Monthly Archives: სექტემბერი 2010

კოლონიალიზმი და კაპიტალისტური ირონია

– Cunts are still running the world –

Jarvis cocker

გლაზგოს ცენტრალუს ქუჩებში სიარულისას ზოგჯერ ბევრ სასარგებლო, ზოგჯერ კი ფუჭ რამეს მოგაწოდებენ ხოლმე, ძირითადად ეს ან სარეკლამო ხასიათის ფლაიერია, ჟურნალი ან გაზეთი. ერთხელ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ერთი გაზეთის მომაწოდეს, სულ 4 ან 6 გვერდი იქნებოდა,  გაზეთის დანახვის თანავე ნათელი იყო რომ ის ავტორების სახსრებით არსებობდა, რომ დავხედე აღმოვაჩინე რომ გაზეთი ადგილობრივი ანარქისტების მიერ იყო გამოცემული და სტატიებიც შესაბამისად რადიკალური, ანარქისტული იყო.   ზოგადად, აღსანიშნავია რომ ანარქიზმი ან კომუნიზმი დასავლეთის ინტელექტუალებში მეტ ნაკლებად გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს, შეიძლება ითქვას მოდურია კიდევაც, მაგრამ თქვა რომ ეს ორი მოვლენა ფართო მასებში პოპულარობით სარგებლობს თქო ტყუილი იქნება.  მოკლედ, ზემოხსენებული გაზეთი როგორც უკვე ითქვა ანარქისტულ ხასიათს ატარებდა და მოუწოდებდა საზოგადოებას გამოფხიზლებულიყო და აქტიურად ჩართულიყო ანარქისტულ საქმიანობაში. ერთ-ერთი სტატია კი აფრიკას ეხებოდა, უფრო სწორედ აფრიკის და ბრიტანეთის ურთიერთობას, სტატიის ავტორი წერდა რომ ზოგიერთი ბრიტანული კომპანიის აქტივობაში ირონია დევს, საუბარია ისეთი ტიპის აქტივობებზე რომლის დროსაც ესა თუ ის კამპანია თითქოს ცდილობს გაჭირვებულ აფრიკელებს დაეხმაროს და საკუთარი შემოსავლის გარკვეული პროცენტი (როგორც წესი ძალიან დაბალი) წყლის მილის ან რამე მაგდაგვარის მშენებლობას მოახმაროს. სტატიის ავტორი წერდა, რომ კომპანიის ბრიტანელი მართველი არავითარ შემთხვევაში არ ფიქრობს გაჭირვებულ აფრიკელებზე და ვერ აკავშირებს საკუთარ თავს რეალურ გაჭირვებულებთან, რომ როდესაც ესა თუ ის ბიზნესმენი იძინებს ის რეალურად არ ფიქრობს ამა თუ იმ აფრიკელ ბავშვზე და თავი მხოლოდ საკუთარი სარგებლის პოვნით აქვს გამოტენილი.

ძალიან მეეჭვება ამ გაზეთს რეალური გავლენა მოეხდინა ზოგადად ბრიტანეთის ეკონომიკურ პოლიტიკაზე მაგრამ ჩემთვის ერთი წლის მერე რაც ეს სტატია წავიკითხე ამ წერილის შთაგონების წყაროდ იქცა. საქმე ისაა ეს სტატია რომ გამახსენდა შევეცადე გამეაზრებინა რამდენად ჩაბარდა წარსულს ბრიტანული კოლონიალური მიდრეკილებები და რამდენად გულახდილია ის კამპანიები რომლებიც აფრიკას ან სამყაროს სხვა ნაწილების დახმარების მიზნით ეწყობა. ისევ და ისევ გლაზგოს ქუჩაში დღისით რომ გაიარო უამრავი აქტივისტი შეგხვდება, რომელიც ფულს კეთილშობილური მიზნებისთვის აგროვებს… თუმცა რამდენად რეპრეზენტაბელურია ეს ყველაფერი? იმავე ქუჩაში ღამით, რომ გაირო ძალიან ბევრ მთვრალ მკვიდრს შეხვდებით, რომელიც ძალიან ცუდად ამცირებს პაკისტანელს, ინდოელს ან რომელიმე სხვა ნაციის წარმომადგენელს. თითქოს პოლიტკორექტულობა აქ უკვე სისხლში აქვთ გამჯდარი და არაფერს გაგრძნობინებენ, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალურად და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, დაბალ დონეზე კი ზოგიერთი საკითხი არც თუ ისე ცალსახა შეიძლება იყოს. როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობ მაინცდამაინც გლაზგოს და ბრიტანეთს არ ვგულისხმობ, ზოგადად დასავლეთს და პოსტ კოლონიალურ ქვეყნებს ვაქცევ ყურადღებას.

რამდენიმე კვირის წინ ე.წ. ფართიზე ვიყავი სადაც ერთი ესპანელი შემხვდა, მას დიდი ხანია უკვე ვიცნობ და ალბათ ამიტომაც მან საკუთარ თავს უფლება მისცა შემდეგი კითხვა დაესვა ჩემთვის:  “აი, თქვენ, თქვენ როგორც სახელმწიფო, ანუ საქართველო, რას აძლევთ ამ სამყაროს? რა სარგებელი მოგაქვთ?” ჩემზე ერთი თავით მაღალი რომ არ ყოფილიყო ალბათ ყურსაც ავუწევდი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ვერბალური პასუხით შემოვიფარგლე:  “თქვე დალოცვილებო, ამდენი საუკუნე ჩვენ და ჩვენაირ ქვეყნებს ხმარობდით და ახლა კიდევ ამ კითხვით მოგვმართავთ? იქნებ ახლა მაინც გვაცადოთ ცხოვრება?”

ამ თემას მინდა ოდნავ გავცდე, მხოლოდ იმიტომ რომ კვლავ დავუბრუნდე და აქ გამოთქმული აზრი დავუკავშირო. საქმე ისაა რომ იმ წრეში სადაც მიწევს ურთიერთობა (ძირითადად აკადემიური) ძალიან ხშირად შეიძლება მემარცხენე შეხედულებების მქონე ადამიანებს შეხვდეთ, ესენი კი როგორც წესი უფრო გულახდულები არიან, ნაკლებად შემორჩენიათ იმპერიალისტური შეხედულებები და რეალობას უფრო ობიექტურად აფასებენ, მოკლედ თემას რომ დავუბრუნდეთ აქაურებიც კი აღიარებენ, რომ მიუხედავად თითქოს საზოგადოების ლიბერალური შეხედულებების მოსახლეობის ძალიან დიდ პროცენტს ჯერ კიდევ შერჩენია იმპერიალისტური შეხედულებები და წინააღმდეგი არ იქნებოდა ინდოეთი, პაკისტანი ან თუნდაც ახალი კოლონიები ეხილა ბრიტანეთის ფარგლებში…

მაგრამ ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ამიტომაც ის ქვეყნები რომლებიც სულ რამდენიმე საუკუნის წინ დაპყრობებს აწარმოებდნენ დღეს პოლიტკორექტულები არიან, ადამიანის უფლებებს იცავენ (ყველაზე მცირე ჯგუფებისაც კი) და დემოკრატიის არეალს აფართოვებენ, მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ვინმე ინდივიდი დათვრეს და რომელიმე წვეულებაში გულში ნადები გამოქითვას და სრულიად შემთხვევით წამოცდეს რომ ზევიდან გიყურებს…

Advertisements

პოპულარულად არაპოპულარულზე


რამდენიმე დღის წინ ჩემი ერთ-ერთი ლექტორის დამსახურებით ერთი კარგი და საინტერესო ადამიანის შესახებ შევიტყვე. საქმე ისაა, რომ ჩემი ლექტორი ანტი კაპიტალისტურად განწყობილი ერთი ინდივიდია რომელიც ორგანულად ვერ იტანს კორპორაციებს და რიგ სხვა კაპიტალისტურ მოვლენას. მოკლედ ერთ-ერთი ლექციის ფარგლებში მან ჯორჯ გელოვეის გაგვაცნო, უფრო სწორედ რამდენიმე წლის წინანდელ ინტერვიუს რომელიც მან მედია მაგნატ მარდოკის ტელე სადგურ – “სქაის” მისცა. 10 წუთი გრძელდებოდა და ამ ათი წუთის განმავლობაში გელოვეის მიერ გამოთქმული აზრებით და ლოგიკური მსჯელობით, რომელმაც “სქაის” ჟურნალისტს სათქმელი არაფერი დაუტოვა, ძალიან მოვიხიბლე. სახლში რომ მივედი “იუთუბი” გადავქექე და შევეცადე უკეთ გავცნობოდი ამ ადამიანის მოღვაწეობას.
აღმოჩნდა, რომ გელოვეი ძალზედ ცნობილი პოლიტიკოსია დიდ ბრიტანეთში, მას რამდენჯერმე ირჩევდნენ პარლამენტში, ხოლო ცხოვრების მეტ წილი მან ლეიბორისტთა რიგებში გაატარა, თუმცა 2005 წელს რადიკალური და ზედმეტად მემარცხენე შეხედულებების გამო ის პარტიიდან გარიცხულ იქნა. გელოვეი ცნობილია როგორც ძალიან განათლებული და მშვენიერი ორატორი, თუმცა ამის გარდა ის ასევე არაერთ სკანდალში გახვეულა ბრიტანეთში და ხშირად საკუთარ მოღვაწეობას ეპატაჟს უკავშირებდა, ასე მაგალითად მას მონაწილეობა “ბიგ ბრაზერშიც” (ჯეობარის ბრიტანული ექვივალენტი) აქვს მიღებული, რითაც ბევრი გააღიზიანა, თუმცა ამის მიუხედავად მისი ჭკუის და ძლიერი ლოგიკის გამო ამ და სხვა “გამოხტომებს” პატიობენ.
მოდით ლექციას დავუბრუნდეთ, უფრო სწორედ თემას რომელიც “სქაიზე”ინტერვიუს შინაარს წარმოადგენდა, საქმე ისაა რომ ახალი ამბების იმ გადაცემაში საუბარი ახლო აღმოსავლეთზე იყო. ბრიტანეთში ახლო აღმოსავლეთზე საუბრისას ძირითადად ისრაელის მომხრეებს შევხვდებით (ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო დონეზე), რადგანაც გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ამერიკულისგან ამ საკითხში პრაქტიკულად არ განსხვავდება. ამის მიუხედავად, ჯორჯ გელოვეი საკმაოდ არა პოპულარული პოზიციის მატარებელია, კერძოდ კი ამ კონფლიქტში ის დამნაშავედ ისრაელს მიიჩნევს, ატარებს ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს არაბულ ქვეყნებში და მხარს ჰესბოლასაც კი უჭერს, ამის გამო მას ზოგიერთი ტერორისტობას და ექსტრემიზმს აბრალებს, ამიტომაცაა რომ მას კანადაში შესვლა აუკრძალეს არც თუ ისე ბევრი წლის წინ.
სანამ გელოვეის კარგად გავეცნობოდე და მისი ვიდეო მასალის ყურება დავიწყე თავიდან მეც შემეშინდა, ეს კაცი მართლა ტერორისტი და ფუნდამენტალისტი ხომ არ არის თქო, ცოტა შევკრთი ისე დაიწყო ერთი-ერთი მისი ლექცია, მაგრამ დაახლოებით ნახევარ საათში ლექციის მსვლელობისას ამ ადამიანით და მისი ლოგიკური მსჯელობით მობიხიბლე, მიხვდი საითქენაც მიჰყავდა, აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი არა თუ ექსტრემისტი არამედ მშვიდობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოყვარეა რომელიც ოდესმე კი მინახავს. უბრალოდ სტილი აქვს ასეთი და მის ლექციებს და გამოსვლებს თავიდან ბოლომდე უნდა უყუროთ, რომ მიხვდეთ რომ ის ბრიტანეთის ნამდვილი პატრიოტია, ის მსმენელებს სათქმელს ისე ეუბნება თითქოს რთულ რაღაცეებს ძალიან შორიდან ელემენტარულ საკითხებზე საუბრით უხსნიდეს. საქმე ისაა, რომ ჯორჯ გელოვეი მხარს უჭერს კოალიციის ჯარების გამოსვლას ახლო აღმოსავლეთიდან, საუბრობს იმაზე თუ საიდან ჩნდება ტერორიზმი, იმაზე რომ დასავლეთის ჩარევა მხოლოდ აღვივებს და სიცოცხლის უნარიანს ქმნის ფუნდამენტალისტურ მოვლენებს და მოკლედ დასავლეთში არაპოპულარულ იდეებს ავითარებს, თუმცა მის კარგად მოსმენისას ხვდები, რომ თავდაპირველი ზედაპირული შთაბეჭდილებისა რომ თითქოს ის არაბების  და მათი პოლიტიკის მომხრე იყოს სინამდვილეში მცდარია და ეს ადამიანი უფრო ბრიტანეთის ან თუნდაც ამერიკის ინტერესებს ემსახურება (რომ არ დაიხარჯოს ფული, არ დაიღუპნენ ამ ქვეყნების მოქალაქეები და ა.შ.),  ან კიდევ უბრალოდ მშვიდობას რეგიონში და იმ უბრალო იდეას რომლის თანახმადაც არცერთი ადამიანის ცხოვრება არ ღირს იმად რომ ასეთი ტიპის კონფლიქტებში ვინმე დაიღუპოს. ის ნამდვილი პატრიოტია და არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ ადამიანობის თუმცა ამის მიუხედავად ბევრი ამას ვერ ხვდება და პატრიოტიზმს მხოლოდ რეგიონში ჯარების შეყვანაში ხედავს…
ჯორჯ გელოვეიზე საუბარი ტყულად არ დამიწყია, უფრო სწორედ ამ თემის ცოტა სხვანაირად წაყვანა მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, არ გამოვიდა იმიტომ რომ წერისას მომეჩვენა რომ გელოვეის პორტრეტის და მისი არაპოპულარული იდეების გაჟღერება უფრო სასარგებლო იქნებოდა საქართველოსთან პარალელების გასავლებად, იქნებ ჩვენც (ჩვენ საზოგადოება, ჩვენ მთავრობა, ჩვენ ოპოზიცია, ჩვენ სხვა) რომ არც ჩვენშია მაინცდამაინც პატრიოტიზმზე მიმანიშნებელი – გაიძახოდე როგორ გიყვარს საქართველო, გიყვარს ა.შ.შ. და გძულს რუსეთი? ეს ხომ პოპულარული იდეებია, ვერავინ გაგამტყუნებთ ასეთების გაზიარებაში, აი ნაკლებად პოპულარულებზე კი რა მოგახსენოთ.
ლინკები თემაზე:
გელოვეი სქაიზე – http://www.youtube.com/watch?v=uKsSIj1R-M4
გელოვეის ლექცია სიეტლში http://www.youtube.com/watch?v=NpXn1SfGp6M

მე ქართველი ვარ, მაშასადამე კავკასიელი


როდესაც აქ, ბრიტანეთში ვინმე მეკითხება თუ საიდან ვარ, მე პასუხის გაცემის პარალელურად ვემზადები შემდგომი კითხვებისთვის და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში – მოსაუბრის ერუდიციის წყალობით შემიძლია მოვდუნდე და თავისუფლად გავაგრძელო მასთან ურთიერთობა. შარშან ერთი სლოვაკი გოგო გავიცანი, რომ მკითხა საიდან ვიყავი და პასუხად “ჯორჯია” მიიღო, შემდეგი “რიტორიკული” კითხვა დამისვა: “აა, ანუ რუსეთი ხო?” რაზეც მე შემდეგნაირად ვუპასუხე: “ხო, ისევე როგორც სლოვაკეთი ჩეხეთია.” გოგოს სახე შეეცვალა, მეც შემეცვალა და  ღიმილი დამეტყო. “საქართველო – რუსეთი” ალბათ ყველაზე გავრცელებული წარმოდგენაა დასავლეთში ჩვენს ქვეყანაზე, იშვიათ შემთხვევაში როდესაც მოსაუბრე საერთოდ აზრზე არაა, მან შეიძლება გითხრათ რომ საქართველო შვედეთის ან თუნდაც პაკისტანის გვერდზეა.
დასავლეთს, რომ ჩვენს ადგილმდებარეობასთან პრობლემა აქვს ეს ფაქტია, მაგრამ დასავლეთს თავი დავანებოთ და ჩვენს თავს მივხედოთ, პრობლემა ისაა რომ ჩვენ თვითონ ვერ გაგვიგია სამყაროს რომელ ნაწილს ვეკუთვნით და ვის მივაკუთვნებთ საკუთარ თავს. ალბათ, გულის სიღრმეში ყოველ ჩვენთაგანს მაინც ევროპელობა ურჩევნია, მაგრამ გინდოდეს იყო ევროპელი საკმარისი არაა.
ჯერ კიდევ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალზე ვსწავლობდი ჩვენი გეოგრაფიის ლექტორი რომ გვიყვებოდა ისტორიას იმაზე თუ როგორ ცდილობდა ის და მისი მეგობარი საქართველოს იდენტობის გარკვევას, ამ პოპულარულ თემაზე საუბარი წარმოუწყიათ – აზია ვართ, თუ ევროპა. თურმე რამდენიმე საათი გრძელდებოდა ცხარე კამათი სხვადასხვა არგუმენტების მოყვანით, საუბრის დროს თურმე სტუმრად მიდიოდნენ, სადარბაზოში აღმოჩნდნენ, ლიფტი არ მუშაობდა და ამათაც ფეხით ასვლა მოუწიათ, კამათი მე-4 თუ მე-5 სართულზე დასრულებულა, სადაც ერთ-ერთი მაცხოვრებელი თურმე ცხვარს ატყავებდა.
მე თუ მკითხავთ, არც აზია ვართ და არც ევროპა, უფრო ჰიბრიდი, რაღაც საშუალო. შარშან ერთ-ერთ ქართულ გაზეთში ამერიკელი მეცნიერის სტატია წავიკითხე, სტატია იგივე თემას ეხებოდა, მოკლედ მახსოვს რომ ძალიან მომეწონა, ავტორი იმაზე საუბრობდა, რომ დროა საქართველო საკუთარი ადგილი ახალ გეოგრაფიულ რეალობაში იპოვოს და ეს გეოგრაფიული რეალობა კავკასიაა. მართლაც, კავკასია არ ჰგავს არცერთ სხვა რეგიონს ევრაზიის კონტინენტზე, განსხვავებული კულტურის მატარებელია და საოცრად მრავალფეროვანია, ძალიან ცოტაა დედამიწის რუქაზე ისეთი ადგილი სადაც ასეთ პატარა ტერიტორიაზე ამდენი სხვადასხვა ეროვნების, რჯულის თუ კულტურული ტრადიციების მატარებელია თავმოყრილი. სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ჩრდილოეთ კავკასიის ერები – შეიძლება თუ არა რომელიმე ჩამოთვლილთაგან ცალსახად ევროპას თუ აზრიას მივაკუთვნოთ, ან აზერბაიჯანს თუ აზიას მივაკუთვნებთ საქართველოს ევროპას რა ლოგიკით დაუტოვებთ? იქნებ, მართლა დროა დავფიქრდეთ და საკუთარი ადგილი კავკასიაში ვიპოვოთ ვიდრე ის მკვეთრად განსხვავებულ ევროპაში ან თუნდაც აზიაში ვეძებოთ?

ცოტა რამ მაია ასათიანზე და მაგდაგვარებზე


როგორც უკვე ერთი ჩემი მეგობრის პირწიგნაკის კედელზე აღინიშნა, პროფილის მსგავსი გადაცემები მსოფლიოს ბევრ ქვეყნის ტელევიზიის ეთერში გადის. მართლაც ასეა, რთულია მოძებნო ქვეყანა რომლის ტელესივრცეში მსგავსი ფორმატის გადაცემას ვერ იპოვი. საქმე ისაა, რომ პროფილის მსგავს გადაცემებზე მოთხოვნა ყველგან არის, საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს სენტიმენტალური დეტალები უბრალო ან მეტ ნაკლებად პოპულარული ადამიანების ცხოვრებიდან. ყველას ანალიტიკური გადაცემების სიყვარულს ვერ მოთხოვ და ამაში გასაკვირი არაფერია.
შორს რომ არ წავიდეთ მსგავსი გადაცემები იგივე რუსეთშიც არსებობს, მე პირადად “Жди меня” მახსენდება. ძალიან სასაცილო გადაცემა იყო, აქ ადამიანები ერთმანეთს პოულობდნენ და გადაცემაში ტირილსაც არ ერიდებოდნენ, ერთადერთი რისიც მიკვირდა ის იყო თუ საიდან პოულობდნენ პროდუსერები ამ დაკარგულ ადამიანებს, ამიტომაც ეჭვი მიჩნდებოდა დადგმული ხომ არ არის თქო? “არა, რა დადგმული, ნახე როგორც განიცდის” – იტყოდა მავანი, მეც გაურკვევლობაში ვრჩებოდი და არ ვიცოდი რა მეფიქრა, “Жди меня” თუ არა დანამდვილებით ვიცოდი რომ “Окна – ს” ნაირი გადაცემები ნამდვილად დადგმული იყო, ძალიან დაუჯერებელი ისტორიები იყო ხოლმე. როგორც წესი აქ ცოლ ქმარი ხვდებოდა ერთმანეთს და საკუთარ პრობლემებზე გვიამბობდა, ვერ დავიჯერებდი რომ იმდენად ექსგიბიციონისტები იყვნენ რომ საჯაროდ საკუთარი სექსუალური მოთხოვნების ან ღალატის შესახებ ასე ღიად ესაუბრათ, თუმცა “Окна” ალბათ მაინც სხვა ფორმატის გადაცემა იყო.
ჩვენთან რა ხდება? სიმართლე გითხრათ მაია ასათიანის გადაცემას რეგულარულად არ ვუყურებ, უფრო სწორედ პრაქტიკულად არ ვუყურებ, ერთი ორჯერ შემთხვევით შევავლე თვალი და გადაცემის წამყვანის არა მიწიერი და თითქოს საიქიოდან მომავალი, ვითომ დამამშვიდებელი ხმა ძალიან გამაღიზიანებლად მომეჩვენა, ისეთივე გამაღიზიანებელი როგორიც ბანალურ-სენტიმენტალურ-იაფასიანი ისტორიები რომლებსაც ამ გადაცემაში შეხვდებით ხოლმე.
მოკლედ, გადავწყვიტე არ ვუყურო და დღემდე ამ პრინციპს მივყვები, არც მაღიზიანებს და “პროფილზე” უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში თუ ვფიქრობ (სიტყვა “ვფიქრობ” ამ შემთხვევაში გადამეტებულად მეჩვენება)ხოლმე. მაგრამ თურმე ყველა ასე არაა, ანუ იმათ ვგულისხმობ რომლებსაც ასეთი ტიპის გადაცემები არ იზიდავს, ე.წ. ინტელექტუალები ან ისინი ვინც თავს ინტელექტუალებად თვლიან ძალიან გაღიზიანებული არიან თურმე “პროფილით”, იმავე პირწიგნაკზე კი მოძრაობები და ჯგუფები იქმნება რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს პროტესტი გამოუცხადონ კონკრეტულად ამ გადაცემას (“არ გვინდა მაია ასათიანი” და ა.შ.).
კი, მაგრამ რაში გიშლით ხელს თქვე დალოცვილებო? ამ ქვეყანაზე უამრავი სხვა პრობლემა არსებობს რომელიც გაცილებით მეტი ყურადღების ღირსია ვიდრე მაია ასათიანის ირაციონალური მოვლენა.  ამ ადამიანების აქტიურობა ისედაც ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემას კიდევ უფრო პოპულარუს ხდის.
ისე, ამ გადაცემის რეიტინგი ცალკე საკითხია, უფრო სწორედ მისი რეიტინგულობა ბევრ რამეზე მეტყველებს, სოციოლოგიური დაკვირვების ღირსია ნამდვილად. ჩემი მოკრძალებული აზრით ასეთი რეიტინგი ჩვენი საზოგადოების დეგრადირების ხარისხზე მეტყველებს, არ არის საჭირო სხვა კვლევების ჩატარება იმისთვის რომ მივხვდეთ თუ რა სტადიაზეა ჩვენი ინტელექტუალური განვითარების ხარისხი – “პროფილი” საკმარისია.
დღევანდელ სამყაროში რომლის პრაქტიკულად ყველა სფეროს ბიზნესი და ეკონომიკური ფაქტორი არეგულირებს, პროდუსერებს და მედია საშუალებების პატრონებს ვერ მოთხოვ არ მოამზადონ “პროფილის” მაგვარი პროდუქტი, კარგად იყიდება და შემოსავალზე უარი რატომ უნდა თქვან? ოღონდ, არ დაიწყოთ ახლა მედიის მთავარი როლი ეს ხომ არ არის და ა.შ. საქართველოში კი არადა, ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებში მედია საშუალებები მოგებაზე არიან ორიენტირებული და პრაქტიკულად არასდროს არ გაუშვებენ ეთერში ისეთ გადაცემას რომელიც ფინანსურად წამგებიანი იქნება.
ამიტომაც, ჩვენთან “პროფილის” მსგავსი გადაცემები სიის სათავეში იმ მომენტამდე იქნებიან სანამ ჩვენგან, საზოგადოებისგან არ წამოვა უფრო ხარისხიან გადაცემებზე მოთხოვნა. როდის დადგება ასეთი მომენტი კაცმა არ იცის, ამიტომაც დავჯერდეთ მაია ასათიანს და მის სტუმრებს და უკეთესი მომავლის იმედით ვიყოთ, როგორც ნათქვამია იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა.

სიგარეტი და ევროპა ანუ Thank you for not smoking

მაშინ როდესაც მართალია არა კონტინენტურ, მაგრამ მაინც ევროპაში
ვიმყოფები მოწევაზე წერა განსაკუთრებით აქტუალურად მეჩვენება, ბრიტანეთს და ზოგადად დასავლეთ ევროპას ხომ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს მწეველებთან და სიგარეტთან, განსაკუთრებული სიყვარული რა თქმა უნდა ირონიით. ჯერ კიდევ ამსტერდამის აეროპორტში ყოფნისას ეს თემა განსაკუთრებით საინტერესო მომეჩვენა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ერთმა მეგობარმა ამ თემაზე პოსტის გაკეთება მირჩია რასაც როგორც იქნა ხანგრძილივი პაუზის შემდეგ ვაკეთებ.
საერთოდ ამსტერდამის აეროპორტში მეგონა რომ მოწევა აკრძალული იყო და ვერც მე გავაბოლებდი სიგარეტს, თურმე ვცდებოდი, შიპოლის აეროპორტში სპეციალურად მწეველებისთვის გამოყოფილია რამდენიმე ზონა სადაც თამბაქოს დაგემოვნება შეიძლება, ეს რომ გავიგე სასწრაფოდ ერთ-ერთი ასეთი პუნქტისკენ ავიღე გეზი. დანახულმა ძალიან გამაკვირვა – ბოსხის ნახატს ჰგავდა, საქმე ისაა რომ ეს ზონა დახურულ სივრცეს წარმოადგენდა, სივრცეს რომელიც ალბათ 15 კვადრატულ მეტრს არ აღემატებოდა, ამ 15 კვადრატულ მეტრზე 20-მდე ადამიანი შეკრებილიყო და მშვიდად, პრაქტიკულად სიჩუმეში ეწეოდა სიგარეტს, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ ბევრს სახეზე თითქოს რაღაც დამნაშავის გამომეტყველებაც კი ემჩნეოდათ, თითქოს კეთროვანები იყვნენ და საზოგადოებიდან მოწყვეტილები,  თითქოს იქ გარეთ ამათ არასასურველ ელემენტებად ხედავდნენ, რომლების დანახვაც შეიძლება არამწეველს დისკომფორტი შეუქმნას. ასეც არის,  დღესდღეობით ევროპაში სიგარეტის მოწევა არ ითვლება “ქულ” მოვლენად, მწეველების რიცხვი კი დღითი დღე კლებულობს, არადა მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე არამწეველებისთვის ამერიკაში ცალკე ვაგონებს გამოყოფდნენ მატარებელში მგზავრობისას, როგორც წესი ერთს ან ორს, იმიტომ რომ მაშინ მწეველების რაოდენობა მკვეთრად აღემატებოდა მწეველებისას, დღეს კიდევ ამერიკელმა მწეველი რომ დაინახოს ძალიან გაუკვირდება, ასეთი შეიძლება ნარკომანს გაუტოლოს, ვინაიდან ამერიკაში თამბაქო კიდევ უფრო ნაკლებად პოპულარულია ვიდრე ევროპაში.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ასევე სიგარეტის ფასებია, მაგალითად ბრიტანეთში მარლბოროს შეძენის შემთხვევაში ექვს ნახევარი ფუნტის გადახდა მოგიწევთ, ეს 18 ლარზე მეტია, წარმოიდგინეთ ერთი წამით საქართველოში სიგარეტში 18 ლარის გადახდა რომ მოგიწიოთ? რა სისულელეა… სისულელე სისულელედ, მაგრამ სიგარეტს თუნდაც ასეთი ფასების შემთხვევაში აქ მაინც ყიდულობენ და ეწევიან კიდევაც, მაგრამ არა ისე როგორც ჩვენთან ბარებში და კაფეებში, არამედ შენობის გარეთ, იქ სადაც შეიძლება წვიმდეს და არაკომფორტული პირობებია, რას იზამ – ასეთია დღეს ევროპა.

Sexy, wild, aggresive, poetic… just like Tarantino movies you know

ოდესმე კინოთეატრიდან გამოსულს თუ გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ რაღაც ახლის გაკეთების სურვილი გაგჩენოდათ, უაღრესად შთაგონებულად გრძნობდეთ თავს და სიცოცხლესთითქოს ახალი რითმით იწყებდეთ? თუ კი, ესეიგი წარმატებულ და კარგ ფილმს უყურეთ. ჩემთვის ასეთი ფილმის ერთ-ერთ განმსაზღვრელი ფაქტორი ორიგინალური სიუჟეტი და მაშასადამე სამყაროა რომელიც ამა თუ იმ სურათით იქმნება.
ჯეიმს კამორენის “ავატარი” რომ ვნახე და კინოთეატრიდან რომ გამოვედი გავიფიქრე “რა ბანძი გრაფიკა გვაქვს დედამიწაზე.” კამერონის ფილმმა სამი საათით სულ სხვა სამყაროში მომახვედრა და ისე მომაწონა გამოგონილი არსებები, რომ რაღაც პერიოდით ისიც კი დამავიწყდა რომ ადამიანი ვარ. კარგი ფილმის ცუდისგან ერთ-ერთი გამომრჩეველი ფაქტორი სწორედ რომ სხვა აურის შექმნაა, ისეთი გარემოსი რომელიც შენს ყოველდღიურ პრობლემებს გავიწყებს და გმირებთან გარკვეული დროით სიცოცხლეს გაწყებინებს. ამ შემთხვევაში მარტო ფანტასტიკა და ირაციონალური სამყაროს მატარებელი ფილმები არ იგულისხმება, ასეთი ფილმების სიაში შეიძლება ნეო რეალიზმიდან დაწყებული საშინელებათა ჟანრით დამთავრებული ყველაფერი აღმოჩნდეს.

ავატარის გარდა მსგავსი შეგრძნება ბოლო დროს ნანახი ფილმებიდან
“დასაწყისზე” დამემართა, ამ ფილმმა მისი რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი მაღიარებინა და მისი სხვა ფილმების სურვილიც გამიჩინა. კინო ხომ სხვა სამყაროა, არა ისეთი როგორიც ჩვენი ცხოვრებაა, სხვანაირია, აქ რეჟისორია ღმერთი და მას ძალუძს ახალი სამყაროს შექმნა, სწორედ რომ ის ფლობს თიხას რომლისგანაც ყველაფრის რაც კი მოესურვება გამოწერწვა შეუძლია.
არსებობენ რეჟისორები რომლებსაც საკუთარი ხელწერა გააჩნიათ და რომლებიც სხვებისგან ადვილად გამოსარჩევები არიან. ერთ-ერთი ასეთი ტარანტინოა, სათაური შემთხვევით არ ამირჩევია, სწორედ რომ მის მიერ
შექმნილ ფილმებმა გამიჩინა ამ პოსტის დაწერის სურვილი. თუ გახსოვთ მისი ფილმების უმრავლესობა სხვადასხვა იდეების შერწყმას წარმოადგენენ, პირველი რაც ამ შემთხვევაში თვალშისაცემია – სისასტიკე და სისხლია, რომელიც მის ფილმებში გხვდება, მისი გმირები კრიმინალები არიან, თან ისეთები რომლებსაც მკლელობა მოსწონთ და რომლებიც დანაშაულს სიხარულით სჩადიან, ხოცავენ ერთმანეთს მაგრამ ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს პატივს სცემენ (მაგალითისათვის “მოკალი ბილი”). რამდენიმე წლის წინ ინტერვიუში ერთმა კრიტიკოსმა ტარანტინო გააკრიტიკა და ბრალად ის დასდო, რომ მისი ფილმების უმრავლესობა დაუნდობელი და სისხლიანია. ტარანტინომ საკუთარი პოზიციის დასაცავად ამ კრიტიკოსს უთხრა, რომ ასეთი ფილმების გადაღება “კარგი გასართობია”. კრიტიკოსი არ დანებდა და ტარანტინოს ჰკითხა მოეწონებოდა თუ არა მას სადმე ქუჩაში სხვისი ხელით მომკდარიყო. ტარანტინო რისი ტარანტინო იქნებოდა, რომ არ გაცხარებულიყო და გაბრაზებულს არ ეთქვა: “თუ კინოზე მელაპარაკები კინოზე მელაპარაკე, თუ რეალურ სამყაროზე რეალურ სამყაროზე.”
მართლაც, ჩვენი სიცოცხლე სრულყოფილი რომ ყოფილიყო არც ჩვენ ვივლიდით სავარაუდოთ კინოში და ამ ხელოვნების დარგს საერთოდ არ მივიღებდით, მაგრამ ჩვენი სიცოცხლე ასეთი არაა და ჩვენც ხშირად რომელიმე კინო დარბაზს ვესტუმრებით და ჩვენი იდეალების შესაბამისად ვირჩევთ სურათს რომელიც რაღაც დროით ჩვენს მოსაწყენ ცხოვრებას გვავიწყებს.

არსებობს ისეთი სურათებიც რომლებიც თითქოს ჩვენს ცხოვრებასთან არც ისე შორს დგანან, ერთ-ერთი ასეთი შარშან ინგლისში ყოფნისას ვნახე და ნასიამოვნებიც დავრჩი. ბავშვობიდან მქონდა ჩარჩენილი – “ველოსიპედების
მომტაცებელი,” მაგრამ ვერა და ვერ ვნახე სანამ ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა სეანსზე არ წამიყვანა. იტალიური ნეო რეალიზმის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ცნობილი ფილმი მართლაც რომ გავიწყებდა ცხოვრებას და გაჭირვებულ იტალიაში გაგდებდა, კინოთეატრიდან რომ გამოვედი სულ ამას გავიძახდი: “აი ასეთი უნდა იყოს ნამვდილი ფილმი, მარტივი სიუჟეტი, მარტივი შინაარსი და მარტივი გადაწყვეტა”. მართლაც არაფერი “განსაკუთრებული” ამ ფილმში არ იყო, ყველაფერი მაქსიმალურად მარტივია, მაგრამ ამის მიუხედავად შენ მაინც გრძნობ კინოს მაგიას.
ალბათ არ აქვს მნიშვნელობა, ავატარი იქნება, “ველოსიპედის გამტაცებელი,” “ქვევრი” თუ რამე სხვა, კინომ საზღვრები ხომ არ იცის, მთავარი ჟანრი ხომ არაა, მთავარი ისაა რომ ჩვენ ამ კინოში შევიდეთ და საკუთარი თავს ერთი ორი საათით მაინც განსხვავებული სამყაროს წევრებად ვიგრძნოთ და თუ ეს გამოვიდა მაშინ თამამად შეგვიძლია ვუთხრათ რეჟისორს: “მადლობა.”