Monthly Archives: სექტემბერი 2011

სიკვდილის აუცილებელი სიმძიმე

კარგი ლიტერატურის აუცილებელი პირობა ავტორის გამოცდილებაა, ამიტომაც ყველაზე რთულია წერო სიკვდილზე, რადგანაც ასეთი გამოცდილება არცერთ ცოცხალ მწერალს არ ჰქონია და არც ექნება (თუ ემანუილ სვედენბორგის და მსგავსი ავტორების სავარაუდო ბოდვებს არ ჩავთვლით). ასეთი რომ ჰქონდეს ის სულაც არ იქნებოდა მკვდარი.

ქართულ ენაში აღნიშნულ სიტყვის სინონიმზე, ანუ გარდაცვალების ლეგიტიმურობაზე შეიძლება დავა. სიკვდილი აბსოლუტურია, ის თავისთავად წერტილია რომლის შემდეგ სულიერი საგანი არსებობას წყვეტს, გარდაცვალება კი შინაარსობრივად ტრანსფორმაციას, მეტამორფოზას უფრო აღნიშნავს ვიდრე განსაზღვრულ სასრულს.

ამიტომაც რა შეიძლება დაიწეროს სიკვდილზე და არა გარდაცვალებაზე, თუ ასეთის გამოცდილება არ გვაქვს? კითხვა თავისთავად რიტორიკულია და ამ წერილშიც ამ თემის ირგვლივ გამოხატული აზრები უფრო საკუთარ თავთან მსჯელობას, სოფისტურ განხილვას წარმოადგენს ვიდრე ჭეშმარიტების ძიების მცდელობას.

ცნობილი ლათინური გამონათქვამი Memento Mori მოგვიწოდებს გვახსოვდეს სიკვდილი, მაგრამ როგორ უნდა გვახსოვდეს ის რისი გამოცდილებაც არ შეიძლება გვქონდეს, როგორ უნდა გვახსოვდეს ის რაც არ ვიცით? ფრაზა  Memento Mori მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ლოგიკური და გასაგები თუ მას სიცოცხლეს, ანუ ყოველი ჩვენთაგანის გამოცდილებას დავუკავშირებთ, რომელიც პრაქტიკულად გვეუბნება “დააფასეთ და ჩაფიქრდით სიცოცხლეზე.”

ალბათ ყოველ ჩვენთაგანს სიცოცხლის განმავლობაში ჰქონია ორი სახის მოვლენა. პირველი მაგალითად, ასრულებთ ისეთ დავალებას რომელიც საერთოდ არ გეგულებათ, ასეთ დროს უზომოდ გსურთ დღე რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, და თქვენც იცით რომ ეს დღე დამთავრდება, ბოლოს ასეც ხდება.

მეორე სახის მოვლენა საპირისპიროა – სიტყვაზე თქვენ ატარებთ დღეს საყვარელ ადამიანთან და გსურთ რომ გატარებული საათები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და რაც შეიძლება გვიან დამთავრდეს, მაგრამ თქვენ იცით რომ ეს შეუძლებელია და ეს დროც სრულდება.

ორივე აღნიშნულ მოვლენის ერთი რამ აქვს საერთო – სასრული, სიკვდილი.  ამ საერთოს გარეშე ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ იარსებებდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ რამის არსებობა შეუძლებელია თუ მას სასრული არ აქვს, სიცოცხლე სიცოცხლე ვერ იქნებოდა სიკვდილის გარეშე. ამიტომაც ვიძახით Memento Mori – ს, რომ შევახსენოთ საკუთარი თავს რომ ვარსებობთ, ვცოცხლობთ და მანამ სანამ ამ ფრაზის თქმა შეგვიძლია არ ვკვდებით.

უმრავლესობა ჩვენთაგანს სიკვდილი შორ, პრაქტიკულად არარსებულ მოვლენად წარმოუდგენია, ირონია იმაში მდგომარეობს რომ არსებითად ამ მოვლენაზე უფრო რეალური არაფერია და სწორედ მაშინ როდესაც ეს წამი დადგება ყოველი ჩვენთაგანი დაუპირისპირდება ყველაზე რთულ განსაცდელს, რომელიც არა შეუცნობადი სამყაროს გარდასახვაში, არა სამოთხის, ჯოჯოხეთის თუ სამუდამო არ არსებობის იმედის მოლოდინში, არამედ ერთ ბანალურ კითხვაში მდგომარეობს, “რა გავაკეთე ჩემთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში?” და თუ კითხვას დამაკმაყოფილებლად ვერ უპასუხეთ და მშვიდად ვერ შეხვდით სიკვდილის, ესეიგი არც არასდროს გიცოცხლიათ და არც სიკვდილის გამოცდილება გეღირსებათ.

Advertisements

წარმატების ფორმულა რომელიც არ არსებობს

Oh feed your children on Cray fish and Lobster tails,
Find a school near the top of the league,
In theory I respect your right to exist,
I will kill ya if you move in next to me

-ჯარვის კოკერი-

არსებობს მოსაზრება – გენიოსებად იბადებიან. არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც – გენიოსები ყალიბდებიან.

არცერთია გამორიცხული, არც მეორე. ორივეს ხშირად შეხვდებით, ორივე თვალსაზრისზე ხშირად მსჯელობენ. ბევრად იშვიათია საუბარი იმ ფაქტორებზე რომლებიც ხელს უწყობენ, ან პირიქით უშლიან ინდივიდის ჩამოყალიბებას და მის წარმატებას.

მეტიც, რომ არა გარკვეული გარომოებები, ადამიანი განწირულია წაგებაზე, ხოლო ხსენებული ფაქტორები 99.9 პროცენტის ალბათობით განაპირობებენ ადამიანის წარმატებას.

მაშინ როდესაც თანამედროვე სამყარო თუ მისი ისტორია ცნობს გენიოსებს, წარმატებულ მეცნიერებს, რეჟისორებს, პოეტებს, პოლიტიკოსებს და მათი სახელები გვახსოვს, იმავე ისტორიის ფურცლებზე ვერასდროს შეხვდებით იმ ადამიანების სახელებს რომლის სახელებიც მომავალს არ ეცოდინება, მარტივი მიზეზის გამო. ისტორიას მათი სახელი არც ჩაუწერია, მათი გენია თუ უბრალოდ ნიჭი ვერ გამოვლინდა, იმ პირობების არ არსებობის გამო, რომლებიც უმეტესს შემთხვევაში წარმატებისთვის სრულ აუცილებლობას წარმოადგენს.

მოდით, ზოგიერთ ასეთ პირობას შევეხოთ

გეოგრაფია

სიტყვაზე ავიღოთ, 2011 წელი. გეოგრაფიულ ობიექტებად ავირჩიოთ ორი ქალაქი. ერთის მხრივ, ნიუ-იორკი, ამერიკულ შეერთებულ შტატებში, ხოლო მეორეს – ბასრა, ერაყში.

ორივე ქალაქში იბადება ერთი ინტელქუალური შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ზრდასთან ერთად მათი შესაძლებლობა თუ ნიჭი ასევე თანაბრად ვითარდება.

კითხვა, სიტყვაზე 2050 წლისათვის რომელს აქვს უფრო მეტი შანსი გახდეს მსოფლიო დონის რეჟისორი?

მატერიალური უზრუნველყოფა

პირველი გარემოების საპირისპიროდ მაგალითად ავიღოთ ერთი და იგივე ქალაქი, იყოს კვლავ ნიუ-იორკი.

კვლავ ორი აბსოლუტურად იდენტური შესაძლებლობების ბავშვი.

ერთი იბადება შეძლებულ, მევახშის ოჯახში, რომელსაც მთელი ცხოვრება მშობლებისგან მატერიალური ყურადღება არ აკლდება და ის ღებულობს საუკეთესო განათლებას.

მეორე ბავშვი იბადება ემიგრანტების ოჯახში, რომლის მშობლებიც დღე და ღამე ათენენ რომელიმე სერვისის სფეროში მუშაობაში რომ როგორმე უზრუნველყონ მრავალრიცხოვანი ოჯახი. კარგ განათლებაზე საუბარი ზედმეტია.

კითხვა, რომელ ორ ბავშთაგან აქვს მეტი შანსი გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, ან თუნდაც სენატის წევრი?

კლასობრივი იერარქია

ლონდონი 2011 წელი.

ისევ და ისევ ორი ახალდაბადებული. ერთ-ერთი ევლინება ტრადიციულ ინგლისურ ოჯახს, რომელიც ლონდონში 10 თაობა ცხოვრობს და კარგი გავლენით სარგებლობს.

მეორე ახალბადებული ევლინება დაბალი კლასის ოჯახს, მამა სვამს და ხშირად ბავშვზე ცუდ გავლენას ახდენს.

რომელს აქვს მეტი საშუალება გაითქვას სახელი როგორც მეცნიერმა?

კითხვები რა თქმა უნდა რიტორიკულია. პასუხი უმეტესს შემთხვევაში ნათელია. რა თქმა უნდა არსებობს შემთხვევები როდესაც გარკვეული ადამიანები უდიდესს წარმატებას აღწევდნენ ხსენებული წინაპირობების ქონის გარეშე, მათი რიცხვი შეიძლება დიდიც მოგეჩვენოთ, თუმცა საერთო ჯამში პროცენტულად ისინი მცირედ ნაწილს და უფრო იმ გამონაკლისს წარმოადგენენ რომელიც წესს ამტკიცებს.

წესი კი მარტივია, ვიბადებით არათასწორნი და შესაბამისად ვითთარდებით არათანსწორად. ამიტომაც შეიძლება დაიბადო კიდევაც ნიჭიერად, ან წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი შრომა გაწიო, მაგრამ საბოლოო ჯამში… ვის აქვს მეტი შანსი?..

ასე რომ ნუ მოტყუვდებით სახელმძღვანელოებით “როგორ მივაღწიოთ წარმატებას და გავმდიდრდეთ.” წარმატების ფორმულა დაბადებისთანავე გეძლევათ და საბოლოო შედეგის გამოანგარიშება მეტ-ნაკლები სიზუსტით შესაძლებელია თავიდანვე მოცემული პირობების გათვალისწინებით.