Monthly Archives: February 2012

ხუთი (+1) ინგლისური სიტყვა რომელიც ქართულში არ არსებობს

ყოველ ენას აქვს ისეთი სიტყვები რომლებიც ძალიან რთულია გადმოთარგმნო მეორეზე. ყველაფერი კულტურული მემკვიდრეობის და ენის განვითარება არ განვითარებაზეა დამოკიდებული. არც ქართულია ამ მხრივ გამონაკლისი. თუმცა, ეტიმოლოგიური ექსკურსით ძალიან რომ არ მოგაწყინოთ თავი, რამდენიმე ინგლისურ სიტყვაზე გავამხვილებ ყურადღებას და თან გთავაზობთ თარგმნის თქვენეული ვერსიები შემომთავაზოთ, აქვე შევეცდები ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანო.

Flatmate – უცხოეთში ნამყოფი ახალგაზრდების მუდმივი პრობლემა ქართულად საუბრისას. მართლა, როგორ უნდა თარგმნო? “თანამცხოვრები?” – რა თანამცხოვრები – ვერ ჟღერს სიტყვა აშკარად. “მეზობელი”? – ეს ფაქტობრივად არასწორია, მეზობელი ისაა კარის იქეთ რომ ცხოვრობს, Flatmate კიდევ იქვე, ბინაში გყავს. შეიძლება მეგობარიც კი არ იყოს და უბრალოდ ცხოვრობდეს შენს სივრცეში, დატანტალებდეს შხაპში, მიირთმევდეს შენს სამზარეულოში და ა.შ. მიდი და დაუძახე ამის მერე მეზობელი, მეგობარი… პირდაპირი თარგმანი ხომ საერთოდ არაჟღერადი გამოდის, “ბინის მეგობარი.” არა ისევ ამ სიტყვის გამოყენება სჯობია ქართულ დიალოგში, სანამ რამე ახალს ვერ მოვიფიქრებთ.

Nerd/Geek – მიუხედავად იმისა რომ ამ ორ სიტყვას შორის უკვე არსებობს განსხვავება ის მაინც არაარსებითია. ზოგადად გულისხმობს უგზო უკვლოდ განათლებულ ადამიანს, ანუ ჩვენში რუსულად რომ იტყოდნენ ხოლმე “ბოტანიკი”. მაგრამ რუსული არ გამოგვადგება ქართულზე თუ მიდგა საქმე, მითუმეტეს თუ გადმოვაქართულედ სრული უაზრობა, ანუ “ბოტანიკოსი” გამოვა.  შეგვიძლია გამოვიყენოთ “ენციკლოპედიკი,” მაგრამ სიტყვაში ბოლო ხუთ  ასოს ცოტა სხვა ელფერი დაჰკრავს. ვთავაზობ “ნერდებს” და “გიკებს” თავად გამოიგონონ რამე შესატყვისი.

Winger – სლენგზე გულისხმობს მეგობარს რომელიც გეხმარება გოგოების (შეიძლება ასევე ბიჭების, მაგრამ მე არ გამიგია) შებმაში. ანუ მარტო რომ არ გახვიდე სადმე კლუბში თან გახლავს მეგობარი. ამის პირდაპირი თარგმა საერთოდ აბსურდია, “მეფრთე”. მეფრთე არა პილოტი კიდევ… ჰმმ, თუმცა პილოტი არც ისე ცუდად ჟღერს, თითქოს ოდნავ მნიშვნელობას უცვლის, მაგრამ ისე თვითონ სიტყვას არაუშავს. მეორეს მხრივ, ზოგადად რამდენად გამოსადეგია ამ სიტყვის არსებობა ქართულ რეალობაში ცალკე საკითხია… შტურმანი?..

Procrastination – ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფსიგოლოგიურ ტერმინთან, რომელიც გულისხმობს რამე მნიშვნელოვანის გადადებას და ნაკლებად მნიშვნელოვანი მაგრამ უფრო მეტი სიხარულის მომგვრელი საქმით დაკავებას. ამხელა ახსნის შემდგომ მიდი და მოუფიქრე ასეთ ტერმინს ერთ სიტყვიანი შესატყვისი…

Pub Crawl – პირდაპირი თარგმანი “პაბ ცოცვა” ან “ბარ ცოცვა,” მაგრამ ისეთი ალპინისტური ტრადიციების მქონე ქვეყანაში როგორც საქართველოა ისევ “ნიტოა”. სიტყვა როგორც უმეტესობა ალბათ მიხვდით გულისხმობს ბარიდან ბარში გადასვლას და ალკოჰოლის ჩასხმას იმ მომენტამდე როდესაც უბრალო გადასვლა მართლა ცოცვას არ დაემსგავსება. შეიძლება იმის ვარაუდი რომ სუფრის მოყვარულ ერში ეს სიტყვა ვერ ჩამოყალიბდებოდა აღნიშნული კულტურული განვითარების ფონზე, თუმცა გლობალიზაციის პირობებში ალბათ დროა ჩვენც მოვიფიქროთ რამე…