Monthly Archives: მაისი 2012

თქვენ ხომ არ ანგრევთ ანუ გუდიაშვილის მოედნის საპროტესტო ლოზუნგი

გთავაზობთ ფოტომასალას, გუშინ, 20 მაისს გუდიაშვილის მოედანზე გამართული აქციიდან. ინფორმაციას უშუალოდ აქციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ლიბერალის ვებ გვერდზე.  

რა უნდოდა კონკიას დედინაცვალს ბაქოს რესტორანში?

ერთი რუსის ქალი რომელიც საქციელით და მემგონი ცოტა გარეგნობითაც ძალიან ჰგავს კონკიას დედინაცვალს კონცეტრირებაში ხელს მიშლის და რესტორანში მსხდომი საზოგადოების ყურადღებას იქცევს.

“Что это у вас за чай? Это не чай, а безобразие какое-то,” ხმამაღლა გაიძახის რუსი ქალბატონი იქვე ახლო ახლო მოფუსფუსე აზერბაიჯანელი მიმტანის გასაგონად.

მოქმედება ბაქოში ხდება და მეც საჭმელის მოლოდინში გადაწყვეტილი მაქვს აზრები დავალაგო და ამ ქალაქზე შექმნილი პირველი შთაბჭდილებები ჩამოვაყალიბო.

თუმცა, “კონკიას დედინაცვალი” უკმაყოფილების გამოხატვას აგრძელებს და კვლავ ხმამაღლა გაიძახის, ამჯერად უკვე როგორც ჩანს რიტორიკულად მიმართავს თანხლებ ორ ახალგაზრდა გოგონას (ეს ორი გოგონა კონკიას დედინაცვალის პერსონაჟს კიდევ უფრო ამსგავსებს ამ უკმაყოფილო ქალს)  “Куда это мы попали? Безобразие какое – то.”

მიუხედავად იმისა რომ ამ ტრიოსგან ზურგით ვზივარ იძულებული ვარ უკან მივიხედო, ქალი ჭირვეულობას განაგრძობს და ნელ-ნელა ჩემი “რუსოფილია” ნოლზე დადის. ამ ქალის პათოსით შეწუხებული კი სოლიდარობას ვგრძნობ ოფიციანტებთან და ლამისაა მათ დასაცავად დავდგე და ვუთხრა, “ქალბატონო მე გუშინ აქ ვივახშმე და მშვენივრად მომემსახურეს,” თუმცა ვჩუმდები და იმას ვფიქრობ ჩაუფურთხუბს თუ არა რომელიმე ოფიციანტი სამზარეულოში გასვლისას ამ ქალს მოსატან კერძში ან თუნდაც სასმელში. ამრიგად ვხვდები რომ ჩემი ჩარევა საერთოდ არ არის საჭირო.

საკვირველია რატომ არ ფიქრობს ხოლმე კაფეში ან რესტორანში შესული კლიენტი რომ მიმტანიც ჩვეულებრივი ადამიანია და 6 საათი ფეხზე დგომის შემდგომ დაღლილზე და გაბრაზებულზე პრობლემის გადაწყვეტა  ერთი ჩვეულებრივი ნერწყვის გამოყოფით შეუძლია.

ამასობაში ჩემთვის აირანი მოაქვთ, გემრიელად მივირთმევ და ისქენდერის ქაბაბს ვუკვეთავ. წინა დღის შემოსულმა ჩაიზე მიმტანს 60 კაპიკი დავუტოვე (დაახლოებით 1.20 ლარი). საკმაოდ პატარა თანხაა, მაგრამ ამის მიუხედავად როგორც ჩანს აქ ჩემს “ხელგაშლილობაზე” ხმა გავარდა (თან იმის ფონზე რაც გვერდზე მაგიდაზე ხდება და ჩემი მადლობის თქმა მიმტანის ყოველ მოსვლაზე როგორც ჩანს ჩემს მიმართ კეთილგანწყობას ერთი ორად ამაღლებს) და მიმტანები ისე მივლიან თავი პრინცი მგონია, ან პრინცი თუ არა, ტაილერ დარდენი მაინც.

ამასობაში ქალი ახალ მოტანილ კიევურ კატლეტს (ჰქონდა თუ არა ამ კატლეტს დამატებითი ორგანული დანამატები მხოლოდ მოსამსახურე პერსონალმა თუ იცის) მიირთმევს და მერამდენიმე ჩაკბეჩაზე კვლავ კაპარჭყანობას იწყებს,  “Что это такое? Это киевские катлеты по вашему? Я это вообше не заказывала? მაგიდასთან მისული აზერბაიჯანელი მიმტანი, რომელიც რუსულად წესიერად  ორ სიტყვას ვერ აბავს, ქალს თეფშს ართმევს და რამდენიმე წუთში ახალი მაგრამ აბსოლუტურად იდენტური კერძით მოდის.

ამის დანახვაზე ამჯერად უკვე “კონკიას დედინაცვალის” სავარაუდო შვილები აქტიურდებიან და დედას მიუგებენ რომ “это абсолютно тоже самое блюдо.” თუმცა, როგორც ჩანს ეს ქალბატონი თვითონ იღლება საკუთარი ჭირვეულობით და დარჩენილ დროს ფარდობით სიჩუმეში ატარებს, ჩეკს იხდის და ყოვლად შეწუხებული შვილებთან ერთად გადის რესტორნიდან…

ამასობაში ჩემთვისაც შესანიშნავ ისქენდერი მოაქვთ, ხასიათი მიმაღლდება და მეც ახალი შთაბეჭდილებებისათვის ვემზადები, თუმცა ამაზე მოგვიანებით…

ქუთაისი – კონტრასტების ქალაქი

“ასეა, თუ ბავშვი ხელში გყავთ აყვანილი ესეიგი ბავშვია, თუ არა, და ფეხზე დგას, ესეიგი ბავშვი აღარაა”
-საბაგიროს თანამშმრომელი, ქალბატონს რომელმაც ბავშვებს ბილეთი არ აუღო

ტაქსის ხელს ვუქნევ, მიჩერებს. ჩაწეულ ფანჯარას ვუახლოვდები და მძღოლს ვეკითხები, “სპორტის სასახლესთან სამ ლარად გაგვიყვანთ?” თბილისის მაშტაბებში მანძილი რომელსაც ტაქსისტს ვთხოვ გასავლელად დაახლოებით გაგარინის მოედნიდან სპორტის სასახლემდე ტოლია. ვიცი რომ ეს ფასი ნორმალურია დედაქალაქის პირობებში, მაგრამ ამჯერად ქუთაისში ვიმყოფები და აქ ტაქსისტები სხვა კასტას წარმოადგენენ.

ჩემს კითხვის გაგონებაზე ტაქსისტი ძალიან მოკლე მაგრამ ბრაზიან მზერას მიქცევს, მყისიერ სიჩქარეს რთავს, სახეს გზისკენ ისწორებს, უპასუხოდ მტოვებს და ჰორიზონტზე ქრება. პოზის შეცვლასაც კი ვერ ვახერხებ, გაოგნებული ვდგავარ და ჩემი მეგობრების ხარხარს ვისმენ.

ვერავინ დამარწმუნებს რომ ქუთაისის ტაქსისტებს უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ ვიდრე თბილისელებს. აქ საქმე ორ მოვლენასთან უნდა გვქონდეს, პირველი, აშკარა ანტიპატია “დედაქალაქიდან ჩამოსულების მიმართ,” ა ლა “ჩამოვიდნენ აქ თბილისიდან და ჰგონიათ რომ შეუძლიათ კაპიკეპად იარონ” და მეორე, “სჯობია სულ ისე ვიარო ვიდრე იმდენი არასაკადრისი გადამიხადონ”.

ასე მაგალითად, მეორე შემთხვევაში სხვა ტაქსისტს ერთ ადგილამდე მისაყვანად იმაზე მეტი შევთავაზეთ ვიდრე საჭირო იყო. თუმცა, ხის ჩრდილის ქვეშ გაჩერებულმა ძალიან მშვიდად და ზარმაცად მოკლედ “არა” მოგვიგო. მართლაც, რატომ უნდა შეიწუხო თავი როდესაც ასეთ სიცხეში სჯობია მთელი დღე უსაქმოდ ხის ჩრდილის ქვეშ იდგე და კოლეგებს ქვეყნის ავბედითობაზე ესაუბრო.

ამრიგად ტაქსი თბილისისაზე გაცილებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა არის კიდევ ერთი განსხვავება. თუ თბილისში ტაქსის მძღოლები პოტენციური კლიენტის შენიშვნისას სიჩქარეს აგდებენ და ისევე მიიზლაზნებიან როგორც ბაგირა მსხვერპლის დანახვაზე, ქუთაისელი ტაქსისტები ბევრად “დასტოინად,” კლიენტის დანახვაზე სიჩქარეს უმატებენ და მათ მისამართით დაქნეულ ხელს არაფრად აგდებენ.

ქუთაისი კონტრასტების ქალაქია. ამ ჯერზე მეგობრებთან ერთად ჩასულმა აქ სულ რაღაც ორი დღე გავატარე, რომ არა მეორე დღე ქუთაისიდან ყველანი ძალიან ცუდი შტაბეჭდილებებით წამოვიდოდით. საქმე ისაა რომ პირველ დღეს დროის უქონლობის გამო ძირითადად ქალაქის შეფასება მხოლოდ შემოსასვლელით (საღორია) და ავტოსადგურით მოგვიწია. პირველ რაც თვალში გვეცა იყო მტვერი. თბილისიდან ჩამოსულს მტვერი რომ გაგიკვირდება ალბათ დაგვეთანხმებით რომ საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა. საბედნიეროდ მეორე დღემ, როდესაც მოგვეცა ბაგრატის, თეთრი ხიდის და განახლებული ქალაქის ნაწილის ნახვა ჩვენზე სულ სხვა შტაბეჭდილება დატოვა. ამ უბანში გასეირნება ნამდვილად არაა ცუდი იდეა და არც მტვერი შეგაწუხებთ, რაღაცეები კი მართლა კარგადაა გაკეთებული.

მერე რა რომ აქ ტურისტები ჯერჯერობით მხოლოდ კანტი კუნტად ჩანან, ტურისტულ ცენტრში რუკაზე შესულებს მომსახურე პერსონალმა ძალიან მოწადინებულად, ნეიტრალური აქცენტით მოგვიგო, “How can I help you?” ჩვენგან იგივე ენთუზიაზმი რომ ვერ შენიშნა, მშობლიური, მკვეთრად გამოხატული ქუთაისურით მოგვიგო, “აა, ქართველები ხართ?” ჩვენც თავი დავაქნიეთ და საჩუქრად ქალაქის რუკა მივიღეთ. სხვათაშორის როგორც ჩანს აქ ინგლისურად არა მარტო უცხოელები საუბრობენ. ამაში შემდეგ ფაქტმა დამარწმუნა. რესტორან მირზაანში შესულებმა შეკვეთამდე ერთ-ერთ ოფიციანტს გავესაუბრეთ და თეთრ ხიდზე მისასვლელი გზა ვიკითხეთ, იმანაც აგვიხსნა, ოთხივე მადლობა გადავუხადეთ და მენიუ ვთხოვეთ. იმანაც კი ბატონოო, ოღონდ მენიუ ინგლისურად მოგიტანოთო თუ ქართულადო? რადგანაც კითხულობს უნდა იყოს იმის პრეცენდტი რომ შემოსულ სტუმარს მიუხედავად ქართველობისა ინგლისურად წაკითხვა ერჩივნა…
ისე რეკლამაში არ ჩამითვალოთ და მირზაანის სამზარეულო ძალიან გემრიელი აღმოჩნდა და თბილისის ფილიალი ქუთაისისას ბევრად ჩამოუვარდება. თემა რომ გავაგრძელოთ, მაგიდასთან დასხდომისას ჩვენს უკან სტუმრები ახალი წასულები იყვნენ. მათი მაგიდა ტიპიურ ქუთაისურ მოვლენას ასახავდა.

“ფასები ფურცელი,” ქუთაისური სტილი

ბაშვობიდან ვიცოდი რომ თუ ჭეშმარიტი იმერელი ხარ შეიძლება სახლში ელემენტარული სახსარი არ გაგაჩნდეს, მაგრამ სუფრა ყოველთვის სავსე უნდა იყოს და აუცილებლად იმაზე მეტი უნდა იდოს მაგიდაზე ვიდრე შეჭმა შეგეძლოს ნორმალური, ან თუნდაც არანორმალურად დიდი ზომის ადამიანს. ასეთი იყო ის მაგიდაც, ნახევარი სტუმრებმა იქვე დატოვეს, აბა რა წესია იმდენი შეუკვეთო რამდენსაც შეჭამ?
ჩვენ უწესოდ მოვიქეცით და იმდენი შევუკვეთეთ რამდენის შეჭმაც შეგვეძლო. ალბათ რომ წავედით ოფიციანტმა ჩვენი მაგიდის დანახვაზე სინანულით თავი გაიქნია და მთლიანად გაწმენდილი თეფშებისგან კულტურული შოკი მიიღო.
მირზაანი არა და ადგილობრივ “რესტარანებში” კიდევ ერთი თავისებურება აღმოვაჩინეთ, მართალია რთულია განაზოგადო მაგრამ ორ “ზავეძენიაში” შესულებს ორივეში ერთნაირი სიტუაცია დაგხვდა. საქმე ისაა რომ ორივეგან შესასვლელში ჯერ ტუალეტი გვხვდებოდა და მერე უკვე უშუალოდ სასადილო ოთახი. ანუ, წარმოიდგინეთ რომ შედიხართ შენობაში, ზუსტად თქვენს პირდაპირ ხუთ მეტრში არის ტუალეტი, ხოლო მარცხნივ სხვა კარებში უკვე შესასვლელი რესტორანში…

ყოველთვის მეგონა ხოლმე რომ რესტორანის მესვეურებს არ უნდა აწყობდეთ ქუჩიდან შემოსული სტუმრის ტუალეტში შეშვება, მაგრამ ამ ორ შემთხვევამ დამარწმუნა რომ მათი ტუალეტის კარები ყოველთვის ღიაა შემთხვევით გამვლელისთვის. ამ ორიდან ერთ-ერთ შემთხვევაში კი ღია პირდაპირი მნიშვნელობით, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ კარები უბრალოდ არ იკეტებოდა და საქმეზე შესულს თან კარი უნდა დაგეკავა და თან არხსენებულ საქმეზე გეფიქრა.

კიდევ ერთი თავისებურებაა სამარშრუტო ტაქსები, თუ თბილისში ამ სატრანსპორტო საშუალებაში მფლობელი ცდილობს რაც შეიძლება მეტი სკამის ჩატენოს (საბოლოოდ ფეხების დასადები სივრცე იმდენად მცირეა რომ ამაზე შეიძლება პიგმეებმაც კი დაწერონ საჩივარი), ქუთაისში ყველაფერი პირიქითაა. აქ “მარშუტკაში” შესულს მაქსიმუმ 10 დასაჯდომი ადგილი თუ დაგხვდება, ყველა დანარჩენი სკამი აღებულია, რათა მგზავრმა კომფორტულად იგრძნოს თავი ფეხზე დგომისას. რომელია ამ ორთაგან მარკეტინგულად უფრო გამართლებული თქვენი გადასაწყვეტია…

კიდევ ბევრი სხვა რამე იყო, იყო მაკდონალდსი რომელმაც ჯერ საკუთარი არსებობით და შემდეგ უკვე ფერების გადაწყვეტილებით გულახდილად გაგვაკვირვა, იყო დაძაბული გამვლელი რომელმაც მიმართულების კითხვისას პრაქტიკულად ჩაგვეცუცქა, იყო არხეინად მოსიერნე პატრული და ბევრი სხვა რამ… თუმცა ყველაფერს ვერ მოჰყვები, ყველაფერი დანარჩენისთვის არსებობს თბილისიდან ქუთაისში მიმავალი 12 ლარიანი მარშუტკა, რომლის პლეილისტიც ცალკე ისტორიაა…