შოთა ხინჩაგაშვილი: “შემთხვევას არ ვუშვებ, ასტროლოგიას დავცინო ხოლმე”

ბლოგის მორიგი სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი) და ბლოგერი შოთა ხინჩაგაშვილი, რომელიც საუბრობს “ჰორორის,” რადიოს და ასტროლოგიის შესახებ. 

– მოდი ზოგადად ჰორორზე როგორც ჟანრზე ვისაუბროთ, ვინ არიან შენი აზრით ამ ჟანრში მეტრები და ვინ მოახდინა კინომატოგრაფიის ისტორიაში მასზე ყველაზე დიდი გავლენა.

მეტრები ჩემს სუბიექტურ აღქმაში თითქმის არ არსებობენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჟანრზე საკმარისად არ გამიფანატებია და ასევე იმის გამო, რომ ინვიდიუალური შემოქმედებითი ბიოგრაფიისთვის თვალის დევნება მოსაწყენი საქმე მგონია. ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემთვის აქ გადის ზღვარი ესთეტიკასა და ინერტულ აკვიატებას შორის. მუსიკის მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება მაქვს; ახლა ვხვდები, რომ თინეიჯერობისას, როცა რაღაცას ან ვიღაცას ვუსმენდი non-stop, ბოლოს იმვიღაცამაც ჩააფლავა და ჩაკეტილ ჟანრშიც გამეყინა აღქმის უნარი. ახლა თავად ჩემს მიერ აღიარებული გენიოსებიც ძირითადად ერთ-ორ შედევრში გენიოსობენ, ამის იქით იკარგება ინტერესი.

თავად ჰორორზე როცა ვსაუბრობ, სიკვდილის და აღსასრულის ხსენებას ვერ გავურბივარ (სიმბოლურია). ჟანრი, რომელიც ჩემთვის უჟასის სახელით იყო ცნობილი, ნელ-ნელა კვდება, მაგრამ ეს კარგია. ჰორორის ჭეშმარიტი მოყვარული ალბათ შეამჩნევდა, რომ ყველაზე ადრეულ (სულ სულ ადრეულ) ფილმებსა და ბოლო შედევრებს შორის პარადოქსული მსგავსებაა – დღევანდელი თვალისთვის ორივე არადამაჯერებლად, კომიკურად გამოიყურება. მოკლედ, ვეღარ გვაშინებენ. ვიწერთ, ვუყურებთ, მაგრამ ვეღარ ვკაიფობთ, სულ წარსულზე ვწუწუნებთ. ყველა შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. აქ კლასიკური ჰორორების რიმეიკებს სწორედაც არ ვგულისხმობ – ეს ერთადერთი სივრცეა, რომელიც ჩემი ინტერნეტის ტრაფიკს ჯერ კიდევ იმსახურებს, ისიც ძველი პატივისცემის ხათრით (მკვდარი ხელოვნება ზომბივით გვიბრუნდება).

არსებითად ჰორორს მისტიკური ტრილერი ენაცვლება, რაც კარგია. ამ ორ ჟანრს შორის სხვაობა პირობითია, მაგრამ ასე ვიტყვი: ჰორორისთვის მისტიკური ტრილერი იგივეა, რაც პორნოგრაფიისთვის ეროტიკა – ბუნდოვანი გამაღიზიანებლების გაკრეატივება უფრო სიცოცხლისუნარიანია, – ახალი პოზების აღმოჩენა არ არის საჭირო.

სხვათა შორის (ამაზე გამახსენდა): მხოლოდ ახლახანს აღმოვაჩინე ჰორორისა და პორნოგრაფიის გემრიელი სინთეზი; თუმცა პორნოგრაფების მოძველებულმა კომპლექსმა – სიუჟეტი ემოციურად მაქსიმალურად ცივი გამოაცხონ და არც ფაბულა განავითარონ – თავისი გასაფუჭებელი გააფუჭა.

ჟანრის ფავორიტები უნდა დავასახელო – Pet Sematary (1989) და The Evil Dead (1981)!

და ღმერთმა დალოცოს ბატონი სტივენ კინგი!

– მე პირადად ქართულ რეალობაში, კინომატოგრაფიაში ჰორორი პრაქტიკულად არ მახსენდება. შენ თუ იცი რამე მაგალითები და თუ ქართული კინემატოგრაფია ამ ჟანრს პრაქტიკულად არ ეხება რას თვლის ამის მიზეზად?


ქართული კინემატოგრაფია ძირითადად საბჭოთა სოციალისტური რეალიზმი ან მის ფარგლებშივე ამ ჩარჩოებისგან გათავისუფლების დიადი ეპოპეაა; არ ვიცი, ეს ნარატივი ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ მეორე ნაწილით, დარწმუნებული ვარ, ქართული კინო-ისტორიკოსები სიამაყით საუბრობენ სტუდენტებთან. ჩემთვის ეს საკითხი, ჰორორული ალუზია რომ გამოვიყენო, ნაცრისფერი ზონაა. მხოლოდ ორი რამ მახსენდება, ჰორორთან ახლოს მდგომი, თანაც სასიამოვნოდ მახსენდება – სპირალი და სახლი ძველ უბანში. სხვას ვერაფერს ვიტყვი, საქართველოში ამ ჟანრის განვითარება უშანსოა ორი ფაქტორის გამო – საპატრიარქოს მორალური მილიციელობა და უფულობა. პირველი როგორ მუშაობს – დიდი თემაა, მეორე ფაქტორი კი სრულიად გასაგები და ნათელია.

– ჰორორი იგივე “უჟასი” ბევრ ადამიანებში შიშს აძრავს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ჟანრს პარადოქსალურად ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, რა არის ამის მიზეზი შენი აზრით?

პირველი მიზეზი ალბათ შეუცნობელისადმი სწრაფვაა, მაგრამ ეს მუხტი ექსკლუზიურად პარანორმალურ მოვლენებზე ორიენტირებულმა პროდუქციამ უფრო აიტაცა; ჰორორის სისხლი, ტერორი და ბოროტება კი უფრო მარტივ ფსიქოლოგიურ განმუხტვას ხმარდება.

თუმცა ბოლო წლების ჰორორები ცალკე უნდა გამოვყო: იდეების და კრეატივის თვალსაზრისით ახალმა ტენდენციამ მთლიანად დურთა თავი თანამედროვე პრობლემატიკაში (გაჭირვება, დემოგრაფია, ბიოეთიკა, ეკოლოგია და ა.შ.), რაც მხოლოდ მახარებს და მახალისებს.

– მოდი შემდეგ თემაზე გადავიდეთ. რადიო – ჟურნალისტიკის განსაკუთრებული სფეროა, განსხვავებულია ტელე ან ბეჭდვითი მედიისგან. შენ პირადად რა სპეციფიკას ხედავ მასში? რა არის მისი უპირატესობა ან ნაკლი?


ქუჩაში მოძრაობისას პორტაბელური აპარატის ცქერა ან გაზეთის კითხვა ჩემთვის თითქმის შეუძლებელია, რადიოს კი ყურს ყოველთვის ათხოვებ, შეიძლება გონებაც გააყოლო თან (სირბილისას, სატრენაჟორო დარბაზში). ისე გამოვიდა, რომ ამ შედარებით ძველ აღმოჩენას საქმით გადატვირთულ ურბანულ ცენტრში თავისი სივრცე შეექმნა, ძალიან ეკონომიკურია. ბინაში კედელზე გაყვანილი მავრთული წარსულს ჩაბარდა; თან, მობილურობის ზრდის გარდა, რადიომ თავისი ძირითადი ნაკლიც მოსპო – პროდუქცია ახლა უკვე ფიქსირებადია, – პოდკასტების, ჩანაწერების მოპოვება უმარტივესი ამოცანაა.

ბრიტანეთში რადიო ტრადიციულად ძლიერ მედია საშუალებად ითვლება, მას ბევრი მსმენელი ჰყავს. საქართველოში სიტუაცია გარკვეულწილად საპირისპიროა. მეთანხმები ამაში? თუ კი მაშინ რას თვლი იმის მიზეზად რომ საქართველოს რადიოს მეტწილად მუსიკის მოსასმენად უსმენენ. თუ არა, რატომ?


გეთანხმები – ეს უფრო დავიწყებული ტრადიციაა. მეჩვენება, რომ ამ მედიისგან ბევრი გაუცხოვდა, დაბრუნება კი არც გახსენებია. შეიძლება ამ დავიწყებას გარკვეული ინფრასტრუქტურული ან მარკეტოლოგიური ახსნა ჰქონდეს, ამის შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. თავად მე ქართულ რადიოზე გული დიდი ხანი აცრუებული მქონდა (ერთფეროვნების გამო) და დაახლოებით ერთი წელია, რაც დავუბრუნდი. რატომ? ქართულ რადიოს ვეღარ ამხელ საინტერესო გადაცემების არქონაში; მართალია, მეტი წილი ისევ მუსიკას მიაქვს (თანაც იმ მუსიკას, რომელსაც ლამის ოცამდე რადიოსადგური თითქმის პლეილისტის დონეზე იმეორებს), მაგრამ საზოგადოებრივ პრობლემებზე მსჯელობაც არ არის იშვიათი; პირველი რადიო სატელევიზიო მამობილის ანარეკლია – აქტუალურ საკითხებზე გაკეთებული გადაცემები მაინც თავისი არქაული, უცნაური ენითა და სტილით. კომერციული სადგურები უფრო შოუებზე არიან ორიენტირებულები და ესეც მეტ-ნაკლებად ამართლებს. მოკლედ, მგონია რომ რადიოს პრესტიჟი აქვს აღსადგენი, დაუმსახურებლად მივივიწყეთ, უკვე იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.


– შემდეგი თემა, ასტროლოგიაა.
როგორია შენი პირადი დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ? გჯერა?

შემთხვევას არ ვუშვებ, ასტროლოგიას დავცინო ხოლმე. ეს არის წარსულში გაბატონებული შემეცნების ფორმა, რომელიც ისევე უხერხულად გამოიყურება საღი აზრის წინაშე, როგორც სამყაროს წლების რელიგიური აღრიცხვა – დინოზავრების ნაშთების პირისპირ. დანარჩენი გალამაზება-გამართლების და მარიფათის ამბავია.

ზოგადად აგნოსტიკური დამოკიდებულება მაქვს მსგავსი საკითხებისადმი, კატეგორიული უარყოფა მეცნიერების ისტორიას მძიმედ ახსოვს. მაგრამ თანამედროვე კომერციული ანსტროლოგია (ჰოროსკოპი – ყველაზე სასაცილო შემთხვევა) იმდენად ამარტივებს და აწესრიგებს ადამიანის პერსპექტივებსა და ნიშან-თვისებებს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. აქ მუშაობს უკვდავი მაქსიმა: ირწმუნე და იხილავ.


ზოგადად კაცობრიობის ისტორიას ახსოვს ისეთი მაგალითები როდესაც იმპერიის მართველებსაც კი სჯეროდათ ასტროლოგიური წინასწარმეტყველების. შეგიძლია ამ მაგალითებზე ისაუბრო და დაასკვნა თუ რამდენად გამართლდა ან პირიქით არ გამართლდა მათი მოლოდინი?

ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ არაერთი გამოჩენილი ადამიანი, თუ არ ენდობოდა, ინტერესდებოდა მაინც ასტროლოგიური წინასწარმეტყველებით. ისიც ცნობილია, რომ ასტროლოგიას მეტწილად არასდროს ჰქონია ზუსტ პროგნოზირებაზე პრეტენზია. ბევრი მუცლით მეზღაპრეც სწორედ ამას ამტკიცებდა – წინასწარმეტყველი არ ვარო. დღევანდელ ჰოროსკოპს თუ ამოიკითხავ, დიდი შანსია აღმოაჩინო, რომ გარკვეული სირთულეები გელის წინ, რაც მცირე იმედგაცრუებებს მოგიტანს, არც ფინანსური პრობლემებია გამორიცხული, თუმცა დიდი შანსია, შენთვის მნიშვნელოვანწამოწყებებში საბოლოოდ წარმატებას მიაღწიო.

კითხვას დავუბრუნდები: ბევრი მაგალითი არაფერს ნიშნავს; რიცხვს მნიშვნელობა მივანიჭოთ, დაახლოებით იმას ნიშნავს, ფიზიკოსს ვკითხოთ, რას ნიშნავს კამათელის გორებისას შემთხვევითობის პრინციპი.

კომუნისტებმა ამას ცრურწმენა დაარქვეს, რადგან განმანათლებლური რაციონალიზმის ფუნდამენტალისტი მიმდევრები იყვნენ. მართალია, დიდი სოციალისტური კრახის შემდეგ რელიგიური რწმენა აღორძინდა, მაგრამ რწმენას რწმენა ეწოდა, თავის ეპისტემოლოგიაში დარჩა; 6 მილიარდზე მეტი ადამიანის 12 ნიშნად დაყოფა და დახასიათება კი 21-ე საუკუნეში უხერხულია. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ე.წ. ფსიქოლოგიური აღწერები; დიდი შანსია, შენს ნიშანზე მიწერილი თვისებები (მაგ. გიყვართ დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ან – ზოგჯერ ვერ ამჩნევთ, როგორ თმობთ პოზიციებს და უსარგებლო ალტრუისტი ხდებით) საკუთარ თავს თავად მოახვიო და თვითშთაგონებით დაკავდე – აი ასეთი ვარო.

– ისევ საქართველოს თემასთან შევეცადოთ პარალელების გავლება, სადაც ასტროლოგია გარკვეულწილად ძლიერ სფეროდ ჩამოყალიბდა, ამას ისიც ადასტურებს რომ საკმაოდ პოპულარულები არიან ზოგიერთი ასტროლოგები, რომლებიც არც თუ ისე პატარა თანხებს აკეთებენ. რა არის ამის მიზეზი?

ამ შემთხვევაში საქართველო კარდინალურად არ განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებაც შეიძლება. მაინცდამაინც არ ვეთანხმები ფასეულობითი ვაკუუმის თეზას, თითქოს ქართველი, კომუნიზმის მშენებლობის შემდეგ, სიცარიელეში აღმოჩენილიყოს და ანომიის პირობებში ვიმყოფებოდეთ, მაგრამ ცხოვრების გართულება, სამოქალაქო, პოლიტიკური და, ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის გამძაფრება ნაწილობრივ ხსნის ნოსტალგიას წარსულისადმი, სადაც უმნიშვნელოვანეს საკითხებს მაინც სხვა წყვეტდა. ასეთი ახლა პატრიარქი იქნება, მმართველი პარტია თუ მიხეილ ცაგარელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

რამეს ხომ არ დაამატებდი? რა თემების ხილვას ისურვებდი მომავალში ბლოგზე და რას უსურვებდი სხვა რესპოდენტებს?


საინტერესო რუბრიკაა, მაიძულა ცოტა დრო დამეთმო იმ საკითხებზე ფიქრისთვის, რომლისთვისაც ვერ ვიცლი ხოლმე. თან კარგი იქნება, ხუთი-ათი წლის შემდეგ თუ შემოვივლი, გადავხედავ ჩემს პასუხებს და ოო, მერე არ ვიცი.

ბლოგს ვუსურვებ უფრო და უფრო მეტ პოსტს მასობრივ კულტურაზე + მეტ ინდივიდუალურ განცდებს, აღქმებს, ცოტა პირადსაც. კრიტიკულ ბლოგებს ეს აკლიათ.

 

3 thoughts on “შოთა ხინჩაგაშვილი: “შემთხვევას არ ვუშვებ, ასტროლოგიას დავცინო ხოლმე”

  1. Kate

    მშვენიერი ინტერვიუა. მომეწონა. საერთოდ შოთა ძალიან განათლებული ადამიანია.

    “შემთხვევას არ ვუშვებ, ასტროლოგიას დავცინო ხოლმე. ეს არის წარსულში გაბატონებული შემეცნების ფორმა, რომელიც ისევე უხერხულად გამოიყურება საღი აზრის წინაშე, როგორც სამყაროს წლების რელიგიური აღრიცხვა – დინოზავრების ნაშთების პირისპირ. დანარჩენი გალამაზება-გამართლების და მარიფათის ამბავია.” – ამას მეც ვეთანხმები. დაცინვით ყოველთვის არ დავცინი. როდესაც ემთხვევა, ვამბობ – “აი ზუსტად ეგრეა!” როდესაც არ ემთხვევა – “უიმეეე, რა სისულელეა, ამის როგორ უნდა გჯეროდეს!”.😀

    Reply
  2. Nina Gorecki

    რადიოში არის ხოლმე კარგი გადაცემებიც, მაგრამ მე ვერ ვუსმენ. სწორია, გავუუცხოვდით🙂 ვერ წარმომიდგენია ჩავრთო რაღაც ყუთი და ვუსმინო, აი ნეტი რომ არ არსებობდეს სხვა საქმე იქნებოდა )) ბავშვობაში ვუსმენდი ხოლმე🙂

    Reply
  3. lobzhanidze Post author

    კეიტ, ხო, მართალია, შოთა განათლებული და ჭკვიანი ადამიანია.🙂
    ნინა, რადიოს ესთეტიკა აქვს თავისებური და რაღაც სხვანაირია, მე პირადად ტელეს მირჩევნია.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s