ვინ არის ბიძინა ივანიშვილი?

ედუარდ ლიმონოვს ერთ-ერთ თავის წიგნში დაახლოებით შემდეგი შინაარსის აზრი აქვს გატარებელი, “არ არსებობს სიკეთე და ბოროტება თავისთავად, არსებობს მხოლოდ გარემოება რომელიც ასეთს ჰქმნის, მაგალითად თუ სიკვდილით დასჯაზე მიჰყავხარ ვინმეს, კეთილი ხარ. თუ პირიქით, შენ მიგყავს ვინმე მოსაკლავად, ბოროტი ხარ.”

ლიმონოვის ამ აზრის მისადაგება პოლიტიკის მიმართაც შეიძლება, თუ წარმოვიდგენთ შემდეგ სცენარს, ახალგაზრდა, დემოკრატი, ამბიციური და ენერგიული პოლიტიკოსი ცდილობს არსებული კორუმპირებული ხელისუფლების შეცვლას და შექმნილი ვითარებიდან (კორუმპირებული დიქტატორი) გამომდინარე ადვილად მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას, თუმცა გადის რამდენიმე წელიწადი, მოსახლეობის ეიფორია ნელდება, ხალხი რეალობას უბრუნდება და რამდენიმე წელიწადში აწ დემოკრატი, ახალგაზრდა ლიდერი ემსგავსება თავის წინამორბედს.

შეიძლება მიხვდით კიდევაც რომ წინა მაგალითი მთლად ჰიპოტეტური არაა, და რეალობასთან პირდაპირი კავშირი აქვს, თუმცა 2011 წლის შემოდგომამდე ამ ლიტერატურულად რეალურ ისტორიას მხოლოდ ანტაგონისტი ჰყავდა.  ხალხი პროტაგონისტს ელოდება, და აი სექტემბრის პრაქტიკულად დადგომისთანავე ასეთიც გამოჩნდა, საუბარი რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილზეა.

ერთ თვეზე ნაკლებ ხანში ივანიშვილზე იმდენი დაიწერა რამდენიც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში არ დაწერილა, ხოლო მისმა პოპულარობამ არაოფიციალურ გამოკითხვებზე დაყრდნობით აშკარად გაუსწრო სააკაშვილისას.

ივანიშვილს ამ სამი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად ყველანაირი ყაიდის ხალხმა მიუძღვნა წერილი თუ არა, ვრცელი კომენტარი მაინც ფეისბუქზე. არსებული ხელისუფლების მომხრეების პოზიცია თავიდანვე გასაგები იყო, ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა ფსევდოლიბერალების და “გამოსულების” რეაქცია. ზოგმა ივანიშვილს სტილი დაუწუნა, ზოგმა სასაცილოდ აიგდო, ზოგმა კი გოიმადაც კი აღიქვა. მოკლედ კომენტარებმა ზოგიერთ შემთხვევაში პრაქტიკულად “ფიფ, ფუფ” სტილამდე მიაღწიეს, რაც თავისთავად პროვინციალიზმის (ასე დამახასიათებელი ქართველი “გამოსულებისთვის”) გამომჟღავნებაა.  ზოგიერთ ნაკლებად გამოსულმა (მაგრამ რომელსაც უნდა გახდეს “გამოსული,” ძველ ბიჭობა – ქურდობის ამბავში) კი მიუხედავად ფარული თუ ლატენტური სიმპატიისა ივანიშვილის მიმართ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, არიქა ჩამოყალიბებულ “გამოსულმა” თავისი რიგებიდან არ გამრიცხოსო.

მოკლედ, სხვა თუ არაფერი ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ ქართულ რეპრეზენტაბელურ საზოგადოებაზე გარკვეულწილად წარმოდგენა კიდევ უკეთ შეგვიქმნა.

თუმცა, ხსენებული ადამიანების კატეგორია იქეთ იყოს და ის თუ რა შედეგსაც მიაღწია აწ უკვე მეცენატმა და ამჯერად უკვე პოლიტიკოსმა ნამდვილად უნდა ახარებდეს მის საზოგადოებასთან ურთიერთობის ადმინისტრაციას, კერძოდ კი ის რომ თავიდან ბევრი სკეპტიკურად მოაზროვნე ადამიანი მისკენ მიტრიალდა.

ასე მაგალითად თავიდან უარყოფითად (გარკვეული მიზეზების გამო) განწყობილი შალვა რამიშვილიც კი დათანხმდა ივანიშვილთან თანამშრლობოზე და ახალი დარდუბალის შექმნაზე. ამ წარმატების არ დანახვა არ შეეძლო არსებულ ხელისუფლებას რომელმაც ღიად დაიწყო კამპანია ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ თავიდან ეს კამპანია ძირითადად იაფფასიან პიარში (აიტივი, რეალ ტივი და სხვ.) გამოიხატებოდა ნელ-ნელა უკვე პრაქტიკულად დაყაჩაღებაში გადაიზარდა. ასეთი ტენდენცია – შიშზე მიუნიშნებს.

საინტერესო და დადებითი ასევე ისაა რომ ბიძინა ივანიშვილი აცხადებს რომ ხელისუფლებაში მხოლოდ არჩევნების გზით აპირებს მოსვლას, 20 წლიანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ეს ნამდვილი პრეცედენტია. ასევე პრეცედენტს წარმოადგენს ის რომ 2008 წლის შემდეგ პოლიტიკაში მოსული ადამიანი პრაქტიკულად პირველია რომელიც არ აგინებს რუსეთს და უფრო მეტიც ღიად ამბობს იმას რომ ჩრდილოელ მეზობელთან საუბარს და ურთიერთობის დალაგებას აპირებს. ეს კი უკვე რეალური, პრაგმატული პოლიტიკოსის საუბარია, რომელსაც არც იმის ეშინია რომ კგბ-ს აგენტობას დააბრალებენ.

ასევე პრეცედენტია რომ ივანიშვილი იმასაც ამბობს რომ ემხრობა პარლამენტში სამ პარტიულ ძალთა ბალანსს, ხოლო პირველი ვადის დასრულების შემდეგ გაერთიანდება იმ პარტიაში რომელიც ოპოზიციურად იქნება განწყობილი იმ პარტიის მიმართ რომელსაც ადრე პრაქტიკულად თავად ივანიშვილი შექმნის. ის ასევე ამბობს რომ ირგვლივ მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს იკრებს, რაც ასევე დამაიმედებელია.

და მაინც ვინაა ბიძინა ივანიშვილი? რა მოტივი ამოძრავებს? რა უნდა? ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საკუთარ საყვარელ ავტორებზე საუბრისას ის ჭაბუა ამირეჯიბს და ალექსანდრე დიუმას ახსენებს, ანუ პირდაპირ მიუნიშნებს დათა თუთაშხეასა და გრაფ მონტე კრისტოზე, აქედან გამომდინარე კი სულიერი სიმშვიდის დაკმაყოფილება, რაც თავისთავად თავისუფლად შეიძლება მოვიდეს საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრაში.

ის რომ ივანიშვილის საჭადრაკო დებიუტს კარგი სტარტი ჰქონდა ფაქტია, რამდენად გამოდგება დათა თუთაშხეად თუ გრაფ მონტე კრისტოდ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ამ ეტაპზე კი კვლავ ლიმონოვის აზრს თუ დავუჯერებთ თავად განსაზღვრეთ ვინაა კეთილი და ვინ ბოროტი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s