21-ე საუკუნეში ტვინი ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ინტერვიუ ნინა ახლოურთან

რუბრიკის მორიგი სტუმარი სახელმწიფო მართვის სპეციალისტი, ჟურნალისტი და ბლოგერი, ნინა ახლოური, საუბრობს ელექტრონულ მუსიკაზე, ჰედონიზმზე და მოდაზე.

როგორია კარგი ელექტრონული მუსიკა? ცუდი? მაგალითები თუ შეგიძლია გაგვიზიარო?

 

კარგ და ცუდ ელექტრონულ მუსიკაზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი. ამ საკითხზე ელექტრონული მუსიკის მსმენელები ვერასოდეს შეთანხმდებიან. წარმოიდგინე, რომ გკითხონ, რომელია კარგი და რომელი ცუდი – კლასიკური როკი თუ ინდი როკი? სწორედ ამიტომ, ვერასოდეს გიპასუხებ, რომელია უკეთესი, ემბიენტი თუ ჰაუსი. ელექტრონული მუსიკის ყველა ჟანრს თავისი ღირსება გააჩნია, თუმცა შეიძლება ობიექტურად მსჯელობა იმაზე, თუ რომელია უფრო ინტელექტუალური. IDM (Intelligent Dance Music) უფრო რთული მუსიკაა, ვიდრე, ვთქვათ, ევროდენსი და ბენი ბენასის მარტივი რიტმები. ჩემთვის საუკეთესო ელექტრონული მუსიკა ტრიპ-ჰოპია, რადგან ესაა მუსიკა ჩარჩოების გარეშე. მასში ყველაფერია – რეგი, ჰიპ-ჰოპი, ბლუზი, როკი, ფსიქოდელია, ტრანსი, ემბიენტი, ჯაზი… ჩემი სუბიექტური აზრით, კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია ასეთი მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრი, თანაც სენსუალიზმის ასე მკვეთრად გამოხატული ელემენტებით.

 

საერთოდ კი, ელექტრონული მუსიკის სხვა მიმდინარეობებისგან ცალკე განხილვა უკვე თითქმის შეუძლებელია. ბოლო წლებში თითქმის ყველა სტილი ელექტრონიზირდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ელექტრონული საუნდი თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ტექნოლოგიების განვითარებასთან, რადგან პირველი ელექტრონული ინსტრუმენტი ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა, 1901 წელს, მუსიკალურმა მიმდინარეობამ კი სადღაც სამოცი წლის შემდეგ დაიწყო ჩამოყალიბება და კიდევ უფრო გვიან გახდა პოპულარული მასებს შორის. ეს მიმდინარეობა ძალიან სპეციფიკურია იმ მხრივ, რომ მის მოწონება-სმენადობას განაპირობებს არა ადამიანის გემოვნება, არამედ ის, თუ როგორ აქვს მას ტვინი მოწყობილი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტექნო რიტმი იწვევს ცვლილებას ტვინის მუშაობის რიტმში, ანუ ის იძულებული ხდება, მისი მოსმენის დროს გადაეწყოს ტექნო-სიხშირეებზე, რაც არც ისე ბუნებრივია ზოგადად ადამიანისთვის, თუმცა ალბათ არა თანამედროვე, 21-ე საუკუნის პირმშოსთვის. ტექნოკრატიის ეპოქამ ადამიანში ბევრი ცვლილება გამოიწვია და ეს არ ეხება მხოლოდ ჰომო ფაბერისეულ მანიაკალიზმს და ზოგად ფასეულობებს, არამედ ნერვულ სისტემასაც. კომპიუტერსა და ინტერნეტთან მუშაობის გავლენით, ადამიანის ტვინში აქტივიზირდა უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე, რის გამოც თანამედროვე ადამიანი არსებითად განსხვავდება თავისი მამის თაობისგან – მისი ტვინი ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს. ამაზე ჰერი სმოლმა წიგნიც კი დაწერა „iBrain: როგორ გადავიტანოთ ტვინის ტექნოლოგიური ცვლილებები“, სადაც საუბრობს, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგია ჩვენს ევოლუციაზე და იმაზე, რა ცვლილებებს განიცდის ჩვენი ტვინი ტექნოგენური გარემოს ზემოქმედების შედეგად. გახსოვს მატრიცას მეორე ნაწილში ზეონის დისკოთეკა? ადამიანები ერთი საუკუნის შემდეგ უზარმაზარ გამოქვაბულში Fluke-ის მუსიკაზე ცეკვავენ, რომელიც პირველყოფილი მოტივებით იწყება და შემდეგ მთლიანად ელექტრონული ხდება. იყო ამ მუსიკის არჩევაში სიმბოლური მომენტი, ანუ 100 წლის შემდეგ ადამიანი გამოქვაბულშიც კი რომ შეაგდო, ის აღარ დაიწყებს როკვას აფრიკული ტომების მუსიკის მსგავსზე, რადგან ის უკვე სხვა არსებაა, სხვანაირად განვითარებული ტვინის წინა ნაწილით, სხვა სიხშირეებზე მოაზროვნე.

საქართველოში ამ მხრივ რა ვითარებაა? ჰყავს ასეთ მუსიკას მსმენელი? შემსრულებელი?

იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, მით უფრო საინტერესოა თანამედროვე ქართველებზე დაკვირვება – მათ ტვინამდე თუ გულამდე ჯერ ვერ მიდის ეს ტექნო-რიტმები, კლუბებში უსმენენ, შინ, ყურსასმენებით კი ძალიან იშვიათად, რაც ვფიქრობ განასხვავებს მისი ევოლუციის მდგომარეობას თუნდაც დასავლელი ადამიანებისგან.

ჩემი ვარაუდით, ელექტრონულ მუსიკას სისტემატურად ქართველების 10% თუ უსმენს და ესეც გაზრდილი რიცხვი მგონია. ძირითადად ისეთ ელექტრონულ მუსიკას უსმენენ, რის ფონზეც ან უნდა იცეკვო ან იკაიფო – ევროდენსი, ტრანსი, ჩილაუთიც. მოკლედ, კლუბების და ბარების გავლენით უსმენენ ან ესმინებათ. აი, დაბსტეპს, დეტროიტ ტექნოს და მსგავს მუსიკას ერთეულები უსმენენ.

 

ჩვენები აკეთებენ მინიმალს აიდიემის ელემენტებით, მომისმენია კომპოზიციებიც ტრანსის ჟანრში. გარდა იმისა, რომ ეს არ არის ჩემი ფავორიტი სუბ-ჟანრები, ისეც ვფიქრობ, რომ ამ მიმდინარეობის მსოფლიო წარმომადგენლები წინ არიან ერთი-ორი ათეული წლით და შეუდარებლად უკეთეს მუსიკას აკეთებენ, ამიტომ ქართული ელექტრონული მუსიკის მსმენელი არ ვარ და ამაზე კომპეტენტურად ვერ ვისაუბრებ.

ბედნიერები არიან თუ არა ჰედონისტები?

 

საინტერესო გადასვლაა. ამ კითხვას რომ უპასუხო, უნდა გაიგო, როგორ და რის გამო გახდა ადამიანი ჰედონისტი.

როგორ ხდებიან ადამიანები ჰედონისტები? აქვს თუ არა ამას რაღაც მიზეზი? თუ რწმენასავითაა?

 

ადამიანები ჩვენს საუკუნეში ჰედონისტები არ ხდებიან, ასეთებად იბადებიან.

ეს რელიგიასავითაა, დაბადებიდან გინერგავენ იმას, რომ ბედნიერი უნდა იყო. 20-ე საუკუნეში კაცობრიობამ ძალიან უცნაური მაქსიმები შეიმუშავა, რის მიხედვითაც ზუსტად განსაზღვრა, რა არის ეს ბედნიერება. თუ შენ არ გაქვს იდეალური ჯანმრთელობა, მინიმუმ სამჯერ სექსი კვირის განმავლობაში, იდეალური სამსახური და ა.შ. ვერ აკმაყოფილებ თანამედროვე ბედნიერი ადამიანის კრიტერიუმებს. ამის გამო შენ იწყებ არა გემრიელი, არამედ სასარგებლო საკვების მოხმარებას, სიყვარულით და აერობიკით ერთნაირად კავდები, ერთგვარ მარათონზე გიწევს ცხოვრება. ჟურნალებიდან და ტვ-დან ყოველდღე გეუბნებიან, რომ უნდა გაიღიმო, შეიქმნა პოზიტიური განწყობა, იყო ბედნიერი, უხეშად რომ ვთქვათ, ბედნიერების პროპაგანდას ეწევიან. ამაზე საინტერესოდ შენიშნა პასკალ ბრუკნერმა, ყოველდღე და ყველგან რადგან ამისკენ მოგვიწოდებენ, ესე იგი ბედნიერება არც ისე მარტივი მისაღწევიაო. ეს მართლაც ასეა, ამიტომ ადარებდა ბეგბედერი თანამედროვე მსოფლიოს დიდ დისკოთეკას – არის საშუალებები, რომლებიც გეხმარება იოლად და სწრაფად გახდე ბედნიერი, ამიტომ თანამედროვე ჰომო საპიენსმა თავი ჰედონიზმს შეაფარა, რომ თავი უიღბლოდ და უბედურად არ ეგრძნო. თუმცა როგორც სექსუალურმა რევოლუციამ ვერ გახადა ადამიანი უფრო თავისუფალი სექსში, ისე ამ მასობრივმა სიამოვნებებმა ვერ აქცია უფრო ბედნიერად. პირიქით, ჩვენ ყველაზე უბედურები ვართ, რადგან იძულებულები ვართ ბედნიერები ვიყოთ.

 

მე ვფიქრობ, რომ როცა ადამიანების დეპრესია ამ ბედნიერების ისტერიის გამო ზღვარს მიაღწევს, ის პროტესტს გამოუცხადებს მას და მერე გახდება ნამდვილი ჰედონისტი, ანუ ისწავლის როგორ მიიღოს სიამოვნება უბრალოდ სასიამოვნო რაღაცებისგან, იმას, რომ წარმატებული სექსუალური ცხოვრება აქტების და პარტნიორების რაოდენობით არ იზომება, რომ იმისთვის დაიბადე, რათა დაბერდე და მოკვდე, ეს ბუნებრივია და არა კატასტროფული, მაინც ვერ გიშველის დამბალი ხორბლის ჭამა და 20 წლით სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის მთელი ცხოვრების გამწარება.

საკუთარ თავს თუ მიაკუთვნებ ჰედონისტთა რიცხვს?

 

კი, მე ორივე კატეგორიას მივეკუთვნები. დიდ დროს და ფინანსებს ვუთმობ თავის მოვლას და გულწრფელად მჯერა, რომ შედეგად ბედნიერი ვიქნები, თუმცა ვარჯიში, სპა და ასეთი რაღაცები ყოველთვის დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს. ისე, კლასიკური, მოძველებული გაგებით ჰედონისტი უფრო ვარ. თუ შემომთავაზებ რამე სამეცნიერო კონფერენციაზე დასწრებას და მეორე მხრივ მექნება არჩევანი ჩავუჯდე ჰომეროსს ფინჯან ამერიკანოსთან ერთად სადმე, მზით განათებულ ბაღში, მეორეს ავირჩევ. სუფთა ჰაერზე გასეირნება Massive Attack-ით ყურებში, თან თუ განწყობისთვის შესაფერის სუნამოს ვატარებ და რამე ლამაზი მაცვია – ეს ჩემთვის უკვე წარმატებული დღეა. ძალიან არაამბიციურ და არასაქმიან ადამიანად წარმოვაჩინე საკუთარი თავი, რაც არასწორია, ძალიან შრომისმოყვარე ვარ. უბრალოდ სიამოვნება ჩემთვის ძალიან მაღალი ფასეულობაა, ამის თქმა მინდოდა.

ოსკარ უაილდი ამბობდა, რომ მოდა იმდენად მახინჯია, რომ მისი შეცვლა ადამიანობას ყოველ ნახევარ წელიწადში სჭირდება. მართლა ასეთი მახინჯია?

 

გააჩნია კოლექციას. საშინელი კოლექციები მინახავს, გახსენებაც არ მინდა და მინახავს ისეთებიც, ჭეშმარიტ ესთეტიკურ სიამოვნებას განიჭებს. თუმცა, რა ლამაზიც არ უნდა იყოს ვინმეს კოლექცია, ის არ შეიძლება ატარო დეკადის განმავლობაში, რადგან ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისთვის, რომ ის ასეთ ერთფეროვნებაში გაატარო.

 

ისე კი, მოდა არ იცვლება იმის გამო, რომ ის მახინჯია ან ვინმეს სიახლე სჭირდება გარდერობში. ამას გაცილებით სერიოზული და საინტერესო მიზეზები აქვს. მოდაში აისახება საზოგადოებაში მიმდინარე ყველა სერიოზული თუ არასერიოზული ცვლილება, იდეოლოგიები, განწყობები, ამიტომ არასოდეს მესმოდა ადამიანების, ვინც მოდას ირონიით უყურებს და ნაჭრების ინდუსტრიას ეძახის. გადაავლე თვალი რომელიმე ერთი სეზონის კოლექციებს და შენთვის ცხადი გახდება თანამედროვე გენდერული პრობლემები, ეკონომიკური კრიზისი, მილიტარისტული განწყობები და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეტ-ა-პორტეც კი ხელოვნების დარგია და არა ვინმე fashion victim-ის გასახარად მოგონილი მოდური სამოსის ერთობლიობა.

საჭიროა თუ არა, ადამიანს ბევრი ფული ჰქონდეს, რომ მოდურად ეცვას?

ყველაზე დემოკრატიული ბრენდებიც კი იმაზე მუშაობენ, რომ მომხმარებელს მოდურად ჩააცვან, ასე რომ, რა თქმა უნდა, არა. მოდურად შეგიძლია ჩაიცვა 100-130 დოლარის ფარგლებში, შეხვალ მანგოს, ბენეტონის ან H&M-ის მაღაზიაში და რამდენიმე ნივთს შეიძენ. (თბილისის მაღაზიები არ მიგულისხმია, რომლებსაც თითქმის ლუქს კატეგორიაში გაჰყავთ ეს ბრენდები გაზრდილი ფასებით). მოდურად შეიძლება მხოლოდ ერთი ნივთის თუ აქსესუარის დახმარებითაც გამოიყურებოდე, მთავარია მისი სწორად შერჩევა. თუმცა, ბევრი ფული თუ არა, საკმაოდ ბევრი გჭირდება იმისთვის, რომ ხარისხიანი ტანსაცმელი შეიძინო.

საქართველოში თუ არსებობს მოდა?

საქართველოში არ მეგულება დიზაინერი, რომლის კოლექციაც ზოგად ტენდენციებს განსაზღვრავდეს, ძირითადად ყველა მოქმედებს სხვა გავლენიანი მოდის სახლების გავლენით, ისეთებით, როგორიცაა დიორი, დოლჩე და გაბანა და ა.შ. თუ მეკითხები ქუჩის მოდაზე, ბუნებრივია, ის არსებობს, თუმცა ისიც, ძირითადად, იმის გამოძახილია, რა შექმნა დიორისნაირმა სახლმა, თანაც ერთი-ორი სეზონის წინ. ტენდენციები ჩვენში გვიან მკვიდრდება. ამასთან, როგორც შეიძლება მოხდეს, მაგ. ამერიკაში, რომ ქუჩის მოდამ გავლენა მოახდინოს ცნობილი დიზაინერების ნამუშევრებზე, ჩვენთან ასეთ რამეს გამოვრიცხავ. ქართველები ჩაცმის მხრივ საკმაოდ არაექსპრესიულები ვართ, ექსპერიმენტებისაც გვეშინია, ამიტომ ორიგინალური მოდა, არ მგონია, საქართველოში არსებობდეს და მითუმეტეს ვერ გახდება სხვისი შთაგონების წყარო.

 

რამეს ხომ არ დაამატებდი? რა აზრის ხარ ამ რუბრიკაზე? ან ზოგადად ბლოგზე.

ბლოგის სისტემატური მკითხველი ვარ და ამით ყველაფერია ნათქვამი. რაც შეეხება რუბრიკას, ის ძალიან საინტერესოა, როცა ჩემთვის საინტერესო თემებს ირჩევენ სასაუბროდ. (აქ უნდა ეწეროს, რომ ვიღიმები).🙂 ისე კი, რესპონდენტის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძლება ბანალურ თემაზეც კი ადამიანმა ძალიან საინტერესოდ ისაუბროს და ამის მაგალითები ამ რუბრიკაში უკვე შემხვდა. ჰოდა, ბევრ იდეებს, წარმატებებს და კარგ რესპონდენტებს გისურვებ.

8 thoughts on “21-ე საუკუნეში ტვინი ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ინტერვიუ ნინა ახლოურთან

  1. keti

    კარგი მოსაუბრე, საინტერესო თემები… მოკლედ, ძალიან მომეწონა!🙂

    Reply
  2. Lord Vader

    ორ ზუსტად ერთნაირ პლანშეტს შორის მოდური ისაა, რომელიც ეფლისაა.🙂
    ორ ზუსტად ერთნაირ “მზესუმზირებს” შორის, მოდური ისაა, რომელიც ვან გოგისაა და არა ის, რომელიც ტოკლიკაშვილის, თუნდაც ერთმანეთისგან ვერ გაარჩიოთ.🙂
    რეპლიკა მოდური არაა. ის უბრალოდ რეპლიკაა.

    Reply
  3. Nina Gorecki

    ქეთი, მიხარია თუ საინტერესო იყო❤

    ლორდ,
    ბალმენის და forever.21-ის მილიტარი პიჯაკი ერთნაირად მოდურია, მთავარია ხარისხი (შენ ხარ სნობი და ბრენდის მონა :D)

    Reply
  4. Lord Vader

    სხვის ბლოგზე კამათი რა ზრდილობაა?😦 შენ საკუთარ ბლოგზე არ გყოფნის?🙂

    ტაქნსაცმელს კერავენ დიზაინერები, მაგრამ მოდას ქმნიან მარკეტოლოგები.
    ახალი ამბავია?🙂
    სად იქნებოდა “დიზელი” დასი რომ არა? ტრაკში.

    Reply
  5. Nina Gorecki

    აა კომენტარი დათოს დაუტოვე? იზვინიაიუს :))
    ეხა მარკეტინგზე გადავიდა😀 შექმნან მერე ) ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი მომსახურებით უფასოდ ვერ ისარგებლებს forever 21😀

    Reply
    1. Lord Vader

      არავისაც არ დავუტოვე პერსონალურად.🙂 უბრალოდ დავწერე, რასაც ვფიქრობ.
      მაგრამ ეს სხვისი ბლოგია და აქ ჩვენი ტრადიციული რაზბორკების დაწყება არაა ლამაზი.🙂

      დიზაინერის, მარკეტილოგის და წლების.🙂
      იმ წლების, რისი დამსახურებაცაა მოვლილი და კოხტა ინგლისური გაზონები.🙂

      Reply
  6. lobzhanidze Post author

    მოდა ისე მესმის, როგორც ვირს ხურმის, ასე რომ ვერანაირად ვერ ვიქნები კომპეტენტური🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s