Monthly Archives: ოქტომბერი 2011

ვინ არის ბიძინა ივანიშვილი?

ედუარდ ლიმონოვს ერთ-ერთ თავის წიგნში დაახლოებით შემდეგი შინაარსის აზრი აქვს გატარებელი, “არ არსებობს სიკეთე და ბოროტება თავისთავად, არსებობს მხოლოდ გარემოება რომელიც ასეთს ჰქმნის, მაგალითად თუ სიკვდილით დასჯაზე მიჰყავხარ ვინმეს, კეთილი ხარ. თუ პირიქით, შენ მიგყავს ვინმე მოსაკლავად, ბოროტი ხარ.”

ლიმონოვის ამ აზრის მისადაგება პოლიტიკის მიმართაც შეიძლება, თუ წარმოვიდგენთ შემდეგ სცენარს, ახალგაზრდა, დემოკრატი, ამბიციური და ენერგიული პოლიტიკოსი ცდილობს არსებული კორუმპირებული ხელისუფლების შეცვლას და შექმნილი ვითარებიდან (კორუმპირებული დიქტატორი) გამომდინარე ადვილად მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას, თუმცა გადის რამდენიმე წელიწადი, მოსახლეობის ეიფორია ნელდება, ხალხი რეალობას უბრუნდება და რამდენიმე წელიწადში აწ დემოკრატი, ახალგაზრდა ლიდერი ემსგავსება თავის წინამორბედს.

შეიძლება მიხვდით კიდევაც რომ წინა მაგალითი მთლად ჰიპოტეტური არაა, და რეალობასთან პირდაპირი კავშირი აქვს, თუმცა 2011 წლის შემოდგომამდე ამ ლიტერატურულად რეალურ ისტორიას მხოლოდ ანტაგონისტი ჰყავდა.  ხალხი პროტაგონისტს ელოდება, და აი სექტემბრის პრაქტიკულად დადგომისთანავე ასეთიც გამოჩნდა, საუბარი რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილზეა.

ერთ თვეზე ნაკლებ ხანში ივანიშვილზე იმდენი დაიწერა რამდენიც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში არ დაწერილა, ხოლო მისმა პოპულარობამ არაოფიციალურ გამოკითხვებზე დაყრდნობით აშკარად გაუსწრო სააკაშვილისას.

ივანიშვილს ამ სამი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად ყველანაირი ყაიდის ხალხმა მიუძღვნა წერილი თუ არა, ვრცელი კომენტარი მაინც ფეისბუქზე. არსებული ხელისუფლების მომხრეების პოზიცია თავიდანვე გასაგები იყო, ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა ფსევდოლიბერალების და “გამოსულების” რეაქცია. ზოგმა ივანიშვილს სტილი დაუწუნა, ზოგმა სასაცილოდ აიგდო, ზოგმა კი გოიმადაც კი აღიქვა. მოკლედ კომენტარებმა ზოგიერთ შემთხვევაში პრაქტიკულად “ფიფ, ფუფ” სტილამდე მიაღწიეს, რაც თავისთავად პროვინციალიზმის (ასე დამახასიათებელი ქართველი “გამოსულებისთვის”) გამომჟღავნებაა.  ზოგიერთ ნაკლებად გამოსულმა (მაგრამ რომელსაც უნდა გახდეს “გამოსული,” ძველ ბიჭობა – ქურდობის ამბავში) კი მიუხედავად ფარული თუ ლატენტური სიმპატიისა ივანიშვილის მიმართ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, არიქა ჩამოყალიბებულ “გამოსულმა” თავისი რიგებიდან არ გამრიცხოსო.

მოკლედ, სხვა თუ არაფერი ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ ქართულ რეპრეზენტაბელურ საზოგადოებაზე გარკვეულწილად წარმოდგენა კიდევ უკეთ შეგვიქმნა.

თუმცა, ხსენებული ადამიანების კატეგორია იქეთ იყოს და ის თუ რა შედეგსაც მიაღწია აწ უკვე მეცენატმა და ამჯერად უკვე პოლიტიკოსმა ნამდვილად უნდა ახარებდეს მის საზოგადოებასთან ურთიერთობის ადმინისტრაციას, კერძოდ კი ის რომ თავიდან ბევრი სკეპტიკურად მოაზროვნე ადამიანი მისკენ მიტრიალდა.

ასე მაგალითად თავიდან უარყოფითად (გარკვეული მიზეზების გამო) განწყობილი შალვა რამიშვილიც კი დათანხმდა ივანიშვილთან თანამშრლობოზე და ახალი დარდუბალის შექმნაზე. ამ წარმატების არ დანახვა არ შეეძლო არსებულ ხელისუფლებას რომელმაც ღიად დაიწყო კამპანია ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ თავიდან ეს კამპანია ძირითადად იაფფასიან პიარში (აიტივი, რეალ ტივი და სხვ.) გამოიხატებოდა ნელ-ნელა უკვე პრაქტიკულად დაყაჩაღებაში გადაიზარდა. ასეთი ტენდენცია – შიშზე მიუნიშნებს.

საინტერესო და დადებითი ასევე ისაა რომ ბიძინა ივანიშვილი აცხადებს რომ ხელისუფლებაში მხოლოდ არჩევნების გზით აპირებს მოსვლას, 20 წლიანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ეს ნამდვილი პრეცედენტია. ასევე პრეცედენტს წარმოადგენს ის რომ 2008 წლის შემდეგ პოლიტიკაში მოსული ადამიანი პრაქტიკულად პირველია რომელიც არ აგინებს რუსეთს და უფრო მეტიც ღიად ამბობს იმას რომ ჩრდილოელ მეზობელთან საუბარს და ურთიერთობის დალაგებას აპირებს. ეს კი უკვე რეალური, პრაგმატული პოლიტიკოსის საუბარია, რომელსაც არც იმის ეშინია რომ კგბ-ს აგენტობას დააბრალებენ.

ასევე პრეცედენტია რომ ივანიშვილი იმასაც ამბობს რომ ემხრობა პარლამენტში სამ პარტიულ ძალთა ბალანსს, ხოლო პირველი ვადის დასრულების შემდეგ გაერთიანდება იმ პარტიაში რომელიც ოპოზიციურად იქნება განწყობილი იმ პარტიის მიმართ რომელსაც ადრე პრაქტიკულად თავად ივანიშვილი შექმნის. ის ასევე ამბობს რომ ირგვლივ მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს იკრებს, რაც ასევე დამაიმედებელია.

და მაინც ვინაა ბიძინა ივანიშვილი? რა მოტივი ამოძრავებს? რა უნდა? ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საკუთარ საყვარელ ავტორებზე საუბრისას ის ჭაბუა ამირეჯიბს და ალექსანდრე დიუმას ახსენებს, ანუ პირდაპირ მიუნიშნებს დათა თუთაშხეასა და გრაფ მონტე კრისტოზე, აქედან გამომდინარე კი სულიერი სიმშვიდის დაკმაყოფილება, რაც თავისთავად თავისუფლად შეიძლება მოვიდეს საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრაში.

ის რომ ივანიშვილის საჭადრაკო დებიუტს კარგი სტარტი ჰქონდა ფაქტია, რამდენად გამოდგება დათა თუთაშხეად თუ გრაფ მონტე კრისტოდ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ამ ეტაპზე კი კვლავ ლიმონოვის აზრს თუ დავუჯერებთ თავად განსაზღვრეთ ვინაა კეთილი და ვინ ბოროტი…

Advertisements

აპოკალიფსის დასაწყისი, ოდა სიხარულს ტრიერის მიხედვით

რეცენზიის დაწყება გინებით რომ შეიძლებოდეს,  ტრიერის გინებით დავიწყებდი, კარგი ქართული, დროს რომ გაუძლო ისეთი გინებით.

მაგრამ არ შეიძლება, ამიტომაც პირდაპირ საქმეზე გადავალ. აქვე ბოდიშს მოვიხდი მათთან ვისაც ფილმი არ უნახავს და ამ წერილის კითხვისას იმ დეტალებს აღმოაჩენს რომელიც ფილმის ყურებისას ხელს შეუშლის.

ამიტომაც, გირჩევთ, თუ ტრიერის მორიგ მიზანტროპიულ და პრაქტიკულად მმკ-ს პათოსით გაჯერებული ფილმის ნახვას მაინც აპირებთ, მაშინ შეწყვიტეთ კითხვა, ვინაიდან “მელანქოლიაზე” მასში ნაჩვენები დეტალების გარეშე მსჯელობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ფილმს ორი მთავარი პერსონაჟი, ჯუსტინი და კლერი ჰყავს, ანუ კირსტენ დანსტი და შარლოტ გინსბურგი. თუმცა, აშკარაა ტრიერის სიმპატია პირველის მიმართ.

დასასრულის დასაწყისი ქორწილით იწყება, თავიდან ჯუსტინი თითქოს ბედნიერიც კია, ქმარს კოცნის, ეხვევა და მოკლედ ეალერსება ყველანაირად. მაგრამ ქორწილის მსვლელობისას ხასიათი ეცვლება და ნელ-ნელა აუტანელი ხდება. აშკარა ხდება რომ ჯუსტინი ქორწილის წინააღმდეგია.

მეორეს მხრივ გვყავს კლერი, გათხოვილი ქალბატონი რომელსაც ვაჟი ეზრდება, ის პატივს სცემს ტრადიციებს, ყველაფერს პროტოკოლის მიხედვით აკეთებს და მიაჩნია რომ ქორწილი ქორწილს უნდა ჰგავდეს.

ტრიერმა ორი რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟით ორი მხარე დაგვანახა – პირველი, კირსტენ დანსტის სახით რომელიც ეწინააღმდეგება ქორწინებას, როგორც გამრავლების, ადამიანის მოდგმის გაგრძელების სიმბოლოს და მეორეს მხრივ შარლოტ გინსბურგის პერსონაჟი, რომელიც ადამიანობის წარმომადგენელია, და რომლისთვისაც მთავარი სიცოცხლის გაგრძელებაა.

ეს ორი სიმბოლო მელანქოლიის (პლანეტის, რომელიც საბოლოოდ ანადგურებს და შთანთქავს დედამიწას) მოახლოებასთან ერთად ხდება ნათელი. ჯუსტინი რომელიც ქორწილის დროს სუსტდება და სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობს თავს, და ბოლოს პრაქტიკულად უმწეო ხდება, პლანეტის მოახლოვებასთან ძლიერდება. მაშინ როდესაც კლერს შიში იპყრობს და ისიც პანიკაში ვარდება, კლერს სიკვდილი არ სურს, მაშინ როდესაც ჯუსტინი მშვიდადაა და საკუთარ დას (კლერს) ეუბნება, “სიცოცხლე ბოროტებაა.”

ჯუსტინი, ტრიერის მიხედვით კარგი ტიპია, მაშინ როდესაც კლერი, რომელიც ხარბად შთანთქავს ჟანგბადს რომელიც მელანქოლიის მოახლოევებასთან ერთად ნაკლები რჩება – ცუდი, მხოლოდ იმიტომ რომ სიცოცხლე უყვარს.

ჯუსტინის ფრაზასთან ერთად თითქოს შიშვლდება ტრიერის სახე, რომელზეც პათოლოგიური ღიმილი გამოისახება და გვეუბნება, “მძულხართ, ყველანი.”

ტრიერის სიძულვილი იქეთ იყოს და ერთ-ერთ ინტერვიუში ქუენთინ ტარანტინო კრიტიკოსს უპირისპირდება, რომელიც მის ფილმებს ძალადობას და ზედმეტ ნატურალისტობას აბრალებს. ტარანტინო თავის მხრივ ეუბნება რომ თუ კრიტიკოსს კინოზე უნდა საუბარი, მაშინ უნდა ესაუბროს კინოზე და არა რეალურ სიცოცხლეზე. ტარანტინო მართალია, ის აკეთებს კინოს.

ტრიერიც ქმნის კინოს, მაგრამ განსხვავება ამ ორს შორის ისაა, რომ ტრიერისთვის კინო არა უბრალოდ კინო, არამედ პირადი კომპლექსების ეკრანზე გადმოტანა და შეიძლება ითქვას რეალობაზე გავლენის ქონაა.

მელანქოლიის ყურებისას თითქოს ხდება ნათელი თუ რატომ საუბრობდა ტრიერი სიმპატიით ჰიტლერზე, თითქოს ატყობ რომ დიახ, ტრიერს მართლა სურს აპოკალიფსი, კაცთა მოდგმის გადაშენება, და თან ვერ იჯერებ, ეკრანზე ხომ კინომატოგრაფიულად კარგ, გამართულ ფილმს უყურებ. როგორ შეიძლება ხელოვანს ასე სძულდეს ადამიანები?

ტრიერი კვლავ იქეთ იყოს და ბორხესის ერთ-ერთ მოთხრობაში, რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ, აღწერილია მომავალი სადაც ადამიანები საკუთარი ნებით მიემართებიან გაზის კამერისკენ, წარსულიდან მოგზაური ეკითხება ერთ-ერთს, “სად მიდიხართ? რას შვრებით?” რაზეც ის პასუხობს, “გაზის კამერებში, ეს გამოგონება პირველად ერთმა ფილანტროფმა, სახელად ადოლფ ჰიტლერმა გამოიყენა მასობრივად.”

მსგავსია ტრიერის მიდგომა, მისთვის თითქოს ეს ფილანტროპიაა, შვება. აი, მაგიტომაცაა მისთვის აპოკალიფსი მხოლოდ დასაწყისი, ჰიტლერი კიდევ არც თუ ისე ცუდი ტიპი.

ასე რომ, ლარს, კინემატოგრაფიაში ხუთიანი, ადამიანობაში ნოლი!