Monthly Archives: March 2013

ცნობილი პერსონაჟები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ (+ რუსთაველი ბონუსად)…

bovarybabajanabeauty and the beastkareninapinochoTerminatorკვაზიმოდოRustaveliიხილეთ ასევე ცნობილი მწერლები და პოეტები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ…

   

ცნობილი მწერლები და პოეტები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ…

orwell

danteWILDEsolzhenitsiniliakafkabulgakov

ორჰან ფამუქის თოვლში გახვეული აღმოსავლეთი და დასავლეთი [რეცენზია წიგნ “თოვლზე”]

ორჰან ფამუქის თოვლი

ცოტა ხნის წინ ერთი ნაცნობის კითხვაზე თუ რას ვკითხულობდი, წიგნის ყდა დავანახე. ავტორი რომ ამოიკითხა, მომიგო: “ორჰან ფამუქი? არაა კარგი მწერალი”.

შენიშვნაზე მწვავე რეაქცია არ მომიხდენია, ფამუქის დაცვას არ ვაპირებდი, თუმცა ხმამაღალი განაცხადით არც ლიტერატურული სნობიზმის გილდიაში ვაპირებდი გაწევრიანებას და ამიტომაც მოკრძალებით ვიკითხე, “რატომ?” ჩემი ნაცნობის მთავარი არგუმენტი “უბრალოდ არაა კარგი მწერალი” აღმოჩნდა და იმ მოკლე არგუმენტაციაში ფამუქის დასაცავად მხოლოდ ის თქვა რომ “ერთადერთი კარგი წიგნი, რომელიც მან დაწერა ‘თეთრი ციხესიმაგრეაო’ “.

იმ მოკლე საუბრიდან გამომდინარე რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ჩემი ნაცნობი ფამუქის შემოქმედებას მაინცდამაინც კარგად არ იცნობდა, ხოლო “თეთრი ციხესიმაგრის აღიარებაში,” ანუ იმ ნაწარმოების აღიარებაში რომელიც ავტორის ყველაზე წარმატებულ რომანებს პოპულარობით საგრძნობლად ჩამორჩება,  განსხავავებული, ერთგვარი ლიტერატურული ჰიპსტერული დამოკიდებულება ამოვიკითხე.

ორჰან ფამუქის შემოქმედებას მაინცდამაინც კარგად არც მე ვიცნობ. მისი ავტორობოთ სულ სამიოდე წიგნი მაქვს წაკითხული (მათ შორის “თეთრი ციხესიმაგრე”), მაგრამ შეიძლება ამიტომაც ერთი ხელის მოსმით ფამუქის სუსტ მწერლად გამოცხადებას არ ვაპირებ.

აღწერილი ეპიზოდიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფამუქის “თოვლის” კითხვა დავასრულე. წიგნმა შერეული გრძნობები დამიტოვა, ბოლომდე ვერ გავერკვიე რა ნიშანს დავუწერდი ნაწარმოებს, ვფიქრობდი მომეწონა თუ არ მომეწონა. პასუხი ჩემს თავში რომ ვერ აღმოვაჩინე ინტერნეტში რეცენზიების კითხვა დავიწყე. აღმოჩნდა რომ რეცენზიები არც აქ იყო ერთგვაროვანი, ზოგიერთი მას უფრო დადებითად, ზოგიერთი კი უფრო უარყოფითად აფასებდა . შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი რაც რეცენზიების უმეტესობას აერთიანებდა ის იყო, რომ წიგნს ერთი ხელის მოსმით არავინ “ანადგურებდა”. წონადი გამოცემების ავტორები კი “თოვლს” ვრცელი განხილვის საგნად აქცევდნენ.

რეცენზიების კითხვამ საერთოდ დამაბნია, თუმცა ამავდროულად მიმახვედრა რომ საბოლოო ვერდიქტის გამოტანა არაა საჭირო და ამიტომაც წიგნის განხილვისას თავისუფლად შეიძლება იმაზე საუბარი თუ რა არ მომეწონა და რა მომეწონა. განხილვა რომ გამიმარტივდეს ამ რეცენზიას პირობითად ორ ქვეთავად დავყოფ.

წიგნის  თემა – აღმოსავლეთის და დასავლეთის დაპირისპირება?

ფამუქის “თოვლის” მოქმედება თურქეთის პროვინციალურ ქალაქ ყარსში ხდება. ეს ის ქალაქია, რომელიც თავისთავად ერთგვაროვანი არაა, აქ თავის დროზე, რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები, ქურთები და სხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ.

თუმცა, ნაწარმოებში მოქმედება მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ვითარდება, ამიტომაც მიუხედავად მულტიკულტურული გამოცდილებისა, ქალაქის დამოკიდებულება “გარე,” სხვა კულტურის წარმომადგენლების მიმართ ერთვაროვანი არაა.

ნაწარმოების მთავარი გმირი კა (აქ აშკარაა ალუზია ფრანც კაფკას სასახლის მთავარ გმირზე) ყარსს სულ რამოდენიმე დღით სტუმრობს, ის სტამბოლელია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფრანკფურტში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა რომ კა თურქია, ის მაინც უცხოა ყარსელებისთვის, ის დასავლეთის განსახიერებაა, უფრო სწორედ კი იმ სეკულარული თურქეთის განსახიერება, რომელიც დასავლურ ტრადიციებს ემხრობა.

ამიტომაცაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობა კას მაინცდამაინც ცუდს ვერაფერს უბედავენ (მაგალითად პოლიცია დაკავებისას მას მოკრძალებით ექცევა, მაშინ როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნილ ადგილობრივებს რიგიანად სცემენ და აწამებენ), მაგრამ ამის მიუხედავად მას მაინც “სხვანაირად,” უცხოსავით ექცევიან.

ავტორი თითქოს გვეუბნება, რომ მიუხედავად თურქეთის გაცხადებული სეკულარული პოლიტიკისა, ქვეყნის შიგნით სიტუაცია არაერთგვაროვანია, მძლავრია ისლამისტების მხარდამჭერების რაოდენობა და რაც უფრო მთავარია – მათი რწმენის ხარისხი.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის კითხვისას შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ფამუქი მთავარი გმირის მიმართ  აშკარა სიმპატიითაა განწყობილი და მასში ის გარკვეულწილად საკუთარ თავსაც ხედავს, ავტორს არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ ის ბალანსს იცავს. მას არც დასავლეთის და არც აღმოსავლეთის კრიტიკა ავიწყდება, ისევე როგორც ამ ორის მიმართ გარკვეულ შემთხვევებში სიმპატიების გამოხატვა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ფამუქი საკუთარი ნაწარმოებების თემებზე საუბრისას ამბობს რომ ის ერთმანეთს ცივილიზაციებს არ უპირისპირებს, არამედ პირიქით ცდილობს ისაუბროს იმაზე თუ რა აერთიანებს სხვადასხვა კულტურებს. იგივეს თქმა შეიძლება “თოვლზე” და მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების კითხვისას სხვადასხვა კულტურები სახეზეა, ავტორი მაინც უფრო მეტად ადამიანობის განმსაზღვრელ თემებზე საუბრობს, ანუ ისეთ თემებზე როგორიც სიყვარული, რწმენა, მეგობრობა და ერთგულებაა. ამ თემებზე საუბრისას კი ავტორი გვახსენებს რომ ყველა ადამიანში, შესაბისად ნებისმიერი კულტურის წარმომადგენელში დევს რაღაც დადებით და რაღაც პირიქით – უარყოფითი. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ თავისთავად დადებითი ან იარყოფითი გმირი წიგნში არ არსებობს, ისევე როგორც დადებითი ან უარყოფითი კულტურა, ეს კი ნაწარმოებს ხიბლს სძენს.

წერის სტილი – აღწერით დატვირთული, ცოტა გაწელილი მაგრამ არამომაბეზრებელი?

ფამუქის მკითხველებისგან ხშირად გამიგონია რომ ავტორი უსაშველოდ წელავს სათქმელს და სცენების აღწერას ძალიან დიდ დროს უთმობს . შეიძლება ითქვას რომ გამონაკლისი არც “თოვლია”. ნაწარმოების ძირითადი ნაწილი სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში ვითარდება. ამის მიუხედავად, წიგნი 400 გვერდზე დიდია, ზოგიერთ სცენას კი ავტორი მიკროსკოპულად აღწერს.

ასე მაგალითად,  ერთ-ერთ სცენაში ფამუქი იმის აღწერასაც კი არ ერიდება თუ როგორ უკიდებს ერთ-ერთი პერსონაჟი ჯერ სხვის სიგარეტს, მერე საკუთარს და რას გრძნობს ამ დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ასეთი სკურპულოზური აღწერა შეიძლება მომაბეზრებლად მოეჩვენოს, მსგავსი დამოკიდებულებით ფამუქი განსაკუთრებით აურას ქმნის, აურას რომელიც მკითხველის გონებას მთლიანად გამოგონილ სამყაროში აგდებს.

“თოვლში” რამდენიმე მძლავრი სცენაა. ორს გამოვყოფდი: რომანის დასაწყისში თურქეთის განათლების სამინისტროს ჩინოვნიკს ვხვდებით, რომელსაც ისლამისტი ფანატიკოსი კლავს. თუმცა, სანამ მოკლავდეს, მკითხველის წინაშე იშლება სცენა რომელიც მკვლელობას წინ უძღვის. ამ მოქმედებაში ჩინოვნიკის და ფანატიკოსის დიალოგი იშლება. ამ სცენის ხიბლი არა უშუალოდ დიალოგი, არამედ ის ტექნიკური ხერხია რომელსაც ფამუქი იყენებს. ავტორი გვეუბნება რომ საუბარი, რომელიც ხსენებულ პირებს შორის გაიმართა, მისთვის ბევრად მოგვიანებით გახდა ცნობილი, უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ რაც მას კასეტაზე ჩაწერილი დიალოგის მოსმენის საშუალება მიეცა. კასეტაზე, რომელიც იმ ჩამწერში იდო, რომელიც თავის მხრივ ჩინოვნიკს საუბრისას ჰქონდა ტანზე მიმაგრებული. აუდიო ფირზე ჩაწერილია ორი ადამიანის საუბარი, ადამიანის რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე წუთში გარდაიცვლება და ადამიანის რომელიც იმავე პერიოდში მკვლელი გახდება. ეს კი მათ საუბარს განსაკუთრებით ემოციურობას სძენს.

მეორე სცენა ერთ-ერთ საასტუმროში ვითარდება, სადაც შეკრებილი ისლამისტები, მემარცხენეები და ქურთი მეამბოხები ცდილობენ შეჯერდნენ საპროტესტო პეტიციაზე, რომლის გამოქვეყნებასაც ისინი გერმანულ გაზეთში იმედოვნებენ. სწორედ ამ სცენის აღწერისას შლის ავტორი წიგნის მთავარ თემას – აღმოსავლეთის (ტრადიციული თურქეთის) და დასავლეთის (ევროპის) უერთიერთობას.

“ჩვენ დებილები არ ვართ, ჩვენ უბრალოდ ღარიბები ვართ,” ამბობს წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი და აგრძელებს, “როდესაც დასავლელი ხვდება ვიღაცას ღარიბი ქვეყნიდან, მას მძლავრი ზიზღის გრძნობა ეუფლება. ის ფიქრობს რომ საცოდავი ადამიანის გონება სავსე უნდა იყოს იმ უაზრობით რომელმაც მისი ქვეყანა სიღარიბეში და სასოწარკვეთაში ჩააგდო”.

სცენის დასკვნით ნაწილად შეიძლება ავტორის ჩართვა ჩათვალოთ სადაც ის საუბრობს იმაზე თუ რამდენად არ შეუძლია ადამიანს გაუგოს სხვა ადამიანს რომელიც მძიმე მდგომარეობაში არის აღმოჩენილი, რომლის გამოცდილებაც პირველს არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ბევრი მძლავრი სცენაა, წიგნის მთავარ ნაკლად შეიძლება შემდეგი ჩავთვალოთ: “თოვლის” მთავარი პერსონაჟი-კა პოეტია, რომელსაც ყარსში ჩამოსვლამდე არაფერი ღირებული არ აქვს დაწერილი. თუმცა, ქალაქში აღმოჩენისთანავე მას შემოქმედებითი წვა ეწყება და სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში ის 19 მძლავრ პოემას დაწერს. ამის მიუხედავად ფამუქი პრაქტიკულად არცერთ პოემაზე არ საუბრობს. შეიძლება იმის ვარაუდი რომ ავტორმა ამით ერთგვარი ხერხი გამოიყენა და პოემები “მისტერიად” დატოვა, მაგრამ ამავდროულად ეჭვი რომ ეს ნაწილი უბრალოდ დაუმუშავებელია ლეგიტიმურობას ბოლომდე მოკლებული არ უნდა იყოს. არადა, ამ პოემების “გამოგონებით” ავტორი ნაწარმოებს სხვა პედესტალზე აიყვანდა, მითუმეტეს რომ  მსგავსი გამოცდილება (ანუ ნაწარმოებში ნაწარმოების შექმნის იდეა) ნამდვილა არსებობს, თუნდაც პოლ ოსტერის “ილუზიების წიგნის სახით”.  

თავში ნახსენებ ჩემს ნაცნობს რომ დავუბრუნდეთ,  ერთ რჩევას მოგცემდით, სანამ რამე დასვკნებს გამოიტანდეთ, არც ჩემს ნაცნობს დაუჯეროთ და არც მე. თუ ლიტერატურა გიყვართ აუცილებლად წაიკითხეთ ხსენებული ავტორი. ის შეიძლება თქვენი საყვარელი ავტორი არ გახდეს, მაგრამ სხვა თუ არაფერი, აუცილებლად დაგამახსოვრდებათ და საინტერესო თემებსაც გაგიშლით.

ჩემი პირველი მასწავლებელი – ჩემი პირველი კომპლექსი

ჩემს თაობას თუ წარმოადგენთ, სადღაც დავიწყებულ და დამტვერილ უჯრებში აუცილებლად გექნებათ შემონახული ალბომი სახელწოდებით “ჩემი პირველი მასწავლებელი”. ალბომი  მოწითალო ფერის უნდა იყოს და სამ სექციადაა დაყოფილი. ამ ალბომის ერთი გვერდი თქვენს კლასელებს ექნებათ აუცილებლად დაკავებული და ისინიც სურათში რაოდენობის მიხედვით იქნებიან ჩამწკრივებულები. მე მაგალითად, პირველ კლასში ორმოცამდე კლასელი მყავდა, ამიტომაც ამ შემთხვევაში შვიდი წლის ბავშვები სამ რიგად უღიმიან თუ უბღერენ ობიექტივს, ალბათ იმის მიხედვით თუ ვის დააძალეს დილით ფაფის ჭამა და ვის არა, ან ვის დააძალეს რეიტუზების ჩაცმა და ვის არა…

ალბომის მეორე გვერდი თქვენ გექნებათ დათმობილი, თუ ბიჭი ხართ პიჯაკში, თეთრ პერანგსა და ჰალსტუხში (ან ბაფთაში) უნდა იყოთ გამოწყობილი, გოგო თუ ხართ ანალოგიურად საზეიმოდ იქნებით გამოწყობილი. მოკლედ, ორივე შემთხვევაში კონცენტრირებული სხედხართ მაგიდასთან და ობიექტივს დაჟინებული და სერიოზული მზერით შესცქერით.

ალბომის ყველაზე მთავარ გვერდს მაინც თქვენი პირველი მასწავლებლის გამომსახველი პორტრეტი წარმოადგენს.  ის, მეფეა, დედოფალი რომელიც ყველა მოსწავლის ალბომში უნდა იყოს გამოსახული, ახალი დროების ლენინი რომელიც ყველა მოსწავლეს უნდა ახსოვდეს. ჩემსას მაყვალა ერქვა ან ჰქვია. სიმართლე გითხრათ არ ვიცი ცოცხალია თუ არა მაყვალა მასწი, მაგრამ ფაქტია რომ სანამ ცოცხალი ვარ მისი სახე ნამდვილად არ დამავიწყდება.

მაყვალა გაღიმებული არ მახსოვს, ან თუ მახსოვს ეს ღიმილი კეთილი არ უნდა იყოს, ანუ ისეთი არა სამოთხეში ანგელოზებს რომ უნდა ახასიათებდეს, ცოტა სხვანაირი… მაყვალა დაბალ, მაგრამ მოსულ ქალად მახსოვს. ძლიერ, განიერ და წონად ხელებში მას მუდამ  წკეპლა ეჭირა. სიმართლე გითხრათ ნამდვილად ვერ დავიკვეხნი რომ ამ წკეპლას ხშირად იყენებდა ხოლმე ბავშვების მისამართით (თუ საერთოდ იყენებდა ხოლმე), მაგრამ თავად წკეპლას არსებობა უკვე ქმნიდა ფსიქოლოგიურ ფონს. ის სისტემის განსახიერება იყო, იმ სისტემის რომელშიც წლების შემდეგ ყოველი ჩვენთაგანი უნდა შესულიყო. ამ წკეპლის შიში წელში გამართულ ჯდომას და ხელების ხელებზე დაწყობას გაიძულებდა და იმისათვის რომ მისი იმიჯი არ დაცემულიყო მაყვალაც აქეთ-იქეთ გაიქნევდა ხოლმე დაამით  წკეპლის რისხვას შეგახსენებდა. როგორც წესი უმრავლესობის დასაშინებლად ეს საკმარისი იყიო.

საერთოდ სკოლა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასები უფრო სოციალურ სიმულაციას წარმოადგენენ ვიდრე აკადემიურ დაწესებულებას. ეს ის სიმულაციაა სადაც ბავშვი სხვა ბავშვებთან და  წესრიგთან თანაცხოვრებას ასწავლიან, სადაც ცუდი ნიშანის მიღებაზე გაცილებით სავალალო არასწორად მოქცევაა, არა სისტემური საქცილის ჩადენა… ამიტომაცაა ალბათ რომ მაინცდამაინც არ მახსოვს თუ რას მასწავლიდნენ სკოლაში, წერა-კითხვა სკოლამდე ვისწავლე ჩემით, საათის გარჩევაც.. თუმცა, იმ დღეს თუ არ ვცდები ასოებს გვაყვანინებდნენ, ან რაღაც კარნახის მაგვარი იყო, მოკლედ რაც არ უნდა ყოფილიყო საქმე წერას ეხებოდა და პირველად საჯაროდ სწორედ იმ დღეს შევრცხვი.

“მოამზადეთ რვეულები და კალმები,” გვითხრა მაყვალა მასწმა, ასო ბგერა ‘ა” გვიკარნახა და ჩემს შემთხვევაში მოხდა ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ჩემი “პასტა” არ წერდა!

იმის იმედით რომ კალამი ამუშავდებოდა, ცალკე ფურცელზე ნერვიულად დავიწყე “პასტით” ჯღაბნა. ამაოდ ვცდილობდი, ჯიუტად არ წერდა. ამაში რომ დავრწმუნდი კაპიტულაცია გამოვაცხადე და მთელი კლასის გასაგონად მაყვალა მასწს მივმართე: “მასწ, პასტა არ მიწერს”.

კლასი სიჩუმეში და მოლოდინში გაისუსა და დამრიგებელს მიაშტერდა, მცირე პაუზის შემდეგ მაყვალა მასწმა არა სამოთხისებური, არამედ ცინიკური ღიმილით მომიგო: “რა ვუყო ახლა? მოდი და შევულოცავ”.

რა ჩემი ბრალია რომ სიტყვა შელოცვის მნიშვნელობა ექვსი წლის ასაკში არ მესმოდა და დამრიგებელის ავტორიტეტში დარწმუნებული, მცირე პაუზის შემდგომ კალამს ხელი მოვკიდე, ფეხზე ავდექი და მაყვალა მასწის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი… ეს ქმედება და კლასელების საყოველთაო სიცილი ერთი იყო. სამყარო გაჩერდა, სიტყვა “შელოცვის” მნიშვნელობა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ნათელი გახდა. მარტო ვიყავი მთელ სამყაროში, მაყვალა სიცილში იღვრებოდა და რაღაც “დაჯექი იდიოტოს” მაგვარს ბუტბუტებდა, ან თუ არ ბუტბუტებდა, ფიქრობდა მაინც და საკუთარ ენაკვიმატობას ზეიმობდა.

ზეიმობდა სისტემის გამარჯვებას, სისტემის რომელმაც ექვსი წლის მოსწავლე დასაჯა, დასაჯა დანარჩენი ექვსი წლის ბავშვების წინაშე, იმ კლასის  წინაშე რომლის ყოველი წარმომადგენელი თავისუფლად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ანალოგიურ შემთხვევაში, მაგრამ იმ კლასის წინაშე რომლის თითოეულ წარმომადგენელსაც გული სიღრმეში უხაროდა რომ ჩემს ადგილას არ აღმოჩნდა და ამ მოცემულობას უმრავლესობასთან ერთად ზეიმობდა.

ისინი უმრავლესობაში იყვნენ, მე უმცირესობაში. ნამდვილად არ მახსოვს მასწავლა თუ არა რამე სხვა ღირებული ჩემმა პირველმა დამრიგებელმა, მაგრამ ფაქტია რომ ამ შემთხვევით მაყვალა მასწმა თავის და უნებურად გაკვეთილი ჩამიტარა;  ვარდნა არავის უყვარს, მითუმეტეს ამ ვარდნაში მარტო თუ ხარ, სამაგიეროდ სხვისი ვარდნა სახალისო და სასაცილოა იმ შემთხვევაში თუ ამ ვარდნის სუბიექტი ვინმე სხვა, თუნდაც შენი სოციუმის წარმომადგენელია.