რეალითი შოუ სახელად “საქართველოს მომავალი”

ჩვენ არ ვწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ მის პრევენციას ვახდენთ 

რეი ბრედბერი

საქართველო. 2026 წელი.

სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ ტერიტორიულ სამსახურში ჩვეულებრივი სამმართველოს ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარ დამღლელაძე ორშაბათ დღეს საკუთარ კაბინეტში უამრავი მაკულატურის, ძველი კომპიუტერის და მესამე ჭიქა ყავის გარემოცვაში რუტინულ სამუშაოს, ანუ მოქალაქეობის გაცემის და შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

ბატონი ნუგზარი ტელეფონის ღილაკს აჭერს მდივანთან დასაკავშირებლად. ღილაკის დაჭერისთანავე აპარატიდან გაისმის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი ქალის ხმა, “ხო, ნუგზარ გისმენ.”

ბატონი ნუგზარი: შემოუშვი.

მდივანი: ახლავე

ორიოდე წუთში მდივნის თანხლებით კარებში ახალგაზრდა 25-30 წლის მამაკაცი ჩნდება, მიუხედავად იმისა რომ მდივანს პირის ღრუ საღეჭი რეზინით აქვს დაკავებული მისი მიმართვა “შედით” ახალგაზრდას, სახელად ნიკოს გზას სამართველოს უფროსის მაგიდისკენ უკაფავს. მაგიდის და შესაბამისად ბატონ ნუგზარის დანახვისთანავე ახალგაზრდა ნიკოს ერთის მხრივ კედელზე  საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პორტრეტზე ეხსნება ხედი და მეორეს მხრივ ერთ-ერთ კუთხეში ჩართული ტელევიზორი, რომელიც ასევე ბატონ პრეზიდენტს გამოსახავს, ოღონდ ფოტოსგან განსხვავებით მოძრავს და მოლაპარაკეს.

ოდესღაც ახალგაზრდა რეფორმატორი და წინამორბედ ხელმწიფესთან მებრძოლი ამჟამად 60 წლის ასაკს გადაცილებული პრეზიდენტი საუბრობს სახელმწიფოს წარმატებებზე პოლიციის, ინფრასტრუქტურის და კორუპციასთან ბრძოლის დარგში, ის ასევე აღნიშნავს საფრთხეს ჩრდილოელი მეზობლის სახით და იმაზე რომ ერს არ უნდა ეძინოს და ყოველთვის უნდა იყოს მზად მორიგი საფრთხისთვის, მითუმეტეს მაშინ როდესაც დედაქალაქიდან 50 კილომეტრის მოშორებით ოკუპანტია განლაგებული.

ბატონი ნუგზარი: გთხოვთ, შემობრძანდით, დაბრძანდით.

ნიკო მასპინძელს მადლობას უხდის და მაგიდის წინ განლაგებულ სკამზე თავსდება.

ბატონი ნუგზარი სათვალეებს იმაგრებს, მის წინ მდებარე ქაღალდებს ათვარიელებს და თან ნიკოს მიმართავს, “ესეიგი საფრანგეთის მოქალაქე ბრძანდებით და საქართველოს მოქალაქეობაზე გაქვთ შემოტანილი საბუთები, საინტერესოა, თქვენ უნდა გესმოდეთ რომ ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ღირსეული თანამემალუეების რეპატრიაციას…”

ნიკო იღიმის და თანხმობის ნიშნად მოკლედ პასუხობს, “დიახ, დიახ”

“თუმცა მოქალაქეობის მისაღებად როგორც იცით პატარა ტესტია გასავლელი,” აგრძელებს ბატონი ნუგზარი, “მაგრამ მერწმუნეთ ეს მხოლოდ ფორმალობაა, არაფერი განსაკუთრებული.”

ნიკო: დიახ, დიახ, რა თქმა უნდა.

ბატონი ნუგზარი: ისე ამდენი ხანი სად იყავით, ახლა რომ მოგვმართავთ.

ნიკო: ბოდიში?

ბატონი ნუგზარი: ადრე შეგეძლოთ მოგემართათ, ჩვენი ქვეყანა პირველი წელი არაა რაც წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ხომ გესმით?

ნიკო: დიახ, დიახ რა თქმა უნდა, მაგრამ მე პატარაობაში მომიწია საქართველოდან საფრანგეთში გადასვლა, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს გადაწყვიტეს ჩემმა მშობლემა იძულებით სამშობლოს დატოვება. მას მერე ვერა და ვერ დავაყენე საშველი, მაგრამ საქართველო ყოველთვის ჩემთან იყო.

ბატონი ნუგზარი: დიახ, დიახ მესმის, ეს შევარდნაძის დრო მაინც რა საშინელი პერიოდი იყო, რამდენ ღირსეულ მოქალაქეს მოუწია სამშობლოს დატოვება, ხომ მეთანხმებით.

ნიკო: ხო, ხო, რა თქმა უნდა…

ბატონი ნუგზარი: არაუშავს ნიკო, ახლა მთავარია ჩვენთან ხარ. ხომ შეიძლება შენობით მოგმართო?

ნიკო: რა თქმა უნდა.

ამ სიტყვების შემდგომ ბატონი ნუგზარი მცირე პაუზას აკეთებს, კვლავ ტელეფონით მდივანს უკავშირდება და თხოვს მისი ორი ასისტენტის შემოგზავნას, რის შემდეგაც სიგარეტს უკიდებს და თან სტუმარს სთავაზობს.

გაკვირვებული ნიკო სიგარეტს უარყოფს და თან აყოლებს, “შენობაში ეწევით?”

ბატონი ნუგზარი: ხო, რა თქმა უნდა, რატომ გაგიკვირდათ?

ნიკო: არა უბრალოდ უჩვეულია, საფრანგეთში უკვე 20 წელია რაც აკრძალულია.

ბატონი ნუგზარი “ა ხო-ს” იძახის და თან ხმამაღლა იძახის, “არა რა, რაღაცეები მაინც ჩვენგან უნდა ისწავლონ ამ ევროპელებმა.”

რამდენიმე წუთში ოთახში ორი პრაქტიკულად იდენტური ერთი სიმაღლის და საშუალო ასაკის მამაკაცი ჩნდება.

ბატონი ნუგზარი: გაიცანით, შაქრო და ზაქრო.

ნიკო: სასიამოვნოა.

შაქრო და ზაქრო უხმოდ ესალმებიან სტუმარს.

ბატონი ნუგზარი: ბატონ ნიკოს მოქალაქეობის მიღება სურს, ახლა დასკვნით ეტაპზეა, ბიჭებო ტესტი უნდა ჩავატაროთ, ჩვენ რომ ვიცით ისეთი, ხოდა მგონი ამ ოთახშივე შეგვიძლია შორს რომ არ ვიაროთ, რას იტყვით.

შაქრო და ზაქრო ერთდროულად ირონიულად იღიმიან და კვლავ უსიტყვოდ ეთანხმებიან უფროსს.

ბატონი ნუგზარი ეკითხება ნიკოს არის თუ არა ის წინააღმდეგი ტესტი სწორედ იმ კაბინეტში ჩატარდეს, რაზეც ნიკო მოკრძალებით პასუხობს რომ “რა თქმა უნდა არა.”

შაქრო და ზაქრო სკამებს იმარჯვებენ და ნიკოს მარცხნიდან და მარჯვნიდან უსხდებიან.

ბატონი ნუგზარი უხსნის ნიკოს ტესტის პროცედურებს და თან აყოლებს რომ ტესტი უბრალო შეკითხვებისგან შედგება და მასში განსაკუთრებული არაფერია და ამიტომაც შეიძლება არაფორმალურ ვითარებაში ჩატარდეს.

ბატონი ნუგზარი: ბატონო ნიკო, მარტივი შეკითხვებით დავიწყოთ. როდის გახდა საქართველო დამოუკიდებელი?

ნიკო: 1991 წელს.

ბატონი ნუგზარი: ბოდიში?

ნიკო მოკრძალებით და ყოყმანით: ათას ცხრაას ოთხმოოცდაა…

ბატონი ნუგზარი: კარგად დაფიქრდით.

ნიკო: ზუსტად არ მახსოვს, ან ოთხმოოცდაათი ან ოთხმოცდათერტმეტი არაა?..

ბატონი ნუგზარი: აააჰ… საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას გულისხმობ შენ. მე მაგას არ გეკითხები, მე გეკითხები როდის გახდა საქართველო რეალურად დამოუკიდებელი?

ნიკო: არ მესმის რას მეკითხებით…

ბატონი ნუგზარი: კარგი დაგეხმარები, ეგ არაფერი თუ ეს შეგეშალა, 2003 წელს

ნიკო: ბატონო?

ბატონი ნუგზარი: რაც გაიგე, საქართველო რეალურად დამოუკიდებელი 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს გახდა, სწორედ მანდედან იწყება საქართველოს დამოუკიდებლობა.

ნიკო დაბნეულია, მაგრამ ცდილობს სამმართველოს უფროსს არ შეეკამათოს. შაქრო და ზაქრო უსიტყვოდ და ზედმეტი ემოციის გარეშე აკვირდებიან დიალოგს.

ბატონი ნუგზარი სიგარეტის მოწევას აგრძელებს და თან ნიკოს მიმართავს, “კარგი, ეგ არაფერი, რიცხვებს იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, საზეპიროებზე უფრო მეტად ყოველთვის ანალიზს ვანიჭებდი უპირატესობას, ხოდა აჰა შენ შემდეგი შეკითხვა. არსებობს თუ არა საქართველოში კრთამის აღების პრეცედენტები?

ნიკო: როგორ გითხრათ…

ამ სიტყვების გაგონებაზე ბატონი ნუგზარი სიგარეტს აქრობს და თითის ძლიერი დაჭერით რამდენიმე წამის განმავლობაში საფერფლეში აქრობს, თან ნიკოს სერიოზული სახით პირდაპირ თვალებში უყურებს.

ნიკო: … კორუპცია ყველგან არსებობს, ნებისმიერ საზოგადოებაში, თუმცა გააჩნია რაოდენობას და ხარისხს…

ბატონი ნუგზარი: აი, ახლა ჟან ჟაკ რუსო და მაგისნაირები არ გვინდა, თორემ განახებ მე შენ ვოლტერს.

ნიკო კრთება, ასეთ კომენტარს არ ელოდება და ცოტატი შეშინებული მიმართავს სამმართველოს უფროსს, “მე მეუბნებით?”

ბატონი ნუგზარი: ხო, ხო შენ, საქართველოს მოქალაქეობა თუ გინდა წესიერად მოიქეცი. შენხელა ბიჭს უნდა ესმოდეს რომ საქართველოში კორუპცია აღარ არსებობს, მადლობა ვარდების რევოლუციას.

ნიკო ამჯობინებს არაფერი უპასუხოს.

ბატონი ნუგზარი: ნიკო, კარგი ბიჭი ჩანხარ და ზედმეტ აზრებს ნუ ჩაიდებ მაგ თავში, ახლა ის მითხარი, ვთქვათ დაიწყე მუშაობა და ხედავ რომ შენი კოლეგა იპარავს, ფულს ან რამე სხვას, რას იზამ?

ნიკო: უფროსს შევატყოვინებ.

ბატონი ნუგზარი: აი ხომ ხედავ, შეგნებული მოქალაქე ჩანხარ და ეგეთია ყველა ჩვენი მოქალაქე. ახლა ის მითხარი, შენი უფროსი თუ იპარავს, რას იზამ?

ნიკო: მასზე ზემდგომს შევატყობინებ.

ბატონი ნუგზარი: მასზე ზემდგომი თუ იპარავს?

ნიკო: პოლიციას შევატყობინებ.

ბატონი ნუგზარი მეორე სიგარეტს უკიდებს და ისევ სერიოზული მზერით აშტერდება ნიკოს, თან ამატებს, “მე კიდევ მეგონა გამოასწორე პასუხები. ყველაზე უფროსი თუ იპარავს, ესეიგი ესეა საჭირო და თან არც იპარავს, უბრალოდ საქმეს უდგება სწორედ. გაიგე, ბიჭო?

ნიკო: ბატონო ნუგზარ, არ მესმის… ეს რაღაც ხუმრობაა?

ბატონი ნუგზარი: ხუმრობა მაშინ იქნება მოქალაქეობას რომ ვერ მიიღებ, მე კიდევ მეგონა შეგნებულ ადამიანთან მქონდა საქმე.

ამ სიტყვებზე შაქრო დგება და სკამი ზაქროსკენ გადააქვს, რის შემდგომად ჯდება და მის კოლეგას ყურში ჩასჩურჩულებს, “არ მომწონს ეს ტიპი.” ზაქრო დასტურის ნიშნად ჩუმად თავს უქნევს.

ბატონი ნუგზარი შეკითხვებს განაგრძობს, “კიდევ მოგცემ შანსს, მაგრამ იმედია ახლა მაინც გამოასწორებ, წარმოიდგინე რომ ქუჩაში ხარ, გხვდება სამართალდამცავი და გაფურთხებს…”

ნიკო ამ სიტყვების გაგონებაზე თავს ვერ იკავებს და სამმართველოს უფროსს მიმართავს, “ბოდიში? ვერ გავიგე, რატომ უნდა შემაფურთხოს სამართალდამცავმა?..”

ამ შეკითხვის გაგონებაზე შაქრო ზაქროს კვლავ ყურში ჩასჩურჩულებს, “ამ ტიპის პასუხები და შეკითხვები აშკარად რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს.” შაქრო დასტურის ნიშნად თავს აქნევს.

ბატონი ნუგზარი თავის მხრივ შეკითხვის გაგონისთანავე ფეხების ბაკუნს და თვალების ტრიალს იწყებს, “ბიჭო, რომ გეუბნები შეგაფურთხა, ესეიგი ეგრე უნდა იყოს, რა ვერ გაიგე?”

ნიკო: კარგით თუ ასეა რას ვიზამ და მეც შევაფურთხებ, წინააღმდეგობას გავუწევ, არავის მივცემ უფლებას ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფა მომაყენოს…

ბატონი ნუგზარი: შენ ბიჭო ხომ არ ჩუკენეობ, თუ შეგაფურთხა, ესეიგი ეგრე იყო საჭირო, რა წინააღმდეგობა, რის წინააღმდეგობა, აზრზე მოდი, სამართალდამცავია, ჩვენი ქვეყნის სიდიადეს იცავს, რომლის მოქალაქეობის მიღებას შენნარი უღირსი ტიპები ცდილობენ.

შაქრო და ზაქრო სინქრონულად დასტურის ნიშნად თავს აქნევენ, რის შემდეგად შაქრო პირველად საჯაროდ იღებს ხმას, “თავიდანვე არ მევასა ეს ტიპი, კაგებეს სუნი ასდის, საბჭოეთის გადმონაშთია.”

ბატონი ნუგზარი ნიკოს საყურადღებოდ თითს შაქროსკენ იშვერს და გაიძახის, “შაქრო, ეს არის შაქრო, შაქრო ადამიანებში არასდროს ცდება, მე შევცდი ამ კაბინეტში რომ შემოგიშვი, მაგრამ ახლა ნათელია რომ მაგარი ცუდი ტიპი ხარ. მოქალაქეობა უნდა, “იშ ტი, რაზმეჩტალსა.”

შემკრთალი, შეშინებული, გაოცებული და დილემაში ჩაგდებული ნიკო ცდილობს თავი ხელში აიყვანოს და გამოაცხადოს, “არა, არა ბატონო, არ მინდა, აღარ მინდა მოქალაქეობა ყოველივე იმის მერე რაც აქ გავიგონე.”

ბატონი ნუგზარი არ შოშმინდება, ფეხების ბაკუნს და თვალების ბრიალს განაგრძობს, “მოქალაქეობა? მოქალაქეობა კი არადა, აქ საქმე ეჭვი მაქვს სისხლის სამართლებრივ დანაშაულთან გვაქვს, შპიონაჟის სუნი მცემს.

ნიკო კიდევ უფრო გაოცებულია.

ბატონი ნუგზარი: რა მიზნით ჩამოხვედი? კრემლის აგენტი ხარ? ჰააა, დროზე, დაყაჭე!

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ბატონი ნუგზარი სკამიდან დგება და ასისტენტებს უცხო მოქალაქის გაკოჭვას უბრძანებს, რის შემდეგაც ტელეფონისკენ მიემართება და მდივანს შესაბამისი ორგანოების გამოძახებას სთხოვს.

ფონად ტელევიზორის გუგუნი და საქართველოს წარმატებებზე მონოლოგი ისმის…

3 thoughts on “რეალითი შოუ სახელად “საქართველოს მომავალი”

  1. エカ (aka Katiee)

    უფ, კიდე კაი 2026 წელი აწერია თავში და პრევენციაო, გვიან მივაქციე ყურადღება, თორე გულწრფელად გამიტყდა, იმიტომ, რომ მართლა არ არის მასე. თუნდაც სიგარეტის მოწევა, მოქალაქეებთან მოპყრობა და ა.შ. ფასადურ დონეზე შეცდომები მინიმუმამდეა მართლა, სერვისის დონის აწევას ცდილობენ, როგორც შეუძლიათ.

    Reply
  2. Morgan

    უფ, კიდე კაი 2026 წელი აწერია თავში და პრევენციაო, გვიან მივაქციე ყურადღება, თორე გულწრფელად გამიტყდა, იმიტომ, რომ მართლა არ არის მასე. თუნდაც სიგარეტის მოწევა, მოქალაქეებთან მოპყრობა და ა.შ. ფასადურ დონეზე შეცდომები მინიმუმამდეა მართლა, სერვისის დონის აწევას ცდილობენ, როგორც შეუძლიათ.
    +1

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s