Monthly Archives: თებერვალი 2013

To Kill a Mockingbird – ჰარპერ ლის ერთადერთი ნაწარმოები [რეცენზია]

tokillamockingbird

რეი ბრედბერის უთქვამს: “რაოდენობა წარმოშობს ხარისხს. თუ ცოტას წერთ განწირული ხართ”. ჰარპერ ლის ამ რჩევისთვის რომ მოესმინა არ ვიცი რას მოიმოქმედებდა, თუმცა ფაქტია რომ ის ერთადერთი წიგნი რომელიც ამ ქალბატონის ავტორობით გამოქვეყნდა, მე-20 საუკუნის ლიტერატურის საგანძურს წარმოადგენს.

წიგნს ქართულად “მოკვდეს ჯაფარა?” ჰქვია, მისი კინოეკრანიზაცია მთავარ როლში გრეგორი პეკის მონაწილეობით ნაცნობი უნდა იყოს კინომოყვარულებისთვის.   თუმცა, რადგანაც ეკრანიზაციას შევეხეთ, აქვე შეიძლება იმის დამატება, რომ ფილმი რომანისგან განსხვავებით, მართალია მთავარ, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ ერთ ეპიზოდს მოგვითხრობს. ეს მთავარი ეპიზოდი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთულ ალაბამაში 30-იან წლებში არსებულ სეგრეგაციას ეხება.

ჰარპერ ლი ბავშვის თვალით დანახულ სამყაროს აღწერს. რომანის მთავარი გმირი გოგონა  სკაუტია (ქართულ თარგმანში ჭყიტა). ის მოუსვენარი და ცნობის მოყვარე ბავშვია რომელიც ცდილობს გაერკვეს თუ რა ხდება სამეზობლოში, იმ სამყაროში რომლის შემეცნებას ის მის ძმა ჯემთან და ზაფხულობით მეიკომბში (დასახლება რომელშიც რომანის მოქმედება ვითარდება) ჩამომსვლელ დილთან ერთად ცდილობს. აქვე უნდა ითქვას, რომ დილის პერსონაჟის შექმნაზე ჰარპერ ლი მის ბავშვობის მეგობარმა, მოგვიანებით ცნობილ მწერალ ტრუმენ კაპოტემ შთააგონა.

“პირველ რიგში, თუ შენ ისწავლი ერთ მარტივ ხრიკს, ძალიან გაგიადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. შენ ვერასდროს გაუგებ ადამიანს თუ მოვლენებს მისი თვალით არ შეხედავ,” ეუბნება სკაუტს მამამისი – ატიკუსი.

“სერ?” ეკითხება სკაუტი

“ვერ გაუგებ მანამდე სანამ მის კანში არ შეძვრები და არ გაივლ-გამოივლი,” აზუსტებს ატიკუსი.

ატიკუსის პერსონაჟის მეშვეობით,  რომელიც ერთ უდანაშაულო შავკანიანს იცავს, ჰარპერ ლი მორალურობის და ზნეობის ეტალონს გვიხატავს. ატიკუსი პრინციპული, კაცთმოყვარე ადამიანია, რომელიც მზადაა თავდასხმელს მეორე ლოყა შეუშვიროს.

ატიკუსის შვილები მამით იმედგაცრუებული არიან. საქმე ისაა, რომ მათი კლასელების მამები რაღაცით გამოირჩევიან – ზოგი კარგი კომპანიონია, ზოგს ნადირობა უყვარს და ა.შ. ატიკუსი კი ერთი ჩვეულებრივი ადვოკატია, რომელიც არც მონადირეა, არც დროს ტარებით ერთობა და არც სხვა რამით, მოკლედ ადამიანია რომელშიც ბავშვები რომანტიკას ვერ ხედავენ და კლასელებთან მისი საქმეებით ვერ ტრაბახობენ.

თუმცა, ერთხელ სახლთან ახლო-მახლო ცოფიანი ძაღლი გამოჩნდება. საგანგებოდ გამოძახებული შერიფი რომელმაც ხიფათის არიდების მიზნით ძაღლი უნდა მოკლას, ნერვებს ვერ მოთოკავს და თოფს ატიკუსს მიაწვდის. უალტერნატივოდ დარჩენილი ატიკუსი თოფს ირგებს და წარბშეუხრელად კლავს ხიფათის შემცველ ძაღლს. ჯემი მამამისის საქციელით გაოცდება, ამ მომენტში მისთვის სრულიად სხვანაირი ატიკუსი იბადება.

გაოცებული ჯემი მეზობელს, ქალბატონ მაუდის ეკითხება თუ რატომ მალავდა მამამისი ასეთ ნიჭს, რაზეც ის პასუხობს: “თუ მამათქვენი რამეს წამოარდგენს ეს ისაა, რომ ის გულით ცივილურია. მიზანში მსროლელობა ღმერთისგან ბოძებული ნიჭია, მის დასახვეწად ვარჯიშია საჭირო. თუმცა, იარაღის სროლა განსხვავდება პიანინოს დაკვრისგან ან რამე მაგდაგვარისგან. შეიძლება მან იარაღს მაშინ დაანება თავი როდესაც მიხვდა, რომ ღმერთმა მას უმეტესობა სხვა ცოცხალ არსებებზე უსამართლო უპირატესობა მისცა. ვფიქრობ ის არ გაისროდა იმ მომენტამდე სანამ არ დასჭირდებოდა, ისე როგორც დღეს დასჭირდა”.

ავტორი ამ მონაკვეთით გვეუბნება, რომ ადამიანს შეიძლება სხვადასხვა გარემოებების გამო უპირატესობა გააჩნდეს სხვებზე, თუმცა ცივილურობა სწორედ იმაში გამოიხატება რომ ეს უპირატესობა საჭიროების გარეშე არ გამოვიყენოთ.

ატიკუსის საპირწონედ ავტორი მეიკომბის თეთრკანიანი მოსახლეობის უმრავლესობას გვიპირისპირებს, რომელიც მზადაა უდანაშაულო ადამიანი ელექტრო სკამზე მხოლოდ იმიტომ დასვას, რომ ის შავკანიანია და მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობა შავკანიანებს დაბალ რასად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები ბავშვის თვალითაა დანახული – ეს არ არის ის ისტორია რომელიც ჰეფი ენდით სრულდება, ის არც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ვერც ძილის წინ ზღაპრად გამოდგება. თუმცა, ამასთანავე ნაწარმოები დიდაქტიკურია, რომელიც ზრდასრულ მკითხველს იმ ფასეულობებს ახსენებს რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს.

 

Advertisements

ლოტოს ბილეთი [მოთხრობა]

არაფერი გაგრძნობინებს მარტოობას იმაზე მეტად, ვიდრე მარტოხელა ბებო, რომელიც გაზაფხულის ერთ თბილ საღამოს საკუთარ ბინაში ლოტოს გათამაშების ბილეთს ვერ პოულობს.

გაზაფხულის იმ თბილ საღამოს როდესაც ბავშვები სადღაც იქვე ახლო-მახლო ჟინით ეძლევიან ბურთის გორებას, როდესაც შეყვარებულები  ხის ძირას ნათურებს ემალებიან, ხოლო მეზობელი მეზობელს დასალევად ეძახის, ბებო ტელე გათამაშების დაწყებამდე ოცი წუთით ადრე სრულ მარტოობაში სამი დღის წინ ნაყიდ ლოტოს ბილეთს ვერ პოულობს.

დამრთგუნველია იმის ყურება თუ როგორ ამოწმებს ბებო  მაგიდას, საწოლს და ტახტს, ისედაც წელში მოხრილი კიდევ უფრო როგორ ხრის ტანს და საწოლის ქვეშ იჭყიტება და რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო წყდება გული და მით უფრო მეტად ეძლევა სასოწარკვეთას.

საქმე ისაა რომ ბებომ ბილეთი სახლში მოტანისთანავე  სადღაც გადამალა, გადამალა მხოლოდ იმიტომ რომ დამლაგებელს რომელიც მის ბინაში კვირაში ორჯერ მოდის, შემთხვევით სადმე არ ეპოვა. განა რა არის დასაზრახი ლოტოს ბილეთში, განა რატომ უნდა გინდოდეს მისი დამალვა. არც არაფერი, თუმცა, ბებოს ბილეთის დამალვის საკუთარი მიზეზები ჰქონდა…

საქმე ისაა, რომ რეგულალურად მომსვლელი დამლაგებელი ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი იყო, რომელსაც ბებო დიდი ხნის განმავლობაში ელაპარაკებოდა ხოლმე, სიამაყით უყვებოდა საკუთარი ახალგაზრდობის და განვლილი წლების შესახებ. მისი ისტორიები სავსე იყო თავგადასავლებით, საინტერესო ადამიანებით და დაუვიწყარი ამბებით, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ბებო კიდევ უფრო ალამაზებდა ხოლმე.

იყო მეორე მიზეზიც – წლების წინ, როდესაც ბებო ჯერ კიდევ ცოცხალ მეუღლესთან და ერთადერთ შვილთან ცხოვრობდა, ამ უკანასკნელმა გაზაფხულის სხვა თბილ საღამოს ტელევიზორში ლოტოს გათამაშების დანახვისას შაყირი დაიწყო და განაცხადა, რომ ეს გათამაშება “ძალიან მარტოსული ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი.”

ეს სიტყვები იმ ერთადერთი შვილის მიერ იყო წარმოთქმული, რომელიც უკვე მერამდენე წელია საფრანგეთში ცხოვრობდა, იმ ერთადერთი შვილის მიერ, რომელსაც ის საუკეთესო შემთხვევაში წელიწადში ერთხელ ნახულობდა ხოლმე და იმ ერთადერთი შვილის მიერ, რომლის სახლში დარეკილ ზარს ბებო სულმოუთქმელად ელოდა და ასეთის გაგების შემთხვევაში ტელეფონთან ისე გავარდებოდა,  რომ თუ ხელში რამე ეჭირა აუცილებლად გაუვარდებოდა. ხაზის მეორე ბოლოდან კი თავისი შვილის ხმას თუ გაიგებდა მის სიტყვებს ისევე შთანთქავდა, როგორც უდაბნოს სიცხეში მოხეტიალე ადამიანი, რომელიც ბოთლში დარჩენილ ბოლო წვეთებს ყლაპავს.

გარეთ თუ გავიდოდა და მეზობელი მოიკითხავდა ხოლმე მეორე წინადადებას თავისი შვილის ასავალ-დასავალს მიუძღვნიდა და სიამაყით დააყოლებდა  თუ რა კარგად მოეწყო მისი ვაჟი. მეზობელიც ფართოდ გაუღიმებდა ხოლმე, “საამაყო შვილი გყავს” დააყოლებდა თან და ზრდილობიანად  ისე გამოემშვიდებოდა რომ მეზობლის “საამაყო დედის” შვილის სახელს ვერაფრით გაიხსენებდა.

ამიტომაც იმ ერთადერთი შვილის მიერ, წარმოთქმული სიტყვები, იმ შვილის მიერ, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ აზრს წარმოადგენდა, მას ყოველთვის ახსოვდა და ამიტომაც ლოტოს თამაშის შესახებ არავის უმხელდა, იმის მიუხედავად რომ ის მის მთავარ თავშესაქცევს წარმოადგენდა.

უკვე მერამდენედ ჩაიხედა საწოლის ქვეშ და ბილეთი რომ ვერ აღმოაჩინა კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა, რვას ხუთი წუთი აკლდა და ეს ესაა დანებებას რომ აპირებდა, უცბად გაიხსენა რომ დამლაგებელისგან ბილეთის დამალვა  მისი შვილის ძველი ტანსაცმლის  კარადაში გადაწყვიტა.

სასწრაფოდ მივარდა კარადას, შემონახული ბილეთი იპოვა, ჩართო ტელევიზორი, საერთო ოთახში განლაგებულ დაბალ მაგიდას მიუჯდა, ფანქარი მოიმარჯვა და მოციმციმე ყუთს მიაშტერდა.  ეკრანზე, პრიმიტიული, მაგრამ ენერგიული მუსიკის ფონზე გადაცემის მაუწყებელი ტიხარი გამოჩნდა, ოცი წამი იტრიალა და როგორც იქნა კამერა გადაცემის წამყვან გრძელფეხა გოგონაზე და 32 კბილდაკრეჭილ ბიჭუნაზე გაჩერდა. “მოგესალმებით,” რიგრიგობით გვაუწყა ორივე წამყვანმა. ბებო, რომელსაც ბილეთის შოვნა გვარიან ნერვიულობად დაუჯდა ახლა თითქოს სხვა ადამიანს წარმოადგენდა, მოლოდინით სავსე თვალებით ის ყველაზე ცუდ შემთხვევაში ორმოცწუთიან გართობას, საუკეთესო შემთხვევაში კი ჯეკპოტის (რომლის დიდ წილს აუცილებლად შვილს გაუგზავნიდა) მოგებას ელოდა…

თუმცა, აი წამყვანებმა “სალამი” მოამთავრეს და კადრი გოგონაზე ჩერდება, რომელიც რატომღაც გაღიმებული სახით მაყურებელს  აუწყებს:

“სამწუხაროდ, დღევანდელი გათამაშება ჩვენგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. ჩვენ დიდ ბოდიშს ვუხდით ყველა ჩვენს მაყურებელს და იმედს ვიტოვებთ რომ შემდეგ კვირას, ზუსტად ამ დროს, ზუსტად ამ არხზე თქვენ აუცილებლად კვლავ შემოგვიერთდებით და დღევანდელ დასანან შემთხვევას გვაპატიებთ…”

არაფერი გაგრძნობინებს მარტოობას იმაზე მეტად, ვიდრე მარტოხელა ბებო, რომელიც გაზაფხულის ერთ თბილ საღამოს საკუთარ ბინაში ლოტოს  ბილეთის პოვნის შემდეგ, აღმოაჩენს რომ გათამაშება გადაიდო და სრულ მარტოობაში მოციმციმე ტელევიზორის გუგუნის ფონზე ტელეფონს სრულ სიჩუმეში სძინავს.

შავი სარკე ტექნოლოგიური მონობის შესახებ მოგვითხრობს. მეორე სეზონი – სულ მალე

“იცხოვრე მეტი, იმოგზაურე მეტი, გააზიარე მეტი. გაიღიმე მეტი, მოიხმარე მეტი, გამოცადე მეტი…” – ამ და კიდევ სხვა რაღაცეების გაკეთებას მოგვიწოდებს ინგლისელი სატირიკოსის, სცენარისტის და პროდიუსერის ჩარლი ბრუკერის სერიალ “შავი სარკის” ახალი სეზონის ტრაილერი. თავიდან ტრეილერი შეიძლება ახალი მობილურის ან სხვა რომელიმე გაჯეტის რეკლამად მოგეჩვენოთ, თუმცა სულ მალე რგოლი მწარე სატირად გვევლინება, სატირად ახალ ტექნოლოგიებზე და ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ადამიანის გაუაზრებელ ქმედებებზე.

შავი სარკე პირველად ეკრანებზე 2011 წელს გამოჩნდა. პირველი სეზონი სამიოდე სერიით შემოიფარგლა. სამ სერიას განსხვავებული სიუჟეტი, თუმცა ერთი თემა აერთიანებს. ეს არის სამი ისტორია მომავლიდან, სამყაროდან რომელიც არ არსებობს, ან უფრო სამყაროდან რომელმაც შეიძლება იარსებოს, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც სხვადასხვა სერიებში აღწერილი რეალობა, ხშირ შემთხვევაში ძალიან ჰგავს თანამედროვე სამყაროს. მაგალითისათვის მეორე სერია, “Fifteen Million Merits,”  მოგვითხრობს სამყაროზე სადაც ადამიანი 24 საათი იმისთვის ვარჯიშობს (მუშაობს) რომ დაგროვილი ქულები გასართობად ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთ რეალითი შოუს მონაწილეობისთვის დახარჯოს. მიუხედავად იმისა რომ ფილმის ავტორმა ბრუკერმა განაცხადა რომ არცერთი კონკრეტული რეალითი შოუ არ უგულისხმია, ფილმში აღწერილ გადაცემას და X-Factor – ს (ქართულ ანალოგად შეგვიძლია “ახალი ხმა” ჩავთვალოთ) შორის მსგავსება საეჭვოდ დიდია.

პირველი სეზონის მესამე სერია, “The Entire History of You” კი თავის მხრივ ისეთ მომავალს გვიჩვენებს სადაც პრაქტიკულად ყველა ადამიანს უნერგდება კამერა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს იწერს. ასეთ პირობებში კი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყოველთვის შეიძლება დავიწყებული ამბის გადახედვა, გადახვევა, დაპაუზება და ა.შ. ამ შემთხვევაში ანალოგი და მსგავსი კონცეპცია შეგვიძლია Facebook – ის თაიმლაინში აღმოვაჩინოთ.

არ გეგონოთ რომ პირველი სერია, “The National Anthem” დამავიწყდა. ამ ნაწილში არათუ უტოპოიური მომავალია აღწერილი, სადაც წარმოუდგენელი ტექნოლოგიური გამოგონებები ამოძრავებენ ჩვენს ცხოვრებას, არამედ მთავარ მოქმედ “ტექნოლოგიურ გმირად” ყველასათვის ჩვეული YouTube გვევლინება.

Black-Mirror-In-Memoriam-1

თავად ბრუკერმა თავისი სერიალი დაახლოებთ შემდეგნაირად აღწერა: “თუ ტექნოლოგია ნარკოტიკია და თუ ის ნარკოტიკივით მუშაობს, ამ შემთხვევაში რა გვევლინება გვერდით ეფექტებად? ჩემი ახალი სერიალი, შავი სარკე სწორედ რომ იმ ტერიტორიაზე მოქმედებს, სადაც ერთმანეთს აღფრთოვანება და დისკომფორტი ენაცვლებიან. ფილმის სათაური “შავი სარკე” –  მოვლენაა რომელსაც ყოველ კედელზე, ყოველ მაგიდაზე და ყოველ ხელისგულზე აღმოაჩენთ და რომელიც ტელევიზორის, მონიტორის ან სმარტფონის ცივი, კაშკაშა ეკრანის სახით გვევლინება”.

“შავი სარკე” სატირული, შოკის მომგვრელი, ნაღვლიანი, ზოგიერ შემთხვევაში სასაცილო, მაგრამ უფრო მეტად დამაფიქრებელი სერიალია, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს და ხშირ შემთხვევაში ადამიანურ ბუნებას განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს. “შავი სარკე” ეს ის სარკეა რომელშიც ჩახედვამაც შეიძლება შეგვაშინოს და თანამედროვე “ტექნოლოგიური” ცხოვრების ბევრი ასპექტი სხვანაირად დაგვანახოს.

პირველი სეზონის სამივე ფილმი ვერცერთი ტიპის მაყურებელს ვერ დატოვებს გულგრილს და ნებისმიერი სერიის ნახვის შემდგომ, საფიქრალს დიდი ხნით გაუჩენს. მათ კი ვისაც პირველი სეზონი უკვე ნანახი აქვს, ისღა დარჩენია ახალი სერიების გამოსვლას დაელოდოს.