კინოთეატრში სიარული ქართულად ანუ “აკოცე, შე ჩურბანო”

ძმებმა ლუმიერებმა ერთ-ერთი პირველი ფილმი რომ აჩვენეს, შეკრებილი საზოგადოება დაფრთხა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მოძრავი კადრი მანამდე არ ენახათ და ეკრანზე მომავალ მატარებელმა რეალური მოაგონა. ეგ მე-19 საუკუნეში ხდებოდა. 21-ე საუკუნეში კი ევროპელ მაყურებელმა ნერვები მოითოკა, კინოში მოქცევა ისწავლა და უმეტეს შემთხვევაში ეკრანზე მომხდარს გასუსული უყურებს.

მიუხედავად იმისა რომ საქართველო აგერ უკვე მერამდენე წელია ცდილობს ევროპულ ოჯახში შეღწევას, სხვა თემას ამ ჯერზე თავი რომ დავანებოთ, კინოში მოქცევა ვერაფრის დიდებით ვისწავლეთ. ცოტა თუ ბევრი ვიარე კინოში, გადავწყვიტე შემომეთავაზებინა ჩემეული დასკვნა ქართველ მაყურებელზე ქვემორე მოყვანილი ჩანახატის სახით…

შემთხვევა კინოში ანუ ჰიპოტეტიურად მომხდარი ერთი ამბავი

წარმოვიდგინოთ ერთი პატარა დარბაზი რომელიც ასამდე ინდივიდს იტევს. ცარიელ დარბაზში შემოდის ახალგაზრდა გოგონა და სრულ მარტოობაში მე-4 რიგში იკავებს ადგილს. მოდით, მას პირობითად ანა დავარქვათ. ანას სურს კარგი ფილმის ნახვა და ამიტომაც კინოში მარტო სიარულს არ ერიდება. ამჯერადაც იტალიური ნეო რეალიზმის ერთ-ერთი ფილმის სანახავადაა მოსული.

რამდენიმე წუთში დარბაზში შემოდის ექვსკაციანი ჯგუფი და გოგონას უკან მე-5 რიგში იკავებს ადგილს. კიდევ რამდენიმე წუთში შემოდის წყვილი რომელიც გოგონას გვერდზე, იმავე რიგში სხდება. ნელ-ნელა დარბაზი ივსება…

კინოჩვენებას ტრეილერებით იწყებენ. ფილმის დაწყებამდე კი საქართველოში ახლად დანერგილი პრაქტიკის შედეგად ეკრანზე სოციალური ხასიათის რეკლამაა. რეკლამაში ამერიკის ერთ-ერთი კინოთეატრის ფოეში კინომაყურებელს ეკითხებიან თუ რამდენად მოსწონთ ახალი შემოღებული წესი, რომლის თანახმადაც ფილმის ჩვენებისას ყოველ ნახევარსაათიანი პაუზის შემდეგ, მაყურებელს ეძლევა საშუალება ისარგებლოს მობილური ტელეფონით და გააკეთოს საჭირო ზარები. რგოლში მონაწილე მაყურებელი ამბობს რომ გადასარევი წესია და მაგალითად მოჰყავთ ასეთი შემთხვევა, “წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცამ დაგირეკა და ნახევარ საათში არ გადაურეკე… ხომ შეიძლება იფიქროს რომ გარდაიცვალე?” ამრიგად ყველა თანმხდება რომ ეს მშვენიერი წესია.

რა თქმა უნდა ეს რგოლი სახუმარო, უფრო ცინიკური ხასიათისაა და მოუწოდებს კინოთეატრში მსხდომ მაყურებელს ტელეფონის გამორთვისკენ, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ტელეფონს მხოლოდ ჩვენი მთავარი პერსონაჟი თიშავს.

იწყება ფილმი…

5 წუთის შემდეგ

ანას უკანა რიგიდან ესმის ტელეფონის ზარი, ზარს ერთ-ერთ მაყურებელი პასუხობს, “ალიო, ალიოოო, არ მესმის, გადმორეკე რა!” აბონენტს რამდენიმე წამში კვლავ ურეკავენ, “ხო, ალიოო, აი ახლა  მესმის… კი, კი კარგად… შენ? რავი კინოში ვართ, მე, ირუშკა, ნინჩო, იკა, აუ ბევრნი ვართ რა… ხო რავი, ახლა დაიწყო… შენ, როგორ ხარ?.. აჰა, ხო კაი მაშინ დაგირეკავთ რომ დამთავრდება… ოქეი.”

15 წუთის შემდეგ

ისმის რეპლიკა ბოლოს წინა რიგიდან, “აეეე, რეჟისოოორ დაიწყე რა!.. იმ ტიპს რაღა უნდა, რა ტანჯულაა…” რეპლიკას მოჰყვება აბსოლუტური უმრავლესობის რეაქცია, რომელიც მეტწილად ხმამაღალ სიცილში და რიგ შემთხვევებში მოკრძალებულ ღიმილში გამოიხატება.

30 წუთის შემდეგ

ვიღაც “მეამიტი” რიტორიკულად კითხულობს, “ეეე, ფილმის დასაწყისში ხომ გვითხრეს რომ შეგვასვენებენ, დარეკვა მინდა,” რასაც კვლავ სიცილი მოჰყვება და ვიღაც “გონებამახვილი” მოუწოდებს, “შენც დარეკე, რა გენაღვლება.” მოწოდებას კვლავ ხარხარი მოჰყვება.

50 წუთის შემდეგ

ფილმში ხდება დრამატული გარდატეხა, მთავარი პერსონაჟი საბოლოოდ იგებს სხვა პერსონაჟის გულს და ეს ესაა აკოცოს… დამსწრე საზოგადოება ემზადება რომანტიკული კოცნისთვის როდესაც ერთ-ერთი დარბაზში მსხდომი წამოიძახებს, “აკოცეეეე შე ჩურბანო, რაღას ელოდები?” გადამწყვეტ მომენტში მთავარი პერსონაჟი უკან იხევს და მოსალოდნელ კოცნას არ ანხორციელებს. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ოხრავს, ხოლო ბოლო წინადადების ავტორი მეორეს აყოლებს, “აუ, ეს მართლა ჩურბანი ყოფილა, შენი დედა ვატირე!”

55 წუთის შემდეგ

მაყურებლების ნახევარი დარბაზს ტოვებს. კინოთეატრების მესვეურები კი, ამის შემხედვარე ანალიზის შედეგად ხვდებიან, რომ ფილმმა გაამართლა, უმეტეს სხვა შემთხვევაში, მაყურებლის საგრძნობი ნაწილი როგორც წესი დარბაზს ფილმის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ტოვებს ხოლმე.

1 საათის და 5 წუთის შემდეგ

ანას გვერდზე მსხდომი წყვილი იწყებს ერთმანეთში საუბარს, გოგონა ეუბნება თავის “კავალერს,” “აუ ეს ჩვენს გვერდზე გოგო რომ ზის ნახე? რა ცოდოა… მარტოა, მეგობრები არ ჰყავს ნეტა?” ბიჭიც დასტურად თავს უქნევს და “ნწ, ნწ-ს” გამომხატველ მოძრაობასაც აკეთებს თავით. შემდეგ გადადიან სხვა თემებზე და უფრო ხმამაღლა ლაპარაკსაც არ ერიდებიან. “ბიჭო, პალიკო როგორაა? იმ დღეს ძალიან გამიხარდა მაგის და ზურას ნახვა,” ეუბნება გოგონა. “პალიკო ძმაა, მაგრად მიყვარს, მაგარი რაღაცეები ჩაატარა იმ დღეს,” პასუხობს ბიჭი.

1 საათის და 30 წუთის შემდეგ

ფილმი მთავრდება. ანას უკან მსხდომი ჯგუფი უკრავს ტაშს და ამავდროულად ერთ-ერთი ხმამაღლა გაიძახის, “აუ რა მარაზმი იყო, კიდევ კარგი მორჩა, ვისი იდეა იყო აქ მოსვლა?” სხვები იცინიან, ერთი-ორ უკბილო ხუმრობას ისვრიან და სწრაფი ტემპებით ირაზმებიან გასასვლელისკენ.

ნელ-ნელა დარბაზს ყველა ტოვებს. ბოლოს სრულ მარტოობაში ანა რჩება და ასრულებს ტიტრების ყურებას…

5 thoughts on “კინოთეატრში სიარული ქართულად ანუ “აკოცე, შე ჩურბანო”

  1. Каtе

    სამწუხარო რეალობაა. :(((
    მუდმივად საშინელი ზუზუნი ისმის ხოლმე და ალბათ ამის გამო არ დავდივარ კინოში ისე ხშირად, როგორ ხშირადაც მინდა ხოლმე სიარული.

    Reply
  2. Kate

    მაგრამ სამწუხაროდ, ამას არაფერი ეშველება. მგონი.

    Reply
  3. Fei Bukowski

    ნეტა კინოთეტრები კომერციული ნაგვით არ იყოს სავსე არათუ იტალიური ნეორეალიზმით და ფრანგული იმპრესიონიზმით:\ ეხ

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      ნუ ხომ არის სიტყვაზე ნაკლებად კომერციული კინოს სახლი, თუმცა მეორე საკითხია კინოთეატრის ხარისხი… მართალია უნდა იყოს კომერციული კინოთეატრი რომელიც არაკომერციულ ფილმებს გაუშვებდა, თუმცა მანამ სანამ ასეთი დღე დადგებოდეს ის მაინც არ იქნებოდა ურიგო რომ არაკომერციულ ფილმებზეც ისწავლოს საქართველოში ხახლმა მოქცევა🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s