ორჰან ფამუქის თოვლში გახვეული აღმოსავლეთი და დასავლეთი [რეცენზია წიგნ “თოვლზე”]

ორჰან ფამუქის თოვლი

ცოტა ხნის წინ ერთი ნაცნობის კითხვაზე თუ რას ვკითხულობდი, წიგნის ყდა დავანახე. ავტორი რომ ამოიკითხა, მომიგო: “ორჰან ფამუქი? არაა კარგი მწერალი”.

შენიშვნაზე მწვავე რეაქცია არ მომიხდენია, ფამუქის დაცვას არ ვაპირებდი, თუმცა ხმამაღალი განაცხადით არც ლიტერატურული სნობიზმის გილდიაში ვაპირებდი გაწევრიანებას და ამიტომაც მოკრძალებით ვიკითხე, “რატომ?” ჩემი ნაცნობის მთავარი არგუმენტი “უბრალოდ არაა კარგი მწერალი” აღმოჩნდა და იმ მოკლე არგუმენტაციაში ფამუქის დასაცავად მხოლოდ ის თქვა რომ “ერთადერთი კარგი წიგნი, რომელიც მან დაწერა ‘თეთრი ციხესიმაგრეაო’ “.

იმ მოკლე საუბრიდან გამომდინარე რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ჩემი ნაცნობი ფამუქის შემოქმედებას მაინცდამაინც კარგად არ იცნობდა, ხოლო “თეთრი ციხესიმაგრის აღიარებაში,” ანუ იმ ნაწარმოების აღიარებაში რომელიც ავტორის ყველაზე წარმატებულ რომანებს პოპულარობით საგრძნობლად ჩამორჩება,  განსხავავებული, ერთგვარი ლიტერატურული ჰიპსტერული დამოკიდებულება ამოვიკითხე.

ორჰან ფამუქის შემოქმედებას მაინცდამაინც კარგად არც მე ვიცნობ. მისი ავტორობოთ სულ სამიოდე წიგნი მაქვს წაკითხული (მათ შორის “თეთრი ციხესიმაგრე”), მაგრამ შეიძლება ამიტომაც ერთი ხელის მოსმით ფამუქის სუსტ მწერლად გამოცხადებას არ ვაპირებ.

აღწერილი ეპიზოდიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფამუქის “თოვლის” კითხვა დავასრულე. წიგნმა შერეული გრძნობები დამიტოვა, ბოლომდე ვერ გავერკვიე რა ნიშანს დავუწერდი ნაწარმოებს, ვფიქრობდი მომეწონა თუ არ მომეწონა. პასუხი ჩემს თავში რომ ვერ აღმოვაჩინე ინტერნეტში რეცენზიების კითხვა დავიწყე. აღმოჩნდა რომ რეცენზიები არც აქ იყო ერთგვაროვანი, ზოგიერთი მას უფრო დადებითად, ზოგიერთი კი უფრო უარყოფითად აფასებდა . შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი რაც რეცენზიების უმეტესობას აერთიანებდა ის იყო, რომ წიგნს ერთი ხელის მოსმით არავინ “ანადგურებდა”. წონადი გამოცემების ავტორები კი “თოვლს” ვრცელი განხილვის საგნად აქცევდნენ.

რეცენზიების კითხვამ საერთოდ დამაბნია, თუმცა ამავდროულად მიმახვედრა რომ საბოლოო ვერდიქტის გამოტანა არაა საჭირო და ამიტომაც წიგნის განხილვისას თავისუფლად შეიძლება იმაზე საუბარი თუ რა არ მომეწონა და რა მომეწონა. განხილვა რომ გამიმარტივდეს ამ რეცენზიას პირობითად ორ ქვეთავად დავყოფ.

წიგნის  თემა – აღმოსავლეთის და დასავლეთის დაპირისპირება?

ფამუქის “თოვლის” მოქმედება თურქეთის პროვინციალურ ქალაქ ყარსში ხდება. ეს ის ქალაქია, რომელიც თავისთავად ერთგვაროვანი არაა, აქ თავის დროზე, რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები, ქურთები და სხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ.

თუმცა, ნაწარმოებში მოქმედება მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ვითარდება, ამიტომაც მიუხედავად მულტიკულტურული გამოცდილებისა, ქალაქის დამოკიდებულება “გარე,” სხვა კულტურის წარმომადგენლების მიმართ ერთვაროვანი არაა.

ნაწარმოების მთავარი გმირი კა (აქ აშკარაა ალუზია ფრანც კაფკას სასახლის მთავარ გმირზე) ყარსს სულ რამოდენიმე დღით სტუმრობს, ის სტამბოლელია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფრანკფურტში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა რომ კა თურქია, ის მაინც უცხოა ყარსელებისთვის, ის დასავლეთის განსახიერებაა, უფრო სწორედ კი იმ სეკულარული თურქეთის განსახიერება, რომელიც დასავლურ ტრადიციებს ემხრობა.

ამიტომაცაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობა კას მაინცდამაინც ცუდს ვერაფერს უბედავენ (მაგალითად პოლიცია დაკავებისას მას მოკრძალებით ექცევა, მაშინ როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნილ ადგილობრივებს რიგიანად სცემენ და აწამებენ), მაგრამ ამის მიუხედავად მას მაინც “სხვანაირად,” უცხოსავით ექცევიან.

ავტორი თითქოს გვეუბნება, რომ მიუხედავად თურქეთის გაცხადებული სეკულარული პოლიტიკისა, ქვეყნის შიგნით სიტუაცია არაერთგვაროვანია, მძლავრია ისლამისტების მხარდამჭერების რაოდენობა და რაც უფრო მთავარია – მათი რწმენის ხარისხი.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის კითხვისას შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ფამუქი მთავარი გმირის მიმართ  აშკარა სიმპატიითაა განწყობილი და მასში ის გარკვეულწილად საკუთარ თავსაც ხედავს, ავტორს არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ ის ბალანსს იცავს. მას არც დასავლეთის და არც აღმოსავლეთის კრიტიკა ავიწყდება, ისევე როგორც ამ ორის მიმართ გარკვეულ შემთხვევებში სიმპატიების გამოხატვა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ფამუქი საკუთარი ნაწარმოებების თემებზე საუბრისას ამბობს რომ ის ერთმანეთს ცივილიზაციებს არ უპირისპირებს, არამედ პირიქით ცდილობს ისაუბროს იმაზე თუ რა აერთიანებს სხვადასხვა კულტურებს. იგივეს თქმა შეიძლება “თოვლზე” და მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების კითხვისას სხვადასხვა კულტურები სახეზეა, ავტორი მაინც უფრო მეტად ადამიანობის განმსაზღვრელ თემებზე საუბრობს, ანუ ისეთ თემებზე როგორიც სიყვარული, რწმენა, მეგობრობა და ერთგულებაა. ამ თემებზე საუბრისას კი ავტორი გვახსენებს რომ ყველა ადამიანში, შესაბისად ნებისმიერი კულტურის წარმომადგენელში დევს რაღაც დადებით და რაღაც პირიქით – უარყოფითი. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ თავისთავად დადებითი ან იარყოფითი გმირი წიგნში არ არსებობს, ისევე როგორც დადებითი ან უარყოფითი კულტურა, ეს კი ნაწარმოებს ხიბლს სძენს.

წერის სტილი – აღწერით დატვირთული, ცოტა გაწელილი მაგრამ არამომაბეზრებელი?

ფამუქის მკითხველებისგან ხშირად გამიგონია რომ ავტორი უსაშველოდ წელავს სათქმელს და სცენების აღწერას ძალიან დიდ დროს უთმობს . შეიძლება ითქვას რომ გამონაკლისი არც “თოვლია”. ნაწარმოების ძირითადი ნაწილი სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში ვითარდება. ამის მიუხედავად, წიგნი 400 გვერდზე დიდია, ზოგიერთ სცენას კი ავტორი მიკროსკოპულად აღწერს.

ასე მაგალითად,  ერთ-ერთ სცენაში ფამუქი იმის აღწერასაც კი არ ერიდება თუ როგორ უკიდებს ერთ-ერთი პერსონაჟი ჯერ სხვის სიგარეტს, მერე საკუთარს და რას გრძნობს ამ დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ასეთი სკურპულოზური აღწერა შეიძლება მომაბეზრებლად მოეჩვენოს, მსგავსი დამოკიდებულებით ფამუქი განსაკუთრებით აურას ქმნის, აურას რომელიც მკითხველის გონებას მთლიანად გამოგონილ სამყაროში აგდებს.

“თოვლში” რამდენიმე მძლავრი სცენაა. ორს გამოვყოფდი: რომანის დასაწყისში თურქეთის განათლების სამინისტროს ჩინოვნიკს ვხვდებით, რომელსაც ისლამისტი ფანატიკოსი კლავს. თუმცა, სანამ მოკლავდეს, მკითხველის წინაშე იშლება სცენა რომელიც მკვლელობას წინ უძღვის. ამ მოქმედებაში ჩინოვნიკის და ფანატიკოსის დიალოგი იშლება. ამ სცენის ხიბლი არა უშუალოდ დიალოგი, არამედ ის ტექნიკური ხერხია რომელსაც ფამუქი იყენებს. ავტორი გვეუბნება რომ საუბარი, რომელიც ხსენებულ პირებს შორის გაიმართა, მისთვის ბევრად მოგვიანებით გახდა ცნობილი, უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ რაც მას კასეტაზე ჩაწერილი დიალოგის მოსმენის საშუალება მიეცა. კასეტაზე, რომელიც იმ ჩამწერში იდო, რომელიც თავის მხრივ ჩინოვნიკს საუბრისას ჰქონდა ტანზე მიმაგრებული. აუდიო ფირზე ჩაწერილია ორი ადამიანის საუბარი, ადამიანის რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე წუთში გარდაიცვლება და ადამიანის რომელიც იმავე პერიოდში მკვლელი გახდება. ეს კი მათ საუბარს განსაკუთრებით ემოციურობას სძენს.

მეორე სცენა ერთ-ერთ საასტუმროში ვითარდება, სადაც შეკრებილი ისლამისტები, მემარცხენეები და ქურთი მეამბოხები ცდილობენ შეჯერდნენ საპროტესტო პეტიციაზე, რომლის გამოქვეყნებასაც ისინი გერმანულ გაზეთში იმედოვნებენ. სწორედ ამ სცენის აღწერისას შლის ავტორი წიგნის მთავარ თემას – აღმოსავლეთის (ტრადიციული თურქეთის) და დასავლეთის (ევროპის) უერთიერთობას.

“ჩვენ დებილები არ ვართ, ჩვენ უბრალოდ ღარიბები ვართ,” ამბობს წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი და აგრძელებს, “როდესაც დასავლელი ხვდება ვიღაცას ღარიბი ქვეყნიდან, მას მძლავრი ზიზღის გრძნობა ეუფლება. ის ფიქრობს რომ საცოდავი ადამიანის გონება სავსე უნდა იყოს იმ უაზრობით რომელმაც მისი ქვეყანა სიღარიბეში და სასოწარკვეთაში ჩააგდო”.

სცენის დასკვნით ნაწილად შეიძლება ავტორის ჩართვა ჩათვალოთ სადაც ის საუბრობს იმაზე თუ რამდენად არ შეუძლია ადამიანს გაუგოს სხვა ადამიანს რომელიც მძიმე მდგომარეობაში არის აღმოჩენილი, რომლის გამოცდილებაც პირველს არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ბევრი მძლავრი სცენაა, წიგნის მთავარ ნაკლად შეიძლება შემდეგი ჩავთვალოთ: “თოვლის” მთავარი პერსონაჟი-კა პოეტია, რომელსაც ყარსში ჩამოსვლამდე არაფერი ღირებული არ აქვს დაწერილი. თუმცა, ქალაქში აღმოჩენისთანავე მას შემოქმედებითი წვა ეწყება და სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში ის 19 მძლავრ პოემას დაწერს. ამის მიუხედავად ფამუქი პრაქტიკულად არცერთ პოემაზე არ საუბრობს. შეიძლება იმის ვარაუდი რომ ავტორმა ამით ერთგვარი ხერხი გამოიყენა და პოემები “მისტერიად” დატოვა, მაგრამ ამავდროულად ეჭვი რომ ეს ნაწილი უბრალოდ დაუმუშავებელია ლეგიტიმურობას ბოლომდე მოკლებული არ უნდა იყოს. არადა, ამ პოემების “გამოგონებით” ავტორი ნაწარმოებს სხვა პედესტალზე აიყვანდა, მითუმეტეს რომ  მსგავსი გამოცდილება (ანუ ნაწარმოებში ნაწარმოების შექმნის იდეა) ნამდვილა არსებობს, თუნდაც პოლ ოსტერის “ილუზიების წიგნის სახით”.  

თავში ნახსენებ ჩემს ნაცნობს რომ დავუბრუნდეთ,  ერთ რჩევას მოგცემდით, სანამ რამე დასვკნებს გამოიტანდეთ, არც ჩემს ნაცნობს დაუჯეროთ და არც მე. თუ ლიტერატურა გიყვართ აუცილებლად წაიკითხეთ ხსენებული ავტორი. ის შეიძლება თქვენი საყვარელი ავტორი არ გახდეს, მაგრამ სხვა თუ არაფერი, აუცილებლად დაგამახსოვრდებათ და საინტერესო თემებსაც გაგიშლით.

4 thoughts on “ორჰან ფამუქის თოვლში გახვეული აღმოსავლეთი და დასავლეთი [რეცენზია წიგნ “თოვლზე”]

  1. tamara

    მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი რომანის წაკითხვა მოვასწარი (და მის შესახებ რაღაც წვრილმანი ინფორმაციის შეკრება), ჩემი აზრით, ფამუქი სწორედ რომ ძალიანაც კარგი მწერალია.

    ლიტერატურულ სნობიზმს ვერავინ დამაბრალებს, ცოტა არ იყოს, ბებრული დამოკიდებულება მაქვს ლიტერატურასთან🙂 . კლასიკოსების გაწელილი, თითქოს მომაბეზრებელი სტილი მიყვარს და ფამუქი სწორედ ასე წერს, “კლასიკურად”, ასე ვთქვათ. და რაც მთავარია, გულწრფელად წერს (მართლა ასეა თუ არა, არ ვიცი, მთავარი ისაა, რომ სათქმელი კარგად მოაქვს).

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      თავისთავად კარგი მწერალია, ამდენს თუ გვალაპარაკებს🙂

      Reply
  2. LiLaC

    მე მხოლოდ “უმანკოების მუზეუმი” მაქვს წაკითხული. საკმაოდ სქელი წიგნია და კითხვის პროცესში მეც ასეთი შერეული შეგრძნებები მეუფლებოდა – ხან მაინტერესებდა, ხან მბეზრდებოდა, ხან მაოცებდა, ხან იმედს მიცრუებდა.

    რომ დავამთავრე კითხვა, საბოლოოდ ჩამოვყალიბდი იმ აზრზე, რომ მომეწონა. სხვა შემთხვევაში, ამხელა წიგნს არ წავიკითხავდი, ალბათ. ის სტილიც მომეწონა, რასაც მართლა ყველა სცენის ზედმიწევნით და დეტალურად ახსნაში გამოხატავს. გრძელი სიტყვა ყოველთვის მოკლედ კიარ ითქმის🙂

    ჰო, კიდევ, სტამბულში წასვლა მომანდომა ორმაგად და თვითონ იმ მუზეუმის დათვალიერებაც, რომელიც ამ წიგნის მიხედვით შექმნა. დანარჩენ ნაწარმოებებსაც ჩავუჯდები მალე ან ოდესმე მაინც🙂

    Reply
  3. Inga Bagrationi

    ჩემთვის ფამუქი თოვლით დაიწყო და ეს რომანი მიმაჩნია ძალიან ძლიერ ნაწარმოებად, რომელმაც ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s