ღრღნის მოციქული

ღრღნიდა ხოლმე რაღაც შიგნიდან. არა, კი არ ღრღნიდა, არამედ ღღღღღღღღ-რრრრრრრრ-ღღღღ-ნიდა!

განსაკუთრებით რამე მნიშვნელოვანი რომ უნდა გაეკეთებინა, მნიშვნელოვანი სხვებისთვის და არა მისთვის. ის იმ გასაკეთებელს მნიშვნელოვნად საერთოდ არ თვლიდა.

ასე ფიქრობდა, “რატომა მნიშვნელოვანი? რომ არ გავაკეთო რა? რატომ უნდა გავაკეთო?”

მერე სხვების სერიოზული, დაღლილი, ნერვებმოთოკილი სახეები ახსენდებოდა და საკუთარ დამოკიდებულებაში ეჭვი ეპარებოდა.

ასე ფიქრობდა, “იქნებ მართლა მნიშვნელოვანია? იქნებ უნდა გავაკეთო?”

აკეთებდა კიდევაც, მაგრამ ისე… ზერელედ… ღრღნა არ აძლევდა მოსვენებას…

წამოწვებოდა, ლეპტოპს გაშლიდა და ჩხაკუნს იწყებდა. დიახ, ჩხაკუნს, ჩხაკუნის ხათრით, აბა ჭკვიანური აზრად არაფერი მოდიოდა, არადა ღრღნიდა… ასე ფიქრობდა, “ნეტა გავიგო რა მღრღნის შიგნიდან, რომ გავიგო ხომ დავწერ?”

წამოწოლილი ხანდახან ლეპტოპს მოწყდებოდა და მზერას კედელზე გააშტერებდა, თითქოს რაღაც გაიგო, თითქოს რაღაც ამოიცნო, დაინახა… მაგრამ, არა… ისევ ლეპტოპს უბრუნდებოდა და უაზრო ჩხაკუნს განაგრძობდა…

ერთ დროს საბეჭდი მანქანა უნდოდა, აი პირველად რომ გაიფიქრა მწერალი გავხდებიო, იმასაც ხვდებოდა რომ მე-20 საუკუნეში ასეთი უფუნქციო მოწყობილება ერთადერთი მეგობრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად თუ გამოადგებოდა.

მერე სპექტაკლში ის ნახა, კაცი უცნობ ოთახში რომ შედის და საბეჭდ მანქანას აღმოაჩენს, პერსონაჟი თავიდან ვარაუდობს რომ მწერალს ოთახი უნდა იყოს, მაგრამ მერე საჯაროდ აცხადებს, “არა, მწერალი რომ იყოს კომპიუტერს შეიძენდა, ეს უბრალო გატაცებაა.”

იმასაც შერცხვა და ასე გაიფიქრა, “არც მე ვარ მწერალი, ეს მხოლოდ გატაცებაა.”

მაგრამ მერე ლეპტოპი შეიძინა და საკუთარი თავი სრულფასოვნად იგრძნო. თუმცა, უბრალოდ ჩხაკუნი თუ უკიდეგანო ინტერნეტში ჰოპ სტოპით სიარული თვითშეფასებას კვლავ უგდებდა.

არადა, რაღაცა ხომ ღრღნიდა, კი არ ღრღნიდა, არამედ ღღღღღღღღ-რრრრრრრრ-ღღღღ-ნიდა!

ხანდახან ეს ღრღნა სრულიად უადგილო ადგილებში აწუხებდა, ერთხელ მეგობრებთან კლუბში საცეკვაოდ წავიდა. ერთი ორი დალია, ბევრის დალევა არ უყვარდა, სამაგიეროდ ცეკვა უყვარდა და ასე მოსაქცევად დალევაც არ სჭირდებოდა.

ასე ფიქრობდა, “ვიცეკვებ, გავერთობი, გოგოებს გავიცნობ”.

ცეკვასაც იწყებდა, ერთობოდა კიდეც და წამი წამზე გოგოსაც კი გაიცნობდა, მაგრამ უცბად ღრღნა დაეწყო ისევ. გაჩერდა, ფეხსაცმელს დახედა, მერე წინ მდგომ გოგოს ახედა, გაბრუნდა და წავიდა.

იმ დროს როდესაც სხვები ცეკვას განაგრძობდნენ ის გასახდელში პალტოს იცმევდა, სახლში წასასვლელად ემზადებოდა და დანარჩენებს კანტუზიაში ჩავარნდილივით  უყურებდა, ხმა არ ესმოდა, საცეკვაო მოედანი სცენად იქცა სადაც ყველა საკუთარ გაზეპირებულ როლს ასრულებდა. მას კიდევ რაღაც ღრღნიდა და ისიც ვეღარ თამაშობდა…

იმ დღესაც ასე ფიქრობდა, “შხაპს მივიღებ, მოვდუნდები.” ისიც შხაპში იდგა, პირით წყალს იჭერდა და კედელს აშტერდებოდა. მერე წარმოიდგენდა ხოლმე რაღაცეებს, იხსენებდა, წარმოიდგენდა, კვლავ იხსენებდა და კვლავ წარმოიდგენდა. თავიდან აზრები განსხვავებულ გალაქტიკებში განლაგებულ პლანეტებს ჰგავდნენ, ერთმანეთისგან მილიონობით კოსმიური წლით რომ არიან დაშორებულები, მაგრამ ნელ-ნელა ერთმანეთს აკავშირებდა.

ღრღნა თითქოს ტვინში იხსნებოდა, ესაც ზეიმობდა და სიხარულს მოლეკულარულ დონეზე გრძნობდა.

კედელს აღარ აშტერდებოდა, არც ღრღნა აწუხებდა, სახეზე ღიმილი გამოესახა.

ასე ფიქრობდა, “წავალ და რამეს გავაჩხაკუნებ.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s