პოლ ოსტერის “კინო” და ილუზორული სამყაროს ფილოსოფია [რეცენზია “ილუზიების წიგნზე”]

book_book_of_illusions_jpg_280x450_q85

წარმოიდგინეთ რომ გიყვართ კინო, ან თუ გიყვართ კინო და ამის წარმოდგენა საჭირო არაა, უბრალოდ გაიხსენეთ რომ გიყვართ კინო. ახლა კი წარმოიდგინეთ რომ რეჟისორი რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ და პატივს სცემთ, ანადგურებს თავის ათზე მეტ ფილმს, ისე რომ არცერთი მათგანი მაყურებელს არ უნახავს. თქვენ იცით რომ ყოველი ფილმი, რომლითაც რეჟისორი უმოწყალოდ  კვებავს ცეცხლს, წარმოადგენს შედევრს, თუმცა მათი ნახვა არავის, არასდროს ეღირსება. დაახლოებით ასეთ “სისასტიკეს” სჩადის პოლ ოსტერი “ილუზიების წიგნში,” იმ განსხვავებით რომ მსახიობს და რეჟისორს, რომელზეც ავტორი გვიყვება, არასდროს უარსებია.

“ყველას ეგონა რომ ეს ადამიანი მკვდარია,” ასე იწყება “ილუზიების წიგნი,” რომელიც მუნჯი კინოს ვარსკვლავის, ჰექტორის მანის შესახებ მოგვითხრობს. ჰექტორი მანი მე-20 საუკუნის ოციანი წლების ბოლოს უცნაურად გაუჩინარდება, თუმცა დროთა განმავლობაში ყველას დაავიწყდება. ჰექტორ მანის შესახებ ავტორი თავის მხრივ სხვა გამოგონილი პერსონაჟის, პროფესორ დევიდ ზიმერის მეშვეობით მოგვითხრობს. პროფესორს  მეუღლე და შვილები ავიაკატასტროფაში დაეღუპნენ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში  ის დეპრესიიდან ვერ გამოდის და საკუთარ მეხსიერებას ალკოჰოლში ახრჩობს.

ერთხელაც, ტელევიზორის ყურებისას დევიდი, ჰექტორ მანის ფილმიდან მოკლე ეპიზოდს წააწყდება, ეს ეპიზოდი მას რიგიანად გააცინებს. ეს პირველი სიცილია მისი ოჯახის წევრების გარდაცვალებიდან. იმ მომენტიდან ჰექტორ მანის ბიოგრაფიის შესწავლა  დევიდისთვის ცხოვრებასთან საერთო ქსელების შესანარჩუნებლად  პრაქტიკულად ერთადერთ საშუელაბად იქცევა. ის საკუთარ თავს მანის ცხოვრების შესწავლას უძღვნის და პირველ რიგში მისი იმ მცირეოდენი ფილმების ყურებას გადაწყვეტს რომლებიც ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქალაქების კინოცენტრებში ინახება.

ნაწარმოებში ოსტერი ჰექტორ მანის ორ ფილმს აღწერს; “Mr. Nobody” (“ბატონი არავინ”), და “The Inner Life of Martin Frost” (“მარტინ ფროსტის შინაგანი ცხოვრება”). ოსტერი ორივე ფილმს ისეთი ოსტატობით აღწერს რომ რთულია დაიჯერო რომ ჰექტორ მანი გამოგონილი პერსონაჟი, ხოლო აღწერილი სურათები გამოგონილი ფილმებია. ოსტერის ფანტაზია იმდენად ფენომენალურია რომ წიგნის კითხვისას, ჰექტორ მანის ფიქტიურობის შესახებ რამდენჯერმე დავეჭვდი და გუგლის საძიებო სისტემა არაერთხელ გამოვიყენე. მიუხედავად იმისა რომ მანი ნამდვილად გამოგონილი პერსონაჟია და წიგნში აღწერილი ფილმი ასევე ოსტერის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა, წიგნის გამოსვლის შემდეგ, ის მართლაც ფილმად აქციეს (პოლ ოსტერის სცენარით და რეჟისურით), რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ირენ ჟაკობი ასრულებს.  

“ილუზიების წიგნში” ავტორი დევიდ ზიმერის და ჰექტორ მანის ცხოვრებებს შორის თითქოს პარალელს ავლებს, ხოლო ნაწარმოების ფილოსოფიის ქვაკუთხედად ძველ კითხვას არჩევს; “თუ ტყეში ხე დავარდა და ახლო-მახლო არავინ არაა ვინც ამის შესახებ გაიგებს, შეიძლება თუ არა ითქვას რომ ეს ხე ნამდვილად არსებობდა?’ ოსტერი ფრაზას ნაწარმოებში განგებ ახსენებს და თითქოს პარალელს ავლებს თავისი ნაწარმოების ფაბულასთან, რომელიც თავის მხრივ შემდეგ კითხვას უნდა აღუძრავდეს მკითხველს: “თუ ადამიანმა ცხოვრება ისე განვლო, რომ ამ ცხოვრების შესახებ, არავის გაუგია, უცოცხლია თუ არა ნამდვილად ამ ადამიანს?”

“ილუზიების წიგნის” ხიბლი ისაა რომ ავტორი მაქსიმალურად მარტივად წერს, თუმცა ამავდროულად  მძიმე და ეკზისტენციალისტურ თემებს განიხილავს, რომელიც მკითხველს წიგნის წაკითხვის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში თან სდევს. ბოლოს იმის თქმა შეილება რომ “ილუზიების წიგნი” საინტერესო, ინფორმატიული და თავგადასავლებით სავსე ნაწარმოებია, რომლის არცერთი აბზაცი არ მოგაწყენთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s