მიდი შეუგორე ანუ ქართველი გოგჩოს სახე ქართულ მედია სივრცეში

აქტი I

გადაწყვეტილება პატივცემულაძეების ოჯახში

პეკინის ქუჩაზე,  საქართველოს დედაქალაქ თბილისში ერთ-ერთი საშუალო სტატისტიკური, მაგრამ ზომიერად შეძლებული ოჯახის წევრები საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებას ცდილობენ. 17 წლის ქალიშვილ ნინჩოს მშობლების რჩევით აბიტურიენტობა გადაუწყვეტია, რა თქმა უნდა მშობლების დახმარებით.

ამ საბედისწერო დღესაც სპეციალობის არჩევის პროცესში ოჯახის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას, რათა არ დაკმინდეს დემოკრატიის უდრეკი ბუნება.

ნინჩო და დადამისი, ქალბატონი ლიკა, ბინის “ზალაში” სხედან დივანზედ და ელოდებიან ოჯახის თავის, ბატონ ზაურის შემოსვლას, ბატონი ზაური საშუალო სტატისტიკურად კორუმპირებული ჩინოვნიკია, რომელსაც გასტრონომიის მძიმე ბუნებამ და სიცოცხლის აუტანელმა სიმსუბუქემ  წლების განმავლობაში მძიმე შრომის შედეგად ზომაზე დიდი ღიპის სახით მძიმე დაღი დაასვა.

ქალბატონი ლიკა ტრადიციული თბილისელი ქალბატონი რომელიც საუბარში შიგადაშიგ რუსულ სიტყვებს ურევს თავისმხრივ საშუალო სტატისტიკურ ქართველ დიასახლისს წარმოადგენს, მაგრამ დაქალებთან ყავაზე შეხვედრის აუცილებლობა აიძულებს მუდამ ფორმაში, ანუ “გაკრასკული” იყოს, მაშინაც კი როდესაც სახლში მარტო იმყოფება.  ეს ჯერიც გამონაკლისს არ წამოადგენს და ისიც თვალებ შეღებილი – “პომადა” წასმული  მორჩილად ელოდება საკუთარ მეუღლეს.

ჯერ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე “სვეცკი” მანერებით შეიარაღებული ნინჩო თავის მხრივ ტელევიზორს მისჩერებია და მანერულად პულტზე არსებულ ღილაკებს აჩხაკუნებს. ნინჩო შიგადაშიგ პულტს ივიწყებს და თითების კმეტას იწყებს.

ამის დანახვაზე ქალბატონი ლიკა “ნუ-ს” მიუგებს ხოლმე და მორჩილ ლოდინს განაგრძობს.

როგორც იქნა სცენაზე, ანუ “ზალაში” ჩნდება ღიპმომარჯვებული და პატივცემული ბატონი ზაური. ზაური იღიმის მაგრამ ამასთან ერთად ცდილობს სერიოზულობის ელფერი შესძინოს შეხვედრას.

ნინჩო: “როგორ ხარ მამიკო?”

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდგომ ნინჩო მყისიერ უბრუნდება ტელევიზორს.

ქალბატონი ლიკა უღიმის მეუღლეს, რომელიც ამასობაში სავარძელს ადებს ჩინოვნიკის მძიმე წონას და საუბარს იწყებს.

ზაური: აბა, რა გადავწყვიტეთ? სად ვაბარებთ?

ნინჩო: არ ვიცი, მამიკო, რა ჯობია? მირჩიე რამე.

ზაური: შენ რა გინდა?

ნინჩო: არ ვიცი, რა უნდა მინდოდეს.

ზაური: აბა მე უნდა ვიცოდე?

ლიკა: კარგი ზაურ, მოიფიქრებს რამეს, თან რავიცი აბა რა მნიშვნელობა აქვს.

ზაური: მაგის ასაკში ცოლი მყავდა უკვე.

ლიკა კეკლუცურად უღიმის მეუღლეს და “მოტაცების” სცენას იხსენებს.

ზაური: დღეს გიგას ველაპარაკე, მეთქი ასე – ისე, არ ვიცით თქო სად ჩავაბაროთ…

ლიკა: კარგი ბიჭია გიგა, რაო მერე გიგამ?

ზაური: რავიცი, ყველაზე პრესტიჟული იურიდიული და ჟურნალისტიკაო.

ნინჩო საუბარში არ ერთვება, შიგადაშიგ ნათქვამს ყურს მოკრავს ხოლმე, მაგრამ ძირითადად ტელევიზორს მისჩერებია.

ლიკა: ხო, აი მეც ეგრე მითხრა ვიკამ, მაგის ბიჭმა შარშან წინ ჩააბარა იურიდიულზე.

ზაური: რა დაუჯდათ?

ლიკა:  ათი

ზაური: ხო ეგრეა ახლა ფასები. მარა რავიცი აბა, რომელი სჯობია ნინჩოსთვის.  ესაც იურიდიულზე ხომ არ გავუშვათ? პერსპექტიულია.

ლიკა: კარგი რა, ზაურ, რა განსხვავებაა, თან ახლა ეგაც არ გამომივიდეს ერთი პროფესიონალი, მთავარია კარგად გათხოვდეს.

ზაური (იცინის) : ქალები რავა სულ გათხოვებაზე ფიქრობთ? ხო ისე, რავიცი რაღაც არა მგონია მაინცდამაინც კარგი იურისტი დადგეს.

როგორც იქნა დილემაში ჩაგდებული მშობლები ყურადღებას ნინჩოსგან ითხოვენ. ნინჩო სდებს პატივს და მშობლებს უტრიალდება.

ზაური: ჰა, რომელი გირჩევნია, იურიდიული თუ ჟურნალისტიკა?

ნინჩო: რავიცი აბა… რა განსხვავებაა მაგათ შორის?

ზაური: იურიდიულზე თუ ჩააბარებ ადვოკატი გამოხვალ, თუ ჟურნალისტიკაზე – ტელევიზორში გიყურებთ ყოველ დღე.

ლიკა: მემგონი აშკარად ჟურნალისტიკა სჯობია. ზაურ, შენი შვილი რომ ნახო ყოველ დღე ტელევიზორში წარმოიდგინე რა კარგი იქნება. თან გეცოდინება სად გყავს გოგო.

ნინჩო: რავიცი აბა… შეიძლება ჟურნალისტიკა…

ზაური: ნინჩო, მიკროფონის ხელში დაჭერას შეძლებ?

ნინჩო: შევძლებ, რატომაც ვერ შევძლებ?

ზაური: ხოდა მაშინ გადაწყვეტილია, ჟურნალისტი გამოხვალ.

სცენა II 

ნინჩოს სიზმარი

მისაღები გამოცდის წინა დღეს ერთი უცნაური სიზმარი დაესიზმრა – ის ინტერვიუს ღმერთს ართმევდა.

მიკროფონ ამხედრებული ოპერატორთან ერთად ნინჩო ჩქარი მაგრამ ამავდროულად აუღელვებელი ნაბიჯით ღმერთის მისაღებისკენ მიემართებოდა, კარები ტრადიციულად თეთრ ტანისამოში გამოწყობილ ანგელოზმა გაუღო და შესვლა შესთავაზა.

“რა სიმპატიურია,” გაიფიქრა ნინჩომ და თან ღმერთთან მისალმება იჩქარა.

ნინჩო: გამარჯობა ღმერთ, როგორ ხარ?..

ღმერთი: კარგ…

ნინჩო (სწრაფ ტემპში): მეც, მეც… ოღონდ, მოდი ღმერთ, მალე ჩავწეროთ ხო?

ღმერთი: კარგ…

ნინჩო (ისევ სწრაფ ტემპში): ღმერთ, ღმერთ, აი ეს “პეტლიჩკა” გამომართვი, ოღონდ ისე გაიკეთე რომ არ გამოჩნდეს ხოოო? თორემ კამერაში ცუდად ჩანს.

ღმერთი  “პეტლიჩკას” იკეთებს და ისწორებს.

ნინჩო: ღმერთო რას ფიქრობთ სექსუალურ უმცირესობებზე საქართველოში?

ღმერთი:  საინტერესო შეკითხვა. მე ასე დავიწყებდი, ადამიანი საკუთარი ბუნებით…

ნინჩო: მშვენიერი, მშვენიერი პასუხია ღმერთ. ბოლო შეკითხვა, ვიქტორიას სეკრეტი სჯობია თუ ლა პერლა?

ღმერთი:  მე ლა პერლას ვამჯობინებდი.

ნინჩო: ძაააალიან დიდი მადლობა ღმერთ, მე და თამჩო სანთელს დავანთებთ შენს სახელზე.

ამ სიტყვებზე ნინჩო  სწრაფად ხსნის “პეტლიჩკას ღმერთს და თან ოპერატორს მიმართავს, “პერებივკები” გადაიღე?

კამერა ამხედრებული და მდუმარე ოპერატორი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.

ნინჩი: მშვენიერი, წავედით, წავედით, მანქანა გამოიძახე…

სცენა III

კარიერული ზრდა

თითქოს რა შეიძლება იყოს საერთო მამის ღიპს და ახალგაზრდა და ფიზიკურად მომხიმბვლელი ცისფერთვალება გოგოს შორის. მიუხედავად აშკარა ესთეტიური სხვაობისა ღიპმა თურმე წლების განმავლობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ბატონი ზაურის ქალიშვილის წარმატებაში.

ეს დაახლოებით ასეთი სცენარით განვითარდა. მაშინ როდესაც ბატონი ზაური გავლენიან მეგობრებთან სვამდა მისი დიპლომატიური ურთიერთობა მათთან ღრმავდებოდა, მაგრამ ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად სმისგან ასევე ფართოვდებოდა ზაური პატივცემულაძის ღიპი. თუმცა მისაღებ გამოცდებზე ღიპის დიპლომატიის შედეგად დამყარებულ კავშირებმა აშკარა როლი ითამაშეს ცისფერთვალება ნინჩოს კარიერულ წინსვლაში.

…და აი ჟურნალისტურ სამჭედლოში ჩაბარების 5 წლის თავზე ცისფერთვალება ნინჩომ მყისიერ დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ მოწინავე “სამთავრობო” ტელეარხზე.

მიუხედავად იმისა რომ ნინჩომ ბუნდოვნად იცოდა რომ დედამიწაზე არსებული კონტინენტების რაოდნენობა 5-დან 8-მდე მერყეობდა, მუშაობა ტელეარხზე არც თუ ისე რთული აღმოჩნდა, რადგანაც პროდიუსერებთან, რომლებმაც თავის მხრივ ბუნდოვნად იცოდნენ განსხვავება პალესტინასა და პაკისტანს შორის, ყავის სმა შედეგს იღებდა და ლოიალობის ყველაზე კარგ გამოვლინებას წარმოადგენდა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ პროდიუსერებიც თავის მხრივ ყავას სვამდნენ “მთლად” უფროსთან, რომელსაც ზოგადად ჟურნალისტიკაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ.

სიუჟეტების აწყობა სირთულეს არ წარმოადგენდა, წახვედი გადაღებაზე, გადაიღე ერთი ორი კადრი, დასვი კითხვა (სულერთია რა და როგორი), მოხვედი, დაგიმონტაჟა მემონტაჟემ, დაადე ხმა და ეგაა.

გაცილებით რთული ნინჩოსთვის ლა პერლას და ვიქტორიას სეკრეტის ვებ გვერდებზე ძრომიალი და სწორი გადაწყვეტილების მიღება იყო. “ლა პერლა” თუ “ვიქტორიას სიკრეტი?” ეს შეკითხვა მოსვნებას არ აძლევდა და ხშირად პროდიუსერებთან შესული რჩევას უფროსობას სთხოვდა.

გასართობად ნინჩოს მარგინალი მემონტაჟე სახელად ბაჩო ჰყავდა. ბაჩო სამონტაჟოდან არ გამოდიოდა ხოლმე და ხან კითხულობდა და ხან რაღაც ნინჩოსთვის უცნაურ ვიდეოებს უყურებდა. ნინჩოც “სწერვულად” დასცინოდა და წაუკბენდა ხოლმე. ბაჩოს მთელი სულით და არსით სძულდა ნინჩო, დასანახად ვერ იტანდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბრაზს არ აჩვენებდა და ჩუმად უსმენდა ნინჩოს შენიშვნებს.

ერთხელაც ბაჩო ერთი ამერიკელი  პუბლიცისტის და ფილოსოფოსის ვიდეო ინტერვიუს უყურებს, ოთახში ახალშემოსული ნინჩო ბაჩოს ეკითხება

ნინჩო: ბაჩო, ეგ ვინაა?

ბაჩო: ნომ ჩომსკი.

ნინჩო: ვიიინ?

ბაჩო: ნომ ჩომსკი, ამერიკელი ლინგვისტია.

ნინჩო: და რა უნდა? რას ლაპარაკობს?

ბაჩო: თანამედროვე მედიას განიხილავს.

ნინჩო: აუუუფ, მოგცლია რა, კარგი რა, ნახე რა ბებერია, ამან რა უნდა გასწავლოს? დროს ტყუილად ნუ ხარჯავ ეგეთ სისულელეებზე. მოდი დამეხმარე რა.

ბაჩო: ერთი წუთი მაცალე და დაგეხმარები.

ნინჩო: ერთი წუთი არა, ახლავე დამეხმარე.

ბაჩო: ერთი წუთი დამაცადე რა, ხომ ხედავ მთავრდება, თან ეთერამდე ბლომად დრო გვაქვს.

ნინჩო: შენ შეიძლება გაქვს დრო, მე არ მცალია. დავაი ახლა, რომ გეუბნები. აი ეს შემიგორე.

ამ სიტყვებზე ნინჩო ბაჩოს მინი დივი კასეტას აწვდის.

ბაჩო ვიდეოს რთავს, სავარძელს ნინჩოსკენ ატრიალებს, დგება, კარებისკენ მიემართება, კეტავს და ხელგამოშვერილ ნინჩოს რამდენიმეწამიან სიჩუმეში სერიოზულად უყურებს.

ნინჩო: ჰა, შემიგორებ?

ბაჩო: შეგიგორებ, შეგიგორებ, დედას არ მო…?

დასასრული

8 thoughts on “მიდი შეუგორე ანუ ქართველი გოგჩოს სახე ქართულ მედია სივრცეში

  1. tamuna

    მოდი რა ყველამ ჩვენი თავი აღმოვაჩინოთ და ასე გახარებულები აღარ ვიტყვით “მაგარია” და “გენიალურია”. უნდა ვაღიარო რომ პროფესიის არჩევისას მეც დავმდგარვარ დილემის წინაშე და ძირითადად მშობლებმა გადაწყვიტეს ჩემი ბედი, რაც ვფიქრობ რომ სამარცხვინოა, ახლა პირველ კურსზე ვარ ჯერ და ჩემდა საბედნიეროდ, ვფიქრობ,რომ არ შევმცდარვარ როცა მათ დავუჯერე, და დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელი აბიტურიენტების 90% სწორედ მშობლების ეგრეთ წოდებული “სწორი რჩევიდან” გამომდინარე ირჩევენ პროფესიას, რადგან ისინი უფროსები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ და ასე რომ ვთქვათ უფრო კარგად იცნობენ ამ ცხოვრებას, და რათქმაუნდა ყველაზე კარგად იციან თუ რა არის ჩვენთვის “უკეთესი”.
    ეს პრობლემა უკვე ტრადიციათ იქცა ქართველებისთვის, ოდითგავნე ასე იყო, მშობლები წყვეტდნენ ჩვენს მომავალ პროფესიას, და ასევე უაღრესად გამობრძმედილნი, გაომცდილნი წყვეტდნენ ჩვენი დაოჯახების საკითხსაც.🙂😉

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s