Monthly Archives: November 2010

“დარჩი ბუნჩულა, კეთილი და პატიოსანი, არ ჩაერიო პოლიტიკაში.” ინტერვიუ ნიკა ქობულაძესთან.

დღევანდელი სპეცინტერვიუს სტუმარია ნიკა ქობულაძე, პროფესიით ეკონომისტი, ის საუბრობს პოლიტიკაზე, ფანტასტიკაზე და ფეხბურთზე.

– არსებობს თუ არა საქართველოს ამჟამინდელ ვითარებაში პოლიტიკური კრიზისი და თუ კი რაში ხედავ მიზეზებს?

ერთია მე რას ვხედავ და მეორეა რა არის აქტუალური დღეს, საერთოდ ჩვენნაირ და არამარტო ჩვენნაირ სახელმწიფოებში, მოგვწონს თუ არა, როგორც წესი სხვები წყვეტენ ხოლმე არის თუ არა კრიზისი, უფრო სწორად რომ ვთქვა დღეს მთავარი პრობლემაა ის არის რაზეც საუბრობენ, რადგანაც ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებს ტელევიზიას ის არ საუბრობს კრიზისზე, საუბრობს აღმშენებლობაზე და წარმატებებზე, ასე რომ უფრო სწორი იქნება ვთქვათ რომ კრიზისი არის მაგრამ ჯერჯერობით არც ისე იგრძნობა და ტელერეალობა ძლევს რეალობას, ამის მიზეზი ბანალურია ხელისუფლებას ისევ აქვს ის ფინანსური დახმარება დარჩენილი რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ მივიღეთ..

–  საქართველოში ძალიან ძლიერია მოსაზრება რომ პოლიტიკაბინძურიადა მასში ყველაზე ცუდი ხალხი მიდის. ეთანხმები ამ მოსაზრებას ან რას ფიქრობ ზოგადად ამაზე?

– ეს არის მოსაზრება რომელიც ძალიან, აი ძალიან მაღიზიანებს, მთავარი იცი რა არის ამ მოსაზრებაში ??? განცხადება რომ პოლიტიკა ბინძურია და შენ არ უნდა ჩაერთო ამ სიბინძურეში, აი მე ვიქნები ცუდი, ბოროტი ტიპი და გავაკეთებ იმას რაც მინდა მაგრამ შენ არა, შენ ხომ ბუნჩულა, კეთილი და პატიოსანი ხარ მოკლედ რეალურ ცხოვრებაში რომ გადავიყვანოთ და ამერიკული კინოსტანდარტები მივუსადაგოთ ტიპიური ლუზერი ხარ, ხოლო ლუზერების ადგილი კი პოლიტიკაში არ არის. მე მგონია რომ ეს მანამდე იქნება ასე სანამ სუფთა ხალხი არ გამოვყრით პოლიტიკიდან ბინძურებს. ელემენტარულია…

როგორი პოლიტიკა სჭირდება ამ ეტაპზე საქართველოს ან ზოგადად მსოფლიოს?

– დათო,  ეს კითხვა ხო ხვდები როგორია, ჩემთვის როგორც ძალიან იდეოლოგიზირებული და სუბიექტური ტიპისთვის: პროპაგანდის საშუალებაა, ვფიქრობ რომ პოლიტიკური ბალანსია შესაცვლელი, 40 წლიანმა ნეო-ლიბერალურმა კონტ-რევოლუციამ მთლიანად მოახდინა იმ მიღწევების ნიველირება რომელიც ასე მძიმე ბრძოლით იქნა მიღწეული, ნეოლიბერალიზმი ხო სხვა არაფერია თუ არა მაღალი კლასების სიმართლე. გასული საუკუნის 70-80 იან წლებში ეგონათ რომ თუ მაღალ კლასებს გადასახადებს შეუმცირებდნენ და მოახდენდნენ ძვირი კეთილდღეობის სახელმწიფოს რეფორმირებას, ეკონომომიკა გაჯანსაღდებოდა, ბიზნესი დაიწყებდა ფულის რეინვესტირებას, მაგრამ ვაი რომ ეინ რენდის რომანებში არსებული ბიზნესმენები მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს და ისიც მხოლოდ მარგინალი მწერლების, რეალობაში აღმოჩნდა რომ პრობლემები არათუ გადაიჭრა არამედ გაცილებით უფრო ღრმა ფაზაში შევიდა. ძვირი მაგრამ პასუხისმგებლიანი კეთილდღეობის სახელმწიფო გადაიზარდა ნეოლიბერალურ მონსტრში რომელიც გარდა ეკონომიკური საპნის ბუშტებისა სხვა ალტერნატივის შემომთავაზებელი არ არის.

– ცოტა რამ ფანტასტიკაზე. ვინ არიან შენი საყვარელი ფანტასტები და ერთი ორი სიტყვით მათ როლზე თუ შეგიძლია ისაუბრო?

– ძალიან გული მწყდება როდესაც ფანტასტიკას არ თვლიან სერიოზულ ჟანრად, ის გაცილებით უფრო ღრმაა და საინტერესოა ვიდრე ძალიან ბევრი „სერიოზული“ წიგნები, უბრალოდ რაღაც სტერეოტიპია თუ წერ მომავალზე აუცილებლად არასერიოზული ტიპი უნდა იყო ხოლო დაწერ რაიმეს ფსევდო-ინტელექტუალური მანერით და ამავდროულად გაუგებრად მაშინ აუცილებლად მოდური. არ მესმი მაგალიტად სტანისლავ ლემის სოლარისი რით ჩამოუვარდება აღიარებულ ლიტერატურულ შედევრებს??? ან თუნდაც აზიმოვის ან ბრედბერის(რომელიც მე არ მიყვარს) რომანები. ან თუნდაც ერიკ რასელის, ჰარისონის, სტრუგაცკების, ეფრემოვის თუ სხვების და სხვების.

– რეი ბრედბერიმ თქვა: “ჩვენ არ ვწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ ვცდილობთ შევცვალოს ის კარგისკენ” – რას ფიქრობ ამაზე? თვლი თუ არა რომ ფანტასტიკაში უნდა იყოს სატირის ელემენტი და ის საზოგადოების გაკრიტიკებას უნდა ცდილობდეს?

– საკვირველია ეს ბრებდერიდან, რომელიც მიუხედავად გენიალური წერის მანერისა იდეებით აშკარად სხვა პოლისზე დგას, ისე კი ვეთანხმები, რამდენიმე ხნის წინ ერთი ჩემი მეგობარი გაკვირვებული მეკითხებოდა, რატომ აფანატებს ჩემი ყველა მემარცხენე მეგობარი ფანტასტიკაზე?? პასუხი მარტივია, მას ჯერ კიდევ 160 წლის წინ მარქსმა გასცა „ადრე ფილოსოფოსები ხსნიდნენ სამყაროს, ჩვენი მიზანი კი მისი შეცვლაა“ ამიტომაც არის რომ მემარცხენეებს გვიყვარს ფანტასტიკა, ეს ხომ საშუალებაა მომავალი დავინახოთ . მომავალი არამარტო პოზიტიურ კონტექსტში არამედ თავისი ნაკლოვანებებით და პრობლემებით. სატირას რაც შეეხება ეს ინსტრუმენტია, ყველაზე ძლიერი იმისთვის რომ დღეს არსებული პრობლემები დაანახო სხვას, თუნდაც მომავლის მაგალითზე. მაგალითად ავიღოთ ერიკ რასელის „აბრაკადაბრა“ ეს არის მცირე (10 გვერდია) მოთხრობა სადაც გენიაულურად არის დახატული ბიუროკრატიული იდიოტიზმი,. ან მაგალითად შეკლის „სტატუსის ცივილიზაცია“ სადაც სულ სხვა მორალია, რომელიც ახლო ხედიდან ანალოგიურად იდიოტურია როგორიც ჩვენი.

– ქართულ ფანტასტიკაზე რას იტყოდი? არსებობს საერთოდ?

– არ ვიცი, მგონი არც არსებულა და არც ჩანს რაიმე რომ ეს უკეთესობისკენ შეიცვალოს.

–  ფეხბურთიმტკივნეული თემაა საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა რომ ტრადიციულად ის პოპულარულად ითვლება საქართველოში, ბოლო ოცწლეულის წარუმატებლობა წინა პლანზე რაგბის და კალათბურთს აყენებს. თვლი თუ არა ფეხბურთი კვლავ აქტუალურია საქართველოში?

– ფეხბურთი ყოველთვის იყო და არის აქტუალური, უბრალოდ ფეხბურთი გაცილებით უფრო სიღრმისეულ მიდგომას მოითხოვს დღეს ვიდრე თუნდაც რაგბი. თან რაგბში რუსებს ვუგებთ და ეს დამატებით მოტივაციად იქცა „ჩხუბის“ შემდგომი მუშტების მოქნევის მოყვარულთათვის.

რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ფეხბურთის კრიზისიდან ამოსაყვანად?

– რავი,  დათო მგონი საქართველოში ძლიერი სახელმწიფო ჩარევის გარეშე ფერხბურთს არაფერი არ ეშველება, რაც არ უნდა ვიძახოთ არიქა მოვა ბიზნესი და უშველისო, არ მოდის და რა ვქნათ, არ სჭირდება ბიზნესს ფეხბურთი მას სულ სხვა ინტერესები აქვს.

გასული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ რა აზრის ხარ?

– ვიქნები გამორჩეული და ვიტყვი რომ მომეწონა, არ მიყვარს როდესაც დიდი სახელმწიფოების დომინაციაა, ჩემთვის როგორც პარაგვაის, ურუგვაის და სხვა პატარა სახელმწიფობის გულშემატკივრისთვის საინტერესო იყო ეს ჩემპიონატი, რაც მთავარია ის ჩატარდა აფრიკაში და დარწმუნდა ყველა რომ ასეთი დონის ღონისძიებები გარდა მაძღარი ევროპისა და სხვა მხარეებისა აფრიკაშიც არის შესაძლებელი.

–  რამეს ხომ არ დაამატებდი? რას უსურვებდი სხვა რესპოდენტებს და ზოგადად ამ რუბრიკაზე რა აზრის ხარ?

ძალიან მომწონს, საინტერესო ინტერვიუები იყო, ამ მხრივ გამიმართლა ჩემი მეგობრების ინტერვიუები იყო და რამდენიმე საინტერესო რამ გავიგე მათზე რაც ადრე არ ვიცოდი. სხვა რესპოდენტებს ვუსურვებდი იმას რომ ცოტა მეტად ვიყოთ გულწრფელები 🙂

 

რა მოუვიდა დამოუკიდებლობას?

ფილმი “Everything is illuminated” მოგვითხრობს ერთ ამერიკელ ებრალზე,
რომელიც ბაბუამისის სამშობლოს სანახავად უკრაინას სტუმრობს. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში აღნიშნული სტუმარი მანქანიდან დანგრეულ და მიტოვებულ შენობებს დაინახავს. გაოცებული ეკითხება უკრაინელ მასპინძლებს: “რა არის ეს?” ერთ-ერთი უკრაინელი პასუხობს, “საბჭოელები.” კვლავ გაოცებული სტუმარი კითხულობს “და რა მოხდა?” რაზეც პასუხად პატარა პაუზის შემდეგ ასეთ რამეს ისმენს: “დამოუკიდებლობა”.

ამ პოსტში არ ვაპირებ ზოგადად საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარს, ეს გაცილებით ვრცელი განსჯის საგანია და მისი ბლოგ პოსტში ჩატევა ცოტა მეუხერხულება. ამ შემთხვევაში მე უფრო კინოზე მსურს საუბარი, ქართულ კინოზე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

“გრუზია ფილმი” როგორც ასეთი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა და გვარიან კონკურენციას უწევდა რუსულ, უკრაინულ თუ საბჭოეთში არსებულ რომელიმე სხვა სკოლას. ამასთან ერთად მოსკოვში არაერთი  წარმოშობით ქართველი რეჟისიორი თუ მსახიობი მოღვაწეობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ “გრუზია ფილმაც” შეწყვიტა არსებობა და ამასთან ერთად ქართულ კინო ინდუსტრიასაც მძიმე დღე დაუდგა. ოცი ცლის განმავლობაში იშვიათი გამონაკლისების გარდა საქართველოში არცერთ დადგმულ ფილმს წარმატებისთვის პრაქტიკულად არ მიუღწევია.

აქვე გეტყვით რომ არც თანამედროვე ქართული კინოს ზოგად კრიზისზე მინდა საუბარი ამ პოსტით. უბრალოდ ერთი პატარა დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ.  ეს პოსტი თავიდანვე აღნიშნული ფილმით შემთხვევით არ დამიწყია, 1991 წელს საქართველომ ნანატრ დამოუკიდებლობასთან და თავისუფლებასთან კინო პრაქტიკულად მიატოვა და ასევე არა შემთხვევით ნახსენებ “გრუზია ფილმისთვის” და საბჭოეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორებისთვის დამახიასეთებელი ეშხი დაკარგა. ანუ, მივიღეთ პარადოქსი, ფაქტობრივ და იურიდიულ დამოუკიდებლობამ მოგვიტანა მდარე პროდუქციაზე დამოკიდებული ქართული ფილმი.

ფილმებსაც დღესაც იღებენ საქართველოში, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ძალიან დამოკიდებულია, დამოკიდებული პირველ რიგში დასავლეთის მდარე პროდუქციაზე, მდარეზე და სამწუხაროდ არა კარგზე. დღეს ყველაზე მარტივ გამოსავალს ქართველი რეჟისიორები იაფფასიანი ბლოკბასტერების კოპირებაში პოულობენ. იაფფასიან ბლოკბასტერს შეიძლება ვუყურო კიდევაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ის აუცილებლად იქედან უნდა იყოს წამოსული სადაც დაიბადა და არა კავკასიაში არსებულ ერთ ქვეყნიდან, რომელსაც ამ მხრივ დასავლურ პოპ კულტურასთან არაფერი საერთო აქვს, ამიტომაცაა რომ ზოგიერთი ქართული (ჰორორი იქნება ეს თუ კომედია) ფილმი პაროდიულ გადამღერებას ჰგავს, რომელიც დაცინვის გარდა აუდიტორიისგან არაფერ სხვას არ იმსახურებს.

პარადოქსია ასევე ის რომ მაშინ როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სულაც არ იყო მაინც შეიძლებოდა ქართულ ფილმებში უნიკალური, განმასხვავებელი ნიშნების ნახვა, თუნდაც სტერეოტიპული. მიმინო:  “Сдачи не надо,” “и мне не надо.” მიზანდარს ფული არ აქვს, მაგრამ ტაქსით მაინც
უნდა წავიდეს, მიზანდარი შემთხვევით ისრაელში რეკავს, მაგრამ ქართული სიმღერის გაგონებისას მაინც ხარჯავს ბოლო სახსარს. მერე რა, რომ სტერეოტიპულია? ამჟამად არც სტერეოტიპული გვაქვს და არც არა სტერეოტიპული. რა თქმა უნდა ეს ყველა ფილმს არ ეხება, როგორც უკვე ვთქვი არსებობს გამონაკლისები, მაგრამ გამონაკლისების ფონზე გულის ამრევია ამერიკული ჰორორიდან დაკოპირებული ეპიზოდები, პერსონაჟების ქცევები და ა.შ. ეს ყველაფერი კი იმავე გონზე მოსული ამერიკის ცნობიერებაში ხითხითის გარდა არაფერს იწვევს.

ვინმემ იმ ამერიკელი ებრაელი ტურისტისა არ იყოს, ქართულ ფილმის ყურების შემდეგ რომ მკითხოს, “რა სჭირს, რა მოუვიდა?” რა ვქნა? რა ვუპასუხო?

ცოდნის შიმშილი

კითხვა მოდაშია

– ორჰან პამუკი –

ადამიანი გონიერი არსებაა. შედარებით გონიერი. ზოგი სხვაზე შედარებით
გონიერია, ზოგი სხვაზე შედარებით განათლებული, ზოგი შედარებით ცნობისმოყვარე  და ა.შ. ამ სიის გაგრძელებამ შეიძლება ათასობით გვერდი გაგვავსებინოს, ამიტომაც ადამიანის ცნობისმოყვარეობაზე და ცოდნისკენ სწრაფვაზე შევჩერდეთ.

ინფორმაციაზე მსურს გესაუბროთ, იმ ცოდნის რესურსზე რომელიც ჩვენს ირგვლივ დაფრინავს, დაცოცავს, ინახება, იზრდება და ა.შ.  ცოდნა ყველგან და ყველაფერშია, მის მისაღებად კი გონების გახსნა, სიზარმაცესთან გამკლავება და სურვილია საჭირო. ამ ყველაფრის დასაძლევად კი ადამიანს ცოდნის დაუოკებელი წყურვილი დაეხმარება. გაუმაძღარი და ყველაფრის მომცველი. ისეთი არა, ოდნავ რომ გაგაძღობს და წყურვილს მოგიკალვს, არა, აი ისეთი, სულ მეტი და მეტი რომ გინდა. თუ გაუმაძღრობის გამართლება შეიძლება, მხოლოდ ცოდნასთან მიმართებაში, ასეთ შემთხვევაში ადამიანს გაუმაძღრობა უნდა აპატიო.

ერთი ბავშვური მოგონება მაქვს ჩარჩენილი, ჩემი მშობლები ლაპარაკობდნენ და ერთი ჩემი ნათესავი ახსენეს: “მზია, რაღაც ახალ სიტყვას ან ტერმინს რომ გაიგებს მაშინვე ენციკლოპედიას ხსნის და ეძებს.” მას შემდეგ ეს ფრაზა ჩემთვის ერთგვარ აქტად გადაიქცა, რომელიც აღნიშნავდა ადამიანის სწრაფვას გაეგო მეტი სამყაროს შესახებ, რომელიც თითქოს გეუბნებოდა:

მე მეტი მინდა ვიცოდე, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერი არ ვიცი და არც არასოდეს მეცოდინება.

ნათქვამია “ცოდნა უშრეტი რესურსია” – თუ ფანატიზმის პატიება შეიძლება მხოლოდ ასეთი ფრაზების მიმართებაში. ზუსტია და მაგარი! შეუძლებელია ყველაფრის ცოდნა, შესაძლებელია ისრწაფო ცოდნისკენ, მაგრამ ყველაფერი ვერასოდეს გეცოდინება, ამიტომაცაა ეს აქტი ასეთი მშვენიერი.

ალბერტ ანშტაინი ამბობდა:

ძალიან მნიშვნელოვანია არ შევაჩეროთ კითხვების დასმა.

ის ცნობისმოყვარეობას კაცობრიობის პროგრესის აუცილებელ პირობად მიიჩნევდა. ცნობისმოყვარეობას ის სიტყვა  “წმინდათი” ამკობდა.

დღეს ინტერნეტი არსებობს და ჩემს ცნობისმოყვარე ნათესავს ბევრად მეტის გაგება შეუძლია, იმიტომ რომ ინტერნეტი უფრო მოქნილია ვიდრე დაბეჭდილი ენციკლოპედია. ასევე შეგვიძლია ჩვენც, შეგვიძლია მივაშუროთ ამ უშრეტ და ყოვლისმომცველ შადრევანს და ჩვენი ცხოვრება დღითი დღე ერთი ორად საინტერესო გავხადოთ.

მშია – Feed me back

ერთ-ერთ ჩემს მეგობარს ტელე გადაცემა “რა? სად? როდისის?” 
რედაქციაში ტელე თამაშისთვის კითხვა გაუგზავნია. კითხვა არ დასმულა, მაგრამ ჩემს მეგობარს ეგ კი არ სწყენია, არამედ გაუკვირდა პასუხი რატომ არ მისწერეს თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მისი კითხვა ცუდი იყო.

ეს შემთხვევა თანამედროვე ქართულ რეალობაში გასაოცარ და უპრეცედენტო ამბავს ნამდვილად არ წარმოადგენს, ასეთი შემთხვევები ხშირია, მაგრამ ის რომ ადამიანები პასუხს ითხოვენ იმისთვის რაზეც იშრომეს უკვე კარგი და იმედის მომცემი ტენდენციაა.

პირადად მე ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი მახსენდება. რამდენიმეჯერ კიდევ არ გახსნილი ჟურნალისთვის მთხოვეს დაწერა, რა თქმა უნდა მაშინ ირწმუნებოდნენ რომ ასეთი აუცილებლად გამოვიდოდა და თვეში ერთხელ მაინც გამოვიდოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ყოველთვის იყო საჭირო “საპილოტო” ვერსიის გაკეთება. შესაბამისად იმ სტატიაში რომლის დაწერასაც მთხოვდნენ ანაზღაურებას არ მივიღებდი. მე როგორც პატიოსანი და შრომისმოყვარე დამწყები, მაგრამ მაინც ჟურნალისტი ყოველთვის ვთანხმდებოდი.  შედეგი – არავითარი ჟურნალი, გაფუჭებული ურთიერთობა რესპოდენტებთან და დაკარგული დრო. ამ ყველაფერს ვინ სჩივის, ყველაზე ცუდი ამ შემთხვევაში ის იყო რომ “დამკვეთები” უგზო უკვლოდ ქრებოდნენ და პასუხის ღირსადაც არ მთვლიდნენ.

შეიძლება ცუდი ჟურნალისტი ვარ, შეიძლება არაფრად ვარგა ჩემს მიერ მომზადებული სტატია, მაგრამ:

ადამიანო თუ პიარ ტექნოლოგიების არ გესმის, ელემენტარული კულტურის და განათლების ამბავია ორი წუთი დახარჯო და ადამიანს უპასუხო, თუნდაც მოკლე იყოს შენი კომენტარი და  თუნდაც მისი შინაარსი იყოს – ბოდიში, ამ ეტაპზე თქვენთან ვერ ვითანამშრომლებთ.

Feedback – ინგლისური სიტყვაა და პირდაპირი გაგებით “უკუკავშირს” ნიშნავს, თუმცა მას ასევე აკადემიურ წრეებში გამოიეყენებენ. მაგალითად იმ შემთხვევებში როდესაც სტუდენტი დავალებას შეასრულებს და მასწავლებელი მის ნამუშევარს კომენტარების სახით უბრუნებს.  “ფიდბექი” აძლევს საშუალებას ადამიანს პროფესიულად განვითარდეს და საკუთარ შეცდომებზე იმუშავოს.

ინტერნეტ სივრცეს რომ გადახედოთ და საჯაროდ გამოტანილი სტატიები რომ შეადაროთ საქართველოში და დასავლეთ ქვეყნებში მიხვდებით რომ “ფიდბექის” კულტურა საქართველოში არ არსებობს.  ეს კი დამღუპველია და მხოლოდ რეგრესის მომტანია. ადამიანს არ შეუძლია განვითარდეს მანამ სანამ მის ნამუშევრებს კრიტიკული რეაქცია არ მოყვება. ცუდი კრიტიკაც კი სჯობია კრიტიკის არ არსებობას. კრიტიკის არ არსებობა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ადამიანის ჩაძირვას. სამწუხაროდ საქართველოში პროგრესზე ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს და ჰგონია რომ მისი ნიჰილისტური დამოკიდებულებით  სხვის ჩაძირიას ფონზე, მისი წარმატება პირდაპირპოპორციული იქნება.  სამწუხაროდ ასე საზოგადოების ზოგიერთი ისეთი წარმომადგენელიც იქცევა რომლისგანაც თითქოს ამას არ უნდა ელოდო. მეგობრებო – კონკურენცია ჯანსაღი ხერხია იმისთვის რომ საზოგადოებამ წარმატებას მიაღწიოს.

გასაგებია, რომ რთულია ყოველთვის აქტიური იყო და ყველაფერზე შენი რეაქცია გამოავლინო, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, არსებები რომლებიც წესით და რიგით პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ დაჯილდოვებული, ამიტომაც სიცოცხლის ბოლოს შემდეგი კითხვის დასმა საკუთარი თავისთვის ნამდვილად არავის მოუნდებოდა.

შოთა ხინჩაგაშვილი: “შემთხვევას არ ვუშვებ, ასტროლოგიას დავცინო ხოლმე”

ბლოგის მორიგი სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი) და ბლოგერი შოთა ხინჩაგაშვილი, რომელიც საუბრობს “ჰორორის,” რადიოს და ასტროლოგიის შესახებ. 

– მოდი ზოგადად ჰორორზე როგორც ჟანრზე ვისაუბროთ, ვინ არიან შენი აზრით ამ ჟანრში მეტრები და ვინ მოახდინა კინომატოგრაფიის ისტორიაში მასზე ყველაზე დიდი გავლენა.

მეტრები ჩემს სუბიექტურ აღქმაში თითქმის არ არსებობენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჟანრზე საკმარისად არ გამიფანატებია და ასევე იმის გამო, რომ ინვიდიუალური შემოქმედებითი ბიოგრაფიისთვის თვალის დევნება მოსაწყენი საქმე მგონია. ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემთვის აქ გადის ზღვარი ესთეტიკასა და ინერტულ აკვიატებას შორის. მუსიკის მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება მაქვს; ახლა ვხვდები, რომ თინეიჯერობისას, როცა რაღაცას ან ვიღაცას ვუსმენდი non-stop, ბოლოს იმვიღაცამაც ჩააფლავა და ჩაკეტილ ჟანრშიც გამეყინა აღქმის უნარი. ახლა თავად ჩემს მიერ აღიარებული გენიოსებიც ძირითადად ერთ-ორ შედევრში გენიოსობენ, ამის იქით იკარგება ინტერესი.

თავად ჰორორზე როცა ვსაუბრობ, სიკვდილის და აღსასრულის ხსენებას ვერ გავურბივარ (სიმბოლურია). ჟანრი, რომელიც ჩემთვის უჟასის სახელით იყო ცნობილი, ნელ-ნელა კვდება, მაგრამ ეს კარგია. ჰორორის ჭეშმარიტი მოყვარული ალბათ შეამჩნევდა, რომ ყველაზე ადრეულ (სულ სულ ადრეულ) ფილმებსა და ბოლო შედევრებს შორის პარადოქსული მსგავსებაა – დღევანდელი თვალისთვის ორივე არადამაჯერებლად, კომიკურად გამოიყურება. მოკლედ, ვეღარ გვაშინებენ. ვიწერთ, ვუყურებთ, მაგრამ ვეღარ ვკაიფობთ, სულ წარსულზე ვწუწუნებთ. ყველა შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. აქ კლასიკური ჰორორების რიმეიკებს სწორედაც არ ვგულისხმობ – ეს ერთადერთი სივრცეა, რომელიც ჩემი ინტერნეტის ტრაფიკს ჯერ კიდევ იმსახურებს, ისიც ძველი პატივისცემის ხათრით (მკვდარი ხელოვნება ზომბივით გვიბრუნდება).

არსებითად ჰორორს მისტიკური ტრილერი ენაცვლება, რაც კარგია. ამ ორ ჟანრს შორის სხვაობა პირობითია, მაგრამ ასე ვიტყვი: ჰორორისთვის მისტიკური ტრილერი იგივეა, რაც პორნოგრაფიისთვის ეროტიკა – ბუნდოვანი გამაღიზიანებლების გაკრეატივება უფრო სიცოცხლისუნარიანია, – ახალი პოზების აღმოჩენა არ არის საჭირო.

სხვათა შორის (ამაზე გამახსენდა): მხოლოდ ახლახანს აღმოვაჩინე ჰორორისა და პორნოგრაფიის გემრიელი სინთეზი; თუმცა პორნოგრაფების მოძველებულმა კომპლექსმა – სიუჟეტი ემოციურად მაქსიმალურად ცივი გამოაცხონ და არც ფაბულა განავითარონ – თავისი გასაფუჭებელი გააფუჭა.

ჟანრის ფავორიტები უნდა დავასახელო – Pet Sematary (1989) და The Evil Dead (1981)!

და ღმერთმა დალოცოს ბატონი სტივენ კინგი!

– მე პირადად ქართულ რეალობაში, კინომატოგრაფიაში ჰორორი პრაქტიკულად არ მახსენდება. შენ თუ იცი რამე მაგალითები და თუ ქართული კინემატოგრაფია ამ ჟანრს პრაქტიკულად არ ეხება რას თვლის ამის მიზეზად?


ქართული კინემატოგრაფია ძირითადად საბჭოთა სოციალისტური რეალიზმი ან მის ფარგლებშივე ამ ჩარჩოებისგან გათავისუფლების დიადი ეპოპეაა; არ ვიცი, ეს ნარატივი ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ მეორე ნაწილით, დარწმუნებული ვარ, ქართული კინო-ისტორიკოსები სიამაყით საუბრობენ სტუდენტებთან. ჩემთვის ეს საკითხი, ჰორორული ალუზია რომ გამოვიყენო, ნაცრისფერი ზონაა. მხოლოდ ორი რამ მახსენდება, ჰორორთან ახლოს მდგომი, თანაც სასიამოვნოდ მახსენდება – სპირალი და სახლი ძველ უბანში. სხვას ვერაფერს ვიტყვი, საქართველოში ამ ჟანრის განვითარება უშანსოა ორი ფაქტორის გამო – საპატრიარქოს მორალური მილიციელობა და უფულობა. პირველი როგორ მუშაობს – დიდი თემაა, მეორე ფაქტორი კი სრულიად გასაგები და ნათელია.

– ჰორორი იგივე “უჟასი” ბევრ ადამიანებში შიშს აძრავს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ჟანრს პარადოქსალურად ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, რა არის ამის მიზეზი შენი აზრით?

პირველი მიზეზი ალბათ შეუცნობელისადმი სწრაფვაა, მაგრამ ეს მუხტი ექსკლუზიურად პარანორმალურ მოვლენებზე ორიენტირებულმა პროდუქციამ უფრო აიტაცა; ჰორორის სისხლი, ტერორი და ბოროტება კი უფრო მარტივ ფსიქოლოგიურ განმუხტვას ხმარდება.

თუმცა ბოლო წლების ჰორორები ცალკე უნდა გამოვყო: იდეების და კრეატივის თვალსაზრისით ახალმა ტენდენციამ მთლიანად დურთა თავი თანამედროვე პრობლემატიკაში (გაჭირვება, დემოგრაფია, ბიოეთიკა, ეკოლოგია და ა.შ.), რაც მხოლოდ მახარებს და მახალისებს.

– მოდი შემდეგ თემაზე გადავიდეთ. რადიო – ჟურნალისტიკის განსაკუთრებული სფეროა, განსხვავებულია ტელე ან ბეჭდვითი მედიისგან. შენ პირადად რა სპეციფიკას ხედავ მასში? რა არის მისი უპირატესობა ან ნაკლი?


ქუჩაში მოძრაობისას პორტაბელური აპარატის ცქერა ან გაზეთის კითხვა ჩემთვის თითქმის შეუძლებელია, რადიოს კი ყურს ყოველთვის ათხოვებ, შეიძლება გონებაც გააყოლო თან (სირბილისას, სატრენაჟორო დარბაზში). ისე გამოვიდა, რომ ამ შედარებით ძველ აღმოჩენას საქმით გადატვირთულ ურბანულ ცენტრში თავისი სივრცე შეექმნა, ძალიან ეკონომიკურია. ბინაში კედელზე გაყვანილი მავრთული წარსულს ჩაბარდა; თან, მობილურობის ზრდის გარდა, რადიომ თავისი ძირითადი ნაკლიც მოსპო – პროდუქცია ახლა უკვე ფიქსირებადია, – პოდკასტების, ჩანაწერების მოპოვება უმარტივესი ამოცანაა.

ბრიტანეთში რადიო ტრადიციულად ძლიერ მედია საშუალებად ითვლება, მას ბევრი მსმენელი ჰყავს. საქართველოში სიტუაცია გარკვეულწილად საპირისპიროა. მეთანხმები ამაში? თუ კი მაშინ რას თვლი იმის მიზეზად რომ საქართველოს რადიოს მეტწილად მუსიკის მოსასმენად უსმენენ. თუ არა, რატომ?


გეთანხმები – ეს უფრო დავიწყებული ტრადიციაა. მეჩვენება, რომ ამ მედიისგან ბევრი გაუცხოვდა, დაბრუნება კი არც გახსენებია. შეიძლება ამ დავიწყებას გარკვეული ინფრასტრუქტურული ან მარკეტოლოგიური ახსნა ჰქონდეს, ამის შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. თავად მე ქართულ რადიოზე გული დიდი ხანი აცრუებული მქონდა (ერთფეროვნების გამო) და დაახლოებით ერთი წელია, რაც დავუბრუნდი. რატომ? ქართულ რადიოს ვეღარ ამხელ საინტერესო გადაცემების არქონაში; მართალია, მეტი წილი ისევ მუსიკას მიაქვს (თანაც იმ მუსიკას, რომელსაც ლამის ოცამდე რადიოსადგური თითქმის პლეილისტის დონეზე იმეორებს), მაგრამ საზოგადოებრივ პრობლემებზე მსჯელობაც არ არის იშვიათი; პირველი რადიო სატელევიზიო მამობილის ანარეკლია – აქტუალურ საკითხებზე გაკეთებული გადაცემები მაინც თავისი არქაული, უცნაური ენითა და სტილით. კომერციული სადგურები უფრო შოუებზე არიან ორიენტირებულები და ესეც მეტ-ნაკლებად ამართლებს. მოკლედ, მგონია რომ რადიოს პრესტიჟი აქვს აღსადგენი, დაუმსახურებლად მივივიწყეთ, უკვე იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.


– შემდეგი თემა, ასტროლოგიაა.
როგორია შენი პირადი დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ? გჯერა?

შემთხვევას არ ვუშვებ, ასტროლოგიას დავცინო ხოლმე. ეს არის წარსულში გაბატონებული შემეცნების ფორმა, რომელიც ისევე უხერხულად გამოიყურება საღი აზრის წინაშე, როგორც სამყაროს წლების რელიგიური აღრიცხვა – დინოზავრების ნაშთების პირისპირ. დანარჩენი გალამაზება-გამართლების და მარიფათის ამბავია.

ზოგადად აგნოსტიკური დამოკიდებულება მაქვს მსგავსი საკითხებისადმი, კატეგორიული უარყოფა მეცნიერების ისტორიას მძიმედ ახსოვს. მაგრამ თანამედროვე კომერციული ანსტროლოგია (ჰოროსკოპი – ყველაზე სასაცილო შემთხვევა) იმდენად ამარტივებს და აწესრიგებს ადამიანის პერსპექტივებსა და ნიშან-თვისებებს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. აქ მუშაობს უკვდავი მაქსიმა: ირწმუნე და იხილავ.


ზოგადად კაცობრიობის ისტორიას ახსოვს ისეთი მაგალითები როდესაც იმპერიის მართველებსაც კი სჯეროდათ ასტროლოგიური წინასწარმეტყველების. შეგიძლია ამ მაგალითებზე ისაუბრო და დაასკვნა თუ რამდენად გამართლდა ან პირიქით არ გამართლდა მათი მოლოდინი?

ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ არაერთი გამოჩენილი ადამიანი, თუ არ ენდობოდა, ინტერესდებოდა მაინც ასტროლოგიური წინასწარმეტყველებით. ისიც ცნობილია, რომ ასტროლოგიას მეტწილად არასდროს ჰქონია ზუსტ პროგნოზირებაზე პრეტენზია. ბევრი მუცლით მეზღაპრეც სწორედ ამას ამტკიცებდა – წინასწარმეტყველი არ ვარო. დღევანდელ ჰოროსკოპს თუ ამოიკითხავ, დიდი შანსია აღმოაჩინო, რომ გარკვეული სირთულეები გელის წინ, რაც მცირე იმედგაცრუებებს მოგიტანს, არც ფინანსური პრობლემებია გამორიცხული, თუმცა დიდი შანსია, შენთვის მნიშვნელოვანწამოწყებებში საბოლოოდ წარმატებას მიაღწიო.

კითხვას დავუბრუნდები: ბევრი მაგალითი არაფერს ნიშნავს; რიცხვს მნიშვნელობა მივანიჭოთ, დაახლოებით იმას ნიშნავს, ფიზიკოსს ვკითხოთ, რას ნიშნავს კამათელის გორებისას შემთხვევითობის პრინციპი.

კომუნისტებმა ამას ცრურწმენა დაარქვეს, რადგან განმანათლებლური რაციონალიზმის ფუნდამენტალისტი მიმდევრები იყვნენ. მართალია, დიდი სოციალისტური კრახის შემდეგ რელიგიური რწმენა აღორძინდა, მაგრამ რწმენას რწმენა ეწოდა, თავის ეპისტემოლოგიაში დარჩა; 6 მილიარდზე მეტი ადამიანის 12 ნიშნად დაყოფა და დახასიათება კი 21-ე საუკუნეში უხერხულია. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ე.წ. ფსიქოლოგიური აღწერები; დიდი შანსია, შენს ნიშანზე მიწერილი თვისებები (მაგ. გიყვართ დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ან – ზოგჯერ ვერ ამჩნევთ, როგორ თმობთ პოზიციებს და უსარგებლო ალტრუისტი ხდებით) საკუთარ თავს თავად მოახვიო და თვითშთაგონებით დაკავდე – აი ასეთი ვარო.

– ისევ საქართველოს თემასთან შევეცადოთ პარალელების გავლება, სადაც ასტროლოგია გარკვეულწილად ძლიერ სფეროდ ჩამოყალიბდა, ამას ისიც ადასტურებს რომ საკმაოდ პოპულარულები არიან ზოგიერთი ასტროლოგები, რომლებიც არც თუ ისე პატარა თანხებს აკეთებენ. რა არის ამის მიზეზი?

ამ შემთხვევაში საქართველო კარდინალურად არ განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებაც შეიძლება. მაინცდამაინც არ ვეთანხმები ფასეულობითი ვაკუუმის თეზას, თითქოს ქართველი, კომუნიზმის მშენებლობის შემდეგ, სიცარიელეში აღმოჩენილიყოს და ანომიის პირობებში ვიმყოფებოდეთ, მაგრამ ცხოვრების გართულება, სამოქალაქო, პოლიტიკური და, ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის გამძაფრება ნაწილობრივ ხსნის ნოსტალგიას წარსულისადმი, სადაც უმნიშვნელოვანეს საკითხებს მაინც სხვა წყვეტდა. ასეთი ახლა პატრიარქი იქნება, მმართველი პარტია თუ მიხეილ ცაგარელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

რამეს ხომ არ დაამატებდი? რა თემების ხილვას ისურვებდი მომავალში ბლოგზე და რას უსურვებდი სხვა რესპოდენტებს?


საინტერესო რუბრიკაა, მაიძულა ცოტა დრო დამეთმო იმ საკითხებზე ფიქრისთვის, რომლისთვისაც ვერ ვიცლი ხოლმე. თან კარგი იქნება, ხუთი-ათი წლის შემდეგ თუ შემოვივლი, გადავხედავ ჩემს პასუხებს და ოო, მერე არ ვიცი.

ბლოგს ვუსურვებ უფრო და უფრო მეტ პოსტს მასობრივ კულტურაზე + მეტ ინდივიდუალურ განცდებს, აღქმებს, ცოტა პირადსაც. კრიტიკულ ბლოგებს ეს აკლიათ.

 

პოლიტიკა ჩემს პლეილისტში

პოლიტიკურ სიმღერებზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები, ამის მიუხედავად არის რამდენიმე ისეთი რომელიც ყოველთვის მახსოვს და შიგა და შიგ ვუსმენ ხოლმე.ამ პოსტში შევეცდები რამდენიმე ასეთს მოვუყარო თავი. თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ ისეთები რომლებიც გგონიათ რომ გამომრჩა.

ამ პოსტის დაწერაზე სულ რაღაც ერთი საათის წინ პირველად მოსმენილმა სიმღერამ და ნანახ კლიპმა შთამაგონა,  pig with a face of a boy – Complete history of the Soviet Union

განვაგრძოთ საბჭოთა კავშირის თემა და “პერესტროიკის” დროს პოპულარულ იგორ ტალკოვს მოვუსმინოთ. ტექსტი განსაკუთრებულად მომწონს.

ცივი ომის თემა, სტინგი.

პოლიტიკური მუსიკა წარმოუდგენელია პინკ ფლოიდის გარეშე

ცივი ომის მეორე მხარე, ა.შ.შ და რამშტაინი

ზოგადად დღევანდელი სამყაროს წყობაზე, მღერის ჯარვის კოკერი 🙂

…და ბოლოს, ერთი კარგი ფრანგული რეპიც ხომ უნდა გამოერიოს ამ სიას.

მანიფესტი მართვის წინააღმდეგ

გუშინ დაბადების დღე მქონდა, შესაბამისად ჩემი ფეისბუქ კედელზე წლის
დანარჩენი მონაკვეთისთვის უჩვეულო აქტივობა შეიმჩნეოდა, დაბადების დღეს მილოცავდნენ. ერთ-ერთი ასეთი მილოცვა ერთ ჩემს ამხანაგს ეკუთვნის. მოლოცვა დაუკვირვებლად წავიკითხე, მადლობა გადავუხადე და თან მოწოდების პასუხად სიტყვა “შევეცდები” დავწერე.

დღეს დილით იმავე მილოცვას მივუბრუნდი და გუშინ შეუმჩნევლად დატოვებული ფრაზა ამოვიკითხე: “საქართველოს გაწითლების საღვთო საქმეში შენი კალამი დაგვახმარე.” ანუ, გამოდის რომ ჩემმა დაუკვირვებლობამ თუნდაც ხუმრობით, მაგრამ ავტომატურად ძლიერ მოძრაობაში გამაწევრიანა. გუშინდელ პასუხს სასწრაფოდ მივაწერე “გაწითლება, გაყვითლება, გალურჯების არ ვიცი, მარა ნებისმიერი ფერის შემთხვევაში ნებისმიერ ტიპის ხელისუფლებას საქართველოში ჩემგან კაი გვარიანი კრიტიკა რომ მოყვება ეგ ვიცი.”

საქმე ის კი არაა რომ წითელი, ლურჯი ან რომელიმე სხვა ფერი არ მიყვარს, შესაბამისად რომელიმე ტიპის ხელისუფლება განსაკუთრებულად არ მიზიდავს, არა. უბრალოდ, ნებისმიერი ტიპის სახელმწიფოში ბოროტებას ვხედავ და არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის იქნება ის. სახელწმიფო და ნებისმიერი ტიპის სტრუქტურა რომელიც იერარქიულ მოდელს ეფუძნება აპრიორი ბოროტებად მიმაჩნია და ამიტომაც ასეთის შენებაში არანაირი მონაწილეობის მიღება არ მსურს.

რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც “საერთაშორისო სამართალზე” ვსწავლობდი და სულ სხვა პროფესიას ვეწაფებოდი, საკუთარი თავი მოდის თუ პოლიტიკური შეხედულების გამო (ამის გარკვევა დღევანდელი გადამოსახედიდან ჩემთვის რთულია) ანარქისტად გამოვაცხადე. ანარქია – სახელმწიფოს უგუნველყოფა, ერთადერთ სწორ ფორმად მიმაჩნდა. დღეს როდესაც უკვე ჟურნალისტი ვარ, საკუთარ თავს ანარქისტს არ ვუწოდებ მაგრამ სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული იერარქიული წყობა იგივე ძალით მძულს.

პირველად ანარქისტულ საზოგადოებასთან მიახლოებული აზრი ჯერ კიდევ პლატონმა საკუთარ “რესპუბლიკაში” გამოხატა, ის აღწერს საზოგადოებას რომელიც საკუთარ თავს თვითონ მართავს, ხალხი თავისუფალია სიღარიბისგან თუ სხვა უარყოფითი მოვლენებისგან. მოგვიანებით, მე-16 საუკუნეში თომას მორმა პლატონის იდეები კიდევ უფრო დახვეწა და “საკუთარ წყობას” უტოპია უწოდა. სიტყვა “უტოპია” თავისთავად საინტერესო სიტყვას წარმოადგენს, ერთის მხრივ ის შეიძლება თარგმნილ იყოს როგორც “კარგი ადგილი,” თარგმანის მეორე ვერსია კი სიტყვათა შეთანხმება “არ არის ასეთი ადგილი” გვთავაზობს. იარსებს თუ არა ასეთი ადგილი და რამდენად კარგი იქნება ამას მომავალი გვიჩვენებს.

მჯერა რომ იდეალურ პირობებში ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი მართვისგან, ერთადერთი კონტროლი რომელიც შეიძლება არსებობდეს – თვითკონტროლია. გასაგებია რომ რთულია ამ ეტაპზე ასეთი რამის დაჯერება მაგრამ არსებობს იმის შესაძლებლობაც რომ ადამიანის გონების ევოლუციამ მომავალში ასეთ პირობებამდე მიიყვანოს. ბევრს მიაჩნია რომ ადამიანის ბუნება ცხოველურია, რომ ადამიანი ბუნებრივად ითხოვს კონფლიქტს და მხოლოდ ასეთის ქონის არსებობის პირობებში შეუძლია არსებობა. ცოტა ხნის წინ წელს გარდაცვლილი ამერიკელი ისტორიკოსის და ინტელექტუალის, ჰოვარდ ზინის ინტერვიუ ვნახე, რომელშიც ის საპირპიროს ამტკიცებს, ის ამბობს რომ აგრესია ადამიანში თანდაყოლილ მოვლენას არ წამოადგენს და პირიქით, ადამიანის კონფქლიქტში ან ომში გასაწვევად ძალიან ძლიერი პროპაგანდაა საჭირო. ის ამტკიცებს რომ ადამიანის აგრესიას გარემო და არა მისი ბუნება განაპირობებს. დამეთანხმებით ალბათ რომ ამ შემთხვევაში გარემოს შექმნაში მთავარ როლს სწორედ რომ სახელწმიფო (თანამედროვე გაგებით) თამაშობს.

ვის რისი სჯერა ინდივიდიულურად გადასაწყვეტია, მე კი უფრო ყურადღებით მინდა ვიყო, ეს გარემო ხომ ხანდახან იმისკენ გიბიძგებს რაც შინაგანად არ მსურს.