Monthly Archives: March 2011

ქართველი “ინწელექწუალები.” სერიიდან “გამგები გაიგებს”.

თუ ჩვენი შეგეშინდათ ან გაღიზიანდით ბოღმიანები და შურიანები დაგვიძახეთ. მოგეშვებათ.

ჩვენ,  იმიტომ რომ პირველი არ ვარ და არც უკანასკნელი ვინც ასეთ წერილს თუ პოსტს რომ გიძღვნით.

ჩვენ, იმიტომ რომ მოგვბეზრდა.

თქვენ “ინტელექტს” და საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლ ფარს ამოფარებულები უბრალო კონფორმისტები ხართ.

კონფორმიზმში არაფერი ცუდი არაა თუ ამ შემთხვევაში გულახდილები ხართ. მაგრამ  როდესაც თქვენ საკუთარ თავს საზოგადოების თუ ერისთვის მებრძოლ პიროვნებას ეძახით, რომელსაც საზღვარგარეთ წასვლა და იქ წარმატების მიღწევა არ სურს იმიტომ რომ სამშობლოს სჭირდება ნება გვიბოძეთ და თქვენ უბრალო “ფარისევლები” გიწოდოთ.

საზღვარგარეთ თქვენნაირები საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები არიან რომლებიც კარგი კინოს ყურებით და კარგი წიგნების კითხვით ტკბებიან. თქვენ კი საქართველოში პრივილიგირებულები ბრძანდებით, აქ “მეფობთ” და იმის მაგივრად რომ საზოგადოებისთვის რამე სასარგებლო გააკეთოთ შექმნილ პრივილეგიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებთ.

პირადი ინტერესების ზოგიერთ მაგალითს არ დავასახელებ, მეშინია რამეფობი დამიძახონ, არადა ასეთი ნამდვილად არ ვარ. და “რამეფობია” ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს საქართველოში.

უბრალოდ როდესაც ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზე ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს და ათასობით ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილობს “რამეფოობის” პირველ პლანზე გადმოწევა და ქვეყნის მთავარ პრობლემად შერაცხვა ცოტა უადგილოდ მეჩვენება.

გულისამრევია თქვენი კასტური მენტალიტეტი. გულისამრევია თქვენს მიერ ირგვლივ ლოიალური თითო – ოროლა მსოფლიო მაშტაბის ინტელექტუალის სახელის მცოდნე ახალგაზრდა “ინწელექწუალების” შემოკრება და მათი გამოზრდა.

“კარგი ბიჭი ხარ, კარგი გოგო ხარ”, ეტყვით და თქვენი “გონებრივი სტომაქი” კმაყოფილებით და თვითსიყვარულით აღივსება.

ერთმა ნაცნობმა ერთხელ დაახლოებით შემდეგი შინაარსის რამე მითხრა, “საქმე ისაა რომ ძალიან უვიცი თაობა მოდის და ყველაზე ცუდი ისაა რომ პრივილიგირებულ მდგომარეობაში ხვდებიან და საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილები არიან.”

პიარის კურსს რომ გავდიოდი (ისე ამის მისახვედრად მაინცდამაინც პიარის კურსის გავლა არაა საჭირო), ერთ-ერთ ლექციაზე ის აგვიხსნეს თუ როგორ ხდება “ავტორიტეტებით მანიპულირება.” მაგალითად მავანს შეუძლია თქვას, “ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა…” და შემდეგ უკვე ეს სამწერტილი ნებისმიერი შინაარსით შეავსოს, თუნდაც იყოს ასეთ ტიპის წინადადება “ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა რომ ბერლინის კედლის დაშლა ჩრდილოეთ კორეაში კომუნიზმის დასამყარებლად აუცილებლობას წარმოადგენდა .”

ხსენებული წინადადებით რა თქმა უნდა თემის უტრირებას ვახდენ მაგრამ ჩვენს საყვარელ “ინწელექწუალ” ახალგაზრდებს დებატებისას თუ დააკვირდებით ხშირად თამაშის ანალოგიურ წესებს აღმოაჩენთ. ზოგჯერ ისეთ ავტორიტეტებს მოიშველიებენ არგუმენტაციისას რომ უვიცობის გამო და წაუკითხავობის გამო საკუთარი თავის გრცხვენიათ.

ასეთი ტიპის ფრაზები მიმართულია ხალხზე, მკითხველზე რომელიც მთქმელის სახით ავტორიტეტს ხედავს და დაბეჭდილ სიტყვის სისწორეში ეჭვი არ შეაქვს.

მაგრამ, საკმარისია ოდნავ მცოდნემ ფრაზის ავტორს წყარო და არგუმენტის ფაქტებით გამაგრება სთხოვოს რომ ის უგზო უკვლოდ ქრება (თუ განსაკუთრებით ნამუსიანი გამოდგა შეიძლება დროებით პირწიგნაკიც კი წაშალოს).

ზოგიერთი თქვენგანი მორალისტებს გვეძახის და გვეუბნება რომ მორალი არ არსებობს, მაგრამ თქვენ ყოველდღიური კლანური და კასტური ქმედებებით ახალ მორალს ქმნით. ქმნით იმდენად რამდენადაც პირველი მორალური კოდი საზოგადოებაში კლანური სისტემის (გაბატონებული კლასის)გამოჩენისთანავე შეიქმნა.

ჩვენ თქვენი ან თქვენნაირების მორალი არ მოგვწონს, არ მოგვწონს იმდენად რამდენადაც გვეუბნებით “რა დროს მარქსიაო,”არა იმიტომ რომ მარქსი მოგვწონს ან არ მოგვწონს, არამედ იმიტომ რომ მარქსამდე იყო შექსპირი, მური, მილტონი,ბეკონი, ვოლტერი, ალიგიერი, ჰომეროსი… ნუთუ “რა დროს …(აქ ჩასვით ნებისმიერი ჩამოთვლილთაგან)” ფრაზა მართლა ღირებულად მიგაჩნიათ? ეს იმ შემთხვევას მაგონებს ერთ-ერთ სკოლელმა რომ გაიგო ჩემზე ბიტლზს უსმენსო, “რა დროს ბიტლზიაო?”

… დაგვიძახეთ შურიანები და ბოღმიანები. მოგეშვებათ.

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

ნაბიჯი III. სისხლი.

2005 წელს ჩეხეთში საზაფხულო ბანაკში ყოფნისას ჩემი ასაკის ადამიანები გავიცანი, ათზე მეტი იყვნენ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ.

ერთად ორი კვირა გავატარეთ და ყოველ საღამოს კოცონს მივუსხდებოდით ხოლმე და რა თქმა უნდა სხვადასხვა თემებს მიმოვიხილავდით. ერთხელაც საუბარი საქართველოს თემას შეეხო. 90-იანების ომის მოვლენებს რა თქმა უნდა ვერ გავექეცით და ამიტომაც განხილვისას საქართველოს ხორვატია (ბანაკის ერთ-ერთი მონაწილე ხორვატიიდან იყო) დაემატა.

ჩვენც ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყნებში გაგონილ თუ ნანახ ამბებს ვუყვებოდით. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენმა ერთ-ერთმა ფრანგმა მეგობარმა სახეშეწუხელმა გამოგვიცხადა, “შოკირებული ვარ ამ ყველაფრით და ძალიან დიდი ბოდიში რომ ეს თემა წამოვწიეთ და ასეთი მტკივნეულ თემას შევეხეთ.”

გულახდილად შეშფოთებული და შეშინებული იყო.

ჩვენ ღიმილით ვუპასუხეთ და დავამშვიდეთ. მართლაც, დღევანდელი გადასახედიდან 90-იანი წლების ომი საქართველოში ჩემი ასაკის ადამიანისთვის ალბათ უფრო ადვილი გადასატანი იყო, ის იმდენად ადრე იქცა ბიოგრაფიის ნაწილად ჩვენი თოაბის წარმომადგენლებისთვის რომ მას თითქოს “ნორმალურ” მოვლენადაც კი აღვიქვამდით.

აი, 2008 წლის ომი კი სულ სხვა შემთხვევა იყო, სწორედ მაშინ გაგვახსენდა ბავშობის არც თუ ისე ბედნიერი დღეები და თითქოს სამუდამოდ დავიწყებული უბრალოდ დალექილი აღმოჩნდა ჩვენს მეხსიერებაში.

და მაინც რა გვახსოვს იმ პერიოდიდან?

უშუქობა, “კეროსინკით” გათბობა, სანთლის შუქი, კილომეტრობით მანძილის ფეხით გავლა და ა.შ. ამ ყველაფრის რომანტიზირება ალბათ შესაძლებელია და ზოგჯერ საჭიროც კია, მაგრამ ამავდროულად იმის აღქმა რომ ეს ყველაფერი არანორმალურია აბსოლიტურ აუცილებლობას წარმოადგენს.

ჩვენ ბავშვობა წაგვართვეს, ჩვენს მშობლებთ კი ახალგაზრდობა…

სანთლის შუქი ნორმალურ მოვლენას წარმოადგენდა ჩემთვის, არასდროს გამკირვებია მის ფონზე საათობით საშინაო დავალების კეთება ან წიგნის კითხვა. არც მინიტიარული აკუმულატორზე “ელექტონრონიკიდან” შავ თეთრად მულტფილმების ყურება. ბევრად უფრო მიკვირდა დენს რომ გვაძლევდნენ და ჩვენს “ზალაშიც” ჭაღი კაშკაშებდა, თუმცა უფრო ხშირად კაშკაშის ნაცვლად დაბალი ძაბვის გამო, უფრო ბჟუტურებდაო ითქმის.

თან ეს დენის მოცემის მომენტები სოციალური აქტობობით გამოირჩეოდა და უბანში სინქრონულად გაისმოდა ხოლმე გახარებული “სტვენის” თუ აღფრთოვანების შეძახილები. ეს იყო გულახდილი სიხარული და “საერთო ზეიმი.” მაშინ დღეში ერთხელ დენის მოცემა ზოგჯერ ალბათ უფრო უხაროდა ხალხს და უფრო სოციალურ მოვლენას წარმოადგენდა იმდროინდელი ადამიანისთვის ვიდრე დღეს ერთბაშად 50 ლაიქი ფეისბუქზე.

რთულ პირობებში გაზრდილებს შეიძლება ილუზიაც კი შეგვქმნოდა რომ ის რაც ჩვენთან ხდებოდა (და გარკვეულწილად კიდევ ხდება) ნორმალურობას წარმოადგენს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები და ცხოვრების წესი ყალბია.

ადამიანი იმდენად ეჩვევა ზოგიერთ რამეს რომ რეალობის ასეთი აღქმა სავსებით ლოგიკურია. არადა, “ისინი” ცხოვრობენ ნორმალურად და ისე როგორც ეს ადამიანებს შეეფერებათ.

ის რომ “მათ” ომი მხოლოდ ფილმებში და ათასობით კილომეტრის მოშორებით აქვთ ნანახი ბევრად უფრო სწორია (აქ არ იგულისხმება ზოგიერთ შემთხვევაში თემის ნიჰილირება) ვიდრე კონფლიქტურ რეგიონში ცხოვრება.

ჩემს თაობას ახსოვს სისხლი, ახსოვს განუკითხაობა ქუჩებში, ახსოვს პურის რიგები, დეფიციტი საქონელზე და ასე შემდეგ. ამის დავიწყება არ შეიძლება და არც არასოდეს დაგვავიწყდება, აი ამის გამეორება კი დანაშაულია.

გაგრძელება იქნება

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში. ნაწილი I

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში. ნაწილი II

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

ნაბიჯი II.  კოკა კოლის სიროპით გამთბარი გული.

დღეს კოკა კოლით საქართველოში ვერავის გააკვირვებ.

არადა, ჩემს მეხსიერებაში ამ სასმელთან პირველი ურთიერთობა დღემდე ბავშვობის მოგონებებს აღძრავს.

ვახშამის მაგიდასთან შემომსხდარი, თბილ სვიტრში გამოწყობილი და “კეროსინკისგან” არც თუ ისე შორს მყოფი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბიძაჩემის მოსვლას ველოდებოდი. ბიძაჩემის მოსვლა ბავშვობაში განსაკუთრებით მიხაროდა ხოლმე, მიუხედავად უშუქობისა, შიდასახელმწიფოებრივი არეულობისა თუ სხვა არასასიამოვნო (განსაკუთრებით უფროსებითვის) ფაქტებისა ის ყოველთვის ახერხებდა ჩვენს გამხიარულებას.

ამ ეტაპზე რთულია იმის დანამდვილებით მტკიცება თუ როდის ვეზიარე “იუმორის გრძნობას” პირველად, მაგრამ მინდა ვფიქრობდე და მჯერა კიდევაც რომ ასეთი სწორედ ბიძაჩემმა გამაცნო.

მოკლედ, ბიძაჩემის ვიზიტი სიურპრიზით აღინიშნა, რომელმაც მე და ჩემი ძმა ერთი ორად გაგვახარა, მიზეზი – კოკა კოლის, 0.25-იანი ორი ბოთლი, სწორედ რომ “პატარებისთვის” განკუთვნილი. კარგად მახსოვს ის ბოთლები, ასეთებს დღეს იშვიათად შეხვდებით.

ახლა კოკა კოლა არ მიყვარს და მის დალევას თუნდაც წყლის დალევა მირჩევნია, მაგრამ მაშინ რაღაც განსაკუთრებულ, ენერგიის მომცემ და ტკბილ (მხოლოდ გლუკოზას როდი ვგულისხმობ) სასმელად მეჩვენებოდა.

ჩვენს ბავშვობაში კოკა – კოლა ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, სიმბოლოდ რომელიც ერთმანეთში სნიკერს, ბანანებს, ფერად პარკებს, “ნაკლეიკებს” და სხვა დასავლურ პროდუქტებს განასახიერებდა.

კოკა-კოლა იყო ერთგვარი რევოლუცია პოსტ სოვეტიკუს ბავშვებისთვის. მაშინ როდესაც დასავლელი ბავშვები ამ პროდუქტებს ბავშვობიდანვე იყვნენ შეჩვეულნი და ყოველდღიურ მოსაწყენ რეალობად აღიქვამდნენ ჩვენ ერთმანეთს “ბანანანის თუ სნიკერსის (მოგვიანებით მარსის) ჭამაში” ვეჯიბრებოდით. “იმას სნიკერსი აქვს ნაჭამი” – იტყოდა მავანი სკოლაში თუ ბაღში. ჩემი თაობა “რომანტიკას” ბავშობაშივე ეზიარა.

მერე იყო იუპი, “ჯადოსნური” ფხნილი რომელიც წყლის უბრალო დამატებით გემრიელ “წვენად” გვეჩვენებოდა, მერე ზუკო და ინვაიტი.

ინვაიტი მთლად საოცრებად მიმაჩნდა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტად იზრდებოდა ამ წვენის პოტენციალი.

თავიდან ერთი პაკეტით ერთ ლიტრს თუ ვაზავებდით, მერე ლიტრ ნახევრის, მოგვიანებით კი სულაც ორ ლიტრზე მეტის გაზავება შეგვეძლო. მერე რა რომ არ იყო სასარგებლო და ბევრ მავნებულ ელემენტსაც შეიცავდა?

ჩვენ მაკონდოს მაცხოვრებლებს ვგავდით, რომლებთანაც “მელკიადეს” ყოველდღიურად სამყაროს ახალი საოცრებები მოჰქონდა. ჩვენც მეტს და მეტს ვითხოვდით და ყოველდღიურ გაოცებას ვეძლეოდით. “გუშინდელი” პროდუქტით გაკვირვებულს კი მავანი ნიშნის მოგებით “უნახავს” უწოდებდა.

“მელკიადესის” მორიგი საჩუქარი დენდი და სუბორი იყო.

ჩვენც ხანმოკლე დროით მოცემულ ელექტროენერგიას მეზობელთან “კონტრას” ან “ტანკების” თამაშში ვატარებდით. მთლად კარგი იყო თუ რომელიმეს მშობელს “ლევი” დენი ჰქონდა გაყვანილი, ეს ხომ ჩვენი თამაშის დროს ერთი ორად ზრდიდა, ჩვენც გვიხაროდა. კომპიუტერის თამაში არასდროს გვებზრდებოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მოსაბეზრდებლად დრო არ გვრჩებოდა…

გაგრძელება იქნება

ჩემი თაობის ანატომია. ოპერაცია რამდენიმე აქტში.

ნაბიჯი I. პერესტროიკის ჭიპლარი.

ადამიანი მრავალმილიონიანი კომბინაციების შედეგად იბადება. ამოაგდეთ ამ
მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან ერთ-ერთი, თუნდაც ყველაზე მცირე დეტალი და კონკრეტული ადამიანი არასდროს მოევლინება ამ ქვეყანას.

ჩემი თაობის მილიონობით წარმომადგენლის (საქართველოში თუ სოც. ბანაკში) დაბადებას უახლოეს ისტორიაში წინ პირველი და მეორე მსოფლიო ომები უძღვოდა, ლენინის და სტალინის დიქტატურა,  5 წლიანი გეგმები, ოქტომბრის რევოლუცია, სტოლიპინის რეფორმა, 37 წელი და მრავალი სხვა.  საეჭვოა რომელიმე ჩვენგანი რომელიც 30 წელს არ არის გადაცილებული დაბადებულიყო რომ არა ამ მოვლენების ერთობლიობა.

თუმცა, დაბადებისთანავე ჭიპლარი “პერესტროკამ” გადაგვიჭრა და ცნობიერებაში იარა დაგვიტოვა, იარა რომელიც ჩვენს სიკვდილამდე შეგვახსენებს თავს.

ჩვენი თაობა განსხვავებულია სხვა თაობებისგან, თქვენ იტყვით რომელი თაობა არაა ერთი იდენტური სხვასთან მიმართებაში, მაგრამ ეს თაობა მართლაც რომ სხვანაირია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ გვახსოვს, საბჭოთა კავშირიდან გამოვედით,მაგრამ ცნობიერებით იქ დავრჩით.

ჩვენს მეხსიერებას პირდაპირ არ ახსოვს ბრეჟნევის ზასოსები, კოლმეურნეობის წარმატებები, ცოის საპროტესტო კონცერტები, მაგრამ ეს ყველაფერი ამავდროულად მკვეთრად დაფიქსირებულია ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში. ჩვენს მკლავებზე ჯერ კიდევ გამოსახულია რიგითი ნომრები.

ჩემი პირველი მოგონებები 3 წლის ასაკს უკავშირდება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მოგონებები არა პირდაპირ სსრკ-ს თუ მასთან დაკავშირებულ რომელიმე ფაქტს, არამედ უფრო ადამიანურ მოვლენებთანაა კავშირში, მაგალითად ისეთთან თუ როგორ მაჩუქა ჩემმა დიდმა ბაბუამ რობოტი, როგორ დავტანტალებდი ქუჩაში დედიშობილა და ა.შ. ჩემთვის ეს იყო საბჭოთა კავშირიც და პერესტროიკაც.

გარკვეულ ასაკამდე ადამიანისთვის სულერთია რომელ პოლიტიკურ წყობაში თუ გარემოში ცხოვრობს, ის გარშემორტყმულია მშობლებით. ბავშვები უდარდელი ცხოვრებით ცხოვრობენ, შეიძლება ითქვას უფრო “ნაღდით ცხოვრებით” და მათი მშობლების თუ ნათესავების პრეროგატივაა ითამაშონ უფროსების თამაში. ისინ ხომ ასეთი ბავშვურები არიან.

84-85-86 წლებში დაბადებულებს საბჭოთა კავშირიდან პრაქტიკულად არაფერი ახსოვთ, თითქმის არცერთი საგანი რაც მათ ბავშვობას პირდაპირ გაახსენებდა, ეს საგნები ჩვენს ცხოვრებაში ფუნქცია დაკარგულები შემოვიდნენ, ასაკში როდესაც უკვე გაცნობიერება შეგვეძლო, იმის გაცნობიერება რომ სწორედ ეს საგნები დომინირებდნენ ჩვენს ირგვლივ ჩვენთვის ასე სათუთ ასაკში.

რამდენიმე წელიწადში ჩვენ სნიკერსი და ბანანი ვიგემეთ…

გაგრძელება იქნება.

პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო… ვინ არიან ქართველი მწერლები?

მაშინ როდესაც ინგლისური ენის ლექსიკონები ყოველდღიურად ახალი
სიტყვებით ივსება, ხოლო შეგნებული სამყაროს მწერლები ერთმანეთს ენის ცოდნაში თუ ფანტაზიის უკიდეგანოობაში ეჯიბრებიან, ზაზა ბურჭულაძე ბანალური და მოძველებული ეპატაჟის ხერხებით ცდილობს ქუთაისის მოსახლეობის “აგდებას.”

ყველაზე ცუდი კი ისაა რომ ესენიც “ვარდებიან” და აღშფოთებულები “გარყვნილ” მწერალს განიხილავენ.

ქვეყანაში სადაც 40 წლით დაგვიანებული მასალის დაკოპირებით გადიან ფონს , მსგავსი საღამოების ახალ ამბებში (თუნდაც სოციალურ მედიაში) მოხვედრის არ უნდა გვიკვირდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ საქართველოში დრო “გაჩერდა” და ახალი არ აფერი ხდება.

თუმცა, გაჩერებული თუ დაკარგული დროის თემაზე აქ საუბარს არ ვაპირებ, ამის ნაცვლად სჯობია “თანამედროვე” ქართველი მწერლის რამდენიმე სახე თუ ტიპი განვიხილოთ.

მამა – პაპური ტრადიციების გამგრძელებლები

ესენი ძირითადად უფროსი, “კომუნიზმში” დაბადებული თაობის
წარმომადგენლები არიან, რომლებიც ყველაფერ ქართულს სათუთად ეპყრობიან და გარე (დასავლური) ჩარევისგან იცავენ.

გულწრფელად სწამთ რომ ქართული ლიტერატურა კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად მოკვდა, ერი გაირყვნა და აღარაფერი გვეშველება.

წარსულში სახელოვანი და წარმატებული მწერლებისგან განსხვავებით ამ ჯგუფის უმრავლესობამ აქტუალობა ვერ შეინარჩუნა, იმ მარტივი მიზეზით რომ დროს ფეხი ვერ აუწყო და სიახლეების ძებნის მაგივრად ქართველი კლასიკოსების პირდაპირი კოპირება გადაწყვიტა.

ზომიერი თაობის მწერლები

ესენი 90-იანების დასაწყისში, ქართული დამოუკიდებლობის ფეხდაფეხ აღმოცენდნენ.  ამ პერიოდმა მათ პატრიოტული გრძნობები გაუღვივა, თუმცა ჟამთა ცვლამ ფუნდამენტალიზმობამდე გრძნობები ვერ დაიყვანა და ისინიც “მამა პაპური” თაობისგან რიგ საკითხებში განსხვავდებიან.

თუმცა, ზომიერების გამო  “მამა-პაპური” თაობისგან სიმპატიითაც კი სარგებლობენ, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მათგანი ხანდახან ქართულ “სიწმინდეებს” ეხება და გვახსენებს რომ ესა თუ ის ისტორიული პიროვნებაც ადამიანი იყო და ხანდახან ტუალეტშიც კი დადიოდა.

ხშირად ჩნდებიან ტელევიზორში, ხანდახან გვახსენებენ რუსულ ინტერვენციას და ქართული ტერიტორიული მთლიანობის აუცილებლობას.

“მესამე არს კარგი ლექსი სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად…”

ამათი მწერლებად მოხსენიება უხერხულიც კია, მწერლობა მათვის უფრო “ჰობის” წარმოადგენს. ის ფაქტი რომ ხანდახან მათი ნამუშევრები ამ პოსტში სხვა კატეგორიის წარმომადნლების ნამუშევრებს არ ჩამოუვარდება რა თქმა უნდა არა მათ ნიჭზე არამედ “ჩამოყალიბებული მწერლების” რეგრესზე მიუთითებს.

მათ შორის გვხდებიან ბიზნესმენები, მენეჯერები, უფროსები და ა.შ. ხშირად წერენ ლექსებს და სუფრაზე ახლო წრეს უზიარებენ, ამიტომაც მათ ყოველთვის საუკეთესო კრიტიკა ხვდება.

როგორც წესი აქვეყნებენ ერთ წიგნს და ამაზე ჩერდებიან, თუმცა გამონაკლისს შემთხვევაში სიცოცხლის მიწურულს ერთ ავტობიოგრაფიასაც გვჩუქნიან ხოლმე, რომ ჩვენ, უბრალო მომკვდავებმა მათგან ვისწავლოთ.

ამორალური მორალისტები

ჭარბობენ ახალგაზრდა თაობაში. იყენებენ მძიმე ირონიას ძველი თაობის მწერლების დასაცინად. ხშირად მათი დაცინვის ობიექტი თანამედროვე “მამა-პაპებს” სცდება და აღიარებულ კლასიკოსებსაც ეხება.

პოპ კულტურის პირმშო.  აგრძელებენ “სწრაფი კვების” ტრადიციებს და “სწრაფ” ლიტერატურას გვთავაზობენ.

წერენ მარტივად გასაგებ ენაზე და “გვაკვირვებენ” არანორმატიული ლექსიკის ცოდნით.  უყვართ დასავლეთი, მაგრამ დასავლეთს ყველაზე ნაკლები 40 წლით ჩამორჩნენ. კითხულობენ ბიტნიკებს, თანამედროვე ფრანგ მწერლებს, იშვიათად კლასიკას.

წარმოადგენენ თანამედროვე ფრანგი “მეტ ნაკლებად ქულ ბოტანიკოსის” ექვივალენტს, პატარა განსხვავებით, იწოდებიან მწერლებად და სარგებლობენ პოპულარობით ეპატაჟის ხარჯზე.


მე იაპონია დამესიზმრა

მეგონა იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას არასათანადო ყურადღება მივაქციე და

საკუთარი თავის მრცხვენოდა, მრცხვენოდა იმდენად რამდენადაც საკუთარ თავს ამ ერის კულტურაზე შეყვარებულ ადამიანად ვთვლი.

თუმცა, გუშინდელმა სიზმარმა  ჩემი ეჭვი საბედნიეროდ გააქარწყლა.

არ მახსოვს თვითმფრინავში ვისხედით თუ ვერთფრენში, არც ის მახსოვს ვისთან ერთად ვიყავი, მოკლედ ციდან დავტრიალებდით იაპონიის ქალაქებს და ვათვარიელებდით.

დანგრეული სახლები ან ზოგადად მიწისძვრის შედეგად დაზარებულებული ინფრასტრუქტურა არ დამსიზრებია, საერთოდ არ ეტყობოდა ამ ქალაქებს მიწისძვრით გამოწვეული შედეგი.

პირიქით, ჩვენ ზეგანვითარებული სახელმწიფო დავინახეთ, რომლის გზებზეც მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანები დადიოდნენ.

აღტაცებას ვერ ვმალავდით და სულ იმას ვიმეორებდით რამდენად წინ არიან დანარჩენ სამყაროსთან შედარებით იაპონელები და რამდენად ძლიერი ხასიათის მატარებლები არიან.

სიზმრის პარალელურად თითქოს ჩემი მეორე მე მიწისძვრას იხსენებდა და რწმუნდებოდა რომ ეს ხალხი მიწისძვრით გამოწვეულ დარტყმას აუცილებლად გადაიტანს და ძალიან მცირე ხანში ჩვეულ რითმში ჩაჯდება.

ჩემი სამუშაო მაგიდა

ცოტა გართობა გადავწყვიტე, გთავაზობთ ფოტო მასალას ჩემი სამუშაო მაგიდიდან

ზედხედი
It does

 

მწეველის “ნაბორი”

 

ჰითჩკოკი, მედია და მედალი, რით დავიმსაურე ეს უკანასკნელი თავად ვერ გამირკვევია

 

ეს უბრალო ხურდები არაა, ყველაზე მძიმე მომენტში მათ სასწაულის მოხდენა და შიმშილისგან გადარჩენა ძალუძთ.
ჩემი ეგვიპტელი მეგობარი, რომელიც მეგობარმა შოტლანდიაში წამოსვლამდე მაჩუქა. როგორც ხედავთ ცალი ფეხი და ხელი აკლია. ლეგენდის თანახმად ერთ-ერთ ეგვიპტურ სოფელს ომში მონაწილეობა მოუხდა, ამიტომაც ყველა ჯანსაღი მამაკაცი საბრძოლველად გაიწვიეს. ყველა მებრძოლი დაიღუპა, სოფელს კი შერჩა ერთადერთი მამაკაცი, რომელმაც “მაჩოობა” ითავა და ქალების უმრავლესობა გაანაყოფირა. ჰეპი ენდი.