ტაბულა VS ლიბერალი, ანუ ოდიოზური შედარება

კოლაჟი: Georg Gamez

სერვანტესს უთქვამს, “შედარებანი ოდიოზურიაო,” რომ დაფიქრდე მართლაც ეგრეა, მაგრამ რას იზამ სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ სხვა საშუალებას არ გვაძლევს. იქ სადაც არსებობს მაღალი და დაბალი, განიერი და ვიწრო, მდიდარი და ღარიბი, კარგი და ცუდი, შედარება ის გარდაუვალი მოცემულობაა, რომელსაც ყოველდღიურად მივმართავთ.

ამ პოსტში მეც შედარებას გავაკეთებ, შედარებას ორ ქართულ გამოცემას შორის რომელიც ბევრის თქმით ერთმანეთისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთის კონკურენტად ითვლება. სანამ ამ ორ ჟურნალს ხელში ავიღებდე მეც ვფიქრობდი რომ თვისობრივად ერთი და იგივე ჟურნალს ვკითხულობ, უბრალოდ განსხვავებული პოზიციებით, თუმცა წაკითხვის შემდეგ განსხვავებებიც აღმოვაჩინე.

მაშ ასე, ვინ მოერევა, ტაბულა თუ ლიბერალი?

ყველაზე ზედაპირულით დავიწყოთ და ნელ ნელა “სიღრმეებშიც” შევიჭრათ.

ფასი

 ლიბერალი ორი ლარი ღირს, ტაბულა ლარნახევარი, არცერთია მაინცდამაინც მაღალი ფასი, მაგრამ ქართული რეალიიდან გამომდინარე 50 თეთრსაც მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ამ შემთხვევაში ლიბერალს 6-დან 3, ხოლო ტაბულას 4 ქულას ვუწერ.

ლიბერალს 42 გვერდი აქვს, ტაბულას72, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ამ უკანასკნელის საგრძნობი ნაწილი რეკლამას უჭირავს და პირველს ამასთან შედარებით რეკლამას შიგთავსის ძალიან მწირ ნაწილს იკავებს, ქულებს თანაბრად ვანაწილებ, 3-3 ორივეს.

ქაღალდის ხარისხი

გაზეთს რომ კითხულობ ქაღალდს ნაკლებ ყურადღებას აქცევ, მაგრამ როდესაც ხელში ყოველკვირეული “მოინტელექტუალო” ჟურნალი გიჭირავს გასაკვირი არაა რომ ამასაც მიაქცევ ყურადღებას. ციდან მწვერვალებს არცერთი კრეფს, თუმცა ლიბერალი მაინც ოდნავ წინაა და ტაბულას გაცილებით სჯობია.  ასე რომ 3 და 2, ლიბერალის სასარგებლოდ.

ყდა, დიზაინი, ილუსტრაცია

ტაბულას ამ კვირის ნომერს “ყოვლისშემძლე თაგვი” ამშვენებს, რომელიც კედელშიც (ეს ინტერნეტ ცენზურას ასახავს) კი აღწევს, აქ თვალშისაცემია მსგავსება კონკურენტ ჟურნალთან, რომელიც კედლის მაგივრად ჩარჩოს (პრეს პაპიეს ფორმით) ასახავს, რომელზეც ფონეიდესკოპი იკლაკნება, ჟურნალის მთავარი თემა ჯანდაცვაა. ლიბერალის შიგთავსი უფრო სადაა, უფრო სერიოზულად გამოიყურება და გრაფიკით ნაკლებად დატვირთული, ამასთან ტაბულას მეტი სურათი აქვს გამოყენებული, თუმცა რიგ შემთხვევაში ზოგიერთი გვერდი ნამეტანად გადატვირთულია. საერთოდ ამ პარამეტრებით ერთი მეორეს საკმაოდ ჰგავს, ასე რომ აქ უპირატესობას არცერთს მივცემ და ორივეს 3-3 ქულას დავუწერ.

პრობლემატური თემების არსებობა

თანამედროვე ჟურნალისტიკა ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული რომაა საიდუმლო არავისთვისაა, მაგრამ მეორეს მხრივ ისიც ნათელია რომ თუ მედია გამომცემელი პრობლემატურ და მნიშვნელოვან თემას ივიწყებს ის განწირულია მკითხველის დაკარგვაზე. მიუხედავად იმისა რომ ორივე ჟურნალი ერთ პერიოდშია გამოსული ყრდაზე ორი განსხვავებული მთავარი თემა გვაქვს, ტაბულა თვლის რომ კვირის მთავარი თემა ინტერნეტცენზურაა, ხოლო ლიბერალი საავადმყოფოების პრივატიზაცია.

მოგეხსენებათ ინტერნეტცენზურაში აგვისტოს 5 დღის გამო დაბლოკილი ტორენტ საიტები იგულისხმება, მართალია გასულ კვირას ამ აკრძალვამ მართლაც რომ ბევრი ინტერნეტ მომხმარებელი შეაწუხა და ფეისბუქზე პროტესტიც კი გამოათქმევინა, მაგრამ მეორე დღესვე აკრძალვის მოხსნა და ჟურნალში 5 გვერდიანი სტატიის მიძღვნა  “მთავარი თემის” ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებს.

ლიბერალს თავის მხრივ საკმაოდ მტკივნეული და საჭირო თემა აქვს წამოჭრილი. საავადმყოფოების პრივატიზაცია მართლაც რომ ბევრს ეხება და ცვლილებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა რომ სტატიაა უფრო მოცულობითი შეიძლება ყოფილიყო (ავტორები მაგალითად არ საუბრობენ იმაზე თუ რა ბედი ეწევათ ექიმებს, პაციენტებსაც შეიძლება მეტი ყურადღება მიქცეულიყო) მაინც ინფორმატულია და კარგ დონეზე შესრულებული. გარდა ამისა ლიბერალი ამ კვირის ნომერში ეხება ისეთ პრობლემატურ თემებს როგორიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა,  სახელმწიო ეკონომიკური პოლიტიკა იაფი კრედიტების კუთხით, პრობლემები ზღვაზე სეზონთან დაკავშირებით და დებატები აფხაზეთის აღიარება არ აღიარებაზე.

ტაბულა ამ მხრივ აშკარად ჩამორჩება კონკურენტს. ერთადერთ პრობლემატურ თემად რომელიც პრობლემატურად არის წარმოჩენილი ნაგვის გადასახადი შეიძლება ჩაითვალოს. დანარჩენი პრობლემატური თემები მომხიბვლელადაც კი არის წარმოჩენილი, მაგალითად ერთ-ერთ სტატიას ასეთი სახელი ჰქვია: “კანონი მანიფესტაციების შესახებ-გამკაცრება თუ ლიბერალიზაცია?”

ამგვარად ამ კატეგორიაში 4-2 ლიბერალის სასარგებლოდ.

ენა, პროფესიონალიზმი 

მწერალი ერთგვარი კულინარია. სხვადასხვა კულინარს შეიძლება ერთნაირი მოცემულობა, უმი მასალა ჰქონდეს, აი რა და როგორ კერძს მოამზადებს უკვე მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. მართალია ჟურნალისტიკა და მწერლობა ორი სხვადასხვა ფენომენია, მაგრამ ბეჭდვითი პრესა, განსაკუთრებით კი საჟურნალო სტატიები სხვა მედია საშუალებებისგან შედარებით გაცილებით ახლოს დგანან ლიტერატურასთან. სწრაფ ინფორმაციის მისაღებად მავანმა შეიძლება ტელევიზორს უყურო, რადიოს მოუსმინო, ინტერნეტი მოათვალიერო, უკიდურეს შემთხვევაში ყოველდღიური გაზეთი შეიძინო. ჟურნალის შემთხვევაში კი სხვა ესთეტიკასთან გვაქვს საქმე, ჟურნალი გრჩება, თავისუფალ დროს გინდა წაიკითხო, ნაწერისგან სიამოვნება მიიღო და მოკლედ რაღაც ისეთი აღმოაჩინო რომელიც შეიძლება ბევრად გვიან ვინმე მეგობარს წააკითხო. მოკლედ ჟურნალი თითქმის ლიტერატურაა, ამიტომაც მოდით ამ ორი ჟურნალის მენიუ დავათვალიეროთ.

ხშირ შემთხვევაში ჟურნალს კითხვას, უკნიდან, კულტურის რუბრიკიდან ვიწყებ, ასე მოვიქეცი ამ შემთხვევაშიც. ორი ძალიან სასიამოვნო, გულს რომ გითბობს ისეთი წერილი შემხვდა ბოლო ორი სტატიის სახით. საუბარია კახა თოლორდავას “ისევ პარკებზე და ისევ ყოფილ ოპოდრომზე” და დავით ბუხრიკიძის უბადლოდ დაწერილი “რეცენზია – მოსაზრებაზე” “მსხვილი წითელი ხაზი,” რომელიც კინოფილმ “სიცოცხლის ხეს” ეხება.

კარგია და სახალისო ასევე ლაშა ბუღაძის “აქცენტირება,” რომელიც ერთგვარ პაროდიას წარმოადგენს. რაზე? თუ წინა კვირის ტელე სივრცეს ადევნებდით თვალს ადვილად მიხვდებით.

დანარჩენი ლიბერალში მაინცდამაინც ლიტერატურული იყო თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, მაგრამ დაწერილ სტატიებში იგრძნობა განსხვავება ტაბულასთან, კერძოდ კი ჟურნალისტები უფრო პროფესიონალურად უდგებიან სტატიებს. უმრავლესობაზე რესპოდენტებთან მუშაობა იგრძნობა, სამწუხაროდ ტაბულას შემთხვევაში უფრო “გატელევიზორებულ” ან ტელეფონში ნათქვამ ფრაზებს შეხვდებით, ყველას არ ეხება, მაგრამ როგორც ჩანს ბევრი ჟურნალისტი თავს მაინცდამაინც რესპოდენტებთან ურთიერთობით თავს არ იკლავს.

ტაბულაში სამარცხვინოა მიშა თავხელიძის და ზურა ჯაფარაძის საავტორო სვეტი რომელიც კითხვას სვამს თუ რატომ არ არიან ისინი (თუმცა გაუგებარია ვინ კონკრეტულად, ავტორები თუ ზოგადად რედაქცია?) სოციალისტები? ტექსტი არ ტოვებს “უნივერსიტეტდამთავრებულობის” შთაბეჭდილებას და კითხვისას გიჩნდება ეჭვი რომ ერთ-ერთი ავტორი წამი წამზე გინებას დაიწყებს.

ამის ფონზე კი სპორტის სექცია ნამდვილი განძია, განსაკუთრებით კი ზურაბ თალაკვაძის “გერმანელი.” ეს სტატია ორივე ჟურნალში ყველაზე მეტად მომეწონა, ძალიან კარგი ენითაა დაწერილი, საინტერესოდ და შთაგაგონებს კიდეც. ნორმალურად და კარგად იმუშავა ასევე ნინა ახლოურმა. დანარჩენი… რავიცი აბა…

4-3, კვლავ ლიბერალის სასარგებლოდ.

შეჯამება

რა შეიძლება ითქვას? გვაქვს ორი ჟურნალი, რომელსაც პრეტენზია Newsweek – ობა Time – ობაზე თუ არა, ნამდვილად ხარისხიანზე რომ აქვთ ფაქტია, ისიც ფაქტია რომ ჯერჯერობით ბევრი აქვთ სამუშაო. ტაბულას შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს იბეჭდება დაბეჭდვის და გართობის ხათრით, ხოლო ლიბერალი ცდილობს იყოს სერიოზული, მაგრამ უმეტესს შემთხვევაში უბრალოდ ცდილობს ვიდრე რეალურ შედეგს აღწევს….

ამ ეტაპზე კი ამ ორს და Newsweek-Time დუეტს შორის სხვაობა უფრო მეტია ვიდრე “სარკე-თბილისელების” ტანდემისგან.

შედარებანი მართლაც რომ ოდიოზურია.

ანგარიში, შესაძლო მაქსიმალური 36 ქულიდან, ლიბერალი 20 – 17 ტაბულა. გაიმარჯვა ლიბერალმა.

9 thoughts on “ტაბულა VS ლიბერალი, ანუ ოდიოზური შედარება

  1. Mr. Nomad

    ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ ლიბერალი რამით ჯობია ტაბულას. მიუხედავად გაზეთის სახელისა, მეორე მათგანი უფრო ლიბერალურია და პირდაპირი გაგებით “აწვება” თავისუფალი ეკონომიკის იდეას. (მე ძირითადად ამ განხრით ვკითხულობ სტატიებს).
    “ტაბულაში სამარცხვინოა მიშა თავხელიძის და ზურა ჯაფარაძის საავტორო სვეტი” – აი ეს კი ნამდვილად არ უნდა დაგეწერა, შესაძლოა შენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის (მგონი რომ არ ვცდები) მათი წერის მანერა მიუღებელია და გერჩივნა მაღალფარდოვანი და ზეაღმატებული ფრაზებით ემეტყველათ, მაგრამ აღიარე რომ ავტორების მიერ არჩეული სტილი უფრო ადვილად გასაგებია ჩვეულებრივი მოკვდავისათვის. ეს ორივე ჟურნალი კი სწორედ ასეთი ხალხისათვისაა. რაც შეეხება ამ ადამიანების პროფესიონალიზმს, დამიჯერე რაზეც წერენ სხვებზე ბევრად უკეთ იციან ეს საკითხი – სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით.

    საბოლოოდ მათ შორის ერთი დიდი სხვაობაა: ლიბერალი უფრო აკადემიური ჟურნალია და ორიენტირებულია პროფესიონალურ სტატიებზე (ჟურნალისტური “ენით” დაწერილს ვგულისხმობ), ტაბულა კი პირიქით🙂

    მადლობა საინტერესეო პოსტისათვის🙂

    Reply
    1. tamara

      კი, ადვილად გასაგები დემაგოგია🙂 გმადლობ, არ მინდა!:) მე – ჩვეულებრივი მოკვდავი ამ სტატიის შეფასებაში ნამდვილად ვეთანხმები ავტორს…
      ბევრს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ არც ერთს ვეწაფები დიდად და არც მეორეს…

      Reply
    2. lobzhanidze Post author

      მაღალფარდოვნება საერთოდ არ არის საჭიროა, ჩემი აზრით ჟურნალისტი მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად უნდა წერდეს. პრობლემა სხვაშია, ძალიან ცუდადაა დაწერეილი და გამოხატული აზრი რომელიც აბსოლუტურ სიყალბეს წარმოადგენს, საერთოდ არსებობს ასეთი გამონათქვამი, “რაც უფრო ნაკლები ფაქტია მით უფრო ძლიერია თვალსაზრისი,” ხოდა თავხელიძეც უაზროდ ამტკიცებს რაღაც ისეთს რაც არ იცის, ყოველთშემთხვევაში სტატიიდან ასე ჩანს.

      Reply
      1. Mr. Nomad

        შეიძლება მიშა თავხელიძეს მხოლოდ იმიტომ არ ეთანხმები, რომ არ იზიარებ მის შეხედულებას სოციალიზმთან დაკავშირებით. სუფთა მეცნიერული და ფაქტობრივი თვალსაზრისით, მის მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები მართალია. ეს ბეევრი ქვეყნის პრაქტიკულმა მაგალითმა დაადასტურა.🙂
        და სად დაინახე უცოდინარობა? :))

      2. lobzhanidze Post author

        ნომად, მე ვიცნობ ფრიდმანი, ჰაიეკის და ა.შ. მემარჯვენეების დოქტრინებს, ასეთის გაცნობისას მე მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი არ შემპარვია, იმის მიუხედავად რომ არ ვეთანხმები მათ პოზიციას. თავხელიძესთამ ვერსად ვერ დავინახე მისი ცოდნა, ცარიელი სტატიაა, სასაცილო და ციდან მოტანილი, თუ აჩვენა პრაქტიკამ მაგალითები მოეყვანა, მე მოვიყვანდი არგენტინის, ჩილეს, კამბოჯის და ა.შ. მაგალთებს სადაც მემარჯვენეობამ არ გაამართლა. ობამას არაფერი სჭირს თავხელიძის დასაცინი, თავხელიძე და მისნაირები უბრალოდ იბოღმებიან რომ ტვინგაყინული მაკეინები და ბუშები აღარ არიან ხელისუფლებაში.

  2. litterator

    რასაც მე ინტერნეტ ვერსიებს ვადევნებ თვალყურს, ერთი პერიოდი ვფიქრობდი რომ ლიბერალი ჯობდა, მაგრამ ხშირ შემთხგევაში ისეთ ბლოგებს აქვეყნებენ, ან ისეთ ვიდეოებს დებენ რომ კითხვის სურვილი მიქრება სიმართლე გითხრა. ტაბულას რაც შეეხება ყველა სტატიას არ ვკითხულობ და არ ვეთანხმები, მაგრამ ყოფილა შენმთხვევები სასიამოვნოდ გამაკვირვა იქ დაწერილმა სტატიამ ან ბლოგპოსტმა.

    Reply
  3. გიორგი

    პატივცემულო,ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ თავად რომ არ ბრწყინავთ წერაში-ამას რა ვუყოთ?:)

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      თუ ასე თვლით, უბრალოდ არ წაიკითხოთ. მაგრამ თუ გული შეგტკივათ მაშინ კონკრეტულად შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ.

      Reply
  4. Pingback: ტაბულა VS ლიბერალი, ანუ ოდიოზური შედარება : European.Ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s