რატომ მივრბივართ საზღვარგარეთ?

“ხინკალი მოგენატრათ?.. ქართული სუფრა მოგენატრათ?.. პარიზში ჩადით, მანდ ქართულ რესტორანზე მეტი რაა? არ გამაგონოთ საქართველოში დაბრუნება, ხალხში გაერიეთ და პასპორტი დახიეთ, მერე კიდევ თქვით, რომ არ გახსოვთ ვინ ხართ.” – ერთი ჩემი მეგობარი –

ჩემი მეგობრები არასდროს მთვლიდნენ განსაკუთრებულად პატრიოტულად და ნაციონალურად განწყობილ ადამიანად,  პირიქით ამ წრეში ყოველთვის გლობალისტად და უსახელმწიფო სამყაროს მომხრედ ვითვლებოდი, თუმცა საქართველოსთან ხანგრძლივი განშორების შემდგომ თბილისში, რომ ვბრუნდებოდი განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა. თვითფრინავმა რამდენიმე საათიანი ფრენის შემდგომ შავი ზღვა, რომ გადალახა სხვანაირად ვიგრძენი თავი, მონატრებულმა აღფრთოვანება ვერ დავმალე იმ პეიზაჟებით, რომელიც დიდი სიმაღლიდან დავინახე, მართლაც, რომ განსაკუთრებული რელიეფი აქვს ჩვენს ქვეყანას და ეს განსხვავება ევროპას და ჩვენს შორის ყველაზე კარგად თვითფრინავის ფანჯრიდან ჩანს. ძალიან მიხაროდა,  ერთი სული მქონდა თბილისის აეროპორტში როდის ჩავფრინდებოდით და მეც ჩემს ახლობლებლს ვნახავდი. არადა, მეუბნებოდნენ რას ჩამოდიხარ, რომ ჩამოდიხარო? დარჩი მანდო, აქ ამინდის გარდა არაფერი ვარგაო, მაგრამ მე არ დავუჯერე და დიდი სიხარულით შევეგებე ჩემს სამშობლოს.

ორი თვე მიხაროდა, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, შემდეგ დაიწყო შეჩვევის პერიოდი, აქაურობას ვეგუებოდი და ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით ცუდად ვგრძნობდი თავს. ცოტა ხნის წინ, ერთი ჩემი ნაცნობი შემხვდა, რომელიც ჩემნაირად რაღაც პერიოდი საზღვარგარეთ ცხოვრობდა,  ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და მეექვსე თვეა რაც აქაურობას ეგუება, რომ შევხვდი ჩემი გამოცდილება გავუზიარე და ის ვუთხარი, რომ სწორედ მეექვსე თვის შემდეგ დამეწყო ნეგატიური დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ, რაც ჩემში ისევ საზღვარგარეთ წასვლის სურვილს აღძრავდა, ამას ყველას ვეუბნები ხოლმე და ჩემი უსაყვარლესი ადამიანი მაგაზე მეჩხუბება,  ყველას ერთი და იგივეს როგორ უყვებიო? აბა, რა ვქნა, ასე ვგრძნობ თავს და ყველას სხვადასხვა ისტორიას ვერ მოვუყვები.

და მაინც რა დაგვრჩენია ამ დასავლეთში, რატომ მივრბივართ და მივილტთვით იმ უცხოსკენ, რომელიც თითქოს ჩვენს ცხოვრებას უკეთესს ხდის და პრობლემებს გვიხსნის? ჩემი აზრით ეს ბევრი რამის გამო ხდება. მე, რომ გითხრათ რომ ბრიტანეთში ყოფნისას რაღაც განსაკუთრებულ პირობებში ვიმყოფებოდი თქო მოგატყუებთ, გულახდილად გეტყვით მე მანდ ერთ ჩვეულებრივ კოლეჯში ვსწავლობდი სადაც ძირითადად საშუალო ფენის,  ხშირ შემთხვევაში კი უფრო დაბალი კლასის წარმომადგენლები სწავლობენ,  მეც უფრო არა პროფესიონალური მიზნების მისაღწევად არამედ უბრალოდ საქართველოდან რაღაც პერიოდით დაღწევის მიზნით წავედი, ყველაზე ადვილი ხერხი ვიპოვე აქედან წასასვლელად და წავედი კიდევაც. უბრალოდ, მაშინ აღარ შემეძლო აქ დარჩენა, სამსახურში ნერვების შლამ მაიძულა დამეტოვებინა ჩემი სამუშაო ადგილი, რამაც ჩემი უმუშევრობა გამოიწვია და უშედეგოდ ახალი, სათანადო სამუშაო ადგილის ძებნის მიზეზი გახდა,  გართობითაც ვეღარ ვერთობოდი, ერთი და იგივე ხალხი და ერთი და იგივე გართობის სტილი ყელში ამომივიდა და დანევროზებულს სასწრაფო შველა მჭირდებოდა. ეს შველაც საზღვარგარეთ წასვლაში მესახებოდა, რომელიც ერთგვარი ტაიმ აუტი იყო ნორმალურ რითმში დასაბრუნებლად.

წავედი და რა დამხვდა იქ? ბევრი რამე, კარგიც და ცუდიც, მეტწილად კარგი,  ოღონდ ეს კარგი უფრო სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიხატებოდა ვიდრე სხვა ურთიერთობებში. უბრალოდ,  არ იყო ნერვების შლა, ყველგან ადამიანივით გექცეოდნენ,  პატივს გცემდნენ ყოველ ნაბიჯზე და ამაგსაც გიფასებდნენ,  მოკლედ პოლიტკორექტულობა (თუ რაღაც მაგდაგვარი) ყოველ ნაბიჯზე გხვდებოდა,  რაც რელაქსაციის და არ დაძაბვის საშუალებას მაძლევდა. მართალია,  იქ ოქროს კოშკები არავის ელოდება, მაგრამ იქ შენი თავის პატრონი მხოლოდ შენ ხარ და მეტი არავინ, მხოლოდ შენ შეგიძლია ჩაუყარო ოქროს კოშკებს საძირკველი და ამაში ხელს არავინ შეგიშლის, ოღონდ უნდა იმუშავო. იმუშავო, იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყო შენ წარსულ ცხოვრებაში (ანუ საქართველოში) მჭადით და ყველით არავინ შეგხვდება, აქ სულ რომ ვარსკვლავი იყო მაინც დაიკარგები და გზის გაკაფვა ოფლის ფასად მოგიწევს. ოფლს აქაც ვღვრით, მაგრამ ეს ოფლის ღვრა ფუჭია, რამდენი წელიც არ უნდა იმუშავო, წინ ვერასდროს წახვალ თუ
განსაკუთრებულ ნიჭი არ გაქვს ზოგ ზოგიერთ საკითხში. უბრალოდ, პატარაა საქართველო,  ხალხიც ცოტა გვჭირდება და ყველანი ვერ ვეტევით,  ყველას წინ ვერ გაუშვებენ, ამიტომაცაა, რომ სულ ერთეულები სჩანან და სხვებს არაფრის საშუალება ეძლევა. მოკლედ, აქ რომ გადარჩე ძალიან მაგარი უნდა იყო, მგელიჭამია მგელი თუ გნებავთ,  ამიტომაც მივრბივართ,  პერსპექტივებს სხვაგან ვეძებთ და ვცდილობთ უკან არ მოვიხედოთ.

ბევრი ჩემი მეგობარი კითხვაზე “საშუალება, რომ გქონდეს საზღვარგარეთ გააგრძელებდი მოღვაწეობას?” ერთხმად პასუხობს: “საშუალება, რომ მქონდეს აქ დავრჩებოდი”. მართლაც, აქ დარჩენა ყველას ურჩევნია და ამის გულახდილად მჯერა, მაგრამ საშუალება არაა, არადა აქ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება ვიდრე სხვაგან,  უფრო განვითარებულ ქვეყნებში,  უბრალოდ ხომ გახსოვთ პატარა ერი ვართ და არ გვჭირდება, რა საჭიროა ყველა კარგად იყოს,  ერთეულები ხომ საკმარისია? საზღვარგარეთ წასვლა ადვილი გადასაწყვეტი არაა,  თუმცა გაცილებით მარტივია ვიდრე აქ დარჩენა და აქ ბრძოლა, მაგრამ რას იზამ ყველას გმირობას და თავგანწირვას ვერ მოთხოვ, ერთხელ ვცხოვრობთ და ჩვენც გვინდა სამყარო ვნახოთ, სადღაც იქ, სადაც ოქროს კოშკები გველოდება, თუნდაც მირაჟი იყოს.

One thought on “რატომ მივრბივართ საზღვარგარეთ?

  1. marina

    “ერთეულები” საკმარისი ნამდვილად არაა, ჩემო კარგო! სწორედ იმიტომ, რომ პატარა ერი ვართ ყველს თავისი ფუნქცია და ადგილი უნდა ჰქონდეს. წასვლა ყოველთვის შეიძლება, ხანდახან აუცილებელიც არის, მაგრამ უკან აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ, რადგან შენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ვინც იქ იპოვის თავის კოშკს, არა მირაჟულს, მანაც კი ცალი თვალი აქეთ უნდა იქონიოს!
    საერთოდ დიდი მადლობა ბლოგისათვის. თანდათანობით ვეცნობი და ძალიან მომწონს!🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s