სიკვდილის აუცილებელი სიმძიმე

კარგი ლიტერატურის აუცილებელი პირობა ავტორის გამოცდილებაა, ამიტომაც ყველაზე რთულია წერო სიკვდილზე, რადგანაც ასეთი გამოცდილება არცერთ ცოცხალ მწერალს არ ჰქონია და არც ექნება (თუ ემანუილ სვედენბორგის და მსგავსი ავტორების სავარაუდო ბოდვებს არ ჩავთვლით). ასეთი რომ ჰქონდეს ის სულაც არ იქნებოდა მკვდარი.

ქართულ ენაში აღნიშნულ სიტყვის სინონიმზე, ანუ გარდაცვალების ლეგიტიმურობაზე შეიძლება დავა. სიკვდილი აბსოლუტურია, ის თავისთავად წერტილია რომლის შემდეგ სულიერი საგანი არსებობას წყვეტს, გარდაცვალება კი შინაარსობრივად ტრანსფორმაციას, მეტამორფოზას უფრო აღნიშნავს ვიდრე განსაზღვრულ სასრულს.

ამიტომაც რა შეიძლება დაიწეროს სიკვდილზე და არა გარდაცვალებაზე, თუ ასეთის გამოცდილება არ გვაქვს? კითხვა თავისთავად რიტორიკულია და ამ წერილშიც ამ თემის ირგვლივ გამოხატული აზრები უფრო საკუთარ თავთან მსჯელობას, სოფისტურ განხილვას წარმოადგენს ვიდრე ჭეშმარიტების ძიების მცდელობას.

ცნობილი ლათინური გამონათქვამი Memento Mori მოგვიწოდებს გვახსოვდეს სიკვდილი, მაგრამ როგორ უნდა გვახსოვდეს ის რისი გამოცდილებაც არ შეიძლება გვქონდეს, როგორ უნდა გვახსოვდეს ის რაც არ ვიცით? ფრაზა  Memento Mori მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ლოგიკური და გასაგები თუ მას სიცოცხლეს, ანუ ყოველი ჩვენთაგანის გამოცდილებას დავუკავშირებთ, რომელიც პრაქტიკულად გვეუბნება “დააფასეთ და ჩაფიქრდით სიცოცხლეზე.”

ალბათ ყოველ ჩვენთაგანს სიცოცხლის განმავლობაში ჰქონია ორი სახის მოვლენა. პირველი მაგალითად, ასრულებთ ისეთ დავალებას რომელიც საერთოდ არ გეგულებათ, ასეთ დროს უზომოდ გსურთ დღე რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, და თქვენც იცით რომ ეს დღე დამთავრდება, ბოლოს ასეც ხდება.

მეორე სახის მოვლენა საპირისპიროა – სიტყვაზე თქვენ ატარებთ დღეს საყვარელ ადამიანთან და გსურთ რომ გატარებული საათები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და რაც შეიძლება გვიან დამთავრდეს, მაგრამ თქვენ იცით რომ ეს შეუძლებელია და ეს დროც სრულდება.

ორივე აღნიშნულ მოვლენის ერთი რამ აქვს საერთო – სასრული, სიკვდილი.  ამ საერთოს გარეშე ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ იარსებებდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ რამის არსებობა შეუძლებელია თუ მას სასრული არ აქვს, სიცოცხლე სიცოცხლე ვერ იქნებოდა სიკვდილის გარეშე. ამიტომაც ვიძახით Memento Mori – ს, რომ შევახსენოთ საკუთარი თავს რომ ვარსებობთ, ვცოცხლობთ და მანამ სანამ ამ ფრაზის თქმა შეგვიძლია არ ვკვდებით.

უმრავლესობა ჩვენთაგანს სიკვდილი შორ, პრაქტიკულად არარსებულ მოვლენად წარმოუდგენია, ირონია იმაში მდგომარეობს რომ არსებითად ამ მოვლენაზე უფრო რეალური არაფერია და სწორედ მაშინ როდესაც ეს წამი დადგება ყოველი ჩვენთაგანი დაუპირისპირდება ყველაზე რთულ განსაცდელს, რომელიც არა შეუცნობადი სამყაროს გარდასახვაში, არა სამოთხის, ჯოჯოხეთის თუ სამუდამო არ არსებობის იმედის მოლოდინში, არამედ ერთ ბანალურ კითხვაში მდგომარეობს, “რა გავაკეთე ჩემთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში?” და თუ კითხვას დამაკმაყოფილებლად ვერ უპასუხეთ და მშვიდად ვერ შეხვდით სიკვდილის, ესეიგი არც არასდროს გიცოცხლიათ და არც სიკვდილის გამოცდილება გეღირსებათ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s