გიორგი კევლიშვილი კომუნიზმზე, სექსზე და ევთანაზიაზე

ბლოგის მორიგი რესპოდენტია, მხატვარი გიორგი კევლიშვილი. გიორგისთან ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულ თემებზე საუბარი გადავწყვიტეთ. გიორგი განიხილავს კომუნიზმს, სექსს და სიცოცხლიდან ნებაყოფლობით წასვლის საშუალებებს.

რა საფუძველი გაქვს რომ ჩათვალო რომ კომუნიზმი შესაძლებელია. შენი აზრით როდის დადგება ისეთი დღე როდესაც ყველანი კომუნიზმში ვიცხოვრებთ?

კომუნიზმის შესაძლებლობის რწმენა არსებითად ადამიანის ძალებისადმი, მისი პოტენციალისადმი რწმენაა. მე მჯერა, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ ექსპლოატაციისაგან თავისუფალი, არამედ სამართლიანი და ყველასათვის თანაბარი შესძლებლობების საერთო საზოგადოების აშენება.

ეს არაა დარწმუნებულობა. არ ვფიქრობ, რომ კომუნიზმი გარდაუვალია, და რომ ისტორიული პროცესების ლოგიკა ლანგარზე დადებულს მოგვართმევს მას. მაგრამ ეს რწმენა რაციონალურია ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. ამგვარი რწმენა კომუნიზმს, როგორც პრაქტიკას უდევს საფუძვლად. ეს პრაქტიკა გამოცდილებას, ხშირად ძალზე მტკივნეულ და ტრაგიკულ გამოცდილებას, და ცოდნას ეფუძნება და ბრძოლის, პრობლემათა გადაჭრის, პერპექტივის კონკრეტულ გზებს გვთავაზობს. ბლოგის ფორმატში რთულია ყველაფერზე დეტალური საუბარი. კომუნისტებს დღესაც ძველი კაპიტალისტური რეპერტუარიდან ამოკრებილი ლათაიებით გვიპირისპირდებიან. მე მისაუბრია არაერთ აქაურ მემარჯვენე ეკონომისტთან და ფინანსისტთან. მათ უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს ამ შემოთვაზებათა, მაგალითად, პარტიციპატორული ეკონომიკის, ტობინის გადასახადის გამოყენების იდეების, კალინიკოსის ათპუნქტიანი პროგრამის და ა.შ. შესახებ. მე უსარგებლოდ ვთვლი მათთან საუბარს, ვინც ჩვენ პოზიციებს ჰაიეკის და ფრიდმანის ხავსმოდებული ‘ფილოსოფიის’ მეტს ვერაფერს უპირისპირებს, მაგრამ სიამოვნებით მზად ვარ დისკუსიისათვის, თუ ვინმე მაგ. კალინიკოსის პროგრამის არარეალისტურობის ან არალოგიკურობის დასაბუთებას შეეცდება. კომუნიზმის დღევანდელი კრიტიკა მის დღევანდელ შემოთავაზებებს და პოზიციებს უნდა მიემართოს, ეს ჩვენს ინტერესებშიცაა, და არა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ლავრენტი ბერიას და პანტელეიმონ გიორგაძის მოსაწყენ გინებად.

 

მაგრამ დავუბრუნდეთ კომუნიზმს. რა ვითარებაში, რა შინაგანი სტიმულების და გამოცდილების შედეგად ჩნდება ასეთი რწმენა? ნებისმიერ დროს კონკრეტულ დინამიკურ ვითარებაში, ტოპოსში (0) ვიმყოფებით. ზოგადად ამ ვითარების პერპექტივის, სხვა ტოპოსის სამი თეორიული ვარიანტი არსებობს: ან – (I) უკეთესი იგივე, როდესაც მომავალი – მხოლოდ აწმყოს მექანიკური განგრძობაა დროში, და არა დამდეგი – ის, რაც აქამდე არ ყოფილა და უნდა იქმნეს. როდესაც არსებითად არაფერი იცვლება, გვაქვს მხოლოდ მოდიფიკაცია და ‘გაუმჯობესება’; ან – (II) უარესი იგივე, რეგრესული სვლა ენთროპიისაკენ, ან – (III) სხვა, აქამდე არ ყოფილი პოზიტიური პერსპექტივის განხორციელება. ჩვენ საერთო დღევანდელ მდგომარეობას კაპიტალიზმი (0–0) ჰქვია. დღეს სამყაროს კაპიტალის ლოგიკა მართავს. ამ ლოგიკის საფუძველში ადამიანების, წარმოების საშუალებების და რესურსების უკონტროლო, ‘თავისუფალი’ ექსპლოატაცია დევს. კაპიტალიზმი აღიარებს, რომ ‘პრობლემები არის’ მაგრამ გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ვფიქრობ, რომ კაპიტალიზმის დაპირებები – უტოპიაა (I-C). რას ნიშნავს უკეთესი კაპიტალიზმი? თუ ექსპლოატაციის გაუქმებას, გამოდის, კომუნიზმზეა ლაპარაკი. ან იქნებ ადამიანების საბოლოოდ დარწმუნებას, რომ ექსპლოატაცია არა მხოლოდ გარდაუვალია, არამედ – კარგიც? თუ ნაკლებ, ან უფრო დახვეწილი მეთოდებით ექსპლოატაციას? მე ვეთანხმები, რომ ნაკლები ბოროტება ჯობია მეტ ბოროტებას. მაგრამ თანახმა არ ვარ, ცოტა, ან თუნდაც ძალიან ცოტა ბოროტება – სიკეთედ მივიჩნიო! გარდა იმისა, რომ კაპიტალიზმის ‘ფილოსოფია’ წანამძღვრებშივე მცდარია, ის პრაქტიკაშიც ყალბია – დროის დინებასთან ერთად სულ უფრო იზრდება ნაპრალი კლასებს შორის – სულ უფრო მცირე რაოდენობის ადამიანთა ხელში კონცენტრირდება დედამიწის სიმდიდრე, და სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება რესურსების უკონტროლო ხარჯვით და სიმდიდრის უსამართლო განაწილებით გამოწვეული შიმშილით, წყურვილით, ავადმყოფობებით და ა.შ. სულ ღრმავდება კრიზისი, არ ჩანს დაპირებული უკეთესი, უფრო აშკარა ხდება, რომ კაპიტალიზმს თანამედროვე პრობლემებისადმი თავის გართმევა აღარ შეუძლია. სულ უფრო მეტად ეფუძნება მისი ლეგიტიმაცია ფიზიკურ ძალას.

 

ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ნეგატიური ალტერნატივა – დავარქვათ ამას დისტოპია (II-D) – რესურსების უკონტროლო ხარჯვამ შესაძლოა ადამიანის მოდგმა იმ ზღვარს გადააცილოს, როდესაც კრიზისი – კატასტროფაში გადაიზრდება, და ენთროპიის პროცესი შეუქცევადი გახდება. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი ვითარების ნიშნები სახეზეც რომ არ იყოს (არადა არის!), ჩვენ მოვალენი ვართ უარესი სცენარი წარმოვიდგინოთ, თუნდაც მისი თავიდან აცილების მიზნით.

 

და თუ ამ ლოგიკას გავარძელებთ, რა პოზიტიური ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს? მე მჯერა, რომ ესაა ეუტოპია კომუნიზმი (III-X). აქ საქმე სახელებში არაა. მე თანახმა ვარ მას თუნდაც ახალი, ან კარგი, ან ტრანს–კაპიტალიზმი დავუძახოთ – მთავარია არსი – როგორც მოგახსენეთ – ექსპლოატაციისაგან თავისუფალი, სამართლიანი და ყველასათვის განვითარების თანაბარი პირობების საზოგადოება.

 

რამდენად რეალისტურადაც, ან პირიქით, არ უნდა მიგვაჩნდეს ეს პერსპექტივა, ვფიქრობ, უბრალოდ რაციონალურია ამ პოზიტიური ალტერნატივის დავიჯეროთ, და ჩვენი ცხოვრება ამ იდეალს დავუქვემდებაროთ. აქ საქმე იმაში არაა, დარწმუნებული ვართ თუ არა, რომ იგი მართლა განხორციელდება. არამედ – გაცნობიერებაში, რომ მხოლოდ ჩვენი რწმენა და ამ იდეალის შესაბამისად ცხოვრება წარმოშობს შეუძლებლის შეძლების შანსს, რაც არის კიდეც ადამიანად ყოფნის უმთავრესი პირობა. ამდენად – როდესაც ვამბობ, რომ კომუნიზმი შესაძლებელია – ვგულისხმობ, რომ კაპიტალიზმი უკვე არის, ის არა შესაძლებლობაა, არამედ – ჩვენი დღევანდელი მოცემულობა. შესაძლებლობა – ის, რაც ჯერ არაა, მაგრამ შეიძლება იყოს – მხოლოდ ორი არსებობს – ენთროპიული სიკვდილი, და კომუნიზმი. მე ამ უკანასკნელისთვის ვიბრძვი, იმიტომ რომ ბრძოლა – რაციონალური, მართვადი პროცესია. სწორედ ბრძოლაზე უარის თქმა გვაახლოვებს დისტოპიასთან – თვითდინებაზე მიშვებული ყველა პროცესი ლპობისა და ენთროპიისაკენ მიისწრაფვის.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს ჩემი პასუხი პროგნოზის თაობაზე – არ ვიცი, ეს შესაძლებლობა როდის გახდება რეალობა. მაგრამ მწამს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მიუძღვნის თავს ამ იდეალს, მით უფრო მეტია შანსი.


ისტორიის განმავლობაში არსებობდა პრეცედენტები რომ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ცდილობდაკომუნიზმისდამყარებას, მაგრამ უშედეგოდ, შეუძლია თუ არა კაცობრიობას აქედან დასკვნების გამოტანა და გამოცდილების მიღება?

აქ ჩემი ლოგიკა სწორედ კაცობრიობის ხანგრძლივ გამოცდილებას ემყარება. რამდენ ხანს მკვიდრდებოდა კაპიტალიზმი ფეოდალიზმთნ ბრძოლაში? საუკუნეთა მანძილზე, სხვადასხვა კონტინენტზე რამდენი ბურჟუაზიული რევოლუცია, ჯანყი და სისხლში ჩახშობილი ამბოხი იყო საჭირო, რომ მას საბოლოოდ გაემარჯვა და დღევანდელ ძალმოსილებამდე მიეღწია? შეგახსენებთ, რომ მაგალითად, რესპუბლიკის იდეის განხორციელების პირველი მცდელობები სისხლისღვრით დამთავრდა, შედეგად დიქტატურა მოჰყვა, და ასე, მარცხისა და გამარჯვებების გზით მოდიოდა დღემდე, როცა შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკის იდეამ საბოლოდ გაიმარჯვა. ეს ყველა ახალი იდეის ბედია, ისტორიული კანონზმომიერებაა. მარტივი, გამოცდილებაა – ყველა ჩვენგანი ათასჯერ უნდა წაიქცეს, რომ სიარული ისწავლოს. გამოცდილება, ყველასათვის ცნობილი, ყველაზე ღრმა, სწორედ ისაა, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს! როგორც ბეკეტი იტყოდა – დაეცი, ადექი, დაეცი უკეთესად… ჩვენ, კომუნისტებს, კომუნიზმის გამოცდილება კი არ გვაშინებს, არამედ – იმედებს გვინერგავს – კომუნიზმი გამართულად სიარულს სწავლობს! ამიტომ მარცხის შესახებ ნიშნისმოგებით შეხსენება მხოლოდ ღიმილს გვგვრის.


მოდი კომუნიზმიდან პირდაპირ სექსზე გადავიდეთ. ადამიანი საკუთარი ბუნებით შენი აზრით მონოგამია თუ პოლიგამი?

საინტერესო გადასვლაა:) ევრიგამი!

 

მაგრამ ქორწინება (gamos), პოლი, თუ მონო, ხომ სოციალური მოვლენაა, და არა ბუნებრივი? ადამიანი ბიოლოგიურად განპირობებული მოცემულობაა, მაგრამ არა – დასაზღვრული. ბუნებით ის მასალაა, რომლისგანაც საკუთარი თავი უნდა გამოძერწოს. თორემ სხვები გამოძერწავენ საკუთარი ხუშტურების მიხედვით.


სსრკში როგორც ცნობილიასექსი არ არსებობდა.” საქართველოში თუ არსებობს და მითია თუ არა ქალიშვილობის ინსტიტუტი?

ქალიშვილობის ინსტიტუტი’ ფაქტია – შიშველი მოცემულობა, რომელსაც მითები, შიშები, კომპლექსები უდევს საფუძვლად. ზოგადად კი, საქალწულე აპკზე მსჯელობა თავისთავადაა არა უბრალოდ უმწიფარობის, არამედ – ფარულად არსებული პათოლოგიების ნიშანი. არ დაგვავიწყდეს, რომ არ არსებობს ‘საქალწულე აპკი ზოგადად’. ის ყოველთვის ვინმე კონკრეტულის საქალწულე აპკს გულისხმობს. ვის აქვს უფლება, ამ სფეროში ნორმატივები დააწესოს, ან თუნდაც ‘ტრადიციები’ იძულების წესით მოახვიოს სხვებს თავზე? ის, ვინც მსგავს საკითხებზე მორალურ ავტორიტეტად წარმოგვიდგენს თავს, ყველაზე ძველ და აუცილებელ ტრადიციას – ზრდილობის ადრეულ ასაკშივე ოჯახში სასწავლ ელემენტარულ წესს არღვევს.


დღევანდელი კონტრაცეპცია აძლევს ადამიანს საშუალებას თავი დაიცვას, რამდენად გამართლებულია, უსაფრთხო და მიზანშეწონილი ასეთი მიდგომა?

იმდენადაა გამართლებული და მიზანშეწონილი რამდენადაც კონტრაცეფციის კონკრეტული საშუალებაა უსაფრთხო🙂


აბორტზე რას ფიქრობ?

არა მგონია ვინმეს მოსწონდეს აბორტი, როგორც ასეთი. არც ისეთ ადამიანებს ვიცნობ, ვინც თვლის, რომ უპირობოდ უნდა აიკრძალოს, მაგალითად, მაშინაც კი, თუ მშობიარობა პოტენციურ დედასაც და ნაყოფსაც სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს უქმნის. დავა მხოლოდ იმაზე მიდის, სად უნდა დაწესდეს ‘დასაშვებობის’ ზღვარი. ეს რთული საკითხია, და მე დღეს მზად არ ვარ ამ თემაზე რაიმე გონივრული ვთქვა.


ერთერთ აქტუალურ თემას დღევანდელ სამყაროში ევთანაზია წარმოადგენს, როგორ უყურებ ამ საკითხს, აქვს თუ არა ადამიანს ევთანაზიის უფლება?. სუიციდი ცოტა განსხვავდება ევთანაზიისგან, მაგრამ ასევე სიცოცხლის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს. სხვა მოვლენაა კიდევ კოლექტიური სუიციდი. ეს საკითხი ყოველთვის მაინტერესებდა. შენი აზრით ასეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო თამამი და გაბედულია იმის გამო რომ ის მარტო არ ტოვებს სიცოცხლეს?

ევთნაზიას (კარგ სიკვდილს) ადამიანები ხშირად აუტანელი ტკივილისაგან თავის არიდების მიზნით მიმართავენ. ასეთ არჩევანი მესმის, მაგრამ დიდ პატივს არ ვცემ. ტკივილი, რაც არ უნდა საშინელი, სიცოცხლის ნაწილია. მაგრამ ცხადია არსებობს ზღვარი. მე არ ვიცი თავად როგორ მოვიქცეოდი…

 

მაგრამ მე ამ პრობლემას კვლავ კომუნიზმის პერსპექტივაში ვუყურებ. მოკლედ: თუკი კომუნისტური პერსპექტივა შეუძლებელია, რა გზა რჩება? იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც ჩემსავით, რელიგიაში ნუგეშის ძიებას გამორიცხავს. ერთი გზა არის შეგუება. იმ აზრის მიღება, რომ იდეალის შესაბამისად ცხოვრებას, შეუძლებლის შეძლებისათვის ბრძოლას აზრი არ აქვს. აქედან თავის მხრივ ლოგიკურად ორი შედეგი შეძლება გამომდინარეობდეს – ჩაეწერო ‘ვირთხების ფერხულში’, ‘სისტემაში’, შენი ცხოვრების მიზნად მატერიალური კეთილდღეობა აქციო, ფეტიშად საკუთრი ჭიპი გაიხადო, დაუმონო საკუთრი თავი ძალაუფლებისა და სიმდიდრის ვნებებს. ამას მე არასწორ გზად მივიჩნევ. შემდეგ – თუკი სრულიად დარწმუნდი რომ იდეალები, რომლის ერთგულიც რჩები, სრულიად განუხორციელებელია, და პირველი გზა – მიუღებელი, ერთდერთი გზაა ნებაყოფლობით დატოვო სამყარო. ეს გზა უფრო ‘კარგად’ თუ არა, უფრო ‘ღირსეულად’ მიმაჩნია. თუ ადამიანს ძალა არ შესწევს სამართლიანობისა და თავისუფლების მსოფლიო ააშენოს, მის ჯოჯოხეთად გადაქცევაზე მაინც უნდა თქვას უარი. თუ ამ ჭრილში შევხედავთ სიტუაციას, გამოთქმა – გამარჯვება, ან სიკვდილი – ახალი სახით წარმოგვიდგება – კომუნიზმი, ან ევთანაზია! სიცოცხლის ნებაყოფლობით დატოვების ფორმებია და მეთოდები სხვადასხვაა, სწრაფი და ეტაპობრივი, უშუალო, და შთამომავლობაზე უარის თქმის – ევთანაზია, სუიციდი, (მათ შორის კოლექტიური), ჰომოსექსუალიზმი, ცელიბატი, სტერილიზაცია, კასტრაცია და ა.შ.

ყოველთვის ცუდია, როდესაც საქმეში შიშის ფაქტორი, როგორც ქცევის განმსაზღვრელი ერთვება. ვფიქრობ, რომ შიშის მიუხედავად, და არა შიშის გამო უნდა ვიმოქმედოთ. თუმცა, კოლექტიური სუიციდის შემთხვევაში წარმომიდგენია, რომ ეს იყოს არა შიში, არამედ სოლიდარობა.


ეს თემა სუიციდით რომ არ დავამთავროთ, მოდი ცოტაგავლაღდეთდა საქართველოში გარკვეულწილად ტაბუ დადებულ თემას, ჰომოსექსუალიზმს შევეხოთ. აშკარაა რომ საქართველო ამ მხრივ გარკვეულწილად ჰომოფობური ქვეყანაა. რა არის ამის მიზეზი შენი აზრით და ფიქრობ თუ არა რომ რამე შეიძლება შეიცვალოს ახლო მომავალში?

ამის მიზეზი გაუნათლებლობა, არაინფორმირებულობა, უმწიფარობაა. ახლო მომავალში საქართველოში რაიმე არსებითად პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. თუმცა, ცინიზმი და სასოწარკვეთაც უცხოა ჩემთვის. ვფიქრობ ის გვჭირდება – არა მხოლოდ ჰომოფობიასთან მიმრთებით – რასაც დევიდ ბომი ‘ტაქტიკურ ოპტიმიზმს’ უწოდებს.


რამეს ხომ არ დაამატებდი? რა იქნება შენი რჩევა შემდეგი რესპოდენტისთვის?

როგორც ფილმებში ამბობენ ხოლმედედაჩემმა მასწავლა: რჩევა მაშინ მიეცი, როდესაც გეკითხებიან! ყველა წინა და მომდევნო რესპოდენტს წარმატებებს ვუსურვებ!

 

3 thoughts on “გიორგი კევლიშვილი კომუნიზმზე, სექსზე და ევთანაზიაზე

  1. ninagorecki

    „მოდი კომუნიზმიდან პირდაპირ სექსზე გადავიდეთ“ :)) ლოზუნგია, ქვას გახეთქავს :)))

    ძალიან საინტერესო იყო, თემებიც, რესპონდენტიც🙂

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    nina, saqmes is artulebs rom samwuxarod pirispir interviuebs garkveuli mizezebis gamo ver vatareb, ase rom miwevs jerjerobit online kitxvaris shedgena, rac ra tkma unda aset saintereso gadasvlebs warmoshobs🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s