ხანდახან სიგარა მხოლოდ სიგარაა, მოსაწყენი ფილმი კი უბრალოდ მოსაწყენი ფილმი. საუბრები თბილისის მე-13 კინოფესტივალზე.

გუშინ დამთავრებულ თბილისის რიგით მე-13 კინო ფესტივალზე, რამე კარგი სანახავი თუ იყო, ან ადრე მენახა ან კიდევ დროის უქონლობის გამო ვერ ვნახე. ამჯერად კი, სულ სამი, ძალიან საშუალო დონის ფილმის ყურებას, ძალიან ცუდ ორგანიზებას და სეანსების შემდგომ ფილმების ავტორების მიმართ ქართული აუდიენციის მიერ სასწაულ კითხვების კორიანტელს დავჯერდი.

კაცმა რომ თქვას, უმეტესს შემთხვევაში, ფესტივალზე არა წარმოდგენილი ფილმების, არამედ სწორედ სეანსების გამართული დისკუსიების ან თუნდაც რეაქციების და რეპლიკების გამო უნდა გევლო ადამიანს. ნამდვილად სახალისო იყო. ასე მაგალითად, საშუალო დონის, ცოტა არ იყოს და მოსაწყენი ავსტრიული ფილმ, “სუნთქვის” შემდგომ დარბაზიდან გამოსულმა ერთმა ქალბატონმა, თანმხლებ პირს საკმაოდ ხმამაღლად მიუგო: “ნუ აი ესაა კინო, სასწრაფოდ უნდა მივწერო ყველა ჩემს სტუდენტს, გადავუგზავნო და ვაყურებინო”. ამ ქალბატონს მინდა ვუთხრა, რომ თუ ფილმი მოსაწყენია და ამავდროულად ევროპული, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას რომ ფილმი კარგია. თუმცა, როგორც ჩანს სანამ ის სტუდენტები ამ კონკრეტულ ფილმს მათი პედაგოგისგან მიიღებდნენ, სხვა ფილმებს ესწრებიან.

ასე მაგალითად, რუსულმა ფილმა და კომედიამ “სანამ ღამე არ გაგვყრიდეს,” რომელსაც აშკარად არ აქვს რამე განსაკუთრებულზე პრეტენზია და მე პირადად ერთი ორჯერ თუ დამტოვა გაღიმებული, რატომღაც სრული ფურორი მოახდინა დარჩენილ მაყურებელზე. ასე მაგალითად, მომხიბვლელი და ოდნავ გამომწვევი ახალგაზრდა ქალბატონი ფილმის რეჟისორს დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდა თუ როგორ მოეწონა მას მისი ფილმი, როგორ მოახერხა და ასახა მან “რეალობის მთელი გამა” და როგორ უყურა ამ ქალბატონმა ფილმსს ერთ ამოსუნთქვაზე. შემდეგ კი ის უთხრა, რომ ძალიან მოეწონა ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც რესტორნის დირექტორის როლს თამაშობდა (მთელი ფილმის მოქმედება რესტორანში მიმდინარეობდა, ერთ-ერთ როლს კი ცნობილი რუსული პანკ ჯგუფ ლენინგრადის ლიდერი, სერგეი შნუროვი ასრულებდა. შნუროვი ფილმში საკუთარ თავს თამაშობდა). ფილმის რეჟისორმა ეს რომ გაიგო ცოტა დაიბნა და აღფრთოვანებულ მაყურებელს ჰკითხა თუ ვის გულისხმობდა დირექტორის შემთხვევაში. აღფრთოვანებულმა და სუნთქვაშეკრულ მაყურებელმა კი მიუგო რომ “აი ის, ფერად პერანგიანი კაცი, მთელი ფილმი მაგიდასთან რომ იჯდა.” ამაზე ფილმის რეჟისორმა ძალიან ზრდილობიანად და მოკრძალებულად მიუგო რომ ის არა რესტორნის დირექტორი, არამედ რუსეთში ცნობილი მომღერალი იყო. პასუხმა წამიერი უხერხულობა შექმნა, რომელმაც მაყურებლის მიერ გენიალური ჩანაფიქრის გამოცნობის  მითი დაამსხვრია, თუმცა მხოლოდ წამიერი, იმდენად რამდენადაც ახალგაზრდა ქალბატონმა განაგრძო რეჟისორის და ფილმის ქება და დიდება.

ისე გენიალური ჩანაფიქრების კვანძების ამოხსნაზე ჩამოვარდა საუბარი და ამიტომაც ყველაზე სახალისო მაგალითი ამ კინოფესტივალზე მაინც შვედური კინოფილმ “ჭამა. ძილი. სიკვდილი-ს” დროს მოხდა. ფილმს მარტივი შინაარსი და თხრობის სტილი აქვს, ის ემიგრანტებზე და მუშათა კლასის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სრულიად სხვა, გაჭირვებულ და პრობლემატურ შვედეთს გვაჩვენებს. მოკლედ, ერთ-ერთი პერსონაჟი, მთავარი გმირის მამა, ნორვეგიაში ხშირად ფიზიკურად სამუშაოდ დადის, მიუხედავად იმისა რომ ზურგის ტკივილი აწუხებს და ექიმი მუშაობას კატეგორულად უკრძალავს. ბოლოს, ტკივილი გაუსაძლისი რომ გახდება, ის აცხადებს რომ ვეღარ იმუშავებს.

მოკლედ, ასეთი მარტივი და გასაგები სიუჟეტის ნახვის შემდეგ, კინოთეატრ რუსთაველის დარბაზში მოსული ერთ-ერთი მაყურებელი, საშუალო ასაკის  და სამკაულ აღკაზმული ქალბატონი, ჩვენების შემდეგ, ძალიან თამამად აცხადებს და ეკითხება რეჟისორს, თუ რა ჩადო მან ხსენებულ ეპიზოდში და საუბრობს თუ არა ის ამ შემთხვევაში “მამათა და შვილთა” ბრძოლაზე. სკამზე ვიკეცები და სახეზე ხელის გულს ვიფარებ, რეჟისორი კი მოკრძალებით პასუხობს კითხვის ავტორს, “არა, მას უბრალოდ ზურგი სტკიოდა”.

კიდევ ერთი სახალისო ეპიზოდს ბილეთზე რიგში დგომისას მოხდა, ჩემს წინ ერთი გოგონა პინაზე ბილეთს ყიდულობდა და სანამ ბილეთს იყიდდა, მოლარეს ჰკითხა, გააჩნდა თუ არა პინას, ფილმს რომელიც საათი და ორმოცი წუთის განმავლობაში ცეკვების გარდა, სულ რამდენიმე ფრაზას გვთავაზობს, სუბტიტრები! გოგონა, ნამდვილად მომზადებული მოვიდა მისთვის საინტერესო ფილმის სანახავად და დიალოგების ქართულა საკითხავად. თუმცა, უფრო საინტერესო მოლარის რეაქცია აღმოჩნდა, დაღლილი, არამოტივირებული და გაღიზიანებული ჟესტიკულაციით, მან პროგრამის ძიება დაიწყო, ბოლოს როგორც იქნა საჭირო ინფორმაცია მოიპოვა და გოგონას მიუგო, “კი!”

სუბტიტრებზე ჩამოვარდა საუბარი და რადგანაც თავიდან ფესტივალის ორგანიზების მდარე ხარისხი ვახსენე, ბარემ აქვე ვიტყვი რომ ზემორე ხსენებულ შვედურ კინოფილმ “ჭამა. ძილი. სიკვდილზე,” სუბტიტრები თითქმის ნახევარი ფილმის განმავლობაში მიუწვდომელი იყო, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ორგანიზატორებს ფილმი შეეწყვიტათ და პრობლემა მოეგვარებინათ და იმის მიუხედავად რომ ერთ-ერთმა მაყურებელმა პროტესტის ნიშნად “ტიტრები” დაიყვირა, ფილმს დამთავრება აცალეს და დასრულების შემდგომ მოკრძალებული “ბოდიშს ვიხდით ტექნიკური პრობლემისთვის” ფრაზით შემოიფარგლნენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, თბილისის მე-13 კინოფესტივალი ცუდი ორგანიზებით, არც თუ ისე საინტერესო და ხშირ შემთხვევაში ძველი ფილმების (ასე მაგალითად კინოფილმი “სირცხვილი,” “ჩვენ გვყავს პაპი” და “სახიფათო მეთოდი” ერთი წლის წინანდელ პროდუქციას წარმოადგენენ) და “სახალისო” დისკუსიების ფონზე ჩაიარა. ასეთი ტიპის ფესტივალი რთულია თუნდაც “ცე” კლასის ფესტივალად მოიხსენიო, მითუმეტეს საერთაშორისო დონის, მაგრამ რას იზამ, ქვეყანაში სადაც კინო ინდუსტრია განვითარების ძალიან დაბალ საფეხურზე დგას, ალბათ ასეთი ტიპის კინოფესტივალიც კი მისწრება და სამადლობელოა.

4 thoughts on “ხანდახან სიგარა მხოლოდ სიგარაა, მოსაწყენი ფილმი კი უბრალოდ მოსაწყენი ფილმი. საუბრები თბილისის მე-13 კინოფესტივალზე.

  1. Nadya

    xandaxan, rac ufro mosackenia da gaugebaria, miT ufro uxerxulia amis aRiareba, rom veraferi gaige… “aRfrTovanebac” maSin iwyeba… ( Шутка🙂 )

    Reply
  2. litterator

    გეთანხმები, პლუს ცუდი განაწილების და მოკლე პერიოდის გამო მხოლოდ რამდენიმე ფილმის ნახვა მოვასწარი, აქედან მხოლოდ ერთი არ მომეწონა, დანარჩენი კარგი იყო, განსაკუთრებით სარაევოს შვილები, მამა აფრიკა და მებაღე

    Reply
  3. Sgt. Pepper

    თანამედროვე შვედურ კინოში მსგავსი ტენდენცია შეინიშნება: ადამიანურ პრობლემას მარტივად, ყოველგვარი სიმბოლიზმის გარეშე წარმოადგენენ და ასე ცდილობენ სატკივარის მაყურებელთან მოტანას. თუ გტკივა, ამბობ: მტკივა! და მორჩა. თუმცა ჩვენ გვიყვარს ყველაფერში რაიმე განსაკუთრებულის დანახვა, რისი მაგალითიც ზემოთ მოიყვანე. კითხვების დასმის კულტურა რომ არა გვაქვს, კარგად გამოჩნდა ფილმის შემდეგ დისკუსიებზე. საწყენია…

    Reply
  4. Katiée

    მახსოვს ეგ კითხვა შვედურ ფილმზე, გული გამისკდა😀 და eat pray love-სთან შედარება ხომ იყო ძალიან ადეკვატური?😀

    და გუშინ, “მებაღეზე” ვიყავი, მაჰმალბაფის საშინლად მოსაწყენ ფილმზე და ერთმა კაცმა დაბომბა კითხვებით და ხოტბით, ყველა ირანელი რეჟისორი დაუსახელა, მოიკითხა და ამ დროს მთელი ფილმის მანძილზე ეძინა ფაქტიურად😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s