სარკევ, სარკევ მითხარი ვინ არის ჩემზე ლამაზი?

ბავშვობაში სულ მიკვირდა ხოლმე, ვინმე მეზობლის ბავშვთან კამათი რომ მომსვლოდა დედაჩემი მე  მსაყვედურობდა და არა იმ ჩემს თვალში დამნაშავე, ყოვლად ბოროტ, პატარა ადამიანს რომელიც გულს მტკენდა.  იმ ფონზე როდესაც მე დამჯერი და არა ცელქი ბავშვი  (იმდენად რამდენადაც შეიძლება ბავშვი დამჯერი და არა ცელქი იყოს) ვიყავი, გაუგებარი იყო რატომ იჭერდა დედაჩემი აშკარად “არასწორ” პოზიციას.

რომ გავიზარდე იმას ვერ ვხვდებოდი რატომ იყო უმეტესობა ქართული არხებისა საკუთარი “პატრონისადმი”  ლოიალური, რატომ არ საყვედურობდა პატრონს იმას რასაც ყველაზე ბრმა ჟურნალისტიც კი დაინახავდა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩემს მიერ პატივსაცემი და ალბათ თქვენთვის უკვე მობეზრებული (იმდენად ბევრჯერ მაქვს მოყვანილი მისი მაგალითი) ნომ ჩომსკის აზრი მოვისმინე. ის ამბობდა რომ ადამიანს და საზოგადოებას პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ ქმედებაზე შეიძლება დააკისროთ. ასე მაგალითად, ამერიკელის მიერ მორალური იქნებოდა ამ ქვეყნის მიერ არასწორი ქმედებების დაგმობა, ხოლო რუსისთვის შესაბამისად რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების აღიარება და არ გამეორება.

ჩომსკიმ ბავშვობა გამახსენა და წლების წინ დედაჩემის მიერ არჩეული პოზიცია ჩემთვის ნათელი გახადა. არ ვიცი, გავიზარდე თუ არა კარგ ადამიანად, მაგრამ დედაჩემი სხვანაირად რომ მოქცეულიყო სავარაუდოთ სხვა ადამიანი ვიქნებოდი და ჩემს ავკარგიანობაზე კითხვასაც კი არ დავსვამდი.

ყველა დედა საკუთარ შვილს ერთნაირად როდი ექცევა და ზოგჯერ ალბათ დათვურ სამსახურსაც კი უწევს. თუ ქართული მედია თვალებს ხუჭავს საკუთარი შვილის ყველაზე აშკარა შეცდომებზე, რთულია ელოდო მისგან კარგი ბიჭი გაიზარდოს. იდეალური არავინაა, ამიტომაც რამდენად კარგი შვილიც არ უნდა გყავდეს ხანდახან შეცდომაზე უნდა მიუთითო და სხვასთან ბოდიში მოახდევინო.

მედიაზე და სახელმწიფოზე ალეგორიულ საუბარს თავი რომ დავანებოთ ზოგადად საზოგადოებას გადავხედოთ. 26 წლის ასაკში მორალურ მენტორად ნამდვილად არ გამოვდგებოდი, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში ზოგიერთი ფაქტი იმდენად ჯიუტია რომ სრულწლოვანობის დადგომისთანავე, ზოგჯერ კი უფრო ადრეც, შეიძლება ბებერ, ჩინელ ბრძენს დაემსგავსო. გჩვევია ხოლმე ქართველებს ერთმანეთზე გადაბრალება რაღაცეების და ზოგჯერ ჩვენი ვარაუდი ისეთ აბსურდამდე დადის რომ უამინდობასაც კი პრეზიდენტს ან პარლამენტს ვაბრალებთ.

უშნო ადამიანს სარკეში ჩახედვა არ სურს ხოლმე, აშინებს, ხანდახან ისე ძლიერ რომ მოჩვენებები შეიძლება დაეწყოს და აფექტის მდგომარეობაში საკუთარი ანარეკლის დანახვისას არაა გამორიცხული ჩაამსხვრიოს კიდეც. არ გვიყვარს სარკე, ჩვენ უფრო მიკროსკოპი გვიზიდავს, რომელიც სხვების პატარა ბზარს უკიდეგანო კანიონად გვაჩვენებს.

დედა ვერასდროს გავხდები და ალბათ კიდევ ბევრ რამეს ვერ მიხვდები სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ ერთი ვიცი, სარკეში თუ ჩაიხედე და გულის გამახარებელი პასუხის იმედით  იკითხე, “სარკევ, სარკევ მითხარი ვინ არის ჩემზე ლამაზი?” პატარა ბზარი რომ დაინახო, არ უნდა გაგიკვირდეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s