Monthly Archives: აგვისტო 2012

რატომ არ მიყვარს ქართული კლუბები

როდესაც  კარგი გაქვს ნანახი, რთულია ცუდზე თქვა კარგიაო. როდესაც იცი რა არის კარგი და ხედავ ცუდს, გეძლევა შედარების საშუალება და ამბობ რატომ არის კარგი კარგი, ცუდი კიდევ ცუდი.

ამ კონტექსტში კი შესაძლებელია ქართული კლუბების, ბარების თუ სხვა გასართობ ადგილების განხილვა. ადგილების რომლებიც ახალგაზრდა ან არც თუ ისე ახალგაზრდა ადამიანმა შეიძლება უქმე საღამოს მოინახულოს.

ასეთ მოცემულობაში კი თამამად შეიძლება ითქვას რომ ქართულ სივრცეში კარგი პრაქტიკულად არ მოინახება და ზოგადი ტენდენცია ისეთია რომ საქართველოში კლუბების უმრავლესობა ცუდია და თუ სადმე ნორმალურად და კარგად გაატარეთ დრო, ეს უფრო გამონაკლისია, რომელიც დამკვიდრებულ წესს ამტკიცებს.

მე მაპატიეთ რადიკალიზმი.

კარგი და ცუდით კი იმიტომ დავიწყე რომ კარგი გასართობი ადგილებიც მაქვს ნანახი, ოღონდ სამწუხაროდ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ისე, მთლად ზუბალამა მთქმელივით რომ არ გამომივიდეს, შევეცდები იმ არგუმენტების მოყვანას რომელიც იმაზე უნდა მიუნიშნებდეს რომ საქართველოში ღამის ცხოვრება ძალიან დაბალ დონეზეა.

ფეის კონტროლი 

ნებისმიერი თავმოყვარე კლუბი და ზოგიერთ შემთხვევაში ბარიც და პაბიც კი ინარჩუნებს უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე არ შემოუშვას ინდივიდი ან ინდივიდთა ჯგუფი რომელიც ე.წ. ფეის კონტროლის სტანდარტს არ აკმაყოფილებს. თუმცა, ამ შემთხვევაში სახეზეა თვისობრივი განსხვავება ქართულ და დასავლურ კლუბებს შორის.

თუ დასავლურ კლუბურ კულტურაში რომელიმე “ზავეძენიის” ფეის კონტროლის მთავარ კრიტერიუმებად შეიძლება ჩაითვალოს; სიფხიზლის დონე, ჩაცმულობა, ქცევა, კლუბში დახარჯვის ხარისხი და სხვა ადეკვატური პარამეტრები, ქართულ კლუბებში გაუგებარია რითი ხელმძღვანელობენ ა ლა რემბო გამოხედვის მქონე დაცვის ბიჭები.

აქვე ვაღიარებ და ბარემ მაგალითად იმას მოვიყვან რომ ამ წერილის დაწერის მიზეზი ჩემი და ჩემი მეგობრის  ერთ-ერთ ქართულ პოპულარულ კლუბში, რომელსაც პირობითად შეიძლება “გამოფენა” დავარქვათ, არ შეშვება გახდა.

ეს ამბავი კი ასე მოხდა; -ორი ახალგაზრდა ბიჭი, ზომიერად ნორმალურად ჩაცმულები, საკმაოდ ფხიზელ მდგომარეობაში, თავაზიანად და ზრდილობიანად მივუახლოვდით ზომიერად დაკუნთულ დაცვის ბიჭს, მივესალმეთ და დაველოდეთ სანამ შიგნით შეგვიშვებდა. თუმცა, ზომიერად დაკუნთულმა ბიჭმა დიდი ხანი არ გვალოდინა და სულ რაღაც სამ-ოთხ წამში გამოგვიცხადა რომ “დაშვებულები არ ვიყავით.” გაღიმებულები და კარგ ხასიათზე, თუმცა ამასთანავე, ოდნავ იმედგაცრუებულები ტერიტორიას გამოვეცალეთ.

მე რომ ზემოაღნიშნულ კლუბში ნამყოფი არასდროს ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი რომ “გამოფენას” ფეის კონტროლის ძალიან მკაცრი წესები აქვს, მაგრამ როდესაც ვიცი რომ ასეთ კლუბში მეტწილად  ისტორიას ჩაბარებული მოდის მიმდევარი ახალგაზრდები სტუმრობენ, ბიჭები კი ძირითადად მთვრალ ბარბარცთან ერთად ინარჩუნებენ ძველბიჭურ “პახოდკას”, ხოლო “ტანცპოლზე” ძირითადად დაპრუწულ ტუჩებიანი და სათვალე მომარჯვებული გოგჩოები ავსებენ, რომლებსაც ისეთი გაყინული და გარიყული მზერა აქვთ, თითქოს სამყარო თბილისში იწყებოდეს და იქვე მთავრდებოდეს, დაცვის ბიჭების გადაწყვეტილება ნამდვილად გაუგებარია, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც აშკარაა რომ არც კონფლიქტს გამოვიწვევდით შიგნით და არც დასალევის გარეშე გავატარებდით დროს.

მომსახურება და ფასები

შედიხარ ზომიერად მოდურ ახალგახსნილ ბარში, რომელსაც პირობითად შეიძლება “ტახტი” დაერქვას, სხდები მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ მაგიდასთან და ათვარიელებ მენიუს. აქ ისეთი ფასებია, თავი ევროპაში გეგონება, ოღონდ დასავლეთ და არა აღმოსავლეთ ევროპაში, აბა პოლონეთი და ჩეხეთი ჩვენთან რა მოსატანია, ჩვენ უფრო მაგრები ვართ…

მოკლედ ათვარიელებ ამ მენიუს და ფიქრობ თუ როგორ შეიძლება საქართველოში საშუალო ხელფასის მქონე პირი ასეთ მოთხოვნას გაწვდეს, არა თუ რეგულარულად, არამედ ისე, თვეში ორჯერ მაინც, მითუმეტეს თუ ზოგადად კავკასიური მენტალიტეტით იძულებული ხარ გოგოც დაპატიჟო. ხვდები რომ ეს შეუძლებელია და საშუალო ხელფასის ქონის პირობებში, ერთადერთი შესაძლებლობა ასეთი პირობების დაკმაყოფილებისა, არის ფულის შეგროვება.

ისე, მაგარია არა? აგროვო ფული იმისთვის რომ თვეში ერთხელ წახვიდე ერთ “ზავეძენიეში” რომელიც მაღალი ფასების მიუხედავად ნორმალურ მომსახურებასაც კი არ გთავაზობს. კრედიტის გამოტანა მთლად უკეთესია.

მოკლედ, მენიუს ისტორია რომ გავაგრძელო, რაღაც კოქტეილზე შევჩერდი (საშუალოზე მაღალი ხელფასი მაქვს და შემიძლია გავწდე ბოლოს და ბოლოს რაღაც კოქტეილს მაინც),  და სადღაც 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ, იქვე მოფუსფუსე ოფიციანტ გოგონას როგორც იქნა ხმა მივაწვიდე, მიაწვდინეს ჩემმა მეგობრებმაც. თუმცა, კიდევ 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ, ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა… მოკლედ და კონკრეტულად ოფიციანტებს ყველაფერი შეეშალათ, რისი შეშლაც კი შეიძლებოდა.

ჯერ იყო და ის კოქტეილი მომიტანეს რომელიც არ შემიკვეთავს, თუმცა იმის და გამო რომ კოქტეილების ცოდნით მაინცდამაინც არ გამოვირჩევი, მოტანილი სასმისი მოვსვი და თან ეჭვიც არ შემიტანია რომ შეიძლება შემთხვევით სხვა კოქტეილი მოეტანათ. სულ რაღაც ერთ წუთში ოფიციანტი ელვისებური სისწრაფით მომვარდა, კოქტეილს ხელი სტაცა, თან ასევე ელვისებურად წაიბურტყუნა “ბოდიში, შემეშალა” და სულ რაღაც რამოდენიმე წამში გვერდზე მაგიდაზე მჯდომ ინდივიდს დაუდო. ინდივიდმა კი გემრიელად შესანსლა შეცდომით მოტანილი და აწ ჩემს მიერ მოწრუპული კოქტეილი.

შეეშალათ ასევე ჩემი მეგობრისთვის მოტანილი კოქტეილი, თუმცა განსხვავებით ჩემი შემთხვევისგან, მოტანისთანავე აუხსნეს რომ სხვა რაღაც დაუსხეს და თუ მას უნდოდა შეეძლოთ გამოეცვალათ, მაგრამ თუ წინააღმდეგი არ იყო “ბარემ დატოვებდნენ”. იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ჩემი მეგობარი განსაკუთრებული პრეტენზიულებით არ გამოირჩევა, კოქტეილიც “ბარემ დატოვეს”. ისე, აქვე ის უნდა ვთქვა რომ ოფიციანტებს ასეთ მომსახურებას ამ შემთხვევაში ნაკლებად ვაბრალებ, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ გატენილ ბარში სულ ორი ოფიციანტი მუშაობდა და პასუხისგებლობას უფრო მენეჯერს ვაკისრებ, რომელსაც ორ ოფიციანტზე მეტი უნდა დაეყენებინა იმ საღამოს… მეც მიმუშავია ოფიციანტად და ნამდვილად ვიცი რამდენად სტრესული შეიძლება იყოს მუშაობა იმ პირობებში როდესაც ხუთი კაცის გასაკეთებელ საქმეს ორნი ასრულებთ.

ცალკე თემაა, ხურდის დაბრუნების კულტურა, ზოგადად ყველგან. რამდენჯერ მქონია შემთხვევა და დარწმუნებული ვარ თქვენც, როდესაც მომსახურე პერსონალს ხურდა არ ჰქონია, ან იმაზე წაუწუნია რომ “უხერხულ” კუპიურას აწვდით, ამ დროს ძალიან უხერხულად გრძნობთ თავს და უხერხულობაში, გამოსავალზე ფიქრობთ.

თუმცა, ყველაზე მაგარ ის სიტუაციაა როდესაც სიტყვაზე ბარმენი გეუბნებათ რომ ხურდა არ აქვს და ცოტა ხანში თუ დაუბრუნდებით, აუცილებლად დაგიბრუნებთ. ძალიან აბსურდული ვითარებაა როდესაც გაძეძგილ კლუბში ბარმენი ასეთ სცენარს გთავაზობთ, წარმოიდგინეთ რომ ნახევარ საათში უნდა დაბრუნდეთ და კიდევ უფრო გაძეძგილ კლუბში ბარმენს თქვენი კუთვნილი ხურდა უნდა მოთხოვთ…

კონტიგენტი და გართობის ხარისხი

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაც ქართულ გასართობ ადგილებს ახასიათებთ მაინც ადამიანების ერთფეროვნება და “ერთი და იგივე სახეებია”. ამის მიზეზი კი პირველ რიგში, წინა თემას რომ დავუბრუნდეთ, კვლავ ფასებში უნდა ვეძიოთ.

შედარებისთვის, დასავლეთის ქვეყნებში ძალიან იშვიათია ორ სხვადასხვა ღამეს, თუნდაც ერთი და იმავე კლუბში, ერთი და იგივე სახეები შეგხვდეთ. თბილისში კი, არა თუ ერთ, არამედ ერთ ღამეში შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა კლუბში ერთი და იგივე ადამიანები იხილოთ. ეს კი ერთფეროვნების და მოწყენილობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის…

ის მცირერიცხოვანი ადამიანები კი რომლებიც ქართულ კლუბებს და ბარებს ავსებენ, ერთმანეთისგან დიდად ხშირ შემთხვევაში არ განსხვავდებიან. გოგოები სხვა გოგოებს ჰგვანან, ბიჭები სხვა ბიჭებს, ზოგჯერ კი უფრო მეტიც, გოგოები სხვა ბიჭებს ჰგვანან, ან პირიქით…

მუსიკა გამონაკლისების გარდა ერთფეროვანია, მინიმალი თუ რაღაც ჯანდაბა, იმდენად განუსხვავებელია სხვადასხვა დიჯეის (რომელმაც ტრაქტორი თუ ბულდოზერი სულ რაღაც ორი კვირის წინ ისწავლა) მიერ დაკრული, რომ მოცეკვავე ახალგაზრდებს არაფერი დარჩენიათ იმის გარდა რომ ნელ ტემპში, და ერთფეროვან მოძრაობაში მხრები და თავი იქეთ-აქეთ აქნიონ, თან ისე ფართოდ დახუჭული თვალებით, რომ გეგონება ექსტაზის ქვეშ გაუტამა ბუდას მიერ ნატკეპნ გზას მიუყვებოდნენ.

ეპილოგის მაგიერ

და მაინც რატომ დავდივართ კლუბებში და ბარებში რომლებიც არ მოგვწონს, ვხარჯავთ დროს, ენერგიას და ფულს იმაში რაც საერთოდ არ გვამახსოვრდება, ყოველ შემთხვევაში დადებით კონტექსტში მაინც?..

მე მაინც მგონია რომ ქართული ღამის ცხოვრება, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრობას ჰგავს, იცი რომ გუნდი წააგებს, მაგრამ მაინც უყურებ, გგონია რომ აი ახლა მოიგებენ, იმედი ბოლომდე , მსაჯის საფინალო ჩასტვენის მომენტამდე გრჩება, მაგრამ სტადიონს საბოლოოდ იმედგაცრუებული ტოვებ და ამბობ რომ ასეთ თამაშს აღარასოდეს დაესწრები, თუმცა სადღაც გულისსიღრმეში მაინც ფიქრობ რომ მომავალში კვლავ ეწვევი და ყველაფერი თავიდან იწყება…

შაბაში ბათუმში ანუ რა? სად? როდის?

ივლისის ბოლოა. მე და ჩემი გუნდელი კუპირებულ ვაგონში ვიმყოფებით და ბათუმს მივემგზავრებით. გვერდზე კუპეში აზერბაიჯანელები არიან და შიგადაშიგ ისეთ კოდურ სიტყვებს გამოიყენებიან როგორიც “მოსიძე,” “სვოიაკი,”  და “იგრაა.”

კოდური სიტყვები გვაფიქრებინებს რომ ისინი იგივე “სექტის” წარმომადგენლები არიან რომელსაც ჩვენც ვეკუთვნით და ბათუმში იმავე საქმეზე მიემართებიან რომელზეც ჩვენ, ანუ ე.წ. ინტელექტუალების და მოაზროვნეების “შაბაშზე”.

საუბარი კავკასიაში რა, სად, როდისის ყველაზე მაშტაბურ ტურნირზეა, რომელზეც მთელი წლის განმავლობაში მოხევდრას ნებისმიერი პატივმოყვარე მოთამაშე გეგმავს . უკვე ბევრი წელია რაც ბათუმი (და მანამდე ქობულეთი) ამიერკავკასიის თასს მასპინძლობს.

წელს ტურნირმა სახე იცვალა, ის უფრო მაშტაბური გახდა და სახელიც გამოიცვალა. 2012 წელს ტურნირს შავი ზღვის ღია ონლაინ თასი დაერქვა და მასში მონაწილე ქვეყნებიდან მოთამაშეების რიცხვმაც იმატა. ანუ ახალი ფორმატის პირობებში ტრადიციულად აზერბაიჯანული, სომხური და ქართული გუნდების გარდა, სხვებსაც მიეცა მონაწილეობის საშუალება.

აღსანიშნავია რომ წლევანდელი ტურნირი, გარდა ახალი ფორმატისა კიდევ რამდენიმე პარამეტრით იყო განსაკუთრებული.  პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ასეთ კარგ პირობებში გუნდებს თამაშის საშუალება ჯერჯერობით არ მისცემიათ და ეს ამის მარტივი მაჩვენებელი ისაა რომ თამაშების ძირითადი ნაწილი შერატონის დარბაზში ტარდებოდა. ტურნირი ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა, ხოლო როდესაც ფინანსური მხარე ძლიერია, ორგანიზებაც არ ჭირს როგორც წესი, ეს შემთხვევაც გამონაკლისი არ ყოფილა.

ასევე აღნიშვნის ღირსია ის  რომ წელს ბათუმს რუსეთიდან უპრეცედენტოდ ბევრი მოაზროვნე ვარსკვლავი ესტუმრა.

აქ ბევრი ისეთი სახე იყო წარმოდგენილი რომელსაც ზოგ ჩვენთაგანაში ბავშვობის იმ დროინდელ მოგონებას აღძრავს როდესაც პირველად გავიგეთ ამ თამაშის შესახებ, ანუ ჯერ კიდევ 90იანების დასაწყისში ოერტეს, ზოგიერთი კი უფრო ადრეც ალექსანდრ დრუსის თამაშს რომ ვუყურებდით. დრუსის გარდა, აქ იყვნენ, პოტაშოვი, ნოვიკოვი, მუხინი და სხვები.

ისე აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის ერთ წევრს, რომელიც 17 წლისაა, არც დრუსი ახსოვდა მაინცდამაინც, არც ნოვიკოვი და არც პოტაშოვი. სამაგიეროდ დიდი აღფრთოვანებით უყურებდა ქართველ მოაზროვნეებს, ბაქრაძეს, ნაზღაიძეს, ლაშხს და სხვებს. ის აშკარად სხვა თაობის წარმომადგენელია.

ისე იმ რუს ვარსკვლავებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ ნამდვილად ბობოლები არიან და რუსეთით წარმოადგენილ ორადორ გუნდმა ყველა დისციპლინა მოიგო, რომლის მოგებაც შესაძლებელი იყო.

ქართული გუნდების შედეგზე საუბარი ზედმეტია, ყველაზე მაღალი რეზულტატი, მე-4 ადგილი ძირითად დისციპლინაში, ნამდვილად ვერ ჩაითვლება წარმატებად. თუმცა, ყველაზე ცუდ მარცხსაც კი აქვს კომპენსაცია ბათუმში, აქ ხომ განსაკუთრებული “ნერდი” თუ არ ხარ, თამაშზე გასართობად, საბანაოდ და ცოტა დასალევეადაც ხომ მოდიხარ.

აი მე მაგალითად იმით ვამაყობ, რომ ზღვას და მზეს იმდენად “დავხამდი” რომ მოცემულ მომენტშიც კი კანს ვიძრობ ზურგიდან.

მთლიანობაში ტურნირმა მიუხედავად ქართული გუნდების უღიმღამო თამაშისა, კარგად და ლაღად ჩაიარა, კითხვები გამონაკლისების გარდა ნორმალური იყო, ერთი ორი ძალიან კარგიც კი, კითხვების ხარისხზე ისიც მეტყველებს რომ 72 კითხვაზე სულ რამოდენიმე, თუ არ ვცდები სამი აპელაცია შემოვიდა, რომლებიდანაც მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა.  მრავლად იყო, “აუ ეგ როგორ არ ავიღეთ,” “დაწერილი წავშალეთ,” და სხვა ტიპის შეძახილები რომლის გაგებაც შესვენებაზე შერატონის ფოეში გასულს შეგეძლოთ გაგეგოთ.

ფესტივალი ბრეინ რინგის ტურნირით დასრულდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში უფრო ნერვების თამაშს და ლატარეას წარმოადგენს, რომლის მოგებაც ნებისმიერ გუნდს შეუძლია, ვიდრე ინტელექტის ჭიდილს. თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლო ქართული გუნდი თამაშს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.

მერე იყო ბევრი ზღვა, გასული თამაშების გაანალიზება და გზა შინისაკენ, სადაც დაღლილობისგან კოდური სიტყვები ნაკლებად ისმოდა, თუმცა ეგ არაფერი, გავა სულ მცირე დრო და მოაზროვნეები 2013 წლის ტურნირზე დაიწყებენ ფიქრს, რა თქმა უნდა ყველა უკეთესი შედეგის იმედით, ყოველ შემთხვევაში, ქართველები მაინც…