Monthly Archives: აპრილი 2011

ლაშა ბუღაძის ვნევაბანი ანუ რატომ არ ვკითხულობთ ქართველები წიგნებს?

ლიტერატურული ასპარეზისა არ ვიცი, მაგრამ ის რომ ლაშა ბუღაძემ ბოლო პერიოდში ვებ სივრცეში ქართველი საზოგადოების “უწიგნურობის” კრიტიკით გაითქვა სახელი ნამდვილად ფაქტია.

არ ვიცი რამდენად უტყუარი ფაქტია, მაგრამ იმის ვარაუდიც შეიძლება რომ სულ ცოტა ხნის წინ ლიბერალის ბლოგზე გამოქვეყნებულ ბუღაძის წერილი “ძალადობა ქალიშვილებზე, მართლმადიდებლობა და ბრუტალური სექსი”  ერთგვარ გაღიზიანებულ პასუხს წარმოადგენს ამავე ვებ პორტალზე რამდენიმე დღის წინ განთავსებულ ტექსტზე, მოთვინიერებული მწერლობა  , ქვეცნობიერ დონეზე მაინც… ყოველშემთხვევაში, მე ასე მეჩვენება.

ამრიგად ბუღაძის სულ ახლად გამომცხვარი ახალი კრიტიკა ერთგვარი სერიის გაგრძელებას წარმოადგენს, “ადიო, დედაო ენავ” კი ამ სიკველის თუ სერიალის წინა ნაწილია. ამ ორ წერილს თუ წავიკითხავთ, ან სულაც უბრალოდ თუ გადავავლებთ თვალს მივხვდებით რომ ავტორი თითქოს კრიტიკულია, ხვეწნა მუდარაშია და ქართველ მკითხველს გაუთვითცნობიერობას აბრალებს, ოღონდ ამასთან ერთად ისაა პარადოქსალური რატომ სთხოვს ავტორი სხვას მისი წიგნების კითხვას თუ ამავდროულად უმეცრებას და უწიგნურობას აბრალებს?

კრიტიკა საჭირო მოვლენაა და ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ როდესაც კრიტიკის ფორმად ლანძღვა გინებას და დაცინვას ირჩევ შენს კეთილზრახვებში მავანს შეიძლება ეჭვი შეეპაროს და ზოგმა უმადურმა “უწიგნურობა” და დაბოღმილობა დაგაბრალოს.

ზოგადად კი, როდესაც საუბრობ ერში წიგნის არაპოპულარობაზე, კი არ უნდა აგინო და დააბრალო სხვებს რომ “არიქა არაფერი გესმის,” არამედ პრობლემა გაანალიზო, მის საფუძვლებს ჩაუღრმავდე, მიხვდე რა არის ამის მიზეზი და სწორი “დიაგნოზის” დასმის შემდეგ გამოსავალი, იპოვო რა თქმა უნდა თუ გამოსავლის პოვნა გსურს. თუ არადა, რავარია შეტენო შენი არ გაყიდული წიგნი ადამიანს რომელიც შენივე თქმით არ კითხულობს?

არცერთი ერი გენეტიკურ დონეზე არ სარგებლობს წიგნის კითხვის კულტურით, ეს გამომუშავებული უნარია რომელიც სხვადასხვა საზოგადოებაშა მიღწევადია, კვლავ რა თქმა უნდა თუ ასეთის გამომუშავება გსურს.

ისე კი გასაკვირია რატომ ვითხოვთ დღეს ამ ეტაპზე იმას რომ ხალხი ლიტერატურას, მითუმეტეს ქართულ ლიტერატურას კითხულობდეს? დღეს კი არა, ქართული ლიტერატურა ზენიტში ყოფნის დროსაც კი ვერ უწევდა სათანადო კონკურენციას მსოფლიო ლიტერატურის კლასიკას და რატომ არის გასაკვირი ამ ეტაპზე ის რომ  მკითხველი საშუალო დონის მწერლების(მოდით გულახდილები ვიყოთ) კითხვით არ იქცევს თავს?

ბუღაძეს ისაც უკვირს რატომ აკრიტიკებს მავანი მაშინ როდესაც მისი ან სხვა თანამედროვე ქართველი მწერლის წიგნი არ წაუკითხავს. არც ამაშია გასაკვირი, საქმე ისაა რომ როდესაც მას მედიის საშუალებებში უწყვეტ, 24/24 საათიან რეჟიმში ჩნდები, ლოგიკურია დაასკვნა რომ ამ დროს საკუთარ თავს ან თუნდაც მხოლოდ ლიტერატურას აღარ ეკუთვნი, ხდები საზოგადოებრივი პროდუქტი, პოპ პროდუქტი.

ამ პროდუქტობას კი თავად ირჩევ იმ მომენტში როდესაც “კლიშეებზე” იწყებ საუბარს, როდესაც უკბილოდ ხუმრობ, როდესაც წინასწარ იცი რომ საზოგადოებაში სადაც აბსოლუტური უმრავლესობა მორწმუნეა, აუცილებლად “აიტაცებს” შენს პროდუქტს.  ამ ვითარებაში კი გაუგებარია რატომ უნდა დააბრალო საზოგადოებას კლიშეებზე რეაგირება, მაშინ როდესაც ამ კლიშეს თავად ქმნი.

ასე მაგალითად, გარდა იმისა რომ კეტი პერი მღერის. ის ასევე საზოგადოების გულმოდგინე “მზერის” ობიექტია, მისი პირადი ცხოვრება უფრო საინტერესოა საზოგადოებისთვის ვიდრე მისი (მოდით კვლავ გულახდილები ვიყოთ) საშუალო დონის სიმღერა. მაგრამ კეტი პერის,არ უკვირს, მღერის “ბეიბი იუ არ ფაირვორკ,” ესწრება “სვეწკ ტუსოვკებს და ზოგადად ცხოვრების უხარია. ამავე დროს, იან ტიერსენის ცხოვრებით ნაკლები ინტერესდება, მაგრამ ის მაინც ბედნიერია, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მის შემოქმედებას ტირაჟირება და “შეტენვა” არ სჭირდება.

არაფერი ცუდია იმაში იყო პოპ კულტურის ნაწილი, პირიქით ბევრი ამისკენ ისწრაფის, უბრალოდ გასაკვირია ის რომ ზოგიერთი მწერალი (რომელიც ეპატაჟით ცდილობს ფონს გავიდეს) ითხოვს მისი ნამუშევარის როგორც ჭეშმარიტი ხელოვნების დაფასებას(არადა, ბორხესიც კი არ ითხოვდა ამდენს).

“ქალიშვილების ძალადობაში” ლაშა ბუღაძეს საკუთარი არგუმენტაციის გასამართლებლად აკა მორჩილაძის სიტყვები მოაქვს. აკა მორჩილაძემ ცოტა ხნის წინ ისიც თქვა რომ “ქართველებს დიდი თვალები გვაქვს,” ეს კი ხშირად მთლიანი სურათის დანახვაში გვიშლის ხელს, ამიტომაც როდესაც მწერალი საკუთარი ნაწარმოების პოპულარიზაციისთვის “კლიშე სათაურებს” ირჩევს ან თუნდაც საზოგადოებას “კლიშე” ფრაზებით მიმართავს მაინც ბედნიერი უნდა იყოს, ეს ხომ მისი არჩევანი იყო?

აკი ნათქვამია, “რასაც დათესავ, იმას მოიმკიო.” “არაკითხვადობა” შეიძლება ნაკლებად მაგრამ როგორც ჩანს ქართველებს “პრეტენზიულობა” ოდითგანვე გვახასიათებდა და ეს ანდაზაც ეტყობა გარკვეულ საჭიროებამ შექმნა.

იმღერე რამე გლაზგოურად, Open Mic nights

Walk up right to the microphone

And name

all the things you love

all the things that you loathe”

-Morrissey-


ინგლისურენოვან ქვეყნებში არაპროფესიონალ მუსიკოსებს პრაქტიკულად ყოველ საღამოს ეძლევათ საშუალება სხვადასხვა ქალაქების კლუბებში მოასმენინონ ბარში მოსულ სტუმრებს საკუთარი სიმღერები. ეს გამოცდილება 30 წელზე მეტია რაც არსებობს. იხილეთ რეპორტაჟი ერთ-ერთ ასეთ საღამოზე გლაზგოდან.

ჯორჯო ტუჩიმ ჩანთა 
ჩაალაგა, მეგობრებს 
დაემშვიდობა და სულ 
მალე 
მილანს ეწვევა. თუმცა, 
სანამ მილანში 
გაემგზავრებოდეს 
ბრიტანეთში
 ჯორჯოს ერთი 
დაუმთავრებელი საქმე აქვს. 
ის "თავისუფალი მიკროფონის" საღამოს 
დაესწრება და საგანგებოდ საღამოსთვის მომზადებულ კომპოზიციას დაუკრავს. 

საღამოსთვის მზადება ჯორჯომ ორი კვირით ადრე დაიწყო და აქტიურ 
რეპეტიციებსაც შეუდგა. 
"თავისუფალი მიკროფონი" ინგლისურად "Open Mike" ან "Open mic" 
ჟღერს, მას ბრიტანეთთან და ა.შ.შ.-თან 30 წლიანი ტრადიცია და ისტორია 
აკავშირებს. ასეთი საღამოების დროს მოყვარულებს ეძლევათ დაანახონ 
აუდიტორიას "რა ბიჭები" ან "გოგოები" არიან პოეზიასა, მუსიკაში თუ 
კომედიურ ჟანრში. 

შემსრულებლები საღამოს მასპინძელთან წინასწარ ეწერებიან და საკუთარ რიგს 
ელოდებიან, თითოს ერთი სიმღერის, ლექსის ან კომედიური შარჟის 
წარმოდგენა შეუძლია. ის საღამო რომელსაც ჯორჯო გლაზგოს კლუბ
 "Nice’n’Sleazy-ში" ესწრება ექსკლუზიურად მუსიკას და მუსიკოსებს 
ეძღვნება. 

"არ ვიტყვი რის დაკვრას 
ვაპირებ, მანამ სანამ სცენაზე
 არ ავალ" - მეუბნება
 ჯორჯო
 "Nice'n'Sleazy"- ში, 
კლუბში რომელიც დამწყებ და
 არაპროფესიონალ 
(გამონაკლისების გარდა) 
მუსიკოსებს ასპარეზს 
უთმობს. 

საერთოდ, ასეთ საღამოებზე 
მოყვარულების მოსმენა ძალიან 
საინტერესოა
ხოლმე, ზოგიერთის შესრულებისგან ხანდახან სიამოვნებას იღებ, 
ხანდახან ყურები “გტკივა,” ხანდახან კი გეცინება. ასე მაგალითად ახლად 
მოსულს სცენაზე შუა ხნის მამაკაცი დამხვდა, რომელიც "Keane-ის" 
"Somewhere only 
we know-ს" უკრავს. მეღიმება, მაგრამ არა მგონია შემსრულებელიც იგივეს 
გრძნობდეს, აშკარად ნერვიულობს, მიზეზი მარტივია - არც სმენა აქვს და 
არც ხმა.

შუა კომპოზიციაში დაკვრას წყვეტს და სიმღერის ტექსტის დავიწყების გამო 
ბოდიშს იხდის. აღარ მეღიმება, პრაქტიკულად ვხარხარებ, მაგრამ თავის 
შეკავებას და ზრდილობიანად მოქცევას ვცდილობ. დასავლურ ფილმებს 
შეჩვეულს მგონია რომ ხალხი ლაყი კვერცხების სროლას დაიწყებს, მაგრამ ამის 
მაგივრად ტაშს უკრავს და შემსრულებლის გამხნევებას ცდილობს.

ჯერი ლაიონსი, პროფესიონალი Entertainer (გამრთობი) - ია  ასეთი ტიპის 
საღამოებს "Nice'n'sleazy-ში" 1997 წლიდან უძღვება და 13 წლის 
განმავლობაში კლუბის სცენაზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული 
შემსრულებლების მოწმეა. 

გარდა იმისა რომ ყოველ ორშაბათს აქ რეგულარულად ნაცნობი სახეების ნახვა 
შეიძლება, ყოველ კვირას აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც ახალი. ზოგი
 ცნობილი კომპოზიციების ქავერებს უკრავს, ზოგი კი ახლად დაწერილ 
სიმღერებს სთავაზობს მსმენელს. 

"ვფიქრობ აკუსტიკური საღამოები ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მუსიკის სცენისთვის, რადგანაც იმ ადამიანებს რომლებიც ჯგუფებში არ უკრავენ პლატფორმა, გამოხატვის ერთგვარი საშუალება ეძლევათ. ეს კლუბი და ზოგადად გლაზგო კი საშუალებას აძლევს მუსიკის მოყვარულებს შეექმნათ განსაკუთრებული გარემო." - ამბობს ჯერი.

პირველი დღე არაა რაც ჯერი ასეთი ტიპის საღამოებს უძღვება, კარიერის 
განმავლობაში მას ბევრი ცნობილი შემსრულებელი ახსოვს რომლებსაც ასეთ
 საღამოებზე დაუკრავთ. მათ შორისა არიან სნოუ პატროლი, ელიოტ სმიტი, 
პაოლო ნუტინი,ოაზისი და დემონ ალბარტნი. 

“სავარაუდოდ ყველაზე ცნობილი ადამიანი რომლიც კლუბს ეწვია კირა ნაითლია,
  მას პრესისთვის ისიც კი უთქვამს რომ “Nice'n'sleazy” მისი საყვარელი 
კლუბია. მას ძალიან მოსწონს აკუსტიკური საღამოები და ძალიან კარგად 
მახსოვს თუ როგორ ცეკვავდა The Strokes- ის და White Stripes-ის
კონცერტზე გლაზგოში” - მეუბნება ჯერი. 

მალე ჯორჯოს ჯერიც დადგება, რომელიც თითქოს ნერვიულობს კიდეც. ამის 
მიუხედავად ცდილობს სხვებს ნერვიულობა არ დაანახოს და რიგით მესამე 
ბოთლ ლუდს სვამს. მეგობრები მის გამხნევებას ცდილობენ, უღიმიან და 
მხარზე ხელს ადებენ. “ყველაფერი კარგად ჩაივლის” - ეუბნება ერთ-ერთი, 
“სანერვიულო არაფერია” - ამხნევებს მეორე.

 მეგობრების გასამხნევებლად მოსულნი ერთადერთ კატეგორიას არ
 წარმოადგნენ, აქ ხშირად "ნეიტრალური" ხალხიც მოდის, რომლებსაც 
უბრალოდ კარგი მუსიკის მოსმენა სურთ. კეტრინ კროული და მისი მეგობარი
 ასეთ ჯგუფს
 განეკუთვნებიან. “ხშირად ასეთ კონცერტებზე არ დავდივარ, მაგრამ ხანდახან 

ასეთ საღამოებზე დასწრება
აშკარად ღირს. დღეს 
ბევრი სხვადასხვა რამე 
ვიხილე,
 კარგია როდესაც ასეთი 
მრავალფეროვნება გხვდება
 ერთ საღამოზე.” - 
ამბობს კეტრინი.

რა თქმა უნდა ასეთი ტიპის საღამოები 
მუსიკოსებით როდი შემოიფარგლება, 
რომ არა დამსწრე მსმენელი, რომელიც
 შემსრულებელს ყოველი გამოსვლის
 შემდეგ შეძახილებს და აპლოდისმენტებს სჩუქნის, საეჭვოა ასეთ ტიპის
 კონცერტები წარმატებული ყოფილიყო. 

“ჩემთვის დიდი პატივია ვმასპინძლობდე ამ საღამოებს, მუსიკოსები და მოსული
 მსმენელები ქმნიან იმ შესანიშნავ გარემოს რომლებიც საბოლოოდ ასეთ 
საღამოებს წარმატებულს ხდიან” - მეუბნება ჯერი. 

როგორც იქნა, ჯორჯოს ჯერი დგება, სცენაზეა და გიტარის ჟღერადობას 
ამოწმებს. ყველაფერი რიგზეა. დაკვრას იწყებს. სიურპრიზი ჯგუფ 
“The Smiths – ის” ჰიტი “ There is a ligh that never goes out” 
აღმოჩნდა. მსმენელს აშკარად მოსწონს ჯორჯოს შესრულების მანერა და ტექსტს
 მასთან ერთად იმეორებს. 

სიმღერის დასრულების შემდეგ ჯორჯო დადებითი შეფასების მოლოდინში 
მეგობრებს უბრუნდება. “ძალიან კარგი იყო, ყოჩაღ” - ეუბნება ერთ-ერთი 
მათგანი. “იტალიური აქცენტით ორიგინალს აჯობა” - ხუმრობს მეორე. 

ჯორჯო კმაყოფილია, მისია შესრულებულია, მას იტალიაში დამშვიდებულს 
შეუძლია გამგზავრება.

სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა. საბჭოთა ისტორიის გააზრების აუცილებლობა.

დრო მქონდა და ამიტომაც “Waterstones – ში, “წიგნების მაღაზიაში შევლა გადავწყვიტე, წიგნების სიძვირის გამო მხოლოდ დათვარიელებით და შიგადაშიგ სხვადასხვა მონაკვეთების კითხვით შემოვიფარგლე.

ჩემი ყურადღება ერთმა წიგნმა, “Understanding Fascim” მიიპყრო. სანამ წიგნს გადავშლიდი და რომელიმე პასაჟის კითხვას დავიწყებდი სიტყვა “ფაშიზმზე” დავფიქრდი, ასოციაციებზე რომლებსაც ის იწვევს ჩემში. ცხადია ჩემი რეაქცია მკაფიოდი ნეგატიური, პრაქტიკულად გულისრევამდე უარყოფითი აღმოჩნდა. ისიც ცხადია რომ ფაშიზმის დროს არ მიცხოვრია და პირადად არ შემხებია, გულისრევის მიზეზი უბრალოდ ფაშიზმის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია იყო, ინფორმაცია რომელიც ჩემი მეხსიერების ხნისაა და ბავშვობიდან მოდის.

მივხვდი, რომ სიტყვა “ფაშიზმის” ნეგატიური დამოკიდებულებისგან ვერასდროს გავთავისუფლდები და სიცოცხლის ბოლომდე შეუძლებელია რამე არგუმენტმა მის თუნდაც ოდნავ პოზიტივობაში დამარწმუნოს.

…მაგრამ მოგვიანებით, სხვა, შედარებით ნაკლებად ნეგატიურ ტერმინებზე დავფიქრდი, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შესაძლებლობებზე. ასეთი მაგალითების აღმოჩენა ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში, ან დედამიწის ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი. მე საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური საბჭოთა კავშირის მაგალითი გამახსენდა.

საბჭოთა კავშირი პრაქტიკულად 20 წელია რაც აღარ არსებობს, ამის მიუხედავად ის მუდმივი დებატების საგანია საქართველოში, პოსტ საბჭოურ სივრცეში ან თუნდაც დასავლეთ სამყაროში. საბჭოთა კავშირის ისტორიას სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ულტრა კაპიტალისტურ სახელმწიფოებშიც კი სწავლობენ, საბჭოთა კავშირი მეცნიერების დისპუტის საგანია, ბევრგან, მაგრამ არა საქართველოში, ყოველ შემთხვევაში მეცნიერულ დონეზე.

საქართველოში სიტყვათა შეთანხმება “საბჭოთა კავშირი” – კომუნიზმთან ასოცირდება, ზოგიერთი მოქალაქის შემთხვევაში კი ეს ორი ტერმინი გულისრევას იწვევს. საქართველოში სახეზეა ორიდან ერთ-ერთი ა) გაუნათლებლობა და საკითხის არასიღრმისეულად ცოდნა ბ) მიზანმიმართული პროპაგანდა და ტერმინების ან პიროვნებების დისკრედიტაცია.

საინტერესოა, რომ ხშირ შემთხვევაში სიტყვა კომუნიზმის დისკრედიტაციას საქართველოში უფრო ის პირები ცდილობენ რომლებიც წარსულში პარტიულ აქტივობაში იყვნენ შემჩნეული, “რიგითი” მოქალაქეები ზოგიერთ შემთხვევაში არათუ ზოგადად კომუნიზმის, არამედ საბჭოთა კავშირის მიმართაც კი პოზიტიურად არიან განწყობილები.

საბჭოთა კავშირის ისტორიის კვლევა ისეთ ქვეყანაში რომელიც ამ ისტორიის უშუალო მონაწილე იყო აუცილებლობას წარმოადგენს, ამის მიუხედავად 20 წლის განმავლობაში საქართველოში პრაქტიკულად არ შექმნილა დამოუკიდებელი ორგანო ან ცენტრი რომელიც ასეთის შესწავლით დაკავდებოდა, თუ შექმნილა კი აპრიორი დაფიქსირებული პოზიციით (მაგალითად საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი).

საქმე ის კი არაა რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო, ამას არავინ ამტკიცებს და ალბათ ამ რეჟიმის ყველაზე დიდ დამცველებსაც კი ეპარებათ ეჭვი ამ მოსაზრებაში, არამედ ისაა რომ აუცილებელია წარსულის გააზრება. იმის გააზრება რა იყო უარყოფითი საბჭოთა კავშირში, რა იყო დადებითი (მაგალითად ჯანდაცვის და განათლების სისტემა) და სასარგებლო დასკვნების გამოტანა, ისტორიის დავიწყება ხომ შეცდომების გამეორებას გულისხმობს?

საჭიროა იმის გააზრება რა იყო საბჭოთა კავშირი და რა კავშირი ჰქონდა მას მარქსიზმ-ლენინიზმთან, ან უბრალოდ მარქსისზმთან და ჰქონდა თუ არა ასეთი საერთოდ?

მანამ სანამ არ მოხდება წარსულის გააზრება ზოგიერთი პოლიტიკოსის ხშირ შემთხვევაში აბსურდამდე მოწოდება საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვაზე, ქუჩების გადარქმევაზე და ა.შ. არა სიცილის, არამედ სერიოზული შიშის აღმძვრელი იქნება, კვლავ “გასაბჭოების” შიშის…

თსუ მაშინ და დღეს, ანუ ყოფილი სტუდენტის ბოზური ტექსტი

თამამად თუ არა, მოკრძალებით მაინც შეიძლება ითქვას რომ საქართველოში
სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება. გასულ კვირას უნივერსიტეტში მომხდარ მოვლენებზე რეაგირება თსუ-ს სტუდენტების და არა მარტო სტუდენტების მხრიდან ამის ერთ-ერთი დადასტურებაა.

რა თქმა უნდა ჯერჯერობით შორს ვართ საზოგადოებისგან სადაც ყოველ ადამიანს საკუთარი მოვალეობა/პასუხისმგებლობა აქვს გათავისებული და ყოველდიურად საზოგადო ინტერესებისათვის იბრძვის. თუმცა,თუნდაც თსუ-ს მაგალითზე შეიძლება იმის თქმა რომ 5-7 წლის წინ სიტუაცია გაცილებით მძიმე იყო ვიდრე დღეს. ასეთი შედარების გაკეთების საშუალებას საკუთარი გამოცდილება მაძლევს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტზე 2002 წელს ჩავაბარე, რამაც 2007 წლამდე “ცოდნის ტაძრით ტკობიბის” საშუალება მომცა . აღნიშნულმა დიპლომმა ცხოვრებაში საერთაშორისო სამართალში თუ იურისპრუდენციაში გზა გამიკაფა თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, თუმცა რაღაცა გზა მაინც დამისახა და თვითგამორკვევაც მოვახდინე, მაგალითად მივხვდი რომ იურისპრუდენცია ჩემი საქმე არაა. მაგრამ  ეს სხვა თემაა და მოდით უშუალოდ ცოდნის ტაძრის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე მოვახდინოთ რეაგირება.

მაშ ასე, რა ხდებოდა იმ დროისათვის ყველაზე პრესტიჟულ, ანუ საერთაშორისო სამართლის სპეციალობის სტუდენტურ სამყაროში?

მაშინ როდესაც საზოგადოებას თუ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა ზურაბ ჟვანიას ფრაზა, “მე ქართველი ვარ, მაშასადამე ევროპელი” და  მთელ ძალისხმევას ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციისკენ არ იშურებდა, პოტენციურად მომავალი დიპლომატები და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები, იმ დროისათვის კი უბრალოდ სტუდენტები მეორე-მესამე კურსზე დიპლომატიის ისტორიის დაუფლების მაგიერ ერთმანეთს ე.წ. “ტრუბკებს” ესროდნენ.

თუმცა, კარგი ნიშნების მიღებას მაინც ახერხებდნენ. ქართველები ხომ ძალიან ნიჭიერები ვართ, ასე მაგალითად მთელი დღე შეგვიძლია ბირჟაძე გავატაროთ მაგრამ წითელ დიპლომს მაინც მივიღებთ. ასეთი ნიჭის გათვალისწინებით ევროკავშირმა კი არა, ჩვენ უნდა მივიღოთ ევროკავშირი ჩვენს სტრუქტურებში.

პაციფისტური სიმბოლოს თუ ალტერნატიული ბენდების მაისურების მასონობად, ხოლო გრძელი თმების და ჯაჭვის ტარება პიდარასტობად აღიქმებოდა. იმის მაგალითებიც არ გვაკლდა როდესაც თვითმართველობის წევრები უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას მობილირების “ახევებში.”

არც მაშინ და არც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის უმრავლესობამ არ იცოდა და არც ახლა იცის რა არის თვითმართველობა ზოგადად, რა ფუნქცია აკისრია და რა მოვალეობები აქვს. ეჭვი მაქვს ამაში არც თავად თვითმართველობის წევრები არიან წესიერად გარკვეულები და საკუთარ პოზიციას მხოლოდ პარაზიტული კუთხიდან განიხილავენ. ასეთ ვითარებაში კი ამომრჩეველი სტუდენტების დარწმუნება მისცენ ხმა პარაზიტებს ან სულაც მოახდინონ არჩევნების ფალსიფიცირება პრობლემას ნამდვილად არ წამოადგენს.

ოთხშაბათს შალვა რამიშვილის გადაცემაში დაცვის სამსახურის უფროსი ირწმუნება რომ კონფლიქტს უპირპირდება და მთელი ძალისხმევით ცდილობს სტუდენტების შერიგებას. საინტერესოა რა პოზიციას დაიკავებდა იგივე პიროვნება ყველაფერი პირიქით რომ მოხდარიყო, ანუ ჩვეულებრივ სტუდენტებს რომ ეცემათ  თვითმართველობის პრივილიგირებული წევრები? ისიც ავიწყდება დაცვის უფროსს რომ ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა კანონით ისჯება.

ზოგადად ამ თემაზე დაწერილ ერთ-ერთ წერილში  ავტორი იმას ამბობს რომ დამნაშავეების დასჯა უნივერსიტეტის პრეროგატივა არაა და ამის გაკეთება მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ. მინდა შევახსენო წერილის ავტორს რომ არსებობს უამრავი შემთხვევა როდესაც დამნაშავეს რომელმაც თუნდაც ეთიკური ნორმები დაარღვია და ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა იმავე დაწესებულებიდან მოჰყოლია რეაქცია და ხშირ შემთხვევაში რეაქცია მისი სამსახურიდან/პოზიციიდან დათხოვნაში გამოიხატებოდა. ამიტომაც აქ იბადება კითხვა, იმსახურებს თუ არა დამნაშავე ამ შემთხვევაში დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას? ესეც ხომ არაა პოლიციის პრეროგატივა?

ერთია იმსახურებდეს და მეორე ის რომ არც არავინ აპირებს დამნაშავეების განთავისუფლებას ან თუნდაც უფრო მსუბუქად დასჯას.

ამჟამად საქართველოდან შორს, ბრიტანეთში ვიმყოფები და გლაზგოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობ. შედარების გაკეთება ანალოგიურ მოვლენებთან რთულია, უფრო სწორედ შეუძლებელია, იმიტომ რომ აქ თვითმართველობა თუ რომელიმე სხვა ოფიციალური ორგანო უნივერსიტეტის ფარგლებში სულ სხვა პრინციპებით მოქმედებს. მაშინ როდესაც ბრიტანეთში სახელმწიფო ბიუჯეტი შემცირდა და უნივერსიტეტებში ფასების გაზრდა დააპირეს ამას რეაქცია მოჰყვა, უნივერსიტეტების მხრიდან მკვეთრი დაპირისპირება წამოვიდა.

უნივერსიტეტის კედლებზე გამოკიდულ პოსტერებმა რომლებიც საპროტესტო აქციაზე პატიჟებდნენ სტუდენტებს ჩემში გაკვირვება გამოიწვია. მერე დავფიქრდი, “რატომ მიკვირს?” პასუხი მარტივია, იმიტომ რომ იმას ვარ შეჩვეული რომ იგივე თსუ ერთი კონფორმისტული ორგანოა რომელიც იმას აკეთებს რასაც სახელმწიფო ეტყვის და არაფერს აპროტესტებს.

კიდევ უფრო მეტად იმ შემთხვევამ გამაკვირვა როდესაც რამდენიმე ჩემმა ლექტორმა ლექცია იმიტომ გადაიტანა (გადაიტანა და არ გააცდინა) რომ საპროტესტო აქციაზე აპირებდა წასვლას და სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის გაპროტესტებას.

არადა, გასაკვირი არაფერია, უნივერსიტეტი, სტუდენტობა ხომ საზოგადოების ის ნაწილია რომელიც მუდამ “მშიერი,” უკმაყოფილო და მეამბოხე უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ საზოგადოებას განვითარების პერსპექტივა არ აქვს.

ქართველ სტუნდობასს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი იმისათვის რომ ნამდვილ და არა ფსევდო სტუდენტობას დაემსგავსოს, თუმცა ის ფაქტი რომ თუნდაც მე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი ასეთი ტიპის ტექსტს ვწერ (უნდა ვაღიარო რომ 5 წლის წინ ასე სავარაუდოდ ვერ მოვიქცეოდი) და უკმაყოფილებას გამოვხატავ, მომავლის იმედს იძლევა.

ამიტომაც, Gaudeamus !

ღრღნის მოციქული

ღრღნიდა ხოლმე რაღაც შიგნიდან. არა, კი არ ღრღნიდა, არამედ ღღღღღღღღ-რრრრრრრრ-ღღღღ-ნიდა!

განსაკუთრებით რამე მნიშვნელოვანი რომ უნდა გაეკეთებინა, მნიშვნელოვანი სხვებისთვის და არა მისთვის. ის იმ გასაკეთებელს მნიშვნელოვნად საერთოდ არ თვლიდა.

ასე ფიქრობდა, “რატომა მნიშვნელოვანი? რომ არ გავაკეთო რა? რატომ უნდა გავაკეთო?”

მერე სხვების სერიოზული, დაღლილი, ნერვებმოთოკილი სახეები ახსენდებოდა და საკუთარ დამოკიდებულებაში ეჭვი ეპარებოდა.

ასე ფიქრობდა, “იქნებ მართლა მნიშვნელოვანია? იქნებ უნდა გავაკეთო?”

აკეთებდა კიდევაც, მაგრამ ისე… ზერელედ… ღრღნა არ აძლევდა მოსვენებას…

წამოწვებოდა, ლეპტოპს გაშლიდა და ჩხაკუნს იწყებდა. დიახ, ჩხაკუნს, ჩხაკუნის ხათრით, აბა ჭკვიანური აზრად არაფერი მოდიოდა, არადა ღრღნიდა… ასე ფიქრობდა, “ნეტა გავიგო რა მღრღნის შიგნიდან, რომ გავიგო ხომ დავწერ?”

წამოწოლილი ხანდახან ლეპტოპს მოწყდებოდა და მზერას კედელზე გააშტერებდა, თითქოს რაღაც გაიგო, თითქოს რაღაც ამოიცნო, დაინახა… მაგრამ, არა… ისევ ლეპტოპს უბრუნდებოდა და უაზრო ჩხაკუნს განაგრძობდა…

ერთ დროს საბეჭდი მანქანა უნდოდა, აი პირველად რომ გაიფიქრა მწერალი გავხდებიო, იმასაც ხვდებოდა რომ მე-20 საუკუნეში ასეთი უფუნქციო მოწყობილება ერთადერთი მეგობრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად თუ გამოადგებოდა.

მერე სპექტაკლში ის ნახა, კაცი უცნობ ოთახში რომ შედის და საბეჭდ მანქანას აღმოაჩენს, პერსონაჟი თავიდან ვარაუდობს რომ მწერალს ოთახი უნდა იყოს, მაგრამ მერე საჯაროდ აცხადებს, “არა, მწერალი რომ იყოს კომპიუტერს შეიძენდა, ეს უბრალო გატაცებაა.”

იმასაც შერცხვა და ასე გაიფიქრა, “არც მე ვარ მწერალი, ეს მხოლოდ გატაცებაა.”

მაგრამ მერე ლეპტოპი შეიძინა და საკუთარი თავი სრულფასოვნად იგრძნო. თუმცა, უბრალოდ ჩხაკუნი თუ უკიდეგანო ინტერნეტში ჰოპ სტოპით სიარული თვითშეფასებას კვლავ უგდებდა.

არადა, რაღაცა ხომ ღრღნიდა, კი არ ღრღნიდა, არამედ ღღღღღღღღ-რრრრრრრრ-ღღღღ-ნიდა!

ხანდახან ეს ღრღნა სრულიად უადგილო ადგილებში აწუხებდა, ერთხელ მეგობრებთან კლუბში საცეკვაოდ წავიდა. ერთი ორი დალია, ბევრის დალევა არ უყვარდა, სამაგიეროდ ცეკვა უყვარდა და ასე მოსაქცევად დალევაც არ სჭირდებოდა.

ასე ფიქრობდა, “ვიცეკვებ, გავერთობი, გოგოებს გავიცნობ”.

ცეკვასაც იწყებდა, ერთობოდა კიდეც და წამი წამზე გოგოსაც კი გაიცნობდა, მაგრამ უცბად ღრღნა დაეწყო ისევ. გაჩერდა, ფეხსაცმელს დახედა, მერე წინ მდგომ გოგოს ახედა, გაბრუნდა და წავიდა.

იმ დროს როდესაც სხვები ცეკვას განაგრძობდნენ ის გასახდელში პალტოს იცმევდა, სახლში წასასვლელად ემზადებოდა და დანარჩენებს კანტუზიაში ჩავარნდილივით  უყურებდა, ხმა არ ესმოდა, საცეკვაო მოედანი სცენად იქცა სადაც ყველა საკუთარ გაზეპირებულ როლს ასრულებდა. მას კიდევ რაღაც ღრღნიდა და ისიც ვეღარ თამაშობდა…

იმ დღესაც ასე ფიქრობდა, “შხაპს მივიღებ, მოვდუნდები.” ისიც შხაპში იდგა, პირით წყალს იჭერდა და კედელს აშტერდებოდა. მერე წარმოიდგენდა ხოლმე რაღაცეებს, იხსენებდა, წარმოიდგენდა, კვლავ იხსენებდა და კვლავ წარმოიდგენდა. თავიდან აზრები განსხვავებულ გალაქტიკებში განლაგებულ პლანეტებს ჰგავდნენ, ერთმანეთისგან მილიონობით კოსმიური წლით რომ არიან დაშორებულები, მაგრამ ნელ-ნელა ერთმანეთს აკავშირებდა.

ღრღნა თითქოს ტვინში იხსნებოდა, ესაც ზეიმობდა და სიხარულს მოლეკულარულ დონეზე გრძნობდა.

კედელს აღარ აშტერდებოდა, არც ღრღნა აწუხებდა, სახეზე ღიმილი გამოესახა.

ასე ფიქრობდა, “წავალ და რამეს გავაჩხაკუნებ.”

5 ფილმი რომელიც არასდროს მინახავს

ყველას გვაქვს ფილმების სია რომლებიც არ გვინახავს. სია რომლების ნახვაც დიდი ხანია გვსურს, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გამო ამის გაკეთებას ვერა და ვერ ვახერხებთ.

ხან არ გვცალია, ხან დროს ვერ ვპოულობთ, ხანაც უბრალოდ სათანადო განწყობაზე არ ვართ…

ზოგჯერ გაკვირვებული ვიღაცამ შეიძლება გვკითხოს კიდევაც, “როგორ? არ გინახავს? შენნაირ კინომოყვარულს?” ჩვენ ისღა დაგვრჩენია მხრები ავიჩეჩოთ, გავიღიმოთ და განვაცხადოთ, “აუცილებლად ვნახავ.”

მოკლედ, წარმოგიდგენთ 5 ფილმს ჩემ სიაში…

La Gifle 

მთავარ როლებში იზაბელ აჯანი, ლინო ვენტურა და ანი ჟირარდო. სულ რაღაც 18 წლის აჯანი ახალგაზრდა მეამბოხის როლს ასრულებს…

Get Carter

ქვენთინ ტარანტინომ ამ ფილმს საუკეთესო ბრიტანული ფილმი უწოდა. ზოგი კინო კრიტიკოსის აზრით იმდროინდელ ბრიტანულ კინოინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, რადგანაც მაყურებელმა პირველად იხილა “ინტელექტუალური” ფილმი განგსტერებზე.   

Hotel Rwanda

imdb.com – ის რეიტინგის მიხედვით ყველა დროის საუკეთესო 50 ფილმის სიაში შედის.  ნამდვილ მოვლენაზე დაფუძნებული დრამა მოგვითხრობს გენოციდზე რუანდაში.

Yol

თურქული ფილმი “გზა” მოგვითხრობს სირთულეებზე რომლის გადატანაც ფილმის მთავარ პერსონაჟებს უწევთ. “ოქროს პალმის რტოს მფლობელი.

American Bufallo

მთავარ როლებში დასტინ ჰოფმანი და დენის ფრანცი. ადაპტირებული სპექტაკლი რომელშიც მონაწილეობას სულ სამი პერსონაჟი იღებს.

     

არანი, გეოლოგიური სამოთხე

არანი – 432 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე კუნძულია და სიდიდით შოტლანდიაში მეშვიდე დიდ კუნძულს წარმოადგენს. აქ ადამიანი ჯერ კიდევ ნეოლითის საწყის ფაზაზე დასახლდა, ჩვ. წ. მე-6 საუკუნეში აქ წარმოშობით ირლანდიელები დასახლდნენ, თუმცა შემდგომში ვიკინგების შემოსევის დროს დამყრობლებს ეკუთვნოდა. მე-19 საუკუნეში იმძლავრა გალურმა გავლენამ.

არანი მთიანი კუნძულია, მას ხშირად გეოლოგთა სამოთხედ მოიხსენიებენ.

გთავაზობთ კუნძულზე ვიზიტისას გადაღებულ ფოტომასალას.

არანში მოსახვედრად ბორანი დაგჭირდება, რომელიც კუნძულამდე 45 წუთში მიგიყვანთ

აქ ძაღლებს როგორც მკვიდრნი ასევე ტურისტები ასეირნებენ, ეს ოთხფეხა ცხოველი სიტყვის პრაქტიკულად პირდაპირი მნიშვნელობით ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ

კუნძულის უმაღლესი წერტილი. ტურისტების საყვარელი მთა, ასასვლელად დაახლოებით 2,5 საათი დაგჭირდებათ.

გოლფი კუნძულზე ყველაზე პოპულარულ სპორტს წარმოადგენს