To Kill a Mockingbird – ჰარპერ ლის ერთადერთი ნაწარმოები [რეცენზია]

tokillamockingbird

რეი ბრედბერის უთქვამს: “რაოდენობა წარმოშობს ხარისხს. თუ ცოტას წერთ განწირული ხართ”. ჰარპერ ლის ამ რჩევისთვის რომ მოესმინა არ ვიცი რას მოიმოქმედებდა, თუმცა ფაქტია რომ ის ერთადერთი წიგნი რომელიც ამ ქალბატონის ავტორობით გამოქვეყნდა, მე-20 საუკუნის ლიტერატურის საგანძურს წარმოადგენს.

წიგნს ქართულად “მოკვდეს ჯაფარა?” ჰქვია, მისი კინოეკრანიზაცია მთავარ როლში გრეგორი პეკის მონაწილეობით ნაცნობი უნდა იყოს კინომოყვარულებისთვის.   თუმცა, რადგანაც ეკრანიზაციას შევეხეთ, აქვე შეიძლება იმის დამატება, რომ ფილმი რომანისგან განსხვავებით, მართალია მთავარ, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ ერთ ეპიზოდს მოგვითხრობს. ეს მთავარი ეპიზოდი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთულ ალაბამაში 30-იან წლებში არსებულ სეგრეგაციას ეხება.

ჰარპერ ლი ბავშვის თვალით დანახულ სამყაროს აღწერს. რომანის მთავარი გმირი გოგონა  სკაუტია (ქართულ თარგმანში ჭყიტა). ის მოუსვენარი და ცნობის მოყვარე ბავშვია რომელიც ცდილობს გაერკვეს თუ რა ხდება სამეზობლოში, იმ სამყაროში რომლის შემეცნებას ის მის ძმა ჯემთან და ზაფხულობით მეიკომბში (დასახლება რომელშიც რომანის მოქმედება ვითარდება) ჩამომსვლელ დილთან ერთად ცდილობს. აქვე უნდა ითქვას, რომ დილის პერსონაჟის შექმნაზე ჰარპერ ლი მის ბავშვობის მეგობარმა, მოგვიანებით ცნობილ მწერალ ტრუმენ კაპოტემ შთააგონა.

“პირველ რიგში, თუ შენ ისწავლი ერთ მარტივ ხრიკს, ძალიან გაგიადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. შენ ვერასდროს გაუგებ ადამიანს თუ მოვლენებს მისი თვალით არ შეხედავ,” ეუბნება სკაუტს მამამისი – ატიკუსი.

“სერ?” ეკითხება სკაუტი

“ვერ გაუგებ მანამდე სანამ მის კანში არ შეძვრები და არ გაივლ-გამოივლი,” აზუსტებს ატიკუსი.

ატიკუსის პერსონაჟის მეშვეობით,  რომელიც ერთ უდანაშაულო შავკანიანს იცავს, ჰარპერ ლი მორალურობის და ზნეობის ეტალონს გვიხატავს. ატიკუსი პრინციპული, კაცთმოყვარე ადამიანია, რომელიც მზადაა თავდასხმელს მეორე ლოყა შეუშვიროს.

ატიკუსის შვილები მამით იმედგაცრუებული არიან. საქმე ისაა, რომ მათი კლასელების მამები რაღაცით გამოირჩევიან – ზოგი კარგი კომპანიონია, ზოგს ნადირობა უყვარს და ა.შ. ატიკუსი კი ერთი ჩვეულებრივი ადვოკატია, რომელიც არც მონადირეა, არც დროს ტარებით ერთობა და არც სხვა რამით, მოკლედ ადამიანია რომელშიც ბავშვები რომანტიკას ვერ ხედავენ და კლასელებთან მისი საქმეებით ვერ ტრაბახობენ.

თუმცა, ერთხელ სახლთან ახლო-მახლო ცოფიანი ძაღლი გამოჩნდება. საგანგებოდ გამოძახებული შერიფი რომელმაც ხიფათის არიდების მიზნით ძაღლი უნდა მოკლას, ნერვებს ვერ მოთოკავს და თოფს ატიკუსს მიაწვდის. უალტერნატივოდ დარჩენილი ატიკუსი თოფს ირგებს და წარბშეუხრელად კლავს ხიფათის შემცველ ძაღლს. ჯემი მამამისის საქციელით გაოცდება, ამ მომენტში მისთვის სრულიად სხვანაირი ატიკუსი იბადება.

გაოცებული ჯემი მეზობელს, ქალბატონ მაუდის ეკითხება თუ რატომ მალავდა მამამისი ასეთ ნიჭს, რაზეც ის პასუხობს: “თუ მამათქვენი რამეს წამოარდგენს ეს ისაა, რომ ის გულით ცივილურია. მიზანში მსროლელობა ღმერთისგან ბოძებული ნიჭია, მის დასახვეწად ვარჯიშია საჭირო. თუმცა, იარაღის სროლა განსხვავდება პიანინოს დაკვრისგან ან რამე მაგდაგვარისგან. შეიძლება მან იარაღს მაშინ დაანება თავი როდესაც მიხვდა, რომ ღმერთმა მას უმეტესობა სხვა ცოცხალ არსებებზე უსამართლო უპირატესობა მისცა. ვფიქრობ ის არ გაისროდა იმ მომენტამდე სანამ არ დასჭირდებოდა, ისე როგორც დღეს დასჭირდა”.

ავტორი ამ მონაკვეთით გვეუბნება, რომ ადამიანს შეიძლება სხვადასხვა გარემოებების გამო უპირატესობა გააჩნდეს სხვებზე, თუმცა ცივილურობა სწორედ იმაში გამოიხატება რომ ეს უპირატესობა საჭიროების გარეშე არ გამოვიყენოთ.

ატიკუსის საპირწონედ ავტორი მეიკომბის თეთრკანიანი მოსახლეობის უმრავლესობას გვიპირისპირებს, რომელიც მზადაა უდანაშაულო ადამიანი ელექტრო სკამზე მხოლოდ იმიტომ დასვას, რომ ის შავკანიანია და მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობა შავკანიანებს დაბალ რასად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები ბავშვის თვალითაა დანახული – ეს არ არის ის ისტორია რომელიც ჰეფი ენდით სრულდება, ის არც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ვერც ძილის წინ ზღაპრად გამოდგება. თუმცა, ამასთანავე ნაწარმოები დიდაქტიკურია, რომელიც ზრდასრულ მკითხველს იმ ფასეულობებს ახსენებს რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s