ლოტოს ბილეთი [მოთხრობა]

არაფერი გაგრძნობინებს მარტოობას იმაზე მეტად, ვიდრე მარტოხელა ბებო, რომელიც გაზაფხულის ერთ თბილ საღამოს საკუთარ ბინაში ლოტოს გათამაშების ბილეთს ვერ პოულობს.

გაზაფხულის იმ თბილ საღამოს როდესაც ბავშვები სადღაც იქვე ახლო-მახლო ჟინით ეძლევიან ბურთის გორებას, როდესაც შეყვარებულები  ხის ძირას ნათურებს ემალებიან, ხოლო მეზობელი მეზობელს დასალევად ეძახის, ბებო ტელე გათამაშების დაწყებამდე ოცი წუთით ადრე სრულ მარტოობაში სამი დღის წინ ნაყიდ ლოტოს ბილეთს ვერ პოულობს.

დამრთგუნველია იმის ყურება თუ როგორ ამოწმებს ბებო  მაგიდას, საწოლს და ტახტს, ისედაც წელში მოხრილი კიდევ უფრო როგორ ხრის ტანს და საწოლის ქვეშ იჭყიტება და რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო წყდება გული და მით უფრო მეტად ეძლევა სასოწარკვეთას.

საქმე ისაა რომ ბებომ ბილეთი სახლში მოტანისთანავე  სადღაც გადამალა, გადამალა მხოლოდ იმიტომ რომ დამლაგებელს რომელიც მის ბინაში კვირაში ორჯერ მოდის, შემთხვევით სადმე არ ეპოვა. განა რა არის დასაზრახი ლოტოს ბილეთში, განა რატომ უნდა გინდოდეს მისი დამალვა. არც არაფერი, თუმცა, ბებოს ბილეთის დამალვის საკუთარი მიზეზები ჰქონდა…

საქმე ისაა, რომ რეგულალურად მომსვლელი დამლაგებელი ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი იყო, რომელსაც ბებო დიდი ხნის განმავლობაში ელაპარაკებოდა ხოლმე, სიამაყით უყვებოდა საკუთარი ახალგაზრდობის და განვლილი წლების შესახებ. მისი ისტორიები სავსე იყო თავგადასავლებით, საინტერესო ადამიანებით და დაუვიწყარი ამბებით, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ბებო კიდევ უფრო ალამაზებდა ხოლმე.

იყო მეორე მიზეზიც – წლების წინ, როდესაც ბებო ჯერ კიდევ ცოცხალ მეუღლესთან და ერთადერთ შვილთან ცხოვრობდა, ამ უკანასკნელმა გაზაფხულის სხვა თბილ საღამოს ტელევიზორში ლოტოს გათამაშების დანახვისას შაყირი დაიწყო და განაცხადა, რომ ეს გათამაშება “ძალიან მარტოსული ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი.”

ეს სიტყვები იმ ერთადერთი შვილის მიერ იყო წარმოთქმული, რომელიც უკვე მერამდენე წელია საფრანგეთში ცხოვრობდა, იმ ერთადერთი შვილის მიერ, რომელსაც ის საუკეთესო შემთხვევაში წელიწადში ერთხელ ნახულობდა ხოლმე და იმ ერთადერთი შვილის მიერ, რომლის სახლში დარეკილ ზარს ბებო სულმოუთქმელად ელოდა და ასეთის გაგების შემთხვევაში ტელეფონთან ისე გავარდებოდა,  რომ თუ ხელში რამე ეჭირა აუცილებლად გაუვარდებოდა. ხაზის მეორე ბოლოდან კი თავისი შვილის ხმას თუ გაიგებდა მის სიტყვებს ისევე შთანთქავდა, როგორც უდაბნოს სიცხეში მოხეტიალე ადამიანი, რომელიც ბოთლში დარჩენილ ბოლო წვეთებს ყლაპავს.

გარეთ თუ გავიდოდა და მეზობელი მოიკითხავდა ხოლმე მეორე წინადადებას თავისი შვილის ასავალ-დასავალს მიუძღვნიდა და სიამაყით დააყოლებდა  თუ რა კარგად მოეწყო მისი ვაჟი. მეზობელიც ფართოდ გაუღიმებდა ხოლმე, “საამაყო შვილი გყავს” დააყოლებდა თან და ზრდილობიანად  ისე გამოემშვიდებოდა რომ მეზობლის “საამაყო დედის” შვილის სახელს ვერაფრით გაიხსენებდა.

ამიტომაც იმ ერთადერთი შვილის მიერ, წარმოთქმული სიტყვები, იმ შვილის მიერ, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ აზრს წარმოადგენდა, მას ყოველთვის ახსოვდა და ამიტომაც ლოტოს თამაშის შესახებ არავის უმხელდა, იმის მიუხედავად რომ ის მის მთავარ თავშესაქცევს წარმოადგენდა.

უკვე მერამდენედ ჩაიხედა საწოლის ქვეშ და ბილეთი რომ ვერ აღმოაჩინა კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა, რვას ხუთი წუთი აკლდა და ეს ესაა დანებებას რომ აპირებდა, უცბად გაიხსენა რომ დამლაგებელისგან ბილეთის დამალვა  მისი შვილის ძველი ტანსაცმლის  კარადაში გადაწყვიტა.

სასწრაფოდ მივარდა კარადას, შემონახული ბილეთი იპოვა, ჩართო ტელევიზორი, საერთო ოთახში განლაგებულ დაბალ მაგიდას მიუჯდა, ფანქარი მოიმარჯვა და მოციმციმე ყუთს მიაშტერდა.  ეკრანზე, პრიმიტიული, მაგრამ ენერგიული მუსიკის ფონზე გადაცემის მაუწყებელი ტიხარი გამოჩნდა, ოცი წამი იტრიალა და როგორც იქნა კამერა გადაცემის წამყვან გრძელფეხა გოგონაზე და 32 კბილდაკრეჭილ ბიჭუნაზე გაჩერდა. “მოგესალმებით,” რიგრიგობით გვაუწყა ორივე წამყვანმა. ბებო, რომელსაც ბილეთის შოვნა გვარიან ნერვიულობად დაუჯდა ახლა თითქოს სხვა ადამიანს წარმოადგენდა, მოლოდინით სავსე თვალებით ის ყველაზე ცუდ შემთხვევაში ორმოცწუთიან გართობას, საუკეთესო შემთხვევაში კი ჯეკპოტის (რომლის დიდ წილს აუცილებლად შვილს გაუგზავნიდა) მოგებას ელოდა…

თუმცა, აი წამყვანებმა “სალამი” მოამთავრეს და კადრი გოგონაზე ჩერდება, რომელიც რატომღაც გაღიმებული სახით მაყურებელს  აუწყებს:

“სამწუხაროდ, დღევანდელი გათამაშება ჩვენგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. ჩვენ დიდ ბოდიშს ვუხდით ყველა ჩვენს მაყურებელს და იმედს ვიტოვებთ რომ შემდეგ კვირას, ზუსტად ამ დროს, ზუსტად ამ არხზე თქვენ აუცილებლად კვლავ შემოგვიერთდებით და დღევანდელ დასანან შემთხვევას გვაპატიებთ…”

არაფერი გაგრძნობინებს მარტოობას იმაზე მეტად, ვიდრე მარტოხელა ბებო, რომელიც გაზაფხულის ერთ თბილ საღამოს საკუთარ ბინაში ლოტოს  ბილეთის პოვნის შემდეგ, აღმოაჩენს რომ გათამაშება გადაიდო და სრულ მარტოობაში მოციმციმე ტელევიზორის გუგუნის ფონზე ტელეფონს სრულ სიჩუმეში სძინავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s