Monthly Archives: მარტი 2012

კინოთეატრში სიარული ქართულად ანუ “აკოცე, შე ჩურბანო”

ძმებმა ლუმიერებმა ერთ-ერთი პირველი ფილმი რომ აჩვენეს, შეკრებილი საზოგადოება დაფრთხა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მოძრავი კადრი მანამდე არ ენახათ და ეკრანზე მომავალ მატარებელმა რეალური მოაგონა. ეგ მე-19 საუკუნეში ხდებოდა. 21-ე საუკუნეში კი ევროპელ მაყურებელმა ნერვები მოითოკა, კინოში მოქცევა ისწავლა და უმეტეს შემთხვევაში ეკრანზე მომხდარს გასუსული უყურებს.

მიუხედავად იმისა რომ საქართველო აგერ უკვე მერამდენე წელია ცდილობს ევროპულ ოჯახში შეღწევას, სხვა თემას ამ ჯერზე თავი რომ დავანებოთ, კინოში მოქცევა ვერაფრის დიდებით ვისწავლეთ. ცოტა თუ ბევრი ვიარე კინოში, გადავწყვიტე შემომეთავაზებინა ჩემეული დასკვნა ქართველ მაყურებელზე ქვემორე მოყვანილი ჩანახატის სახით…

შემთხვევა კინოში ანუ ჰიპოტეტიურად მომხდარი ერთი ამბავი

წარმოვიდგინოთ ერთი პატარა დარბაზი რომელიც ასამდე ინდივიდს იტევს. ცარიელ დარბაზში შემოდის ახალგაზრდა გოგონა და სრულ მარტოობაში მე-4 რიგში იკავებს ადგილს. მოდით, მას პირობითად ანა დავარქვათ. ანას სურს კარგი ფილმის ნახვა და ამიტომაც კინოში მარტო სიარულს არ ერიდება. ამჯერადაც იტალიური ნეო რეალიზმის ერთ-ერთი ფილმის სანახავადაა მოსული.

რამდენიმე წუთში დარბაზში შემოდის ექვსკაციანი ჯგუფი და გოგონას უკან მე-5 რიგში იკავებს ადგილს. კიდევ რამდენიმე წუთში შემოდის წყვილი რომელიც გოგონას გვერდზე, იმავე რიგში სხდება. ნელ-ნელა დარბაზი ივსება…

კინოჩვენებას ტრეილერებით იწყებენ. ფილმის დაწყებამდე კი საქართველოში ახლად დანერგილი პრაქტიკის შედეგად ეკრანზე სოციალური ხასიათის რეკლამაა. რეკლამაში ამერიკის ერთ-ერთი კინოთეატრის ფოეში კინომაყურებელს ეკითხებიან თუ რამდენად მოსწონთ ახალი შემოღებული წესი, რომლის თანახმადაც ფილმის ჩვენებისას ყოველ ნახევარსაათიანი პაუზის შემდეგ, მაყურებელს ეძლევა საშუალება ისარგებლოს მობილური ტელეფონით და გააკეთოს საჭირო ზარები. რგოლში მონაწილე მაყურებელი ამბობს რომ გადასარევი წესია და მაგალითად მოჰყავთ ასეთი შემთხვევა, “წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცამ დაგირეკა და ნახევარ საათში არ გადაურეკე… ხომ შეიძლება იფიქროს რომ გარდაიცვალე?” ამრიგად ყველა თანმხდება რომ ეს მშვენიერი წესია.

რა თქმა უნდა ეს რგოლი სახუმარო, უფრო ცინიკური ხასიათისაა და მოუწოდებს კინოთეატრში მსხდომ მაყურებელს ტელეფონის გამორთვისკენ, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ტელეფონს მხოლოდ ჩვენი მთავარი პერსონაჟი თიშავს.

იწყება ფილმი…

5 წუთის შემდეგ

ანას უკანა რიგიდან ესმის ტელეფონის ზარი, ზარს ერთ-ერთ მაყურებელი პასუხობს, “ალიო, ალიოოო, არ მესმის, გადმორეკე რა!” აბონენტს რამდენიმე წამში კვლავ ურეკავენ, “ხო, ალიოო, აი ახლა  მესმის… კი, კი კარგად… შენ? რავი კინოში ვართ, მე, ირუშკა, ნინჩო, იკა, აუ ბევრნი ვართ რა… ხო რავი, ახლა დაიწყო… შენ, როგორ ხარ?.. აჰა, ხო კაი მაშინ დაგირეკავთ რომ დამთავრდება… ოქეი.”

15 წუთის შემდეგ

ისმის რეპლიკა ბოლოს წინა რიგიდან, “აეეე, რეჟისოოორ დაიწყე რა!.. იმ ტიპს რაღა უნდა, რა ტანჯულაა…” რეპლიკას მოჰყვება აბსოლუტური უმრავლესობის რეაქცია, რომელიც მეტწილად ხმამაღალ სიცილში და რიგ შემთხვევებში მოკრძალებულ ღიმილში გამოიხატება.

30 წუთის შემდეგ

ვიღაც “მეამიტი” რიტორიკულად კითხულობს, “ეეე, ფილმის დასაწყისში ხომ გვითხრეს რომ შეგვასვენებენ, დარეკვა მინდა,” რასაც კვლავ სიცილი მოჰყვება და ვიღაც “გონებამახვილი” მოუწოდებს, “შენც დარეკე, რა გენაღვლება.” მოწოდებას კვლავ ხარხარი მოჰყვება.

50 წუთის შემდეგ

ფილმში ხდება დრამატული გარდატეხა, მთავარი პერსონაჟი საბოლოოდ იგებს სხვა პერსონაჟის გულს და ეს ესაა აკოცოს… დამსწრე საზოგადოება ემზადება რომანტიკული კოცნისთვის როდესაც ერთ-ერთი დარბაზში მსხდომი წამოიძახებს, “აკოცეეეე შე ჩურბანო, რაღას ელოდები?” გადამწყვეტ მომენტში მთავარი პერსონაჟი უკან იხევს და მოსალოდნელ კოცნას არ ანხორციელებს. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ოხრავს, ხოლო ბოლო წინადადების ავტორი მეორეს აყოლებს, “აუ, ეს მართლა ჩურბანი ყოფილა, შენი დედა ვატირე!”

55 წუთის შემდეგ

მაყურებლების ნახევარი დარბაზს ტოვებს. კინოთეატრების მესვეურები კი, ამის შემხედვარე ანალიზის შედეგად ხვდებიან, რომ ფილმმა გაამართლა, უმეტეს სხვა შემთხვევაში, მაყურებლის საგრძნობი ნაწილი როგორც წესი დარბაზს ფილმის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ტოვებს ხოლმე.

1 საათის და 5 წუთის შემდეგ

ანას გვერდზე მსხდომი წყვილი იწყებს ერთმანეთში საუბარს, გოგონა ეუბნება თავის “კავალერს,” “აუ ეს ჩვენს გვერდზე გოგო რომ ზის ნახე? რა ცოდოა… მარტოა, მეგობრები არ ჰყავს ნეტა?” ბიჭიც დასტურად თავს უქნევს და “ნწ, ნწ-ს” გამომხატველ მოძრაობასაც აკეთებს თავით. შემდეგ გადადიან სხვა თემებზე და უფრო ხმამაღლა ლაპარაკსაც არ ერიდებიან. “ბიჭო, პალიკო როგორაა? იმ დღეს ძალიან გამიხარდა მაგის და ზურას ნახვა,” ეუბნება გოგონა. “პალიკო ძმაა, მაგრად მიყვარს, მაგარი რაღაცეები ჩაატარა იმ დღეს,” პასუხობს ბიჭი.

1 საათის და 30 წუთის შემდეგ

ფილმი მთავრდება. ანას უკან მსხდომი ჯგუფი უკრავს ტაშს და ამავდროულად ერთ-ერთი ხმამაღლა გაიძახის, “აუ რა მარაზმი იყო, კიდევ კარგი მორჩა, ვისი იდეა იყო აქ მოსვლა?” სხვები იცინიან, ერთი-ორ უკბილო ხუმრობას ისვრიან და სწრაფი ტემპებით ირაზმებიან გასასვლელისკენ.

ნელ-ნელა დარბაზს ყველა ტოვებს. ბოლოს სრულ მარტოობაში ანა რჩება და ასრულებს ტიტრების ყურებას…

Advertisements

უკადრებელი 20 თეთრი, ორგიები ავტობუსებში და ზებრაზე გაბრაზებული ქართველი მძღოლები

ასე გვჩვევია ქართველებს, ცუდი თუ მოგვივიდა რამე და ცუდის მეტი რა მოგსვლია ბოლო 20 წლის განმავლობაში, ობიექტურად თუ სუბიექტურად ყოველთვის ხელისუფალს ვაბრალებთ ხოლმე.

მართალია ამ 20 წლის განმაბლობაში მაინცდამაინც ღმერთს ვერცერთი ჩვენი ლიდერი ვერ უქნია, ზვიადიდან დაწყებული მიშათი დამთავრებული, მაგრამ ის რომ ზოგ შემთხვევაში ჩვენი ბრალდება აბსურდამდე დადის, “რა ამინდია, რას გვიშვრება ეს შევადნაძე,” ეს ფაქტია.

ასეა, ვერ ჩამოვყალიბდით სამოქალაქო საზოგადოებად სადაც ყოველი წევრი იშვიათი გამონაკლისების გარდა, საკუთარ თავზე თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებდა და კარგ მოქალაქედ წარმოაჩენდა თავს.

ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც გინდა გიამბოთ ჩემს რამოდენიმე ბოლოდროინდელ დაკვირვებების შესახებ.

20 თეთრი როგორ გაკადრო?

რამდენიმე კვირის წინ ბოულინგ კლუბში ვაგზლის მოედანზე რომ მდებარეობს, ლუდის დალევა გადავწყვიტე ბარში, არ მახსოვს რომელიც იმპორტირებულ ლუდს მივადექი (ქართული არ ჰქონდათ) და ფასი ვიკითხე. “ხუთი და ოთხმოცი,” მომიგო “ბარგოგონამ”. კი ვიფიქრე “ღმერთმანი, ხუთი და ოთხმოცი რა ამბავია თქო, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციით 400 ლარია,” მაგრამ გულისწყრომა ხმამაღლა აღარ გამოვხატე და პატიოსნად ხელი ჯიბისკენ წავიღე, ექვსი ლარი მივაწოდე და ჩემს კუთვნილ ლუდს და ხურდას დაველოდე. ლუდი ისეთი მკაცრი გამომეტყველებით მომაწოდა, რომ მივხვდი ამისგან ხურდის დაბრუნებას ამაოდ ველოდები თქო.

ოცი თეთრის დედაც ვატირე, არც გამოვართმევდი, მაგრამ ის რომ ქართულ ბარებში სადაც სასმელს კატასტროფული ფასი ადევს ხოლმე, მომსახურე პერსონალი ხურდის დაბრუნების ჟესტის ჩადენა როგორც ჩანს პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ უტყდებათ. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მცირედი თანხის არ დაბრუნება, არა სარგებლის მიღების მიზნით არამედ “კარგი რა ოც თეთრს ხომ არ გაკადრებ” ვერსიითაა განპირობებული.

დავეწიოთ და გადავუსწროთ ზებრას

მიუხედავად იმისა რომ გადასასვლელებზე, აი ისეთ გადასასვლელებზე ე.წ. ზებრა რომ ამშვენებს და წესით და რიგით მანქანები სისწრაფეს რომ უნდა უკლებდნენ და ფეხით მოსიარულე  რომ უნდა ატარებდნენ, კინაღამ ერთიორჯერ მანქანამ გამიტანა, მაინც მედგრად ვდგავარ და ზებრას ფუნქციას არ ვუკარგავ.

საინტერესო ისაა რომ ისეთ ადგილებში სადაც ზებრა ახლოსაც კი არ არის ნახსენები, მანქანის მძღოლმა გადამსვლელი რომ დაინახოს სისწრაფეს შეანელებს და პატიოსნად გაატარებს. მაგრამ ზებრა… ზებრა სულ სხვაა. ასეთ დროს როგორც ჩანს ქართველ მძღოლს ზებრაზე დატანილი კონტურები ფინიშის ხაზს აგონებს რომელიც პირველმა უნდა გადაკვეთოს, საჭეს მთელი ძალით ეჭიდება და ზებრაზე პატიოსანი მოქალაქის გატანას ლამობს, ქვეცნობიერად მაინც.

ორგიები თბილისის ავტობუსებში

ვისაც ერთხელ მაინც გიმგზავრიათ თბილის ქალაქის ცნობილ ყვითელ ავტობუსში ალბათ განცდილი გექნებათ ვინმე უცხოსთან ჩახუტება, სასწაული სურნელი და გასასვლელისკენ სვლისას ჯიკაობა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო რუსთაველიდან ვაკეში მივდიოდი ბაგდანოვკით, ჩვეულად გაჯეჯგილი იყო და სადღაც გასასვლელს და სკამებს შორის ერთი ფეხით მდგარი მეორე ფეხისთვის ამაოდ ვეძებდი დასადგმელ ადგილს. ალბათ მიხვდით რომ ჩემნაირად მგზავრების უმეტესობა ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი.

ერთ-ერთ გაჩერებაზე ახლო მახლო ადგილი განთავისუფლდა. იმ ადგილზე თავიდანვე ხელი კი არადა ფეხი ჩავიქნიე, ჩემს წინ რამდენიმე ადამიანი იდგა.

ვიფიქრე რომელიმე დაჯდება თქო და ჩემს მეორე ფეხსაც დასადგმელი ადგილი გაუჩნდება თქო… თუმცა იმ ადგილთან მჯდომ სუბიექტი სულ სხვა იდეამ შეაწუხა – გადაწყვიტა რომ ერთ ადგილზე ვერ ეტეოდა და ერთის ნაცვლად ორ ადგილზე გაიშხლართა.

ავტობუსში სამგზავრო 50 თეთრის გადახდა კიდევ ცალკე თემაა. თან რატომღაც მგონია რომ გადასახადს უფრო ისეთი მოქალაქეები არ იხდიან რომლებსაც საშუალეაბა აქვთ და არა ისინი ვინც 100 ლარიან პენსიაზე ცხოვრობენ.

ერთხელ მგზავრობისას ჩემს ახლო მახლო 3 ახალგაზრდა ბიჭი იჯდა და ცოცხალი თავით ბილეთს არ იღებდა. კონტროლიორის საყვედურზე ამათმა ცინიკურად მოიშორეს, “ხო, ხო, გადავხიდით, გვაცადე რა…” შემდეგ გაჩერებაზე მეორე კონტროლიორი ამოვიდა, იგივე მოთხოვნაზე ბიჭები გაუბრაზდნენ, ასეთ რამეს როგორ გვაკადრებო და აქეთ მოსდეს შარი რომ ჩასვლისას უნდა იღებდნენ ბილეთს. კონტროლიორი კონფლიქტს მოერიდა და მალევე ჩავიდა.

“ხოდა ასე,” გაიფიქრეს როგორც ჩანს კმაყოფილმა ბიჭებმა და გზაც მთავრობის გინებაში გააგრძელეს…

ევროკავშირის რკინის ფარდა და პრაგმატული პოლიტიკის აუცილებლობა

შეგიძლიათ გაიხსენოთ დასავლეთ ევროპაში არსებული ორი სახელმწიფო რომელიც ერთმანეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი? რა თქმა უნდა ვერ გაიხსენებთ.

დრო როდესაც მეზობელი ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, აწყობდნენ 100 წლიან ომებს და ა.შ. ბნელ წარსულს ჩაბარდა. დღევანდელი “ქიშპობა” მაქსიმუმ ერთმანეთის მიმართ არაპოლიტკორექტულ ხასიათის მქონე ხუმრობით შეიძლება გამოიხატოს. ჩვენ სამწუხაროდ გარკვეულწილად ჯერ კიდევ იმ შუასაუკუნოვან სიბნელეში ვიმყოფებით.

დღეს ევროპა ევროკავშირის საფარის ქვეშ ცხოვრობს სადაც გადაადგილება თბილისიდან ბაქოში მგზავრობაზე მარტივია. მოგზაურობისთვის საზღვარგარეთის პასპორტიც კი არ გჭირდებათ. პირადობის მოწმობა საკმარისია.

დღეს ლონდონიდან მილანში გადაფრენა თუ სარგებლობ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობრივი პრივილეგიით დაახლოებით იმას ჰგავს თბილისიდან მოსკოვში 37 მანეთად რომ მიდიოდნენ საქეიფოდ. აბა, უთხარით რომელიმე ევროკავშირელს რომ ეს შესაძლებლობა შეიძლება ოდესმე შეუწყდეს?

შარშან გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტში სწავლისას სახელმწიფო მმართვის ერთ-ერთ ლექციაზე საუბარი ევროკავშირის შესაძლო გაფართოებაზე, კერძოდ კი თურქეთის საკითხზე ჩამოვარდა. განხილვისას გადავწყვიტე შესაძლებლობად გამომეყენებინა და საქართველოს შანსებზე ვკითხე ლექტორს. მაინცდამაინც არ გამიკვირდა რომ შანსებზე საუბარი მხოლოდ ფინანსურ (ევროპისთვის) სარგებლობიანობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. დემოკრატიის ხარისხი, სიტყვის თავისუფლება და ა.შ. კი უფრო ქაღალდზე დაწერილ ფორმალობას წარმოადგენს.

ყველამ ვიცით რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში იმდენად ნელი და არაეფექტურია რომ ეს უკანასკნელი შეიძლება უფრო ადრე დაიშალოს (ეკონომიკური კოლაფსების ფონზე) ვიდრე საქართველოს შესვლის საკითხი გადაწყდეს. ასეთ ვითარებაში როდესაც ევროპაში მოხვედრა საკმაოდ რთულია და ვერც მოსკოვში მიფრინავ 37 მანეთად რა პერსპექტივა აქვთ საქართველოს და მის მსგავს სახელმწიფოებს?

დასავლეთი ადრე საბჭოთა კავშირს რკინის ფარდის გამო დასცინოდა , თუმცა დღევანდელი რთული სავიზო პროცედურების პირობებში რკინის ფარდა სწორედ რომ ევროკავშირს აფარია ხშირ შემთხვევაში ჩვენნაირი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აუცილებლად გასავლელი პროცედურები კი ხშირად დამამცირებელია.

პოსტი დასავლეთ ევროპის ერთიანობის აღწერით შემთხვევით არ დამიწყია და არც 37 მანეთი მიხსენებია უბრალოდ. თუ  პოსტ საბჭოურ სივრცეში არსებულ მდგომარეობას და მოუგვარებელი კონფლიქტების რიცხვს გადავლებთ თვალს მივხვდებით რომ კონტრასტი დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის კატასტროფულია. აქეთ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ყარაბაღი, იქეთ დნესტრისპირეთი და ყირიმი, უკეთეს შემთხვევაში დაძაბული ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებს შორის… მოკლედ, დიდი კვლევის ჩატარება არაა საჭირო იმის დასადგენად რომ პოსტ საბჭოური ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთობის კრიზისს განიცდიან. ასეთ პირობებში კი რთულია ეკონომიკური წარმატების იმედი გქონდეს.

მიუხედავად იმისა რომ გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ და სამყარო სულ უფრო და უფრო პატარა ხდება როგორც ჩანს კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას კვლავ დიდი მნიშვნელობა აქვს. იქნებ დროა პოსტ საბჭოურ ქვეყნები ახალ, პრაგმატულ (ისევე როგორც ამას დასავლეთ ევროპა აკეთებს) პოლიტიკაზე დაფიქრდნენ და ერთგვარი ალტერნატივა შექმნან?

პრაგმატული პოლიტიკის შემთხვევაში კი 37 ევროდ და მანეთად თუ არა, იქნებ 37 გრივნად მაინც იქნეს ფრენა შესაძლებელი?