ფირფიტებიდან მპ3-მდე

ეძღვნება ჩემი თაობის მელომანებს ძალიან კარგად მახსოვს პირველი კასეტა, რომ შევიძინე. უფრო სწორედ კასეტა კი არა,
კასეტები და მე კი არ შევიძინე, მამაჩემმა მიყიდა. მაშინ 10 წლის (პლიუს მინუს 2 წელი) ვიქნებოდი და თუ იმ დროს ჩემი თანატოლები მშობლებისგან რამე სათამაშოს ყიდვას ითხოვდნენ მე ყველაფერს აუდიო კასეტა მერჩივნა. ერთი კასეტა The Beatles – ის Let it be იყო, ხოლო მეორე ელტონ ჯონის “Love songs”. ძალიან გამიხარდა როდესაც მამაჩემმა ფული გაიღო და ეს ორი კასეტა მაჩუქა (როგორც ჩანს მაინც უფრო ბიტლზის სიყვარულის გამო ვიდრე ელტონ ჯონის). ორივე ეგზემპლიარი დღემდე მაქვს შენახული ერთ-ერთ უჯრაში, რომელიც სხვათაშორის ასევე იმ დროის და ცოტა გვიანდელი პერიოდის სხვა კასეტებსაც შეიცავს. პირველად, როდის დავიწყე არ მახსოვს, მაგრამ ეს ჩვევა წლების განმავლობაში განვთარდა, ჩვევა რომელმაც ძალიან ბევრი რამ გამაგებინა თანამედროვე მუსიკის შესახებ, ეს ჩვევა რა თქმა უნდა მუსიკის რადიოდან ჩაწერა იყო. უმეტესობა ამ კასეტების დღემდე ვარგისია და მათი მოსმენა შეუძლებელი არაა, იშვიათად მაგრამ ხანდახან მაინც რომელიმე მათგანს ჩავრთავ ხოლმე და ბავშვობას ვიხსენებ. უამრავი ასოციაცია მებადება, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით ძალიან შორსაა იმ ჰარმონიისგან და ნოტებისგან შემდგარი კომპოზიციისგან, რომელიც თავდაპირველად მისმა ავტორმა ჩაიფიქრა, ადამიანისთვის, ხომ მუსიკა უფრო მეტია ვიდრე კარგი კომპოზიცია და წარმატებული მელოდია. რა არის მუსიკა თუ არა პირადი გამოცდილება? ამ მხრივ არც კასეტები თამაშობენ უკანასკნელ როლს და მუსიკალურ სამყაროში საკუთარი ესთეტიკური წვლილი გააჩნიათ. აბა, შეადარეთ ჟღერადობა კასეტაზე და რომელიმე სხვა ინფორმაციულ მატარებელზე. აღმოაჩენთ, რომ ერთი და იგივე კომპოზიცია სულ სხვადასხვანაირად ისმინება. კასეტებამდე ფირფიტები მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ მუსიკა ნაკლებად მაინტერესებდა, მაგრამ ფირფიტები ჩემში ხელოვნების ამ დარგთან მიახლოვების სურვილის აღძრავდა. საძინებელ ოთახში ფირფიტები და მათი საკრავიც გვედგა, ძალიან გემრიელი გემო ამოდიოდა ხოლმე, ფირფიტას, ზევიდან ნემსს რომ დაადებდი. შხხხ, შხხხ, შხხხ (გახსოვთ?). კასეტების მერე იყო დისკები, ე.წ. CD და სწორედ მაშინ დამეწყო დისკების ყიდვის მანია. რამდენიმე წელიწადში ორასამდე დისკი შემიგროვდა (ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი გავასხვისე და დავკარგე), არ გავიდოდა კვირა როდესაც ერთ კარგ მაღაზიას (რომელიც დღეს აღარ არსებობს, ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით მაინც) მივაკითხავდი ხოლმე და ერთ დისკს არ ვიყიდდი. სხვათაშორის ბევრ ახალ შემსრულებელზე სწორედ, რომ ამ მაღაზიაში გავიგე. მოკლედ, ჩემი სახით ამ მუსიკალურმა მაღაზიამ კარგი კლიენტი შეიძინა. სხვათშორის, დისკების შეძენის კულტურამ ხელი იმას შეუწყო, რომ მელომანი მუსიკაში უფრო გათვითცნობიერებული გახდა, ის ყიდულობდა დისკს და სახლში მოსვლისას მომთმენად უსმენდა კომპოზიციებს ალბომში. ერთი ალბომის მოსმენას ერთი დღე მაინც სჭირდებოდა. ბევრად გვიან, როდესაც უკვე მპ3 შემოვიდა, დისკების შეძენას ინერციით მაინც ვაგრძელებდი, ზოგჯერ ისეთი ჯგუფის ალბომს შევიძენდი, რომელიც დიდი ხანია აღარ მაინტერესებდა, მაგრამ რატომღაც უნდა მქონოდა და ამიტომაც მაღაზიიდან ახალი დაბრუნებული ასეთებს ადგილს პირდაპირ მტვერიან თაროზე მივუჩენდი ხოლმე. მტვერი წლების განმავლობაში მატულობდა, ისევე როგორც ეს თავის დროზე ფირფიტების შემთხვევაში ხდებოდა, აი მპ3-ს კი მტვერი არ ემუქრებოდა. მპ3-მა და სწრაფი ინტერნეტის განვითარებამ დისკების ყიდვის კულტურა თუ არ მოკლა, მძიმედ დაჭრა მაინც. თანამედრივე ინტერნეტის პერიოდში ჩვენ ერთ კვირაში მუსიკის იმ რაოდენობის გადმოწერა შეგვიძლია, რომელსაც შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოვუსმინოთ. ეს ცუდია, პირველ რიგში ესთეტიკური თვალსაზრისით, მუსიკის მოსმენა გარკვეულწილად ჰამბურგერის მოსმენას დაემსგავსა, დიდხანს ერთ კომპოზიციაზე არ ვჩერდებით და სწრაფად ვუსმენთ შემდეგ ჯგუფს, რომელმაც ალბომი სამი საათის წინ გამოუშვა. რამდენიმე წლის წინ, რომ მეკითხებოდნენ: “რას უსმენ?” მე ძალიან სწრაფად ჩამოვთვლიდი რამდენიმე ჯგუფს. დღეს იგივე კითხვაზე ხანგრძილი ფიქრი და “მმმ” “ამმმ-ის” ბლუყუნი მიწევს. ეს გასაგებიცაა, ჩემს დღევანდელ პლეილისტში 5 000 სიმღერა მაინც გდია და მანდ ყველაფერია ჯაზიდან დაწყებული ელექტრონული პოპით დამთავრებული. არადა, სულ რაღაც 7 წლის წინ CD რომში ჩადებული ახალი ალბომი 10 თუ 12 კომპოზიციას შეიცავდა და მეც ალბომს ყველა კომპოზიციის მოსმენის შემდგომ ვაფასებდი. რა სჯობია მპ3, კასეტა, ფირფიტა თუ ბაბინა თქვენი გადასაწყვეტია, ეს თქვენს გემოვნებაზე, ასაკზე და მოგონებებზეა დამოკიდებული. ახლა კი დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მპ3 მუსიკალური ისტორიის პლეილისტში ბოლო ნამდვილად არ არის, დრო გვიჩვენებს თუ რას უნდა შევეჩვიოთ უახლოეს მომავალში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s