Monthly Archives: ივლისი 2013

ვაგინა მონოლოგები საქართველოში [ფოტორეპორტაჟი]

8 ივლისის აქცია “გადავარჩინოთ ხეები გაჩეხვას” [ფოტო]

2013 წლის 8 ივლისს დილით კომპანია “BD Property-მ” ასათიანის ქუჩასთან მდებარე  საბურთალოს პარკში ხეების გაჩეხვა დაიწყო. აქცია “გადავარჩინოთ ხეები გაჩეხვას” მონაწილეებმა ამბის შეტყობისთანავე მიმდებარე ტერიტორიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. დღის განმავლობაში ადგილზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგოლაძე მოვიდა. 9 ივლისს მინისტრმა განაცხადა რომ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხერხდა და  პარკში ხეები აღარ გაიჩეხებოდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ და აქ.

გთავაზობთ 9 ივლისის აქციის ამსახველ ფოტო მასალას.

აი თითი ანუ კომენტარი დავით კოვზირიძის ეპისტოლეზე

“მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიცი”

– სოკრატე-

წვერგაუპარსავი რაიან გოსლინგი რომელსაც დავით კოვზირიძისგან “გაუტყდა”

არც კი ვიცი ღირს თუ არა პუბლიცისტ, მწერალ თუ ჟურნალისტ (აქედან კონკრეტულად რომელია არ ვიცი) დავით კოვზირიძის მარგალიტ ტექსტზე გამოხმაურება, რომლის წაკითხვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ, მაგრამ სხვა თუ არაფერი, გავერთობი მაინც.

2013 წლის 2 ივლისს, მოცემული ტექსტი ჩემი ფეისბუქ ფრენდების დიდმა ნაწილმა მოიწონა და “დედა ეს რა მაგარი რამე წავიკითხე-ს” მაგვარი პათოსით საკუთარ კედელზე გამოაშანშალა. აღფროთვანებულ ადამიანთა რიცხვი დღის განმავლობაში წუთობრივად მატულობდა, ტექსტი, “აიფონიანი” საპროფილე სურათის მქონე გოგოებით დაწყებული, მანქანის საჭესთან მიმსხდარი ბიჭებით დამთავრებული ყველამ მოიწონა. იკითხებოდა შემდეგი ტიპის კომენტარები, “რა მართალია,” “დიდებულია,” “აუ ეს დავბეჭდოთ და ქუჩაში დავარიგოთ”.

სანამ უშუალოდ ტექსტს წავიკითხავდი, ვიფიქრე ბორხესმა რეინკარნაცია განიცადა და ტაბულას მესვეტეს სახით მოგვევლინა თქო… თუმცა, მერე წავიკითხე ტექსტი… ხოოოდა, რა გითხრათ, რითი გაგახაროთ?..

ავტორის მიერ წამოჭრილი თემა იმდენად ბანალური, არაფრის მომცემი და ცარიელია, რომ მსგავსი ტექსტის ავტორობას მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცუდი რეჟისორი სახელად ედ ვუდიც კი არ მოინდომებდა.

საქმე ისაა რომ კოვზირიძე ისეთ მარტივ თემებზე საუბრობს, რომელსაც წესით და რიგით ბავშვობაში მშობლები უნდა გასწავლიდნენ, ან მშობლები თუ არა პედაგოგები მაინც. როგორ წარმოუდგენია ავტორს, სიტყვაზე, თუ ადამიანმა ადრეულ ასაკში ვერ გაითავისა რომ “ბანაობა კარგია,” უცბად ტაბულას ვებ გვერდზე შემოვა, მის დიდაქტიკურ ტექსტს წაიკითხავს, შეიგნებს, დაიყვირებს “ევრიკა” და სასწრაფო წესით სახლში “დუშ კაბინას” დაამონტაჟებს? მერე წყალს გადაივლებს და ნასიამოვნები განაცხადებს, “კარგია კიკეთი” კი არადა, “კარგია ბანაობა?”

ერთ-ერთ “მცნებად” ავტორს შემდეგი ფრაზა მოჰყავს: “ქუჩაში ფურთხება, თან ასეთი სიხშირით და ენერგიულობით, სირცხვილია. კიდევ უფრო საძაგელი სანახავია, ცხვირის უცხვირსახოცოდ, ჰაერში გატყორცნით მოხოცვა. ასე არავინ იქცევა დედამიწის ზურგზე.” – მინდა ვუთხრა ავტორს”: You don’t say. აქვე შემიძლია წავაშველო და დამატებითი იდეები შევთავაზო, მაგალითად, ასევე ცუდია ბოდიში და  აცუებდე საზოგადოებრივ თაშეყრის ადგილებში, იფხანდე ერთ ადგილს, აბოყინო და ა.შ. მაგრამ მართლა მაინტერესებს, ყოველგვარი ქილიკის გარეშე, ჟურნალის ვებ გვერდზე (მნიშვნელობა არ აქვს რომლის) ეს რა დასაწერია?

ინგლისურ ენაში ერთი შესანიშნავი სიტყვა არსებობს – “Patronizing”. ზუსტი ქართული შესატყვისი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით რომ ვთქვათ ეს ისეთი ქცევაა როდესაც ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელსაც საკუთარი თავი სხვებზე გამოცდილი და ჭკვიანი ჰგონია, არიგებს სხვებს, თითქოს მათზე ზრუნავდეს. დაახლოებით ასეთ სტილშია დაწერილი კოვზირიძის სტატიაც: “თქვენ ბნელები, მე (ჩვენ) რაფინირებული”. დანამდვილებით არ ვიცი ვინ რამდენად ბნელია და ვინ რამდენად რაფინირებული, მაგრამ ერთი რამის ზუსტად თქმა შემიძლია – ნაკლებად სახიფათოა ადამიანი რომელიც საკუთარ სიბნელეს აღიქვამს, ვიდრე ბნელი ადამიანი, რომელიც საკუთარ სიბნელეს ვერ ხვდება.

თუმცა, ყველაზე მეტად ავტორის ტექსტში არა თუ დიდაქტიკური მოტივები მომეწონა, რომლებიც ტექსტის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ, არამედ ის იდეოლოგიურად გაჯერებული, თითქოს შეუმჩნეველი, ფსევდო ნეო ლიბერალური პოსტულატები, რომლებსაც ავტორი შავზე თეთრად დაწერილი წინადადების სახით გვაპარებს, მაგალითად – “უფასო არაფერი ვარგა” – WHAT? ბატონო ავტორო, კლასიკური გაგებით უფასო მოცემულობების რიცხვში შედის ძალიან ბევრი კარგი რამეები, მაგალითად მზე, ბავშვობაში დედის ალერსი, წყაროს წყალი და ა.შ. კარგით, ამ ყველაფერმა თუ არ დაგარწმუნათ, ბოლოს და ბოლოს ამბობენ ტაბულაც უფასოაო (ან იყო მაინც). ტაბულა რომ კარგია ამის მაინც ხომ გჯერათ?.. თუ?..

უცბად წარმოვიდგინე ავტორის საკუთარ თავთან დაახლოებთ შემდეგი შინაარსის დიალოგი, “ბანაობა კარგია… კიდევ რა არის კარგი?.. კიდევ მზე… მოიცა, მზე როგორ იქნება კარგი თუ უფასოა? უფასო ხომ კარგი არ შეიძლება იყოს, მაგრამ მზე ხომ კარგია? სექსი? სექსი უფასო სჯობია თუ ფასიანი?” Error, error… Do you want to restart your computer now?

თუმცა, ყველაზე ცუდი ის კი არ არის რომ ავტორმა ძალიან სასაცილო (შემთხვევით და არა შეგნებულად) ტექსტი წარმოადგინა, არამედ ის რეაქციები, რომლებიც ამ ტექსტის დაბეჭდვას მოჰყვა. არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ მეგობრებო, ნუთუ ნორმალური პუბლიცისტიკა არავის წაგიკითხავთ? კარგით, შეიძლება ქართულენოვანი ღირებული ტექსტი არ შეგხვედრიათ, მაგრამ ინგლისური და კომპიუტერი რომლებმაც იცით, ინტერნეტში მაინც არ გინახავთ სიტყვაზე ინგლისურ ენაზე (რუსულს შეგნებულად არ დავასახელებ, ავტორი იძახის “ფუააო ეგ”) დაწერილ მართლაც რომ აღსაფრთოვანებელ ტექსტი. რა მოგივიდათ?

ქილიკი ერთი აბზაცით მაინც გვერდზე გადავდოთ და სერიოზულად რომ ვთქვათ ავტორს რეალურად რომ აღელვებდეს ის მდგომარეობა, რომელსაც სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში მოდით ვაღიაროთ და შევხვდებით, დიდაქტიკის სხვა ფორმას აირჩევდა და არა ასეთს. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანი რომელიც შეიძლება უმსგავსოდ იქცეოდეს ან აზროვნებდეს შემოვიდეს ტაბულას საიტზე, წაიკითხოს ტექსტი და ერთ დღეში შეიცვალოს. ანუ, ავტორის ტექსტი სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვერ აღწევს ადრესატამდე და დარწმუნებული ვარ ამის შესახებ ავტორმა ძალიან კარგად იცის.

სამწუხაროდ მგონია რომ ადამიანთა კატეგორია რომელმაც ტექსტი მოიწონა არათუ მართლა ღელავს პრობლემებზე საზოგადოებაში, არამედ წერილის გაზიარებით და მოწონებით ცდილობს ერთმანეთს ნარცისისტული სიამაყით განუცხადოს: “აი რა კარგები ვართ , ჩვენ ხომ ასე მაგრად ვაზროვნებთ, ფუ ის ბნელები, რომლებიც არ ბანაობენ”.

და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ხელი გულზე დაიდეთ და ერთ მარტივ კითხვას უპასუხეთ, “მართლა გგონიათ რომ პუბლიცისტ,  მწერალ თუ ჟურნალისტ დავით კოვზირიძის მიერ დაწერილი პოსტი ზოგიერთს გააგებინებს რომ ქართველები ყველაზე მაგრები არ ვართ (ჩემი, თქვენი და კოვზირიძის ჩათვლით)?

ეპილოგის მაგიერ

დამატებითი კომენტარი დავით კოვზირიძის რამდენიმე პოსტულატზე

“წინადადება – რა სექსუალური ხარ – კომპლიმენტია და არა შეურაცხყოფა” – ბატონო ავტორო, გააჩნია სიტუაციას, მაგალითად საქმიან შეხვედრაზე თქვენს კოლეგას ასე რომ მიმართოთ, ყველაზე მინიმუმ ქაჯობად შეიძლება იყოს აღქმული.

“თუ NATO-ში შევალთ, ვერავინ ვეღარაფერს გაგვიბედავს. ამიტომ NATO ძალიან კარგია.” – კი, შევალთ. ზეგ.

“სტალინი ძალიან ცუდი ადამიანი იყო” – ძალიან გთხოვთ, მიეცით ადამიანებს არჩევანის თავისუფლება, თქვენს სათაყვანებელ დასავლეთში (ასევე ჩემს სათაყვანებელ დასავლეთში) მოქალაქეებს ამის უფლება ნამდილად აქვთ, მრავალფეროვნება კარგია.

“მარიხუანის მომხმარებლები ნარკომანები და კრიმინალები არ არიან” – კვლავ, “You do not say”.

“მსოფლიოში არსად სვამენ ამდენ ღვინოს და ამდენ ხანს, ეს არაა ნორმალური” – თქვენ როგორც ჩანს ევროპული ქალაქებში უიქენდზე კლუბებთან არ გაგივლიათ.

“წვერგაპარსული კაცი გაუპარსავზე უფრო კარგი შესახედავია” – დავიჯერო წვერგაპარსული ფრენკ რიბერი წვერგაუპარსავ რაიან გოსლინგზე უფრო კარგი შესახედავია?

“სექსი ბუნებრივი მოვლენაა. სექსი სასიამოვნოა,” გეთანხმებით ოღონდ უფასო (ამაზე რა გეწერათ?), ფასიანი გულისამრევია.

“მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი… ამ პროფესიის ადამიანებო, წესიერად მოემსახურეთ კლიენტებს, ნუ გეზარებათ ეს და ნუ ჩხუბობთ უჟმური სახეებით”– პუბლიცისტები, მწერლები და ჟურნალისტები თუ წერას ისწავლიან ალბათ ამათაც დაადგებათ საშველი.

“სწავლა, სწავლა და სწავლა” – გეთანხმებით 🙂

“რაც უფრო ხშირად გავუღიმებთ ერთმანეთს, მით უკეთესი” – ზაზა ბურჭულაძეს მაგალითად არ მოსწონს რომ უღიმიან.

“მსახიობი, რომელიც კამერის წინ შიშვლდება, ბოზი არ არის” – ძუძუდან ხელი აიღე იაშა ბიძია კი არადა, ბოზი საკუთარი სურვილით არავინ ხდება, ანუ ცუდი არ არის.