გაჩერებული საათის ძიებაში ანუ 90იანი წლების საქართველო

საჯარო ბიბლიოთეკაში ვზივარ, სამკითხველო დარბაზის დიდი საათი საღამოს ცხრა საათის 25 წუთს აჩვენებს, გაჩერებულია. სინამდვილეში, მოცემულ მომენტში დღის სამ საათს რაღაც წუთები აკლია. ნეტა როდის გაჩერდა დიდი საათი? ხუთი, ათი თუ 20  წლის წინ?

იქნებ დიდი საათი მაშინ გაჩერდა, როდესაც ჩვენი ქალაქი ომმა მოიცვა, ნათესავი ნათესავს ემტერებოდა, მეზობლები ერთმანეთს ექიშპობდნენ და თითქოს დაევიწყათ რომ ადამიანები არიან და სიცოცხლის სიმოკლიდან გამომდინარე ერთმანეთის მოფერების და გატანის გარდა არაფერს უნდა აკეთებდნენ.

შეიძლება პირიქითაც იყო, იქნებ დიდი საათი მაშინ გაჩერდა როდესაც ძალაუფლებისათვის ბრძოლის პარალელურად  ადამიანებს ერთმანეთი გაჰქონდათ და ძნელბედობის ჟამს  ვისაც რით შეეძლო იმით ეხმარებოდა სხვას?

ასეთი ისტორიებიც იქნებოდა და ისეთიც. 20 წლის წინ პატარა ვიყავი, რთულია მოვლენების ობიექტური გახსენება, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა რომ ორივეს მაგალითები მახსოვს.

ჩემი მშობლები ექიმები არიან, მაშინაც ექიმები იყვნენ და რა გასაკვირია რომ ამ პროფესიის წარმომადგენლებში საჭიროება ყოველთვის არსებობს და იარსებებს.

დანამდვილებით ის შემიძლია გავიხსენო რომ იმ პერიოდში როდესაც ცნება “ფული” პრაქტიკულად არ არსებობდა, ხოლო მატერიალური სიმდიდრე სახლში საჭმლის, ნავთის და სანთლის არსებობით განისაზღრებოდა, ექიმები პრაქტიკულად უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს. ასეთ პირობებში კი ბარტერზე საუბარი ზედმეტია.

ჩვეულებრივი მოქალაქეები პურის რიგში დგომისას ღამეებს ათენდნენ და თუ ვინმეს სახლში პურთან ერთად კარაქიც მოეპოვებოდა, ეს უკვე ნამდვილი ფუფუნება იყო. მახსოვს რუსეთში ცოტა ხნით წასულმა დედაჩემმა კარაქი რომ ჩამოიტანა… პურზე რომ წაგესვა და ჩაისთან მიგეყოლებინა თავს უფრო ბედნიერად იგრძნობდი ვიდრე იმავე პერიოდის ნიუ იორკის პენთჰაუსში მცხოვრები მდიდარი პოპ მუსიკოსი, რომელიც ვახშამზე შავ ხიზილალას მიირთმევდა.

ალბათ ისევ ბავშვობის ბრალია ასეთ მოვლენებს რომანტიზირებას რომ ვუკეთებ, არამგონია ჩემი თაობის წარმომადგენლების მშობლებს იგივე გრძნობები ეუფლებოდეთ იმ პერიოდის გახსენებისას.

ბარტერი და ჩემი მშობლების პროფესია ვახსენე ცოტა ხნის წინ და რადგანაც ამაზე ჩამოვარდა საუბარი, იმას დავამატებ რომ თუ რამე ტიპის ბარტერზე შეიძლება ლაპარაკი, ეს ჩემი მშობლების შემთხვევაში ალბათ შემდეგში გამოიხატებოდა; დღე არ გავიდოდა ისე რომ დედმამა ექიმთან ვინმე ავადგამხდარი მეზობელი ან ნაცნობი არ მოსულიყო, ესენიც მკურნალობდნენ, დღისით ხშირად მახსოვს ჩვენთან მოსული პაციენტი, მე და ჩემი ძმა სხვა ოთახში რომ გავიოდით და უცხო სტუმრის დანახვაზე მორიდებულები რომ ვიმალებოდით. ვითარება დაახლოებით იმ ცნობილ ანეგდოტს ჰგავდა ტუალეტში ჩაკეტილი ბავშვი რომ ეძახის მშობელს, “მა, სტუმრები წავიდნენ და შეიძლებოდა გამოვიდე?” იმ განსხვავებით რომ არც ტუალეტში ვიყავით ჩაკეტილები და ისიც ვიცოდით როდის გამოვსულიყავით საერთო ოთახში.

ერთ-ერთ ასეთ პაციენტს, მეზობელი, სახელად აღუნია წარმოადგენდა, მარტოხელა ბერძენი ქალი იყო რომელიც მერვე სართულზე ცხოვრობდა. ეს ისეთი სიხშირით დადიოდა ხოლმე რომ ნელნელა შთაბეჭდილება შემექმნა რომ ჯანმრთელობასთან პრობლემების გამო კი არადა, უბრალოდ ურთიერთობისათვის ჩამოდიოდა ხოლმე, დედაჩემიც ურთიერთბოდა მასთან, საჭირბოტო ჭორებს განიხილავდა და ისე გაუშვებდა ხოლმე სახლში.

აღუნიას შემთხვევაში ძალიან საინტერესო ბარტერს ჰქონდა ადგილი. საქმე ის იყო რომ აღუნია მერვე სართულზე ცხოვრობდა, ჩვენ კი პირველზე. გაზი, წნევის გამო ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში არ იყო ხოლმე, ყველაზე კარგად კი სწორედ რომ მერვე სართულზე მოდიოდა, სწორედ იქ სადაც აღუნია ბინადრობდა.  მოცემულ სიტუაციაში კი საჭმლის მომზადებისას კომუნალური პირობებით გამოწვეული მორიგი მარცხის შემდეგ, დედაჩემი იძულებული იყო ქვაბში საჭირო ინგრიდიენტები აღუნიასთან ფეხით აეტანა ხოლმე. ფეხით იმიტომ რომ მაშინ ლიფტის კარები დეკორაციულ ფუნქციას წარმოადგნდნენ, შიგთავსი ჯართის სახით კაი ხანია რაც თურქეთის საზღვარს გასცდენოდა და მეზობელ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილ ღვაწლს წარმოადგენდა.
აღუნიას ცისფერი მბჟუტავი ალის სახით ნამდვილი პრომეთე ჰყავდა სახლში გამოკეტილი, მას ღმერთებისკან მოპარული ის განძი ჰქონდა რომელიც დანარჩენი მეზობლების უმრავლესობისათვის მიუწდვდომელ ფუფუნებას წარმოადგენდა. ამიტომაც იყო რომ ერთ მომზადებულ სადილზე აღუნია სამჯერ მაინც რომ გაწვებოდა ხოლმე კარდიოლოგიურ ელექტროდებზე მიერთებული და სეანსის შემდეგ დედაჩემს საკუთარ მდგომარეობას რომ ჰკითხავდა აფორიაქებული. დედაჩემის დაამშვიდებდა ალბათ, ეტყოდა რომ ყველაფერი რიგზეა, შეიძლება ერთი ორი წამალი დაენიშნა და მერე ისევ იმას ჰკითხავდა მოკრძალებით, გაზზე თუ შეიძლებოდა ამოსვლა.

ისე, ისიც მახსოვს მამაჩემი გაზის გარეშე რომ გადიოდა ფონს, კარტოფილს ჩაყრიდა ხოლმე ქვაბში, წყლით აავსებდა და იმ ბედნიერ მომენტში როდესაც შუქი ცოტა ხნით გვეწვეოდა ხოლმე, შიგ “კიპიაწილნიკს” დურთავდა. უნდა ითქვას რომ საკმაოდ კარგი მოხარშული კარტოფილი გამოდიოდა ხოლმე და თუ მაგ კარტოფილს კიდევ ფუფუნების საგანი სახელად კარაქი ემატებოდა ხოლმე, მაშინ სადილი ნამდვილად მეფურ ტრაპეზას წარმოადგენდა.

აი, ისევ რომანტიზმისკენ გამირბის თემა…

თუმცა, თუ რომანტიზმია, რომანტიზმი იყოს. მახსოვს უშუქობაში გატარებული დროის გამო, ადამიანი იძულებული იყო კომუნიკაციურ მეთოდებისათვის მიემართა. აი ისეთ მეთოდებს, ადამიანურ ურთიერთობას რომ ეძახიან.

საღამოთი ოჯახის წევრები შევიკრიბებოდით ხოლმე და სანთლის ან ლამფის შუქის ირგვლივ შემომსხდარნი ერთმანეთს ქალაქობანაში ან მსგავსი ტიპის თამაში ვეჯიბრებოდით. პარადოქსალურია მაგრამ გარკვეულწილად დარწმუნებული ვარ რომ ჩემს განათლებაში დიდი როლი სწორედ რომ სიდუხჭირემ და კომუნალურმა პრობლემებმა ითამაშეს დიდი როლი. მაშინ როდესაც მთელი ქალაქი უშუქობაში ისე იძირებოდა როგორც რომელიმე მითიური პერსონაჟი ჰადესის სამეფოში ჩასული, ჩემთვის ყველაზე დიდ გართობას სანთლის შუქზე წიგნის კითხვა წარმოადგენდა.

წიგნის კითხვა წარმოადგენდა გაქცევას რეალობისგან, თავშესაფარს ზღაპრულ სამყაროში სადაც ყველაფერი სხვანაირადაა, სადაც შეიძლება თავი მე-17 საუკუნეში მცხოვრებ მუშკეტიორად, უკაცრიელ კუნძულზე დარჩენილ მეზღვაურედ რომელიც მარტოობაში დარჩენილი საკუთარი მეურნებობის აღორძინებაზე ფიქრობს, ან თავისუფლებისათვის მებრძოლ რომაელ მონად წარმოგედგინა თავი. მოკლედ, მხატვრული ლიტერატურა შეიძლება ითქვას მაშინ ეკონომიკას, სოციოლოგიას, გეოგრაფიას, და მრავალ სხვა დისციპლინის ქვეცნობიერად სწავლისკენ მიბიძგებდა. თუმცა, ასეთი დისციპლების სწავლის ნაცვლად, რა თქმა უნდა ეს უფრო მოგზაურობა იყო, მოგზუარობა უსაზღვროდ საინტერესო სამყაროში, რომელიც ძალიან ტკბილად გახსენდებოდა ხოლმე ძილის წინ ბალიშზე თავის დადებისას.

ბევრად გვიან, განვითარებული დასავლეთის გაცნობის შემდგომ, სადაც სიტყვაზე თეთრ პერანგ გამოწყობილი ფრანგი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ეიფელის კოშკთან ახლო-მახლო დეკორატიულ ძაღლს ასეირნებს და საღამოს შეყვარებულთან რომელიმე რესტორანში გემრიელ საჭმელს მიირთმევს, იმ დასავლეთის გაცნობის შემდგომ რომელიც ჩვენი ბედრკული ქვეყნისგან სულ რამდენიმე საათიანი ფრენის მოშორებით მდებარეობს და მდებარეობდა მაშინაც, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები ერთმანეთს ტერიტორიის, ძალაუფლების თუ ფულის გამო ხოცავდნენ, მივხვდი რომ ყველაფრის მიუხედავად წიგნი აქაც იგივე ფუნქციას ატარებს.

ეს ფუნქცია ყოველდღიური რეალობიდან გაქცევას წარმოადგენდა. განსხვავება კი მხოლოდ შინაარსში იყო. თუ ჩვენ, გარეთ გასულებს ომი და ძარცვა ჩვეულებრივ მომენტად წარმოგვედგინა და წიგნებში რომანტიკას, მოგზაურობას ან თუნდაც ბურჟუაზიულ, “სვეცკი” ცხოვრების ხიბლს ვეძებდით, სადაც ჟულიენი სორელი რომელიმე ქალბატონს ეარშიყებოდა, დასავლეთში ცხოვრებას შეჩვეული ადამიანები, პირიქით, იმ ლიტერატურით ინტერესდებოდნენ სადაც ბრძოლები, მკვლელობები, ძარცვები და სხვა მამაძაღლობები იყო აღწერილი. ეს იყო სხვაობა ჩვენს შორის, ჩვეთან კი 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი მოვლენები რიგითი ევროპელისთვის უფრო ლიტერატურულ ფიქციად წარმოედგინათ ვიდრე შესაძლო რეალობად.

ახლა კი, როდესაც 2012 წლის 12 ივნისს საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ვზივარ და 90იანი წლების ქართულ პრესას ვათვარიელებ, ვხვდები რომ იმ პერიოდზე ძალიან ცოტა რამ ვიცი, გაყვითლებული და შეთხელებული ფურცლები კი იმაზე მიმანიშნებენ, რომ დრო გამანადგურებელი ძალით წინ მიდის, მოგონება სულ უფრო ფერმკრთალი ხდება და ჩვენც გვავიწყდება რა გამოვიარეთ. დავიწყებაზე უარესი კი ამ შემთხვევაში ალბათ ისაა რომ მომხდარის გააზრება არ გვიცდია, ისე გამოვიარეთ ოცი წელი თითქოს ეს ისტორია ვიღაც სხვას ეკუთვნოდეს. ერთხელ მახსოვს თბილისში ჩატარებულ ერთ ერთ დისკუსიაზე კითხვა დავსვი იმის შესახებ თუ რატომ არ ვიაზრებთ უახლოეს ისტორიას. ერთ-ერთ მომხსენებელს პასუხის გაცემა გაუჭირდა და გარკვეული პაუზის შემდგომ გაუაზრებლობა კვლავ საბჭოთა კავშირულ მენტალიტეტს დააბრალა. თითქოს პასუხი, “ალბათ ამის ბრალი საბჭოთა კავშირია” სცემდეს პასუხს იმ კითხვაზე რომელიც ჩვენი პასუხისგებლობის საკითხს უნდა წარმოადგენდეს, თითქოს ოროსანი ბავშვი ვიყოთ რომელიც ყველაფერს სხვას აბრალებს.

მართალია ოცი წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ალბათ ყველაზე შავბნელი პერიოდიდან, მაგრამ ამისმიუხედავად ჩვენთან თითქოს დრო გაჩერდა, ოცწლიანი დამოუკიდებლობის კვალობაზე კი პასუხისგებლობის გრძნობა არ გაგვიჩნდა.
თუმცა, ალბათ პასუხისგებლობის გრძნობაც მაშინ გაგვახსენდება როდესაც წარსულის, ამ შემთხვევაში კი მე-20 საუკუნის, ქართული ისტორიის გახსენებას უფრო მეტ დროს, ფიქრს და ანალიზს დავუთმობთ და იქნებ ერთ დღეს დიდი გაჩერებული საათის შემყურენი აღარ ვიკითხოთ, “ნეტა რატომ გაჩერდა ეს საათი?”

 შენიშვნა: მოცემული ტექსტი წარმოადგენს ერთგვარ ანონს, წინასიტყვაობას ნაწარმოებზე რომელზეც მუშაობა დავიწყე. აღნიშნული ნაწარმოები მიეძღვნება 90-იანი წლების საქართველოს, რომელიც მეტწილად ომის დროინდელ პერიოდს მიეძღვნება.  ჯერჯერობით ადრეა დეტალებზე საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია რომ ნაწარმოები იქნება  მხატვრული ხასიათის, დოკუმენტალური ელემენტებით.

One thought on “გაჩერებული საათის ძიებაში ანუ 90იანი წლების საქართველო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s