Monthly Archives: June 2011

ტაბულა VS ლიბერალი, ანუ ოდიოზური შედარება

კოლაჟი: Georg Gamez

სერვანტესს უთქვამს, “შედარებანი ოდიოზურიაო,” რომ დაფიქრდე მართლაც ეგრეა, მაგრამ რას იზამ სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ სხვა საშუალებას არ გვაძლევს. იქ სადაც არსებობს მაღალი და დაბალი, განიერი და ვიწრო, მდიდარი და ღარიბი, კარგი და ცუდი, შედარება ის გარდაუვალი მოცემულობაა, რომელსაც ყოველდღიურად მივმართავთ.

ამ პოსტში მეც შედარებას გავაკეთებ, შედარებას ორ ქართულ გამოცემას შორის რომელიც ბევრის თქმით ერთმანეთისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთის კონკურენტად ითვლება. სანამ ამ ორ ჟურნალს ხელში ავიღებდე მეც ვფიქრობდი რომ თვისობრივად ერთი და იგივე ჟურნალს ვკითხულობ, უბრალოდ განსხვავებული პოზიციებით, თუმცა წაკითხვის შემდეგ განსხვავებებიც აღმოვაჩინე.

მაშ ასე, ვინ მოერევა, ტაბულა თუ ლიბერალი?

ყველაზე ზედაპირულით დავიწყოთ და ნელ ნელა “სიღრმეებშიც” შევიჭრათ.

ფასი

 ლიბერალი ორი ლარი ღირს, ტაბულა ლარნახევარი, არცერთია მაინცდამაინც მაღალი ფასი, მაგრამ ქართული რეალიიდან გამომდინარე 50 თეთრსაც მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ამ შემთხვევაში ლიბერალს 6-დან 3, ხოლო ტაბულას 4 ქულას ვუწერ.

ლიბერალს 42 გვერდი აქვს, ტაბულას72, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ამ უკანასკნელის საგრძნობი ნაწილი რეკლამას უჭირავს და პირველს ამასთან შედარებით რეკლამას შიგთავსის ძალიან მწირ ნაწილს იკავებს, ქულებს თანაბრად ვანაწილებ, 3-3 ორივეს.

ქაღალდის ხარისხი

გაზეთს რომ კითხულობ ქაღალდს ნაკლებ ყურადღებას აქცევ, მაგრამ როდესაც ხელში ყოველკვირეული “მოინტელექტუალო” ჟურნალი გიჭირავს გასაკვირი არაა რომ ამასაც მიაქცევ ყურადღებას. ციდან მწვერვალებს არცერთი კრეფს, თუმცა ლიბერალი მაინც ოდნავ წინაა და ტაბულას გაცილებით სჯობია.  ასე რომ 3 და 2, ლიბერალის სასარგებლოდ.

ყდა, დიზაინი, ილუსტრაცია

ტაბულას ამ კვირის ნომერს “ყოვლისშემძლე თაგვი” ამშვენებს, რომელიც კედელშიც (ეს ინტერნეტ ცენზურას ასახავს) კი აღწევს, აქ თვალშისაცემია მსგავსება კონკურენტ ჟურნალთან, რომელიც კედლის მაგივრად ჩარჩოს (პრეს პაპიეს ფორმით) ასახავს, რომელზეც ფონეიდესკოპი იკლაკნება, ჟურნალის მთავარი თემა ჯანდაცვაა. ლიბერალის შიგთავსი უფრო სადაა, უფრო სერიოზულად გამოიყურება და გრაფიკით ნაკლებად დატვირთული, ამასთან ტაბულას მეტი სურათი აქვს გამოყენებული, თუმცა რიგ შემთხვევაში ზოგიერთი გვერდი ნამეტანად გადატვირთულია. საერთოდ ამ პარამეტრებით ერთი მეორეს საკმაოდ ჰგავს, ასე რომ აქ უპირატესობას არცერთს მივცემ და ორივეს 3-3 ქულას დავუწერ.

პრობლემატური თემების არსებობა

თანამედროვე ჟურნალისტიკა ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული რომაა საიდუმლო არავისთვისაა, მაგრამ მეორეს მხრივ ისიც ნათელია რომ თუ მედია გამომცემელი პრობლემატურ და მნიშვნელოვან თემას ივიწყებს ის განწირულია მკითხველის დაკარგვაზე. მიუხედავად იმისა რომ ორივე ჟურნალი ერთ პერიოდშია გამოსული ყრდაზე ორი განსხვავებული მთავარი თემა გვაქვს, ტაბულა თვლის რომ კვირის მთავარი თემა ინტერნეტცენზურაა, ხოლო ლიბერალი საავადმყოფოების პრივატიზაცია.

მოგეხსენებათ ინტერნეტცენზურაში აგვისტოს 5 დღის გამო დაბლოკილი ტორენტ საიტები იგულისხმება, მართალია გასულ კვირას ამ აკრძალვამ მართლაც რომ ბევრი ინტერნეტ მომხმარებელი შეაწუხა და ფეისბუქზე პროტესტიც კი გამოათქმევინა, მაგრამ მეორე დღესვე აკრძალვის მოხსნა და ჟურნალში 5 გვერდიანი სტატიის მიძღვნა  “მთავარი თემის” ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებს.

ლიბერალს თავის მხრივ საკმაოდ მტკივნეული და საჭირო თემა აქვს წამოჭრილი. საავადმყოფოების პრივატიზაცია მართლაც რომ ბევრს ეხება და ცვლილებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა რომ სტატიაა უფრო მოცულობითი შეიძლება ყოფილიყო (ავტორები მაგალითად არ საუბრობენ იმაზე თუ რა ბედი ეწევათ ექიმებს, პაციენტებსაც შეიძლება მეტი ყურადღება მიქცეულიყო) მაინც ინფორმატულია და კარგ დონეზე შესრულებული. გარდა ამისა ლიბერალი ამ კვირის ნომერში ეხება ისეთ პრობლემატურ თემებს როგორიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა,  სახელმწიო ეკონომიკური პოლიტიკა იაფი კრედიტების კუთხით, პრობლემები ზღვაზე სეზონთან დაკავშირებით და დებატები აფხაზეთის აღიარება არ აღიარებაზე.

ტაბულა ამ მხრივ აშკარად ჩამორჩება კონკურენტს. ერთადერთ პრობლემატურ თემად რომელიც პრობლემატურად არის წარმოჩენილი ნაგვის გადასახადი შეიძლება ჩაითვალოს. დანარჩენი პრობლემატური თემები მომხიბვლელადაც კი არის წარმოჩენილი, მაგალითად ერთ-ერთ სტატიას ასეთი სახელი ჰქვია: “კანონი მანიფესტაციების შესახებ-გამკაცრება თუ ლიბერალიზაცია?”

ამგვარად ამ კატეგორიაში 4-2 ლიბერალის სასარგებლოდ.

ენა, პროფესიონალიზმი 

მწერალი ერთგვარი კულინარია. სხვადასხვა კულინარს შეიძლება ერთნაირი მოცემულობა, უმი მასალა ჰქონდეს, აი რა და როგორ კერძს მოამზადებს უკვე მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. მართალია ჟურნალისტიკა და მწერლობა ორი სხვადასხვა ფენომენია, მაგრამ ბეჭდვითი პრესა, განსაკუთრებით კი საჟურნალო სტატიები სხვა მედია საშუალებებისგან შედარებით გაცილებით ახლოს დგანან ლიტერატურასთან. სწრაფ ინფორმაციის მისაღებად მავანმა შეიძლება ტელევიზორს უყურო, რადიოს მოუსმინო, ინტერნეტი მოათვალიერო, უკიდურეს შემთხვევაში ყოველდღიური გაზეთი შეიძინო. ჟურნალის შემთხვევაში კი სხვა ესთეტიკასთან გვაქვს საქმე, ჟურნალი გრჩება, თავისუფალ დროს გინდა წაიკითხო, ნაწერისგან სიამოვნება მიიღო და მოკლედ რაღაც ისეთი აღმოაჩინო რომელიც შეიძლება ბევრად გვიან ვინმე მეგობარს წააკითხო. მოკლედ ჟურნალი თითქმის ლიტერატურაა, ამიტომაც მოდით ამ ორი ჟურნალის მენიუ დავათვალიეროთ.

ხშირ შემთხვევაში ჟურნალს კითხვას, უკნიდან, კულტურის რუბრიკიდან ვიწყებ, ასე მოვიქეცი ამ შემთხვევაშიც. ორი ძალიან სასიამოვნო, გულს რომ გითბობს ისეთი წერილი შემხვდა ბოლო ორი სტატიის სახით. საუბარია კახა თოლორდავას “ისევ პარკებზე და ისევ ყოფილ ოპოდრომზე” და დავით ბუხრიკიძის უბადლოდ დაწერილი “რეცენზია – მოსაზრებაზე” “მსხვილი წითელი ხაზი,” რომელიც კინოფილმ “სიცოცხლის ხეს” ეხება.

კარგია და სახალისო ასევე ლაშა ბუღაძის “აქცენტირება,” რომელიც ერთგვარ პაროდიას წარმოადგენს. რაზე? თუ წინა კვირის ტელე სივრცეს ადევნებდით თვალს ადვილად მიხვდებით.

დანარჩენი ლიბერალში მაინცდამაინც ლიტერატურული იყო თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, მაგრამ დაწერილ სტატიებში იგრძნობა განსხვავება ტაბულასთან, კერძოდ კი ჟურნალისტები უფრო პროფესიონალურად უდგებიან სტატიებს. უმრავლესობაზე რესპოდენტებთან მუშაობა იგრძნობა, სამწუხაროდ ტაბულას შემთხვევაში უფრო “გატელევიზორებულ” ან ტელეფონში ნათქვამ ფრაზებს შეხვდებით, ყველას არ ეხება, მაგრამ როგორც ჩანს ბევრი ჟურნალისტი თავს მაინცდამაინც რესპოდენტებთან ურთიერთობით თავს არ იკლავს.

ტაბულაში სამარცხვინოა მიშა თავხელიძის და ზურა ჯაფარაძის საავტორო სვეტი რომელიც კითხვას სვამს თუ რატომ არ არიან ისინი (თუმცა გაუგებარია ვინ კონკრეტულად, ავტორები თუ ზოგადად რედაქცია?) სოციალისტები? ტექსტი არ ტოვებს “უნივერსიტეტდამთავრებულობის” შთაბეჭდილებას და კითხვისას გიჩნდება ეჭვი რომ ერთ-ერთი ავტორი წამი წამზე გინებას დაიწყებს.

ამის ფონზე კი სპორტის სექცია ნამდვილი განძია, განსაკუთრებით კი ზურაბ თალაკვაძის “გერმანელი.” ეს სტატია ორივე ჟურნალში ყველაზე მეტად მომეწონა, ძალიან კარგი ენითაა დაწერილი, საინტერესოდ და შთაგაგონებს კიდეც. ნორმალურად და კარგად იმუშავა ასევე ნინა ახლოურმა. დანარჩენი… რავიცი აბა…

4-3, კვლავ ლიბერალის სასარგებლოდ.

შეჯამება

რა შეიძლება ითქვას? გვაქვს ორი ჟურნალი, რომელსაც პრეტენზია Newsweek – ობა Time – ობაზე თუ არა, ნამდვილად ხარისხიანზე რომ აქვთ ფაქტია, ისიც ფაქტია რომ ჯერჯერობით ბევრი აქვთ სამუშაო. ტაბულას შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს იბეჭდება დაბეჭდვის და გართობის ხათრით, ხოლო ლიბერალი ცდილობს იყოს სერიოზული, მაგრამ უმეტესს შემთხვევაში უბრალოდ ცდილობს ვიდრე რეალურ შედეგს აღწევს….

ამ ეტაპზე კი ამ ორს და Newsweek-Time დუეტს შორის სხვაობა უფრო მეტია ვიდრე “სარკე-თბილისელების” ტანდემისგან.

შედარებანი მართლაც რომ ოდიოზურია.

ანგარიში, შესაძლო მაქსიმალური 36 ქულიდან, ლიბერალი 20 – 17 ტაბულა. გაიმარჯვა ლიბერალმა.

წერილი ფილიპ როტს

დინამიტის” წამოწყება რომელიც მოგვიანებით “გიყვარდეთ ჩემნაირებმა” გააგრძელა  და ესტაფეტა გადმომილოცა, მაიძულებს დავუწერო ღია წერილს ფილიპ როტს, თანამედროვე ამერიკელ მწერალს (დაიბადა 1933 წელს), მრავალრიცხოვანი რომანების ავტორს.

ძვირფასო ბატონო როტ,

ყოველთვის მაეჭვებდა ხოლმე ინგლისურენოვან ქვეყნებში წერილების ასეთი ფორმით წამოწყება. ფამილარული მეჩვენება. რატომ უნდა მიმართო ადამიანს რომელსაც არ იცნობ სიტყვა “ძვირფასო-თი,” ამიტომაც ასეთის დაწერისას ყოველთვის ვორჭოფობ ხოლმე და შინაგანად ოდნავ მაინც მრცხვენია. კიდევ კარგი თქვენ ამერიკიდან და არა ბრიტანეთიდან ხართ, თორემ ამ უკანასკნელის კონსერვატიზმი კიდევ  უფრო დამაბნევდა.

ისე ფამილარობას რაც შეეხება, ბოდიში ტაფტოლოგიისთვის, მაგრამ ქართველები საოცრად ფამილარული ხალხი ვართ, ასე მაგალითად თქვენობით თითქმის არასდროს ვლაპარაკობთ და ჩემს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო შეიძლება თქვენთანაც პირდაპირ შენობითზე გადასულიყო, ყოველგვარი კითხვის გარეშე. არასწორად მიმაჩნია, მითუმეტეს ჩემს პროფესიაში, ანუ ჟურნალისტიკაში. ხშირად არის ხოლმე უყურებ დებატებს ტელე სივრცეში და აქ ჟურნალისტი – რესპოდენტი ერთმანეთს ლამისაა “შეჩემობით” ელაპარაკება. “შეჩემა” ქართული “იდიომატური” გამონათქვამია და ინგლისურად რთულად ითარგმნება. თუ დაინტერესდით, შემდეგ წერილში შევეცდები აგიხსნათ.

ხოდა, ეს “შეჩემათი” ლაპარაკი არაპროფესიონალურად მიმაჩნია. მაგრამ ასეთია საქართველო და ამას რთულად თუ შეცვლის რამე.

გვეყო საქართველოზე, ბატონო როტ, თუ მუშაობთ ახალ წიგნზე? თუ კი წერის პროცესი როგორია? კვლავ ისეთი, ადრე რომ გჩვეოდათ, ასკეტური და მკაცრი? ძალიან ვაფასებ რომ საკუთარი თავის მიმართ ასეთი მომთხოვნი ბრძანდებით, თქვენ უკანასკნელი მოჰიკანივით ხართ, რომელიც თანამედროვეობაში კლასიკის შექმნას ახერხებს, 400 გვერდიანი მაგრამ ძალიან საინტერესო ნაწარმოებების შექმნას. რთულია თანამედროვე სამყაროში სადაც ყველაფერი სისწრაფით ფასდება და საყვარელი ადამიანის მოსაფერებლადაც კი დრო არ გვრჩება, დაწერო ისეთი წიგნი რომელსაც მკითხველს 400 გვერდს ერთ ამოსუნთქვაზე წააკითხებს.

მახსოვს თქვენმა “ჩემი ქმარი კომუნისტია” რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, 3 თუ 4 დღე ვკითხულობდი, ბოლოს ღამით ჩავუჯექი და რომ დავასრულე ისეთი შთაბეჭდილებებით აღვივსე რომ ნახევარი ღამე ვერ დავიძინე, არ მინდოდა წიგნი დასრულებულიყო, კიდევ 400 გვერდი რომ ყოფილიყო კიდევ წავიკითხავდი, იმავე ღამეს.

არ შეიძლება თქვენს მიმართ პატივისცემით არ აღივსე როდესაც თქვენს ინტერვიუს კითხულობ, ერთხელ დაახლოებით ასეთი რამე თქვით რომ წერისას “წერთ წინადადებას, ატრიალებთ მას, მერე კვლავ ატრიალებთ და მერე კვლავ,” ამის არ შენიშვნა თქვენს სკურპულოზურ, პრაქტიკულად უბადლო სიტყვათა წყობაში შეუძლებელია.

ისე უნდა გამოგიტყდეთ, ლიტერატურული ცოდვა ჩავიდინე, მიუხედავად ინგლისურის ცოდნისა თქვენი ნაწარმოებები რუსულად, თარგმანში წავიკითხე. ალბათ ორივემ, მთარგმნელს უნდა ვუმადლობდეთ, უფრო მე, ცუდი რომ შემხვედროდა თქვენი წიგნებით არც არასდროს დავინტერესდებოდი და ბევრსაც დავკარგავდი.

რამდენი რამის დაწერა და რამდენ რამეზე საუბარი შეიძლება ამ წერილში, მაგალითად თქვენი ამერიკის აღქმაზე, თქვენი ბავშვობის და დღევანდელი ამერიკის შედარება, თქვენს “გამოგონილ რეალიზმზე” და ა.შ. თუმცა, რთულია წერილში ყველაფერი ჩაატიო, ამიტომაც ამის მაგიერ იმაზე ვიფიქრებ რომ იქნებ ოდესმე თქვენთან შეხვედრა მეღირსოს, თუნდაც ჟურნალისტის რანგში… გპირდებით თქვენობით და “ძვირფასოთი” მოგმართავთ.

არ ესროლოთ შეყვარებულს, ის ზასაობს როგორც შეუძლია

საქართველო ის ქვეყანაა სადაც ერთდროული მოვლენების ადგილი არაა, აქ მომხდარი ერთდროულად ყველას ინტერესი და კვირის სალაპარაკო ხდება. ასე მაგალითად ბოლო თვის განმავლობაში ისეთი დაუკავშირებელი თემები ენაცვლებოდა ერთმანეთს როგორიც 26 მაისის დარბევა, შერონ სტოუნის ჩამოსვლა და რობერტ სტურუას  ირგვლივ ატეხილი აურზაური იყო.

გუშინდელის მერე როგორც ჩანს რამდენიმე დღე მაინც “კოცნის აქცია” გვექნება სალაპარაკოდ. გაანალიზება გუშინვე

ფოტოს ავტორი: სოფო დათიშვილი

დაიწყო, “მოზასავეებზე” ათჯერ მეტი შეკრებილი ჟურნალისტი “გასაყიდი” მასალის ძიებაში ძვირადღირებულ კამერებს აჩხაკუნებდა და პროდიუსერის დარწმუნებას ცდილობდა რომ აქციისგან რამე შეიძლება გამოვიდეს. ვერ მიართვეს. არაფერი გამოვიდა.

მაშინვე დაიწყო ლაპარაკები “ხალხია ბანძიაო,” “ხალხია ბნელიაო,” “სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს” და მსგავსი ლირიკა. მე შეუმდგარ აქციას ზასაობის მოლოდინში მოსულ სულ ცოტა 100 ადამიანს მაინც არ დავაბრალებდი, არამედ ორგანიზატორებთან მექნებოდა პრეტენზია.

ყველა აქცია საჭიროებს ორგანიზებას, ყველაზე გულახდილ, სახალხოც კი, ეს ფაქტია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მოსთხოვო ვერორგანიზებულ ჯგუფს სინქრონული მოქმედება. რა მოცემულობა გვქონდა აქციამდე და აქციის მსვლელობისას გუშინ? ფეისბუქზე წამოსული ინიციატივა და ღონისძიების გვერდი. მეტი არაფერი. რა თქმა უნდა ასეთ აქციაზე უფრო მეტი ისეთი წავიდოდა, “მოდი ვუყურებ წყვილი მაინც არ მყავს” ვიდრე ადამიანი რომელიც აქციაში უშუალოდ მიიღებდა მონაწილეობას. შედეგად – ყბადაღებული მაყურებელი რომელმაც სულ სამი წყვილი იხილა და ალბათ პარკის სხვა მონაკვეთში რომ გაესეირნა გაცილებით მეტს შეხვდებოდა.

რა შეეძლო გაეკეთებინათ ორგანიზატორებს? პირველ რიგში აქციამდე შეეძლოთ თუნდაც საკუთარი მეგობრებისგან შეექმნათ ე.წ. “ბირთვი,” ვთქვათ 10 წყვილისგან მაინც, რომელიც სინქრონულად დაიწყებდა კოცნას, ასეთ პირობებში კი უბრალოდ მოსულებსაც შეეძლოთ წამოწყება გაეგრძელებინათ. გუშინ კი სამი წყვილის შიგადაშიგ, არა სინქრონულ ქმედებას ლოგიკურია არაფერი მოჰყვებოდა.

ორგანიზატორებს ასევე შეეძლოთ ჩაერთოთ მუსიკა, გაეშვათ კოცნის ცნობილი კადრები, დაედგათ პერფომანსი, გამოსულიყვნენ სიტყვით ბოლოს და ბოლოს, მოკლედ გაეკეთებინათ რამე ისეთი რაც “გამოაღვიძებდა” სხვებს, აღუძრავდა პროტესტის სურვილის, აიძულებდა ეკოცნა ვინმესთვის და ა.შ. ლიდერს ხომ უნდა შეეძლოს სხვისი აყოლიება, წამოწყების გავრცელება, სხვისი ჩართვა, ბოლოს და ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს ხალხი სიკვილზე მიდიოდა ძლიერი პროპაგანდის შედეგად, აქ კიდევ, ერთ უბრალო კოცნაზე იყო საუბარი და ამის ორგანიზებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია გახდა.

ორგანიზეტორები ორგანიზების ნაცვლად მრავალრიცხოვან ჟურნალისტებთან საუბარში გაერთნენ (ნეტა რაზე ელაპარაკებოდნენ, კოცნაზე ნამდვილად არა), მარტო დარჩენილი, სეირის საყურებლად მოსული ადამიანები კინერთმანეთთან “რიტორიკულ ჭორაობაში”  რა ხდება რატომ არ კოცნის ეს ხალხი ერთმანეთს” გაერთნენ? ხალხის კიდევ მესმის, რა ქნან, აი “ორგანიზატორების” ადგილზე კი მედია საშუალებებს ინტერვიუს ნამდვილად არ მივცემდი.

რატომ ვირჩევ პოლიტიკას?

ჟურნალისტიკაში წასვლა რომ დავაპირე სულაც არ ვფიქრობდი პოლიტიკაზე, პოსტ მოდერნისტული იდეებით შეიარაღებული საკუთარ თავს აპოლიტიკურად და პოლიტიკის მიმართ ნიჰინილისტურად განწყობილ ადამიანად ვთვლიდი, ვიძახდი რომ არ მაინტერესებს ეს სფერო და მომავალში მხოლოდ კულტურა/გართობა/ხელოვნებაზე დავწერ ან გავაკეთებ თქო სიუჟეტებს.

ცოტა ხანი რომ გავიდა უფრო სოციალური თემებით დავინტერესდი და ისტორიების ძიება სწორედ რომ ხალხში დავიწყე, მივხვდი რომ აქაცაა კულტურა და ხელოვნება.

კიდევ უფრო ცოტა ხანი სოციალური თემებიდან პოლიტიკაზე გადასვლაში დამჭირდა. მთავარი შეცდომა რომელსაც ჟურნალისტიკაში წასვლისას ვაკეთებდი იმაში მდგომარეობდა რომ პოლიტიკას ვიწროდ ვუყურებდი, ანუ საქართველოში პოლიტიკურ კულტურის არ მქონე ადამიანებზე თვალის დევნისას  ამ სფეროზე არასწორ წარმოდგენას ვიქმნიდი.

უხეში შედარება: პოლიტიკაზე საქართველოში არსებული პოლიტიკოსებით რომ იმსჯელო იგივეა ჰოკეიზე ქართველი ჰოკეისტებით გამოიტანო დასკვნა.

სპეციალობად პოლიტიკა უკვე ბრიტანეთში სწავლისას ავირჩიე, იქ სადაც პოლიტიკური კულტურა საუკუნიების განმავლობაში გაკაჟების შედეგად დღეს ერთ-ერთ საინტერესო და რაფინირებულ სფეროდ წარმოგვიდგება, სადაც პოლიტიკა ხელოვნებაცაა და ხალხთან ურთიერთობის საშუალებაც.

სწორია როდესაც ამბობენ რომ პოლიტიკა ყველაფერი და ყველაფერშია. ფართო გაგებით პოლიტიკა ყოველდღიურ მოვლენას და ურთიერთობების ერთობლიობას წარმოადგენს, სამწუხაროდ ჩვენთან ასეთი სხვადასხვა რეალიებში არსებული ლიდერებთან ასოცირდება და არავითარ შემთხვევაში ამ ფიგურების მიღმა მდგარ პროგრამებსა თუ შინაარსობრივ დატვირთვაში.

აბსოლუტურად სწორი იყო რატი ამაღლობელი რამდენიმე დღის წინ მაესტროს ეთერით რომ განაცხადა- საქართველოში არ არსებობს ინსტიტუციებიო რომლებიც შექმნიდნენ, გამოწვრთიდნენ ძლიერ, ღირსეულ პოლიტიკოსებს, პარლამენტი კი რომელიც იდეაში უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოდ უნდა ითვლებოდეს იქცა სანოტარო ბიუროდ.

დედამიწა ლოგიკურობის სავანეა, ამიტომაც პოლიტიკური ორგანოების თუ ტრადიციების უქონლობის გამო ვერც პოლიტიკოსები და ვერც რეალურად პროფესიონალური პოლიტიკა გვექმნება. საქართველოს პოლიტიკური ასპარეზი ეს არის სპონტანური პირების თავშეყრის ადგილი სადაც დიდ როლს გამართლება და პოპულიზმი თამაშობს.

ილუსტრაციისთვის მოდით გავიხსენოთ ვინ გვყავდა პოლიტიკაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დამოუკიდებლობის მიღების თანავე საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებისას მიღებული ნდობის აბსოლუტური მანდატის შედეგად ზვიად გამსახურდია ხდება, ნაციონალისტური რიტორიკით შეიარაღებული ის იდეალურად მიცურავს პოსტ კომუნისტურ, “განმანთავისებლურ” ტალღაზე და ხდება ყველა ქართველის ლიდერი. მცირე ხანში გამსახურდიას პოლიტიკაში გამოუცდელობა იმდენად თვალსაჩინოა რომ ქვეყანა კატასტროფის, არსებობა/არ არსებობის წინაშე დგას.

მოდის შევარდნაძე, ადამიანი რომელიც გვამშვიდებს, “გვირიგებს კანფეტებს” თოვლის ბაბუასავით და იმას მაინც აკეთებს რომ გაეროს საქართველოს აღიარებინებს, გაპარტახებულ ქვეყანას ოდნავ “გააკოსმეტიკებს” მაგრამ ამის იქეთ მთელ ერს “ზასტოიში” ამყოფებს. ერიც ეძებს ახალ, ქარიზმატულ ლიდერს რომელიც შეუძლებელს დაპირდება, განუვითარებლობაში დამნაშავეებს დასჯის და ქვეყანას წინ ევროპისკენ წაიყვანს. ასეთიც ჩნდება, ახალგაზრდა, ენერგიული და რევოლუციონერი (მაშინ ჯერ კიდევ ასეთი იყო) მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხმამაღალი განცხადებებით სწრაფად იგებს უმრავლესობის გულებს და ხელისუფლებაშიც სისხლის ღვრის გარეშე მოდის.

სამივე პრეზიდენტის ერთი და იმავე ტერმინით მოხსენიებაა შესაძლებელი – “იმედის პრეზიდენტები”. სამივე ხელისუფლებაში საქართველოს მოსახლეობისგან წამოსული არსებული იმედის ხარჯზე მოვიდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის თანავე პოლიტიკის ანბანის უცოდინრობის შესახებ სწრაფად დაკარგა ნდობა.

პოლიტიკის უცოდინრობა  და პოპულიზმი მხოლოდ პრეზიდენტებს როდი ეხება, აქ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რელიგიურ სექტორებს “მომუშავე” თარგამაძე, პლანქტონი – თორთლაძე, “ხან რას ვიტყვი, ხან რას” – ოქრუაშვილი, განაწყენებული – ბურჯანაძე და ა.შ და ა.შ. არც პარტიები არსებობს საქართველოში, მათი უმეტესობა 10 წელიწადსაც კი ვერ უძლებს და არჩნევნებიდან არჩევნებამდე არსებობს.

პოლიტიკოსებს და პარტიებშ თავი რომ გავანებოთ პოლიტიკური კულტურა არც ე.წ. ექსპერტებს აზრია მაინცდამაინც გასათვალისწინებელი, რომლებიც უფრო ბირჟაზე დომინოს თამაშისას პოლიტიკურ განათლება მიღებულ ადამიანებს ჰგვანან ვიდრე რეალურ მეცნიერებს.

…არადა, ძალიან საინტერესოა თუნდაც დომინო, რა თქმა უნდა თამაში თუ იცი.

 

ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას

რამდენიმე წლის წინ სიგარეტის განებების შესახებ გადაწყვეტილება ერთ ჩემ ნაცნობს ვაუწყე, რომელმაც გაიკვირვა და განაცხადა რომ ამის გახმაურება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც სიგარეტს თავს ვერ დავანებებდი და საზოგადოებაშიც დაპირების შეუსრლულებლობის შედეგად უფრო ცუდად გამოვჩნდებოდი.

არ ვიცი რატომ გადაწყვიტა იმ ჩემ ნაცნობმა რომ მოწევას თავს ვერ დავანებებდი (დავანაბე, ერთ წელიწადში კვლავ განვანახლე მაგრამ მაინც…), მაგრამ დაახლოებით ვხვდები რისი თქმაც სურდა; არ შეიძლება გააკეთო დაპირება თუ ამის შემსრულებელი არ ხარ.

თუმცა, ამავდროულად დაპირება შეიძლება სტიმულატორი აღმოჩნდეს, რომელიც გაიძულობს გააკეთო საქმე რომელიც სხვებს, საჯაროდ შეპირდი. თუ პასუხისგებლობის გრძნობით ხარ დაჯილოდვებული უკან დასახევ გზას არ იტოვებ და დაპირებას ან ასრულებ ან სახალხოდ თავს იტეხ.

აქ დაპირება მინდა გავაკეთო, უფრო სწორად განცხადება.

ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას. ერთ წლიანი (რომელიც აღინიშნებოდა მრავალი წამოწყება-ფიასკოებით) შესვენების შემდეგ გვპირდებით რომ გარკვეული დროის შემდგომ საშუალება მექნება შემოგთავაზოთ ფანტასტიკურ/ფენტეზი ხასიათის ახლად გამოგონილი სამყარო, გაჯერებული ადამიანებით, მითიური და გამოგონილი არსებებით, სხვადასხვა ტიპის რასებით, დასახლებებით, რაციონალური და ირაციონალური მოვლენებით, მაგიით და მეცნიერებით, რწმენით და ურწმუნოებით.  ეს რაც შეეხება ფორმას, ხოლო შინაარსობრივად ეს მაინც იქნება ადამიანის “მოგზაურობა საკუთარ თავში,” ადამიანის რომელიც ცდილობს გაიგოს რა არის ბოროტება და სიკეთე, შეიცნოს საკუთარი თავი ისევე როგორც ირგვლიმყოფნი.

გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდგომ ამავე ბლოგზე შესაფასებლად შემოგთააზებთ  ნაწარმოების პირველ რამდენიმე გვერდს. ფენტეზიში დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მომაწოდოთ ლიტერატურული, კინომატოგრაფიული თუ სხვა სახის მასალა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავეცნობი და წერისას გამოვიყენებ. მოკლედ ველოდები გამოხმაურებებს, სურვილებს, კრიტიკულ შენიშვნებს და ა.შ.

…პოტენციურ გამომცემლებისგან კი აქტიურობას

კვლავ საქართველოში. პირველი შთაბეჭდილებები.

სურათის ავტორი: გიორგი ლობჟანიძე

ნორმალური ქვეყნიდან ანალოგიურად ნორმალურ ქვეყანაში რომ ჩადიხარ პირველ კითხვად ფრაზა “როგორ ეგუები აქაურობას?” გამორიცხულია გაიგო, განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც სამწუხაროდ ნორმალური და განვითარებული ქვეყანა ნამდვილად არაა.

ბუნებრივია ამ მოსაზრებაში ბევრი მეთანხმება და ამიტომაც თითქოს კოლექტიური შეთანხმების შედეგად ერთი და იგივე კითხვას მისვამენ. მეც ვპასუხობ და ერთი და იგივე პასუხს არ ვიზარებ.

ამ პოსტში ჩემს პირველ შთაბეჭდილებებს კიდევ ერთხელ გაგაცნობთ და ძალიან გამიხარდება  თუ თქვენთან შეხვედრის შემდგომ ხსენებული კითხვა ოდნავ მაინც შეიცვლება.

ქრონოლოგიურად დავიწყებ.

გლაზგოდან ამსტერდამის აეროპორტში მომიწია ჩაფრენა. ამსტერდამის აეროპორტი მასიური, კოსმოპოლიტური ხასიათის მქონე სადგურია, სადაც საჭირო გასასვლელის საპოვნად შეიძლება ნახევარ საათზე მეტი დაგჭირდეთ, და არა იმიტომ რომ მინიშნებებია ცუდი (საშუალო სტატისტიკური აიქიუს ქონის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია დაკარგვა), არამედ მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან დიდია. აეროდრომზე კი თვითფრინავები ერთმანეთს დაჯდომა/აფრენაში ასწრებენ და მსოფლიოს ყველა მიმართულებით მიფრინავენ.

ამიტომაც ჰოლანდიელებს ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე შეუძლიათ დაიკვეხნონ რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი აქვთ, განსხვავებით ქართველებისგან. ამ ჰიპოთეზის მიუხედავად ჰოლანდიელებისგან ასეთ ტრაბახს იშვიათად შეხვდებით, განსხვავებით ქართველი პრომოუტერებისა, აი ერთ-ერთი მაგალითიც. 

თბილისის აეროპორტში დაშვებისას სულ რაღაც სამი თუ ოთხი თვითფრინავი იდგა ობლად და ჩამოსული თუ გასამგზავრი ადამიანების რიცხვი მხოლოდ ამსტერდამის რეისით ჩამოფრენილი მგზავრებით განისაზღვრებოდა.

შემდეგ იყო აეროპორტიდან სახლამდე მიმავალი გზა. პირველი რაც ხანგრძლივი განშორების შემდეგ თვალში მეცა მტვერი და საერთოდ ბინძური ჰაერი იყო. ეს რომ მოგვიანებით ზოგიერთ მეგობარს ვუთხარი, კითხვად რაღაც დაალოებით ასეთი გავიგე, “კი, მაგრამ იქ სხვანაირი ჰაერია?”

კი, იქ სხვანაირია, მტვერი ნაკლებადაა და მანქანებიც მოწმდება. ჩვენთან კი მოგეხსენებათ რამდენიმე წელია ტექ. დათვარიელება აღარ არსებობს (არც მანამდე არსებობდა თუ გავითვალისწინებთ რომ სუფთა ფორმალობას წარმოადგენდა ვიდრე ნამდვილ შემოწმებას). შედეგად თბილისის ქუჩებში სიარულისას უხვი რაოდენობით ვყლაპავთ მტვერს, გამონაბოლქვს და ვიმოკლებთ სიცოცხლეს.

ქალაქში დიდი ცვლილებები შევამჩნიე თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, რაც თვალს მომხდა ჯერჯერობით ის იყო რომ აკადემიასთან ბაღი აღარ არსებობს, ოპერის უკან აშენდა კიდევ ერთი “გამჭირვალე” პოლიცია, წყლის დასალევ ფანტანებს დაუმაგრდა (ზოგიერთ შემთხვევაში) ღილაკი და ახლა თბილისის მოსახლეობას წყლის არა “ლოღნვა” არამედ უფრო ცივილურად დალევის საშუალება აქვს.

კონტროლიორები ავტობუსში უფრო ხშირად ამოდიან და გულმოდგინეთ გვთხოვენ შევიძინოთ ბილეთები. ხალხიც თითქოს უფრო აქტიურად ყიდულობს ბილეთებს ვიდრე შარშან. თუმცა ავტობუსები გატენილია, თუ არ გამიმართლათ და ავტობუსის უხერხული კუთხიდან გიწევთ ჩასასვლელად მოძრაობა გზაზედ შეიძლება შეგხვდეთ “არომატი ვინმეს იღლიის ქვეშ,” არც თუ ისე მეგობრული ჯიკაობა მავანთან და ზოგადად დაღვრემილი და აგრესიული სახეების ცქერა.

დაღვრემილი გამომეტყველებით ასევე მაღაზიის გამყიდველები გამოირჩევიან, რომლებიც პროდუქტის შეძენის შემდგომ თევზებით მუნჯდებიან და შენგან გამოხატული ღიმილზე და მადლობაზე არავითარ რეაქციას არ გამოხატავენ. მაინც, პრინციპულად განვაგრძობ მადლობის გადახდას.  ადრე თუ გვიან ვინმე ზრდილობიანად მომიგებს, მეც გამიხარდება და შეიძლება პირველ ზრდილობიან გამყიდველს დავუმეგობრდე კიდევაც .

კიდევ გამოჩნდა ელექტრონული დაფები ავტობუსების გაჩერებებთან, რომლებიც მართალია ჯერჯერობით მხოლოდ რუსთაველი – ვაკის მიდამოებში შეიმჩნევა, მაგრამ როგორც გავიგე გვპირდებიან რომ ნაკლებად პრესტიჟულ უბნებშიც დაამონტაჟებენ.

შერონ სტოუნზე არ დავწერ თქო, მაგრამ ვერ ვსძლიე ცდუნებას. კვირა დღეს, ანუ ჩამოსვლის მეორე დღე ნაწილობრივ რუსთაველზე ბოდიალში გავატარე, თავიდან გადაკეტილი ქუჩა რომ დავინახე ვიფიქრე კვლავ მიტინგია თქო, მაგრამ ცოტა ხანში სხვანაირი “აურა” რომ ვიგრძენი მივხვდი რომ საქმე ჩამოწერილი ჰოლივუდის ფენომენთან გვაქვს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩას არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ გადაკეტავენ სტოუნის, ჰოფმანის ან თუნდაც ანჯელინა ჯოლის ხათრით.

დანარჩენი ვნახოთ, ისე ნეტა, შერონს თუ მოეწონა საქართველო? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მაგას ხომ არ სჭირდება “აქაურობასთან შეგუება.”