ზედაპირული შთაბეჭდილებები ბერლინიდან + რამდენიმე ფოტო

towerberlin

შენ შეგიძლია იყო პატარა ზურგჩანთიანი ტურისტი, რომელიც რუკის თანხლებით ქალაქის ცენტრში, თავის რუტინული როტაციით ათვალიერებს ისტორიულ ღირშესანიშნეობებს.  შენ შეგიძლია იყო ჰიპსტერი, რომელიც კროიცბერგერ-ნოიკოლნს შორის მოძრაობს  და აქაური ცხოვრების ბოჰემურ წესს ეზიარება. შენ შეგიძლია იყო ცივსისხლიანი და წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც თავისუფალ დროს სადილად შარლოტენბურგის რესტორანში 30 ევროდ  შნიცელს მიირთმევს. შენ შეგიძლია  ბერლინის ისტორიაში და საკუთარი ხმის ძიებაში გართული არტისტი იყო. შეგიძლია იყო მათხოვარი და  უსახლკარო,  რეჟისორი ან ექიმი, ავტობუსის მძღოლი ან პარლამენტის წევრი. ბერლინი ყველა ამ შესაძლებლობას გაძლევს, დანარჩენი შენზეა დამოკიდებული.

berlinmuseum brandeburgtor

berlinchurch

berlinbeercar

კაცმა რომ თქვას, რა უფლება მაქვს ვისაუბრო ბერლინზე, როდესაც მანდ ტურისტის სახით სულ რაღაც რვა დღე გავატარე? ტურიზმი ხომ სიყალბეა, რომელიც ქალაქის ან ქვეყნის გაცნობის ილუზიას გიქმნით და პრინციპში, გიდის წიგნში წაკითხულისგან დიდად არ განსხვავდება. შთაბეჭდილება წლების განმავლობაში მკრთალდება და ბოლოს აღარაფერი გრჩება გარდა მოგონებისა რომ ოდესღაც რომელიღაც ქალაქში დაფიქსირდი. ალბათ თუ გინდა ობიექტურად შეიცნო ბერლინი, ან ნებისმიერი სხვა მეტნაკლებად დიდი ქალაქი, აუცილებელია მანდ იცხოვრო, სხვა შემთხვევაში ყველას ქალაქის შესახებ საკუთარი სიმართლე ექნება, მათ შორის მეც. ეს პოსტი კი ჩემი პირადი სიმართლეა.

ერთ დროს პრუსიის და მოგვიანებით გერმანული იმპერიის დედაქალაქი, ბერლინი უნიკალური მოვლენაა, რომლის უნიკალურობა მეტწილად ჯერ კედლის აღმართვამ, შემდგომ კი მის დანგრევამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა რომ კედელი 20 წელიწადზე მეტია რაც დაინგრა, ის მაინც ცოცხალია და ეს შეგრძნება ყოველდღიურობაში ქალაქის ყველა მონაკვეთზე იგრძნობა. ბერლინში სიარულისას არცერთი წამით არ მტოვებდა ინტერესი იმისა თუ როგორ და ვინ ცხოვრობდა ამა თუ იმ უბანში. ამიტომაც, მგონია რომ ბერლინი ის ქალაქია სადაც ისტორია ყველაზე მკვეთრად ცოცხლობს. ეს ის ქალაქია ოთხმოცდაათიან წლებში  კედლის დანგრევამ, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით მასობრივი მიგრაცია რომ გამოიწვია, მიგრაცია რომელმაც ქალაქი-კოქტეილი შექმნა, კოქტეილი რომელიც მუდმივი მზადების და მიქსის პროცესშია.

berinwarshauwer

potsdammer

soviethatsberlin

ისე, ლირიკას და რომანტიკას თავი რომ დავანებოთ და ცოტათი მექანიკაზე გადავერთოთ, ყველაზე დიდი აღფრთოვანების საგანი ჩემთვის ტრანსპორტის სისტემა აღმოჩნდა. ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტი  გერმანული ორგანიზების და მოწესრიგებულობის ერთგვარი სიმბოლო და ავატარია. მიუხედავად იმისა თუ რომელ უბანში, ან რომელ დროს იმყოფებით, პრაქტიკულად გამორიცხულია რომ ტრანსპორტით ვერ ისარგებლოთ და დანიშნულების ადგილას ვერ მოხვდეთ. მეტროს, მატარებლის, ავტობუსის და ტრავმაის ხაზები ისეა ერთმანეთში გადაკლაკნილი და შეერთებული, რომ ქალაქს შიგნით მოძრაობა ბევრ დროს არ დაგარკვინებთ, განსხვავებით ლონდონისა, სადაც მეტროში შეიძლება საათები გაატაროთ.

ბერლინის კლუბური და ღამის ცხოვრება ცალკე თემაა. ქალაქი ამ მხრივაც მრავალფეროვნებას გთავაზობთ. აქ ყველაფერია, დაწყებული მეინსტრიმ კლუბებისგან, მაღალი ფასებით სადაც  მოკლე კაბებიან გოგოებს და საგანგებოდ ნაკაჩავებ ბიჭებს შეხვდებით, გაგრძელებული ჰიპსტერებით გაძეძგილი კლუბებით, სადაც ტექნო მუსიკა უკრავს და დამთავრებული მყუდრო ხმელთაშუაზღვის სტილში გადაწყვეტილი ბარებით.

ბერლინი მსოფლიო პროცესებში მონაწილე აქტიური მოთამაშეა, აქ იქმნება არტი, მოდის, პოლიტიკის და სხვა ტენდენციები. ეს ის ქალაქია სადაც დროს ფასი აქვს, მაგრამ განსხვავებით ზოგიერთი სხვა დიდი ქალაქისა, ბერლინს გასანკუთრებული შარმი და სიმყუდროვე ახასიათებს, რომელიც დიდი სისტემის მარწუხებში მოქცეულ პატარა ჭანჭიკად არ გაგრძნობინებს თავს. აქ შენ ადამიანი ხარ და თუ არჩევანის თავისუფლება ზოგადად არსებობს, ბერლინი სწორედ ის ქალაქია სადაც არჩევანის გაკეთება შეგიძლია.

berlinriver berlingraffiti berlinpark berlinwall

One thought on “ზედაპირული შთაბეჭდილებები ბერლინიდან + რამდენიმე ფოტო

  1. LiLaC

    მე სულ რაღაც დღენახევრის გატარება მომიწია ბერლინში. აუცილებლად მინდა დაბრუნება, თუმცა ცხოვრების რა მოგახსენო – იმდენი ქალაქის და ქვეყნის შეცნობა მინდა თავიდან ბოლომდე, ყველგან რომ ვიცხოვრო, ფიზიკურად ვერ მოვასწრებ :))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s