რა ახდენს გავლენას ჩვენზე? ანუ, გავუზიაროთ ერთმანეთს ზღაპრები

ადამიანი კრეატიული არსებაა, ეს ფაქტია, აქედან გამომდინარე, ყოველი ადამიანი მეტნაკლებად შემოქმედია და პოტენციურად შეუძლია რამე ახალი მოიგონოს, შექმნას და ა.შ.

მაგრამ ორიგინალური იდეის თუ პროდუქტის შექმნის პროცესში აუცილებელი პირობაა ფლობდე გარკვეულ ცოდნას. მოდით ასე ვთქვათ, ყოველი ახალი ქმნილება ეფუძნება წარსულში დაგროვილ გამოცდილებას.

სიცოცხლის განმავლობაში ყოველი ჩვენთაგანი განიცდის გავლენას, გავლენას წაკითხული, ნანახი, გაგონილიდან და ა.შ. ჩვენი ქვეცნობიერი თავისებური ბანკია რომელიც წლების განმავლობაში აგროვებს გამოცდილებას და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ქმნის ახალს.

ისიც მართალია რომ მაგალითად რამე ტექსტის წაკითხვის შემდეგ ეს ტექსტი გარკვეულწილად შენი ხდება, აცოცხლებ, სხვებს გადასცემ, სხვები იმახსოვრებენ ან მთლიანად ან კი ნაწილ-ნაწილ, და თავის მხრივ გადასცემენ სხვებს. ლამაზი პროცესია რომელიც პოტენციურად შეიძლება მანამ გაგრძელდეს სანამ ადამიანი არსებობს.

ამ პოსტში შევეცდები ვისაუბრო იმაზე თუ რამ იქონია გავლენა ჩემზე პირადად, განსაკუთრები ადრეულ ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბევრი რამ გამომრჩება, მოგვიანებით სხვა მაგალითები გამახსენდება და ალბათ ვინანებ კიდევაც. საინტერესო იქნება თუ ამ იდეას სხვა ბლოგერებიც გააგრძელებენ და საკუთარ ამბავს მოჰყვებიან.

მაშ ასე რამ იქონია ჩემზე გავლენა?

ენა – ქართული, რუსული, ინგლისური. 

ალბათ შეიძლება იმის თქმა რომ ორი მშობლიური ენა გამაჩნია, ქართული და რუსული. ლაპარაკი და მოგვიანებით კითხვა და წერა ამ ორ ენაზე ერთდროულად დავიწყე. ინგლისურის სწავლა 5 წლის ასაკში დავიწყე. ყოველდღიურად მიწევს ამ სამ ენაზე საუბარი, კითხვა, წერა და აზროვნება (ჩემი ვარაუდით 40/40 პროცენტით ნაწილდება ქართულის და რუსულის შემთხვევაში, დანარჩენი 20 ინგლისურს უწევს). ბავშობაში ნაკლებად, მაგრამ შეგნებულ ასაკში ენის ფენომენით დავინტერესდი, ენის და კულტურის ერთობლიობით, მისი სიცოცხლისუნარიაობით და სხვადასხვა ენების (კულტურის) თავისებურებით.

კინო

ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი ბავშვობიდან  “კუ ნინძების” ეკრანიზაციაა, მიუხედავად იმისა რომ ფილმი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი ჩემი მშობლები დიდი ხანი ცდილობდნენ ჩემს დაწყარებას ეკრანზე უზარმაზარ (ჩემი მაშინდელი წარმოდგენით) კუ ნინძების და განსაკუთრებით მათი მასწავლებლის, ვირთხის ნახვის შემდგომ.

ასევე ბავშვობის მკაფიო მოგონებაა, “ქორწინება იტალიურად.” ფილმს მამაჩემთან და ბაბუაჩემთან ერთად ვუყურებდი, კარგად მახსოვს იმ ღამის პრაქტიკულად ყველა დეტალი, მიზეზი ბავშვობაში მიღებული ფსიქოტრავმა – ბაბუაჩემს ფილმის ყურებისას ჩაეძინა და გული გაუჩერდა.

მოგვიანებით კინომ გამიტაცა. მეტწილად ტელევიზორში ნანახ ფილმებმა, ისევე როგორც ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ზოგადად”ტელევიზორს მიმსხდარ” თაობად შეიძლება იწოდონ, დღეებს ფილმების ყურებაში ვატარებდი.

კიდევ ერთი მოგონება… სექსის დროს თვალებზე ხელის აფარების თხოვნა, რომელიც დაუყონებლივ სრულდებოდა და მხოლოდ ყველაზე გაბუდულების და უშიშრების შემთხვევაში ირღვეოდა თითებს შორის სპეციალურად შექმნილი ნაპრალით.

ფილმებს რა თქმა უნდა სპონტანურად, რეჟისორის, მსახიობის თუ დამაინტრიგებელი შინაარსის არ ცოდნით ვუყურებდი. უფრო სერიოზულად კი მოგვიანებით დავინტერესდი.

დაინტერესების შემდგომ აღმოვაჩინე რომ ძალიან მომწონს შემდეგი რეჟისორები, ფატიჰ აკინი, ანდრეი ტარკოვსკი, პიტერ ვეირი, რიჩარდ ლინკლეიტერი, ინგმარ ბერგმანი, ალეხანდრო ამენაბარი, ქვენთინ ტარანტინო, ვუდი ალენი და ა.შ. თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ სავარაუდოდ ჩემზე გავლენა იმ რეჟისორებმაც მოახდინეს რომლებიც ნაკლებად მომწონს, მაგრამ ჯიუტად ვუყურებ, ასეთებს, ლარს ფონ ტრიერი, დარენ არანოფსკი, ანდრეი მიხალკოვი, ნაით შიამალანი, ბრიან დე პალმა წარმოადგენენ.

რა თქმა უნდა ხსენებული რეჟისორების გარდა სადღაც ქვეცნობიერში “ტონობით” სხვა ფილმებია ჩარჩენილი და ისინიც დაუღალავად ახდენენ გავლენას ჩემს ცნობიერებაზე.

მუსიკა 

ძალიან პატარა რომ ვიყავი და ბიძაშვილის ოთახში მუსიკალური ცენტრი და საკმაოდ კარგი “ხმა” აღმოვაჩინე, გავიკვირკვე, რა ფუჭი საქმიანობაა თქო მუსიკის მოსმენა. სულ რაღაც ორ თუ სამ წელიწადში კი ასეთი ცენტრის ქონაზე თავად დავიწყე ოცნება. ყველაფერი მაინც ალბათ ბიტლზით დაიწყო, მეგობრის მიერ კასეტაზე ჩაწერილი “სბორნიკი,” რომელსაც პრაქტიკულად ყოველ ღამით, ძილის წინ ვრთავდი და სიმღერის ფონზე ოცნებას ვიწყებდი.

მერე იყო ქუინი და ფრედ მერკური. დანარჩენს ჩემს ძმასთან ერთად სპონტანურად რადიოდან ვიწერდით, სიმღერების უმეტესობა რა თქმა უნდა ნაწილობრივ იყო ჩაწერილი და ზოგი შუაში სარეკლამო ტიხრით წყდებოდა. არც ჯგუფების და შემსრულებლების სახელები ვიცოდით ხშირ შემთხვევაში და მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინეთ რომ სპონტანურად ჩაწერილთა რიგებში აღმოჩნდენ, პეტ შოპ ბოისი, როქსეტი, ბიჩ ბოისი, ეუროტმიკსი, ა.შ. და ა.შ.

მერე იყო კომპაქტ დისკებით გადატეცება და კოლექციის შექმნის მცდელობა, მაშინ ყოველ კვირას ყველაზე ნაკლებ ერთ დისკს ვყიდულობდი და კოლექციას ვმატებდი. რამდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ ეკითხათ ვის/რას უსმენ დაუყონებლივ ვუპასუხებდი და პრობლემის გარეშე 10 შემსრულებელს მაინც დავასახელებდი. მაგრამ, დღეს როდესაც მუსიკის ჩამოქაჩვა ინტერნეტიდან ტონობითაა შესაძლებელი შენც ნებაუნებლიეთ ამ უკიდეგანო სივრცეში იკარგები და წესირ პასუხს ვეღარ სცემ, ამიტომაც მეც ამ კითხვას აქ გარკვეულწილად პასუხგაუცემელს დავტოვებ.

ლიტერატურა, წიგნები

ალბათ მაინც ზღაპრების კითხვით დავიწყე, მქონდა ასეთი წიგნი, “სკაზკი ნაროდოვ სსრ” და მეც გულმოდგინეთ ვკითხულობდი, შეიძლება გეოგრაფიითაც პირველად მაშინ დავინტერესდი რადგანაც წიგნის სარჩევი გეოგრაფიულად, რესპუბლიკების მიხედვით იყო განაწილებული. მეც რომელიმე ყირღიზული ზღაპრის წაკითხვის შემდეგ კმაყოფილი ვსვამდი “პტიჩკას” სარჩევში და სიამაყით ჩემთვის იმას ავღნიშნავდი რომ ერთი ზღაპრით მეტი ვიცი.

ძალიან მიყვარდა ანდერსენი, ძალიან კეთილი, ლამაზი და ჭკვიანი ზღაპრები ჰქონდა, ევროპას სავარაუდოდ სწორედ რომ ანდერსენის დამსახურებით ვეზიარე პირველად.

ზღაპრების მერე იყო ჩეხოვი, ჩეხოვის “კაშტანკა.” მიუხედავად იმის რომ ჩემი ძმისგან განსხვავებით ცხოველების დიდი სიყვარულით არასდროს განვსხვავდებოდი ამ ნაწარმოებმა შემძრა და განმაცდევინა. მერე კი იყო, ყველაფერი დანარჩენი. ჩეხოვი, დიკენსი, სკოტი, სტივენსონი, დიუმა (მამა), კუნდერა, ბორხესი, მურაკამი, მარკესი, მილერი, როტი, გროშეკი და ა.შ. კომპაქტ დისკების ყიდვასთან ერთად კი წიგნების შეძენაც ერთგვარ ჰობიდ იქცა.

სხვა ბევრმა ფაქტორმა მოახდინა ჩემზე გავლენა, მაგრამ ამაზე სხვა დროს… თქვენ რას მეტყვით?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s