ჩემი პირველი მასწავლებელი – ჩემი პირველი კომპლექსი

ჩემს თაობას თუ წარმოადგენთ, სადღაც დავიწყებულ და დამტვერილ უჯრებში აუცილებლად გექნებათ შემონახული ალბომი სახელწოდებით “ჩემი პირველი მასწავლებელი”. ალბომი  მოწითალო ფერის უნდა იყოს და სამ სექციადაა დაყოფილი. ამ ალბომის ერთი გვერდი თქვენს კლასელებს ექნებათ აუცილებლად დაკავებული და ისინიც სურათში რაოდენობის მიხედვით იქნებიან ჩამწკრივებულები. მე მაგალითად, პირველ კლასში ორმოცამდე კლასელი მყავდა, ამიტომაც ამ შემთხვევაში შვიდი წლის ბავშვები სამ რიგად უღიმიან თუ უბღერენ ობიექტივს, ალბათ იმის მიხედვით თუ ვის დააძალეს დილით ფაფის ჭამა და ვის არა, ან ვის დააძალეს რეიტუზების ჩაცმა და ვის არა…

ალბომის მეორე გვერდი თქვენ გექნებათ დათმობილი, თუ ბიჭი ხართ პიჯაკში, თეთრ პერანგსა და ჰალსტუხში (ან ბაფთაში) უნდა იყოთ გამოწყობილი, გოგო თუ ხართ ანალოგიურად საზეიმოდ იქნებით გამოწყობილი. მოკლედ, ორივე შემთხვევაში კონცენტრირებული სხედხართ მაგიდასთან და ობიექტივს დაჟინებული და სერიოზული მზერით შესცქერით.

ალბომის ყველაზე მთავარ გვერდს მაინც თქვენი პირველი მასწავლებლის გამომსახველი პორტრეტი წარმოადგენს.  ის, მეფეა, დედოფალი რომელიც ყველა მოსწავლის ალბომში უნდა იყოს გამოსახული, ახალი დროების ლენინი რომელიც ყველა მოსწავლეს უნდა ახსოვდეს. ჩემსას მაყვალა ერქვა ან ჰქვია. სიმართლე გითხრათ არ ვიცი ცოცხალია თუ არა მაყვალა მასწი, მაგრამ ფაქტია რომ სანამ ცოცხალი ვარ მისი სახე ნამდვილად არ დამავიწყდება.

მაყვალა გაღიმებული არ მახსოვს, ან თუ მახსოვს ეს ღიმილი კეთილი არ უნდა იყოს, ანუ ისეთი არა სამოთხეში ანგელოზებს რომ უნდა ახასიათებდეს, ცოტა სხვანაირი… მაყვალა დაბალ, მაგრამ მოსულ ქალად მახსოვს. ძლიერ, განიერ და წონად ხელებში მას მუდამ  წკეპლა ეჭირა. სიმართლე გითხრათ ნამდვილად ვერ დავიკვეხნი რომ ამ წკეპლას ხშირად იყენებდა ხოლმე ბავშვების მისამართით (თუ საერთოდ იყენებდა ხოლმე), მაგრამ თავად წკეპლას არსებობა უკვე ქმნიდა ფსიქოლოგიურ ფონს. ის სისტემის განსახიერება იყო, იმ სისტემის რომელშიც წლების შემდეგ ყოველი ჩვენთაგანი უნდა შესულიყო. ამ წკეპლის შიში წელში გამართულ ჯდომას და ხელების ხელებზე დაწყობას გაიძულებდა და იმისათვის რომ მისი იმიჯი არ დაცემულიყო მაყვალაც აქეთ-იქეთ გაიქნევდა ხოლმე დაამით  წკეპლის რისხვას შეგახსენებდა. როგორც წესი უმრავლესობის დასაშინებლად ეს საკმარისი იყიო.

საერთოდ სკოლა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასები უფრო სოციალურ სიმულაციას წარმოადგენენ ვიდრე აკადემიურ დაწესებულებას. ეს ის სიმულაციაა სადაც ბავშვი სხვა ბავშვებთან და  წესრიგთან თანაცხოვრებას ასწავლიან, სადაც ცუდი ნიშანის მიღებაზე გაცილებით სავალალო არასწორად მოქცევაა, არა სისტემური საქცილის ჩადენა… ამიტომაცაა ალბათ რომ მაინცდამაინც არ მახსოვს თუ რას მასწავლიდნენ სკოლაში, წერა-კითხვა სკოლამდე ვისწავლე ჩემით, საათის გარჩევაც.. თუმცა, იმ დღეს თუ არ ვცდები ასოებს გვაყვანინებდნენ, ან რაღაც კარნახის მაგვარი იყო, მოკლედ რაც არ უნდა ყოფილიყო საქმე წერას ეხებოდა და პირველად საჯაროდ სწორედ იმ დღეს შევრცხვი.

“მოამზადეთ რვეულები და კალმები,” გვითხრა მაყვალა მასწმა, ასო ბგერა ‘ა” გვიკარნახა და ჩემს შემთხვევაში მოხდა ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ჩემი “პასტა” არ წერდა!

იმის იმედით რომ კალამი ამუშავდებოდა, ცალკე ფურცელზე ნერვიულად დავიწყე “პასტით” ჯღაბნა. ამაოდ ვცდილობდი, ჯიუტად არ წერდა. ამაში რომ დავრწმუნდი კაპიტულაცია გამოვაცხადე და მთელი კლასის გასაგონად მაყვალა მასწს მივმართე: “მასწ, პასტა არ მიწერს”.

კლასი სიჩუმეში და მოლოდინში გაისუსა და დამრიგებელს მიაშტერდა, მცირე პაუზის შემდეგ მაყვალა მასწმა არა სამოთხისებური, არამედ ცინიკური ღიმილით მომიგო: “რა ვუყო ახლა? მოდი და შევულოცავ”.

რა ჩემი ბრალია რომ სიტყვა შელოცვის მნიშვნელობა ექვსი წლის ასაკში არ მესმოდა და დამრიგებელის ავტორიტეტში დარწმუნებული, მცირე პაუზის შემდგომ კალამს ხელი მოვკიდე, ფეხზე ავდექი და მაყვალა მასწის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი… ეს ქმედება და კლასელების საყოველთაო სიცილი ერთი იყო. სამყარო გაჩერდა, სიტყვა “შელოცვის” მნიშვნელობა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ნათელი გახდა. მარტო ვიყავი მთელ სამყაროში, მაყვალა სიცილში იღვრებოდა და რაღაც “დაჯექი იდიოტოს” მაგვარს ბუტბუტებდა, ან თუ არ ბუტბუტებდა, ფიქრობდა მაინც და საკუთარ ენაკვიმატობას ზეიმობდა.

ზეიმობდა სისტემის გამარჯვებას, სისტემის რომელმაც ექვსი წლის მოსწავლე დასაჯა, დასაჯა დანარჩენი ექვსი წლის ბავშვების წინაშე, იმ კლასის  წინაშე რომლის ყოველი წარმომადგენელი თავისუფლად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ანალოგიურ შემთხვევაში, მაგრამ იმ კლასის წინაშე რომლის თითოეულ წარმომადგენელსაც გული სიღრმეში უხაროდა რომ ჩემს ადგილას არ აღმოჩნდა და ამ მოცემულობას უმრავლესობასთან ერთად ზეიმობდა.

ისინი უმრავლესობაში იყვნენ, მე უმცირესობაში. ნამდვილად არ მახსოვს მასწავლა თუ არა რამე სხვა ღირებული ჩემმა პირველმა დამრიგებელმა, მაგრამ ფაქტია რომ ამ შემთხვევით მაყვალა მასწმა თავის და უნებურად გაკვეთილი ჩამიტარა;  ვარდნა არავის უყვარს, მითუმეტეს ამ ვარდნაში მარტო თუ ხარ, სამაგიეროდ სხვისი ვარდნა სახალისო და სასაცილოა იმ შემთხვევაში თუ ამ ვარდნის სუბიექტი ვინმე სხვა, თუნდაც შენი სოციუმის წარმომადგენელია.

One thought on “ჩემი პირველი მასწავლებელი – ჩემი პირველი კომპლექსი

  1. wearescientistsblog

    😀 გადასარევი პოსტია ♥ მომწონს შენი წერის სტილი😀 მასეთი ალბომი მეც მაქვს ^_^

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s