ ხომ გახსოვთ პატარა ერი ვართ და არ გვჭირდება, რა საჭიროა ყველა კარგად იყოს,  ერთეულები ხომ საკმარისია? საზღვარგარეთ წასვლა ადვილი გადასაწყვეტი არაა,  თუმცა გაცილებით მარტივია ვიდრე აქ დარჩენა და აქ ბრძოლა, მაგრამ რას იზამ ყველას გმირობას და თავგანწირვას ვერ მოთხოვ, ერთხელ ვცხოვრობთ და ჩვენც გვინდა სამყარო ვნახოთ, სადღაც იქ, სადაც ოქროს კოშკები გველოდება, თუნდაც მირაჟი იყოს.