Monthly Archives: დეკემბერი 2010

ხელი დავუქნიოთ 2010 წელს, მივესალმოთ 2011- ს

მედია, ის რაც ძალიან მიყვარს

ბლოგერების მრავალრიცხოვანი “ჯარის” მაგალითზე გადავწყვიტე არ გავმხდარიყავი გამონაკლისი და ამიტომაც ამ პოსტში მეც 2010 წელს ვაჯამებ. თავიდან ამის გაკეთება უშუალოდ ბლოგის მიმოხილვით გადავწყვიტე, მაგრამ სხვების პოსტებს რომ გადავხედე, აღმოვაჩინე რომ უმეტესობა ამას პირადი კუთხიდან აკეთებს. იმის გათვალისწინებით რომ ამ ბლოგზე პირადი ინფორმაციას ნაკლებად ვათავსებ და “ზოგადსაკაცობრიო” თემებით უფრო ვარ დაინტერესებული, მაგრამ მეორეს მხრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი გადავწყვიტე წლის პირადი, შემაჯამაბელო პოსტი გამეკეთებინა.

2010 წელი ჩემთვის უჩვეულოდ დაწყო, პირველად შევხდი ახალ წელს ოჯახის გარეთ, კერძო კი ახლადდაწყებულ სამსახურში მაშინ ჯერ კიდევ “პირველ კავკასიურ” წოდებულ არხზე. სამსახურში გვიანობამდე დარჩენილმა რამდენიმე კოლეგამ 12 საათამდე ოდნავ ადრე შამპანიური და ალკოჰოლის შემცველი სხვა დანარჩენი ბოთლები გავხსენით და 2010 წლის დადგომა არაფხიზელ მდგომარეობაში ავღნიშნეთ.

ჩემი წიგნის პრეზენტაცია, 2010 წლის აპრილი, "პურ-პური"

იანვარ-თებერვალმა მშვიდად სამსახურში ყოველდღიური (ხშირად შაბათ კვირის ჩათვლით) სიარულით აღინიშნა, მარტში კი უცბად გამახსენდა რომ 2009 წელს დაწყებული წიგნის გაგრძელება შეიძლებოდა და მეც დაუღალავი (აქ სმაილიკი უნდა იყოს) შრომით მისი დასრულება გადავწყვიტე, რაც აპრილში წარმატებით (აქაც სმაილიკი) შევასრულე.

ივნის-ივლისის გასაყარზე სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო “პირველ კავკასიურზე” სიარული შევწყვიტე, ბევრი დრო მრჩებოდა და ამიტომაც ამავე პერიოდში ბლოგზე აქტიურად პოსტვას შევუდექი, ამიტომაც პრაქტიკულად ბლოგმა ამ წლის ზაფხულში დაიწყო რეალურად ფუნქციონირება, მიუხედავად იმისა რომ ფორმალურად ის 2009 დაარსდა.

სექტემბერში ჯერ კიდევ 2009 წელს მიღებული გადაწყვიტელბა სისრულეში მოვიყვანე, ანუ გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტში მულტიმედია ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. პირველ ლექციაზე ის გამიკვირდა რომ ბრიტანულ ჯგუფში მოვხვდი, ჩამოსვლამდე რატომღაც მეგონა რომ საერთაშორისო ჯგუფი ცალკე იქნებოდა, მაგრამ 22 ჯგუფელს შორის უცხოელი ჩემს ჩათვლით მხოლოდ 6-ია. ჯგუფის ასეთი განაწილება იმას უნდა გულისხმობდეს რომ მაგისტრატურის წარმატებული დასრულების შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ უცხოელი ხარ კონკურენტუნარიანი იქნები ადგილობრივ “ბაზარზე”.

უნივერსიტეტი, სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა

სექტემბრიდან უნივერსიტეტი ჩემის დროის 80 პროცენტს მაინც იკავებდა, ლექციები 9-დან 5-მდე, სახლში მოსულს კი დავალებები უნდა შეგესრულებინა. დეკემბრის დასაწყისი კიდევ “ნონ-სტოპ დედლაინებით” აღინიშნა, როდესაც ყოველ ორი დღეს ესსეები და პრეზენტაციები უნდა მოგემზადებინა. თუმცა, არ ვწუწუნებ, ჩემი აქ ჩამოსვლა პროფესიულად განვითარების სურვილს ეფუძნებოდა და ამ მხრივ ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებ, ლექციები ინფორმატიული და საინტერესოა. რას წარმოვიდგენდი რომ მანამდე შეძულებილი და ყველაზე მოსაწყენი საგანი “ეთიკა” წლევანდელ პროგრამაში ჩემთვის ყველაზე, ყველაზე საინტერესო აღმოჩნდებოდა და მეც აქტიურად ჩავერთვებოდი აბსოლუტურად ყველა ლექციაზე დისკუსიებში. ეს კი პირველ რიგში საინტერესო ლექტორის და ასევე საინტერესო პროგრამის დამსახურებაა. ასე რომ იცოდეთ ორ სხვადასხვა ლექტორს თანაბარმნიშვნელოვნად შეუძლია შეგაძულოთ ან შეგაყვაროთ თავისთავად საინტერესო საგანი.

წლის დასასრულისკენ ასევე გავხსენი ახალი, ამჯერად ინგლისურენოვანი ბლოგი, რომელზეც ძირითადად პროფესიულ პოსტებს გავაკეთებ.

გლაზგოში, კვლავ დავიწყე საჭმლის მომზადება. წელს იტალიური პასტას მომზადება და ნაირ ნაირი ბრინჯის მოხარშვა ვისწავლე, მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ და უახლოეს მომავალში ახლ რეცეპტებსაც დავეუფლები, რომლებსაც აუცილებლად იხილავთ ბლოგზე.

წელს პირველი შემთხვევაა როდესაც ახალ წელს საზღვარგარეთ ოჯახის გარეშე ვხვდები, ვნახოთ რისი მომტანი იქნება. ისღა დამრჩენია რომ მეგობრებთან შესახვედრად მოვემზადო, ასე რომ, დროებით, ახალ 2011 წლამდე. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

Advertisements

ჩვენი ენა ქართული ანუ რანი ვართ ჯოუ? ნაწილი II

გადავწყვიტე ქართულ ენაში “ქექვის” გაგრძელება და მორიგი მარგალიტების
აღმოჩენა.  პირველი ნაწილის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

“ჩაფახება” – ზმნა, სინონიმურად ახლოს არის “დაჩმორებასთან”, თუმცა არსებობს განსხვავებიც, გააჩნია რა კონტექსტშია ნახმარი.  მაგალითად ფიზიკური შეხლა შემოხლის დროს ერთი მხარის მიერ აშკარად დამარცხებასთან ერთად შეიძლება “დაჩმორებას” ჰქონდეს ადგილი, ამას შეიძლება მოჰყვეს კომენტარი “მაგარი დააჩმორა.” რაც იმას გულისხმობს რომ დაჩმორებული ფსიქოლოგიური ტრავმისგან შეიძლება ვეღარ განთავისუფლდეს.  ჩაფახების შემთხვევაში დაჩმორების მომენტი შეიძლება დადგეს შეიძლება არა. ამრიგად, სიტყვის გამართული ხმარება მოითხოვს ქართული ენის კარგად ცოდნას.

“ჯიგარი” – სიტყვის პირვანდელი მნიშვნელობა ნაწლავებს უნდა აღნიშნავდეს, მაგრამ ქართული ენის განვითარების ამ ეტაპზე ამას ძირითადად ვინმეს დადებითად შეფასებისას იყენებენ. მაგალითად, “ძალიან დამეხმარა, მაგარი ჯიგარია.” ონლაინ ლექსიკონი translate.ge ამ სიტყვას ინგლისურად გადატანით მნიშვნელობით love (ეს სიტყვა შეიძლება უახლოეს მომავალში ასევე ქართული გახდეს) თარგმნის, ანუ სიყვარული. ძირითადად ამ სიტყვას ახალი მნიშვნელობით ხმარობენ, პირვანდელი მნიშვნელობით ხმარება გოიმობაზე (იხ. განმარტება) უნდა მიუთითებდეს.

“ცუგრუმელა” – თითქმის “ეკაიფე ჯო დასენივით” (იხ. განმარტება) აუხსნელი ფენომენია. ძირითადად, მოფერებითი მიმართვა საყვარელი ადამიანის მიმართ, თუმცა მკვეთრად განსაზღვრული ჩარჩოები ამ შემთხვევაში არ არსებობს. ცუგრუმელა შეიძლება სიმღერას, ცხოველს და ბავშვსაც ეწოდოს.

“ბანძი” – სიტყვის ეტიმოლოგია გაურკვეველია. მნიშვნელობა მიახლოვებულია “გოიმურთან,” თუმცა მაინც განსხვავებული მნიშვნელობისაა. ბანძის ექვივალენტი თანამედროვე ქართულში “სოფლელში” უნდა ვეძებოთ უფრო, თუმცა აქაც შეიძლება განსხვავებების პოვნა. ბანძი მიმართულია ძირითადად უგემოვნო ხალხის მიმართ, რომელმაც არ იციან როგორ ჩაიცვან, რა ფილმებს უყურონ და მუსიკას მოუსმინ. ფრაზეოლოგია: “მაგარი ბანძი ტიპია.”

“დავიშალეთ ბიტლებივით” – მეტაფორა რომელიც ანალოგიას ქმნის ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფ “The Beatles” – ის 1970 წელს დაშლასთან. არასწორი ფორმაა: “დავიშალეთ ბიტზლივით.” მაგალითად, “მაგარი უპონტობაა ბიჭებო, დავიშალეთ ბიტლებივით?” ფრაზასთან მიმართებაში არსებობს კრიტიკული შენიშვნაც (ფლოიდების, როლინგების, ზეპელინების, ფარფლების და სხვა ჯგუფების თაყვანისმცემლებისგან): “რა ბიტლების მერე არცერთი ჯგუფი არ დაშლილა?”

“სად გავიცინოთ?” – ირონიული კითხვა რომელიც ამცირებს “ხუმარას” და ზოგიერთ შემთხვევაში მოუწოდებს ნორმალური ანეკდოტები ან ხუმრობები მოყვეს. ენამოსწრებული “ხუმარა” ხშირ შემთხვევაში იმავე ირონიული ტონით პასუხობს: “იღლიაში.” ძირითადი გავრცელების არეალი ბანძი (იხ. განმარტება) და გოიმი (იხ. განმარტება) საზოგადოებაა.

“მაგის ჩიტი ვარ?” – ჩიტში ამ შემთხვევაში მფრინავი ორგანიზმი არ უნდა ვიგულისხმოთ. ჩიტი ამ შემთხვევაში გულისხმობს გაუთვითცნობიერებელ, მეამიტ და მიუხვედრელ ადამიანს. აღნიშნული გამონათქვამს ძირითადად გამოიყენებენ არა ჩიტი ადამიანები და გულისხმობენ იმას რომ შემოთავაზებულ სენტენციაზე არ წამოეგებებიან. თუმცა არსებობს შემთხვევები რომელიც გამონათქვამი შეიძლება იმ ჩიტის მიერ იყოს ნახმარი, რომელსაც ჩიტი არ ჰგონია თავი, მაგრამ მაინც ჩიტია.

წლის მიმოხილვა გარდიანის მიხედვით

აი, ამას ჰქვია პროფესიონალიზმი.  დააწკაპუნეთ აქ, 2010  წლის მიმოხილვის სანახავად, გარდიანის მიხედვით.

მექანიკური ფორთოხალი, ანუ უცხო “კოროვაში”

სპექტაკლ “მექანიკურ ფორთოხალზე”  წასასვლელად ორი მიზეზი მქონდა. პირველი, რადიო სიუჟეტი მქონდა გასაკეთებლი და დროც ცოტა მრჩებოდა. მეორე და მთავარი მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა რომ უბრალოდ წაკითხული წიგნის და ნანახი ფილმის შემდეგ სპექტაკლი მექანიკურ ტრიადას შეკრავდა და მეც “ინტელექტუალურ ეგოს” დავიკმაყოფილებდი.

კარგია როდესაც შენი მეგობარი, ან მეგობრის მეგობარი საჭირო ხალხს იცნობს და ამ საჭირო ხალხთან გაკავშირებს. ამ შემთხვევაში საჭირო ხალხი კრიშნასავით, პუტკუნა, საყვარელ პიარ მენეჯერ გოგონაში გარდაისახა, რომელმაც ინტერვიუზე ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი დაითანხმა.  პუტკუნა, საყვარელ გოგონამ სპექტაკლის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მთხოვა მოსვლა, ხსენებულ მსახიობს დრო რომ დარჩენოდა სპექტაკლისთვის მოსამზადებლად.

რადიო სიუჟეტის ჩაწერისთვის საჭირო აპარატურით აღკაზმული დათქმულ დროზე ათი წუთით ადრე დავერჭე თეატრის უკანა შესასვლელთან. სულ რამდენიმე წუთში ჯონათანთან (მსახიობი) ინტერვიუს ვწერდი, რომელიც ათ წუთზე მეტი არ გაგრძელებულა

– “სულ ეს იყო?” – გაკვირვებულ და გახარებულმა მკითხა ჯონათანმა.

– “კი, კი, დიდი მადლობა.” – ამ სიტყვებზე აპარატურის ჩალაგება დავიწყე. “სულ წუთნახევრიანი სიუჟეტი იქნება” – ვუთხარი და თან ის დავამატე რომ ეს სიუჟეტი უნივერსიტეტის გარდა არსად გავა, ამის თქმა როგორც ჩანს მსახიობისთვის მაინცდამაინც სასურველი არ იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, სულ რამდენიმე წუთში აღმოვაჩინე რომ სპექტაკლის დაწყებამდე ერთ საათზე მეტი რჩებოდა და მეც საქმე არაფერი მქონდა. თავიდან თეატრის შემოსასვლელთან გადავყწიტე დადგომა, მაგრამ სწრაფად მივხვდი რომ ეს იდიოტური გადაწყვეტილებაა და ასე ნახევარ საათსაც კი ვერ გავიყვანდი. ამიტომაც გადავწყვიტე შემოგარენი დამეთვარიელებინა. უბანი სადაც “Citizens Theatre” არის განლაგებული გლაზგოში ყველაზე წარმტაც ადგილს ნამდვილად არ წარმოადგენს, ამიტომაც სულ რაღაც ათ წუთში ახალი იდეა უნდა მომეფიქრებინა და აი ჩემში ალკოჰოლიკმა გაიღვიძა: “პაბი.” ამ იდეით “გაფრთიანებული” ყველაზე ახლო პაბს მივაშურე.

კარები რომ შევაღე, წამი გაჩერდა, შუა ხნის მამაკაცებით გაძეძგილ ბარმა კი რამდენიმე ათეული თვალისგან შემდგარი შეზარხოშებული მზერა ჩემზე გააქვავა. ვესტერნში მეგონა თავი, ცოტაც დააკლდა და ფონად ენიო მორიკონეს მუსიკა გაიჟღერდა. ბართან მოწიწებით მივედი. სანამ ბარმენი მოვიდოდა იქაური აურა შეგვირგძენი, “პოლ აღარ დალიო მეტი.” “გაჩერდი სტივ, ხომ იცი მე თვითონ ვიცი რამდენიც დავლიო.” ნათელი იყო, “მესტნი” ბარში მოვხვდი სადაც ყველა ყველას იცნობდა და მე “ჩუჟოი” ვიყავი. ამის მიუხედავად “ჩუჟოის” თხოვნაზე ბარმენმა კათხა გემრიელი ლუდით გამივსო და მეც დასაჯდომი ადგილის ძიება დავიწყე.

პატარა კოხტა ადგილი ვიპოვე, შუა ხნის კაცებისგან მოშორებით, ზუსტად იმ ადგილს ჰგავდა “ჩუჟოის” რომ ეკუთვნის. მეც დავჯექი და ჩანთიდან “შოტლანდიურ პოლიტიკაზე” წიგნი ამოვიღე. გთხოვთ, არასწორად არ გამიგოთ, უბრალოდ მეტი არაფერი მქონდა ამ დროს ჩანთაში და ეს წიგნის ესესთვის მჭირდებოდა უნივერსიტეტში. ამიტომაც, უცნაურ ვითარებაში, უცნაური წიგნის კითხვა და თან ლუდის სმა დავიწყე.  “შოტლანდიურ პოლიტიკას” რომ კითხულობ დრო ნელა იზლაზნება, ამიტომაც 50 წუთი საუკუნედ მომეჩვენა, რომელიც ბოლოს და ბოლოს მორჩა და მეც ენთუზიაზმით წიგნი (სამი კვირით) ჩანთაში დავაბრუნე, ლუდი ბოლომდე დავამთავრე და თეატრისკენ დავიძერი.

…და დაიწყო სპექტაკლი!

უშიში, ვითარცა უხორცო?

“ერთი ქართველი სიმამაცით ათი ავღანელის ტოლფასიაო”, ასე
გვასწავლიდნენ სკოლაში. საოცრად მამაცები, მებრძოლნი და მოკლედ ომის მოყვარე ერი ვყოფილვართ ჩემი სკოლის პერიოდის პროგრამას თუ დავუჯერებთ.

მიუხედავად იმისა რომ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, ამ ისტორიულ აზრებს მაინც სკეპტიკურად ვუყურებდი, მიზეზი ძალიან მარტივი იყო. “ასეთი ძლიერები თუ ვართ რატომ გვიპრყობდნენ სხვები გაუთავებლად?”

მაშინ ჯერ კიდევ მედიას პროფესიონალურად არ ვსწავლობდი და ისტორიის სახელმძღვანელოებს მთლად კარგად ამ სფეროს ვერ ვუკავშირებდი.

ჩემს მოსწავლეობის დროს (სავარაუდოთ ეს ახლაც გრძელდება) იქმნებოდა მითი ქართველების უძლეველობის შესახებ, ეს ერთის მხრივ ალბათ პატარა ერის კომპლექსების მოსახსნელად და ასევე შესაძლებელი მორიგი კონფლიქტებისთვის “სათანადო” თაობების აღზრდას ემსახურებოდა.

გასაგებია, რომ საუკუნების წინ საქართველოს არჩევანი არ ჰქონდა, ამ პატარა ტერიტორიას ბევრი ერჩოდა და ამიტომაც მკვიდრ მოსახლეობას დაცვა სჭირდებოდა. მაგრამ რა საჭიროა დღეს გვეუბოდნენ იმას რომ ჩვენ მუდამ მეომრები ვიყავით? სხვათაშორის, ქართულ ისტორიაში ქართველებს პრაქტიკულად არასდროს არ უთამაშიათ აგრესორის და დამყრობელის როლი, რაც ქართველების ომის მაინდამაინც დიდ სიყვარულზე არ უნდა მიუნიშნებდეს, რაც თავისთავად კარგია.

თუ ომის სურვილი ქართველების ბუნებაში არ ზის რა საჭიროა იქმნებოდეს მითი და სტერეოტიპი იმის შესახებ რომ ქართველებს ომი უყვართ და ყოველთვის არიან  მზად ბრძოლისთვის?

ერთი ჩემი ამერიკელი მეგობარი მეუბნებოდა, “თქვენ ქართველები მეომრები
არ ხართ, თქვენ დროს ტარება და ქეიფი გიყვართ, რბილი ხალხი ხართ.” ეს აზრი არ გამიკვირდა, მაგრამ ამავდროულად მესიამოვნა.

ამიტომაც, თუ მაინცდამაინც სტერეოტიპის შექმნის აუცილებლობა დგას მე ვირჩევ “ქართველი მოქეიფე და გართობის მოყვარულ, მოსიყვარულე ქართველის” ვარიანტს ვიდრე “მეომარ, სისხლის მოყვარე ადამიანის.”

გლაზგო, ღრუბლების და მუსიკის მხარეო

რამდენიმე თვის წინ როდესაც შოტლანდიაში კვლავ ვბრუნდებოდი გადავწყვიტე ინგლისურენოვანი ბლოგი გამეხსნა. ეს ბლოგი გლაზგოს მიეძღვნებოდა. ვფიქრობდი რომ დღეში ერთ დღეს მაინც გავატარებდი ახალი, საინტერესო ადგილის ძიებაში და მოგვიანებით დასამახსოვრებელ დეტალებს ბლოგზე გადავიტანდი.

ბლოგი დავარეგისტრირე კიდევაც, მაგრამ ჩემი ჩანაფიქრი კრახით დასრულდა. ბლოგი არცერთი პოსტით არ გამდიდრებულა. ალბათ, ყველაზე რთულია დაიწყო რაღაც ახალი  და გლაზგოზე წერის დაწყება საოცრად რთული და საბოლოოდ შეუძლებელიც (ყოველშემთხვევაში ბლოგის ფარლებგში) კი აღმოჩნდა ჩემთვის.

კრახის მიუხედავად ინგლისურენოვანი ბლოგის დაწყება მაინც შევძელი და მეტ ნაკლები რეგულარობით ვანახლებ კიდევაც. თუმცა, ეს სხვა საკითხია. ამ პოსტში კი მე თითქოს კომპენსაციის სახით მინდა გლაზგოზე ვისაუბრო. ამ პოსტით შევეცდები ჩემი შთაბეჭდილება და გამოცდილება გაგიზიაროთ.

ზოგადად გლაზგოს შესახებ

გლაზგო ქართველებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თქო რომ ვთქვა მოგატყუებთ. ლონდონი, ბერლინი, ამსტერდამი – ეს ქალაქები ქართველებში გაცილებით პოპულარულია და ასეთებში ქართველი სტუდენტის ან თუნდაც გასტრაბაიტერის აღმოჩენა გასაკვირი ამბავი არაა, იგივე შოტლანდიაშიც არის ქართველებს შორის პოპულარული ქალაქი, საუბარი რა თქმა უნდა ედინბურგზე მაქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გლაზგო.

ხშირია ხოლმე ვინმე  ადამიანს რომ გაიცნობ გლაზგოში პირველი რაზეც იწყებ საუბარს სწორედ რომ ეს ქალაქია, მითუმეტეს თუ ახლადგაცნობილი უცხოელია. ასეთი საუბრების დროს ხშირად ხდება გლაზგოს ედინბურგთან შედარება. უმეტეს შემთხვევაში ორივე მხარე იმაზე თანხმდება, რომ ედინბურგი გაცილებით ევროპულია და “სვეცკი” ქალაქია სადაც უცხოელების რაოდენობა გაცილებით დიდია, ხოლო მკვიდრი მოსახლეობა გარკვეულწილად უფრო მაღალ კლასს წარმოადგენს. ეს გასაკვირი არაა, ედინბურგი დედაქალაქია, ადმინისტრაციული ცენტრი და თან პატარა და კოხტა. თუმცა, გლაზგოში ჩამოსულები სხვა პრიორიტებების მატარებლები არიან როგორც წესი, გლაზგოში მომხიბვლელობა სწორედ რომ მისი უხეშ ხასიათშია. ინდუსტრიალური ქალაქია, მოსახლეობის მეტწილი მუშათა კლასიდანაა, საშუალო ფენა აქ ძლიერია და ზოგადად უფრო შოტლანდიურია ვიდრე ედინბურგი. თითქოს ედინბურგზე უფრო ნაღდია. გლაზგო ლუდივითაა, შეუძლებელია ის პირველ “გასინჯვაზე” მოგეწონოს, უფრო მეტიც პირველ ნახვაზე თვალშისაცემია მისი ღარიბი არქიტექტურა, თითქოს უშნოცაა. მაგრამ მას შემდეგ რაც აქ არაერთ კვირას გაატარებ მიხვდები, გლაზგოს საინტერესო ხასიათის მატარებელი ქალაქია და ის თქვენგან პატივისცემას მოითხოვს.

ენა, ხალხი და მუსიკა

გლაზგოს ცენტრალურ ქუჩებზე სეირნობისას ჩვეულებრივ დღეს ყველაზე ნაკლები 5 სხვადასხვა ტიპის მუსიკოსს ან ჯგუფს შეხვდებით

გლაზგოური აქცენტი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასაუბრო თემას წარმოადგენს არა მხოლოდ შოტლანდიაში არამედ მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ინგლისურენოვან ქვეყნებშიც. პირველად ჩამოსულს არაფერი მესმოდა, უცხოპლანეტელებივით იყვნენ რომლებაც ინგლისური ენა სკოლაში ისწავლეს. ინგლისურად ლაპარაკობენ, მაგრამ ჟღერადობას შეჩვეული თუ არ ხარ ამას ვერ მიხვდები. სიტყვების დიდ ნაწილს თავისებურად გადაკეთება უყვართ, მაგალითად ისეთი უწყინარი სიტყვა როგორიც “Yes” არის შოტლანდიელის მიერ “აი” გამოითქმის. ამიტომაც, რა გასაკვირია რომ პირველად ჩამოსულს ეს სიტყვა სულ სხვა გაგებით მესმოდა. მერწმუნეთ, შოტლანდიურ აქცენტს თუ შეეჩვიეთ ნებისმიერ სხვასაც გაუგებთ.

შოტლანდიელები და გლაზგოელები ძალიან საინტერესონი არიან, მათ გლაზგოსავით ხასიათი გააჩნიათ. ამაყები,  მამაცები და პირდაპირები არიან. ეს ქალებსაც ეხებათ. თუ ვინმე ბიჭს  ჩხუბი მოუვიდა და ამ დროს მას თან შეყვარებული ახლავს არ გეგონოთ რომ ეს გოგო თავისთვის დადგება და მისი კაცის ჩხუბს ჩუმად ადევნებს თვალს, ის ბოლომდე დაიცავს თავის შეყვარებულს და თუ საჭიროა ფიზიკურადაც კი დაეხმარება.

გლაზგოელებელებს უყვართ გართობა, ამ ქალაქში წასასვლელი და დროს სატარებელი ადგილი კვირის ნებისმიერ დღეს არ დაილევა, აქ კი დიდ როლს მუსიკა თამაშობს. ყოველი მეორე გლაზგოელი გულში მაინც თავს მუსიკოსად თვლის, ეს ლოგიკურია, გლაზგოდან თანამედროვეობის ძალიან ბევრი ცნობილი ჯგუფია, მაგალითად Primal Scream, Texas, Glasvegas, Belle and Sebastian, Mogwai და ა.შ. ამიტომაც გასაკვირი არაა რომ აქ ყოველდღიურად საერთაშორისო არენაზე ცნობილი მუსიკოსები უკრავენ.

სტერეოტიპი და სიმართლე

2009 წლის ზამთარი, ჩემი პირველი ვიზიტი გლაზგოში

გლაზგოს წლების განმავლობაში რეპუტაცია ჩამოუყალიბდა, ის ბრიტანეთში საკმაოდ კრიმინალურ ქალაქად ითვლება, სადაც მაღალია ნარკომანიის და ალკოჰოლიზმის დონე. არ შეიძლება იმის თქმა რომ ეს ვარაუდი სუფთად სტერეოტიპია, არის ამ მოსაზრებაში ჭეშმარიტების მარცვალი. გლაზგო პირობითად დაყოფილია 4 (ძირითადად) ზონად, აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრილოეთი და სამხრეთი. დასავლეთი ყველაზე პრესტიჟულია, აქ ძირითადად უფრო შეძლებული ხალხი და ასევე სტუდენტობა ბინადრობს. სამხრეთი – მეორე ადგილს იკავებს, აქ დიდია ემიგრანტების (ძირითადად პოლონელების) ნაკადი, მდიდარია კაფეებით და პაბებით. აი აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კი არასასურველ უბნებად ითვლება. განსაკუთრებით ჩრდილოეთი, ამბობენ, აქ სახლიდან 7 საათის გვიან გასვლაც კი საშიშია. ქუჩაში მომხდარი უსიამოვნება “ჯანკებთან” შეიძლება ჭრილობითაც კი დამთავრდეს. ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ, გლაზგოელებიც კი.

ამინდის პროგნოზი

გლაზგოში ამინდზე მხოლოდ იმიტომ არ ლაპარაკობენ რომ მეტი სალაპარაკო არაფერი აქვთ. ამინდი აქ მართლაც რომ აქტუალურია. თუ კვირაში ერთი მზიანი დღე მაინც გამოდგა ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლათ, გლაზგოსთან შედარებით ლონდონიც კი მაიამია. ცხელი დღე წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობს, მაქსიმალური ტემპერატურა 25-ზე მაღლა ზაფხულშიც კი არ ადის. ზამთარი შედარებით თბილია (წლევანდელი და შარშანდელი ზამთარი გამონაკლისია), ზღვასთან სიახლოვის გამო.

დღეისთვის სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა, სავარაუდოდ ამ თემას მომავალში კვლავ დავუბრუნდები.