Monthly Archives: სექტემბერი 2013

Facebook მომხმარებელთა რამდენიმე ტიპი

მელანქოლიური, ოდნავ გარიყული და შიგადაშიგ მოწუწუნე იუზერი

კარგ ხასიათზე მყოფი ხშირად აშეარებს კატების საყვარელ და სასაცილო ვიდეოებს. ცუდ ხასიათზე ყოფნისას როგორც წესი ამის შესახებ საკუთარი სტატუს აფდეითით იუწყება. ყველაზე ხშირად იყენებს შემდეგ ემოტიკონს: ❤ და 😦

მიაქვს გულთან ყველაფერი ახლოს, ვერ ხვდება სარკაზმს და ამავდროულად ძალიან უხარია როდესაც რომელიმე ფოტოზე ვინმე უკეთებს შემდეგ შინაარსის კომენტარს: “როგორიიი ლამაზი ხარ, მენატრები <3”

საყვარელი წიგნი – ჯეინ ეირი, საყვარელი ფილმი – Notebook, უსმენს სოულს.

აქტივისტი

ზედმიწევნით კარგად ფლობს NGO ლექსიკონს. აშეარებს და დადის იმ ივენთებზე, რომელსაც მეტწილად მისი ორგანიზაცია აწყობს. უკვირს აქციაზე საკუთარი ნებით, პირდაპირი დაინტერესების გარეშე მოსულ ადამიანს თუ ხედავს.

განსაკუთრებით კარგად ერკვევა გენდერთან და LGBT დაკავშირებულ თემებში, ნაკლებად სოციალურ და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში.

წელიწადში ორჯერ ან სამჯერ გადის საზღვარგარეთ დაგეგმილ ღონისძებაზე. მუსიკას მაინცმდაინც არ უსმენს, მაგრამ იცის რომ ჯაზი კარგია. კითხულობს თანამედროვე ლიტერატურას (მურაკამი, ფამუქი, კუნდერა), უყურებს ჰოლივუდის ნაწარმს, მაგრამ საჯაროდ არტ ჰაუსზეც ძალუძს ერთი ორი სიტყვის ჩაგდება. უყვარს ასეთი ტიპის პოსტების კითხვა და დაშეარებისას “ვაიმე რაღაცეები რა სიმართლეა-ს” კომენტარად მიწერა.

აქტივისტ-ინტელექტუალ-ექსპერტი

გმობს და აკრიტიკებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების უმეტესობას, აშეარებს ივენთებს, აჭერს “ეთენდინგს”, მაგრამ თავად ასეთ ღონისძიებებზე ნაკლებად მიდის ხოლმე.

უყვარს დისტანცირება, იქმნება შთაბეჭდილება რომ საკუთარ თავს რიგ შემთხვევებში “ბნელი მასისგან” გამოყოფს.

თუ მემარცხენეა  სურს ელიტარულობა და თან “უტყდება”, თუ მემარჯვენეა სურს ელიტარულობა და არც “უტყდება” მაგრამ სერიოზულად არავინ აღიქვამს და ასეთად არავინ მიიჩნევს.

უსმენს კლასიკას, უყურებს არტ ჰაუსს, მაგრამ თუ ერთზე ან მეორეზე საუბრობს ამას სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში აკეთებს და განიხილავს. მხატვრული ლიტერატურის კითხვისთვის ფეისბუქზე აქტიურობის გამო ნაკლები დრო რჩება.

საკუთარ თავთან მოლაპარაკე იუზერი

იმის გამო რომ სტატუსებს საუკეთეშო შემთხვევაში ძალიან ცოტა თუ ულაიქებს ან უარესში საერთოდ არავინ, როგორც წესი ამას თვითონ აკეთებეს.

ჰგონია რომ გონებამხვილურად ხუმრობს, მაგრამ ეს უკეთ გასაგები რომ იყოს ისტერიულად სმაილიკების დიდ რაოდენობას რთავს ხოლმე. სხვისგან კომენტარს რომ ვერ აღმოაჩენს – თავად იწყებს კომენტირებას და საკუთარ თავთან შედის დიალოგში.

ლაპარაკობს და წერს პირად თემებზე, რომლებიც პრინციპში სხვას არაფერს ეუბნება და ამავდროულად არც აინტერესებს. გაურკვეველია რას უსმენს, უყურებს თუ კითხულობს.

მეოჯახე დიასახლისები (AKA ორი ერთში)

ამ ჯგუფის წარმომადგენლები როგორც წესი ერთ პროფაილში როგორც მინიმუმ ორ ადამიანს აერთიანებენ – ანუ საკუთარ თავს და მინიმუმ ერთ მცირეწლოვან შვილს, მეტწილად არიან დედები.

ფოტოების შეფარდება 60-40-ზეა, შვილის სასარგებლოდ.  სხვებისგან ხშირია კომენტარები, “ვაიმე რამხელა გაზრდილა” (ანუ ადრე, უინტერნეტობის პერიოდში ყველასათვის კარგად ნაცნობი შორი ნათესავის რეპლიკამ დიჯიტალიზაცია განიცადა).  წიგნების კითხვაზე დრო არ რჩებათ, უსმენენ სამზარეულოში ჩართულ რადიოს, უყურებენ ჰოლივიდურ მელოდრამა/კომედიებს. საყვარელი მსახიობი – ეშთონ კატჩერი ან ჯონი დეპი.

პროზელიტიზმით დაკავებული ერის სულიერი მამები

შეიძლება იყვნენ სხვადასხვა იდეოლოგიების მატარებლები და ამის მიხედვით ქადაგებენ იდეებს. ჰყავთ 5000 ფრენდი, თუმცა აქ ორი ჯგუფის გამოყოფა შეიძლება 1) ტელევიზიის წყალობით პოპულარული ინდივიდები, ვისაც სხვები ისტერიულად იმატებენ 2) არაპოპულარული ინდივიდები, რომელსაც პოპულარობა სურთ და თავად ამატებენ სხვებს (ოღონდ თუ ვინმემ ჰკითხა “ამდენი ფრენდი საიდანო,” პასუხობენ “რავიცი, მამატებენ და უარს ხომ არ ვეტყვი”).

სტატუსები ლაიქების გარეშე არ რჩებათ ხოლმე (განსაკუთრებით პირველ შემთხვევაში) და ამიტომაც “საკუთარ თავთან მოლაპარაკე იუზერის” ანტიპოდს” წარმოადგენენ. თვლიან რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლიას ფლობენ და ღიზიანდებიან თუ ვინმე არ ეთანხმება, თუმცა ამას ნაკლებად გამოხატავენ. იდეოლოგიური სიჭრელის გამო უყურებენ, უსმენენ და კითხულობენ (ან არ უყურებენ, არ უსმენენ და არ კითხულობენ) სხვადასხვა პროდუქციას.

კინიკოსები

რეალურად ძალიან დაუცველი ჯგუფია და სწორედ ეს დაუცველობა აიძულებთ ყველაფერი “აიგდონ” და სერიოზულად არაფერი აღიქვან. სარკაზმით ეპყრობიან პროზელიტიზმით დაკავებულ ერის სულიერ მამებს, გმობენ აქტივისტებს და ზოგადად მეგობრობენ მხოლოდ ერთმანეთთან, თუმცა ამ შემთხვევაში კონკურენციის გამო ხშირად ცდილობენ “უკეთ იხუმრონ” ან “აიგდონ” რამე თემა. ხშირად ტროლაობენ, რასაც ხშირად სხვები ვერ ხვდებიან და მათ კომენტარებს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ. უსმენენ Depeche Mode-ს და Kraftwerk-ს, მეტწილად კითხულობენ სამეცნიერო ფანტასტიკას და უყურებენ ყველაფერს.

მტკვარ-დივან-გალერის კრიტიკული მასა

ერთობიან ერთფეროვან კლუბებში ერთფეროვანი ვიზიტებით. ამის შესახებ ფეისბუქზე დადებული ფოტოებიდან ვიგებთ. ლოცულობენ ბერლინზე და უსმენენ მინიმალს. შიგადაშიგ იკვებებიან ხინკლით, მაგრამ ამავდროულად  დასცინიან ხინკლის მოყვარულებს. ზევიდან უყურებენ მათ ვინც მათ “სტანდარტებში” არ ჯდება. წიგნებს არ კითხულობენ, სამაგიეროდ კარგად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ერთი ორი კარგი ლინკი ყოველთვის უგდიათ.  ძალიან “უტყდებათ” როდესაც აღმოაჩენენ ხოლმე რომ მათ მიერ დაშეარებული კომპოზიცია სხვისთვის უკვე ცნობილია, მაგრამ ამას არ იმჩნევენ.

Advertisements

შთაბეჭდილებები გრძელი ნათელი დღეების ნახვის შემდეგ

გარეთ 2013 წელია. ქალაქში პოლიცია დადის, წესრიგია და ქუჩაში ნაკლებად ისვრიან. შავ-ბნელი ოთხმოაცდიანების შემდეგ წლები გავიდა. მეტიც, გაიზარდა თაობა რომელსაც ის პერიოდი არ ახსოვს. ის პერიოდი ისტორიას ჩაბარდა.

ნებისმიერი ისტორიული პერიოდი თუ მოვლენა, მითუმეტეს თუ ის მძიმეა, ყოველთვის პოულობდა ადგილს სხვადასხვა მწერლების, რეჟისორების და ზოგადად ხელოვანების ნამუშევრებში. ამის მიუხედავად 90-იანი წლების საქართველომ ვერა და ვერ მოიპოვა სათანადო ადგილი ხელოვანების შემოქემდებაში. ყოველშემთხვევაში, ამ თემაზე შექმნილი ნაწარმოებები მწირია და უმეტეს შემთხვევაში, მოვლენების უფრო ზედაპირულ, ზერელე აღწერას წარმოადგენენ.

საბედნიეროდ, ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ნამუშევარი, გრძელი ნათელი დღეები აშკარა გამონაკლისია. მიუხედავად იმისა რომ ფილმს უკვე ხვდა წილად წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე და ის მრავალი ჯილდოს მფლობელია, მე მაინც ის ძალიან ადგილობრივი პროდუქტი მგონია, რომლის მთლიანი მნიშვნელობა მხოლოდ საქართველოში უნდა გაიგონ. ამას კარგი გაგებით ვამბობ. საქმე ისაა რომ ფილმი ძალიან ახლო და ნაცნობია ყველა იმ მაყურებლისთვის რომელსაც ის პერიოდი ახსოვს. თუ ის პერიოდი გახსოვს  (პისტოლეტის ჩუქება, მოტაცება, არაადამიანური პურის რიგები და ა.შ.) შეუძლებელია რომელიმე ეპიზოდს ან მაგალითს “მოგონილი” უწოდო, მაგრამ ამავდროულად თუ სხვა, განვითარებულ ქვეყანაში დაბადების ბედნიერება გვხდა წილად და ეს ყველაფერი არ გამოგივლია, შეიძლება ეჭვი შეგეპაროს რომ ასეთი რაღაცეები მე-20 საუკუნის დასასრულს შეიძლებოდა ხდებოდეს. ეჭვი შეგეპაროს არა იმიტომ რომ ფილმი ამის საშუალებას გაძლევს, პირიქით ფილმი ზედმიწევნით კარგად, სკურპულოზული დეტალების გამოყენებით აღწერს იმდროინდელ რეალობას, არამედ იმიტომ რომ იმდროინდელი რეალობა იმდენად გასაგიჟებელია, რომ უცხო ადამიანს შეიძლება უბრალოდ ფიქცია ეგონოს.

დეტალებს რაც შეეხება, ირაკლი წერეთლის წინასაარჩევნო პლაკატი, საბჭოური ნომრები “БГГ” სერიით,  რიგებში “რკინის გალიებში” მოტანილი პური და ბევრი სხვა მინიშნება მართალია უბრალოდ დეტალს წარმოადგენს, მაგრამ სწორედ ამ დეტალებისგან იქმნება აურა, რომელიც მაყურებელს იმ პერიოდის გარემოში აგდებს.

ფილმში რამდენიმე საუცხოო და აპლოდისმენტის ღირსი სცენაა. ერთ-ერთი ასეთი ოჯახში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტს ასახავს, რომელიც ქმრის ლოთობის გამო წარმოიშობა.  სადილის დროს ისინი მაგიდას ტოვებენ და სხვა ოთახში განაგრძობენ ჩხუბს. ისმის გინება, ყვირილი. ვითარება რომელიც ნორმალურ პირობებში აღშფოთების მიზეზი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრებისგან ბოლო მომენტამდე ასეთ რეაქციას არ იწვევს. ისინი მშვიდად განაგრძობენ სადილს, ცოლ-ქმრის ჩხუბი ფონია, არანორმალური ვითარება, რომელიც იმ რეალობაში ნორმალურობად აღიქმება. ამ მოკლე სცენით ფილმის ავტორებმა მაყურებელს რამდენიმე წუთში აუხსნეს 90-იანი საქართველოს სოციალური მიკროკოსმოსი.

მეორე სცენა – ქორწილში მთავარი გმირის მიერ შესრულებული ცეკვაა, რომლის სიტყვებით აღწერა რთულია და უბრალოდ სანახავია. ეს ქორწილი იმ ძალდატანით მოტაცების შედეგია, რომლის მსხვერპლიც ფილმის ერთ-ერთი გმირი, ნათია ხდება. ლამაზი გოგო, რომელიც მხოლოდ იმიტომ რომ “ვიღაცას მოსწონს” და ამ “ვიღაცას” შესწევს “ნაგლობა” მოიტაცოს, უნდა გახდეს ამ “ვიღაცის” ცოლი, დიასახლისი. მას სხვა გამოსავალი არ აქვს. ფილმს რომ ვუყურებდი დაახლოებით შემდეგ აზრმა გამიელვა: “რა ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ ის გოგოები რომლებიც იმ პერიოდში შედარებით არალამაზები იყვნენ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჰქონდა ქალს შანსი აეწყო მისი პირადი ცხოვრება. ლამაზი გოგოები უშანსოდ იყვნენ, მათ იტაცებდნენ.”

მიუხედავად იმისა რომ ფილმი საქართველოსთვის მძიმე პერიოდს ეხება და ასახავს, აღსანიშნავია რომ პარალელურად რეჟისორები აღწერენ ორი გოგოს, მათი თანატოლების და უფროსების ცხოვრებას, ცხოვრებას რომელიც პრინციპში არ იმჩნევს არსებულ რეალობას. ასეც იყო, მიუხედავად 90-იანების ურთულესი პირობებისას ადამიანები მაშინაც ცხოვრობდნენ, მაშინაც უყვარდათ, მოსწონდათ, მეგობრობდნენ, ენატრებოდათ, მოკლედ ყველაფრის მიუხედავად რჩებოდნენ ადამიანებად.

ასევე აღნიშვნის ღირსია, მსახიობების თამაში, კამერა, სწორად და შესაბამისად შერჩეული საუნდტრეკი (რომელიც თუ არ ვცდები, სულ სამი სიმღერისგან შედგება, მაგრამ სრულად საკმარისია) და ტემპი რომელიც მაყურებელს 102 წუთის განმავლობაში მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ ბოლო წლებში გამოჩნდა რამდენიმე კარგი ქართული ფილმი (“Keep Smiling”, “მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს”, “ქუჩის დღეები” და ა.შ.) უნდა ითქვას რომ გრძელი ნათელ დღეებს ცალკე ადგილი უჭირავს, ეს ის ფილმია რომელიც აუცილებლად უნდა შექმნილიყო. იმედი ვიქონიოთ რომ ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი ამ თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის პიონერად მოგვევლინება, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სხვა ნამუშევრებიც.

სიურრეალიზმი ცომგამოცლილი ხაჭაპურის მოლოდინში

დაფუძნებულია რეალურ ამბავზე

შუაგულ ბათუმში ერთი კაფეა. “რეტრო” ჰქვია. რეტროს ფასადს ვინმე გიას პლაკატი ამშვენებს. ამ პლაკატზე გიას, რომელიც წითელი აგურის ფონზეა გამოსახული, ხელები მუშტად აქვს შეკრული. აგრესიულად შეკრული მუშტები არ გეგონოთ. ეს მუშტები ქვეცნობიერ დონეზე გაუწყებთ რომ გიას ამ ხელებით ისეთი აჭარული ხაჭაპურის მოზელვა და კონტურების მიცემა შეუძლია, რომ თავის ხელობაში ის ერთგვარ ლეონარდო და ვინჩისთან შეგვიძლია გავაიგივოთ.

ჩვენ, რამდენიმე მეგობარი აქ ვართ, კაფეს ექსტერიერში გია მონალიზისეური ღიმილის ფონზე ვსხედვართ და ათასჯერ ნაქებ ცომგამოცლილი ხაჭაპურის მოტანას ველოდებით. გია უბრალოდ ადამიანი, ცალკეული ინდივიდი აღარაა. გია ბრენდია. პლაკატი კი მისი ერთგვარი ავატარია, რომელიც ბათუმიდან თბილისამდე ყველაზე ცნობილ სახაჭაპურეებს აერთიანებს.

გია თანამედროვეობის და რეალური სამყაროს ვილი ვონკაა. ისევე როგორც ვილი ვონკას, გიასაც ჰყავს თავისი უმპა ლუმპები, რომლებიც საიდუმლო რეცეპტების გამოყენებით სხვადასხვა სამზარეულოებში ფუსფუსებენ. გიას ავატარი მათ დაჰყურებთ და ღმერთმა არ ქნას რამე შეეშალოთ, გიას მუშტებს ცომის გამოცლის გარდა ხომ სხვა რამის გაკეთებაც ძალუძთ.

ვსხედვართ, ველოდებით. დრო გადის. აგვიანდება. როგორც ჩანს რაღაც განსაკუთრებულს გვიმზადებენ. ამასობაში, ჩვენს მეგობარს კოდური სახელწოდებით “გამეზა,” რომელსაც მაღაზიაში უნდა გაევლო ასევე აგვიანდება. ვურეკავთ, “გამეზ, მოდი”. გამეზა გვპირდება რომ მალე მოვა, ოღონდ ამას შოკირებული ხმით გვეუბნება.

ცოტა ხანში გამეზა მოდის, აღშფოთებულია. “სიგიჟეა, სიგიჟე, ეს რა ქალაქია, ეს რა იყო?”.

“რა მოხდა გამეზ?”

გამეზა გვიყვება.

იქვე ახლო მახლო მაღაზიაში გასულს ათი ლარის ფარგლებში რაღაცის ყიდვა სდომებია. ოცლარიანი მიუწოდებია გამყიდველისთვის, გამყიდველი კი ხურდას არ უბრუნებს. გაკვირვებული გამეზა გამყიდველს ამცნობს რომ ოცლარიანი მიაწოდა. გამყიდველი უარზეა. გამყიდველი ამბობს რომ გამეზა სტყუის. “როგორ გეკადრება?” ეუბნება და იქვე ახლო მახლო ხალხს გადახედავს. ხალხი რიგშია და წუხდება. გამეზას ცუდი თვალით უყურებენ. გამეზა არ იშლის, ათლარიანი უნდა. ხალხი კიდევ უფრო წუხდება. გამყიდველი ქალი კიდევ უფრო ბრაზდება. ხალხი კი გამეზას კიდევ უფრო ცუდი თვალით უყურებს.

“ნათელა დეიდა, რამე პრობლემაა? ვინმე ხომ არ გაწუხებთ?” ფურთხების ფონზე ეკითხება ნათელა დეიდას, ანუ გამყიდველ ქალს კართან მდგომი 15 წლის ლაწირაკი. გამეზა ხვდება რომ მდგომარეობა შეიძლება უკონტროლო გახდეს. მის საბედნიეროდ კარებში დაცვა შემოდის. “კამერაში ვნახოთ,” იძახის დაცვა და გამეზას ეჭვის თვალით სთხოვს ცალკე ოთახში გამოყოლას.

ცალკე ოთახში გამეზა, დაცვა და ნათელა არიან. ჩანაწერს ახვევენ. კადრში კარგად არ ჩანს რა კუპიურაა. გამეზა ნერვიულობს. ნათელა დარწმუნებულია რომ ათლარიანს ხედავს. გამეზა კადრის გადიდებას სთხოვს. დაცვა “აზუმებს”. ბოლოს ოცლარიანს ხედავს. ოცლარიანი ყოფილა. ნათელა გამეზას გაბრაზებული უყურებს. გამეზას პულსი და სუნთქვა უსწორდება. დახლთან გასული ნათელასგან ბოდიშს ელოდება, მაგრამ წარბშეკრული ნათელასგან მხოლოდ ათ ლარიანს სჯერდება.

გამეზა ჩვენთანაა. ისტორია დამთავრებული აქვს, აღშფოთება არა. მაგრამ ხაჭაპური მაინც არ მოდის. 40 წუთია გასული. არაუშავს, ბევრი ხალხი ჰყავთ, ეს პირველი შემთხვევაა არაა. აგვიანდებათ ხოლმე საქართველოში, ლოდინი ღირს. თავს ვიწყნარებთ.

ამასობაში ჩვენი დაკვირვებები სხვა მაგიდებთან მიმართებაში ძლიერდება. ვაკვირდებით ვინ რას ჭამს, სვამს და რაც მთავარია ეს ყველაფერი მათთან რა დროში მოაქვთ. თავიდან ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ, მაგრამ როდესაც ვხედავთ რომ გვერდზე მაგისთან უფრო გვიან მოსულებისთვის პრაქტიკულად იგივე შეკვეთა ჩვენზე ადრე მოაქვთ, ვხდებით რომ გვჩაგრავენ. ღიმილნარევი ოფიციანტი გვიახლოვდება და გვეუბნება რომ ჩვენ შეკვეთას სულ მალე მოიტანენ: “თქვენს გარდა ერთი მაგიდაა გასაშვები და ამის მერე თქვენი შეკვეთაც მოვა”.

ვერ ვხვდებით რას ნიშნავს “ერთი მაგიდაა გასაშვები”. ანუ ყველა უნდა დააკმაყოფილონ და ჩვენ მხოლოდ ამის მერე მოგვემსახურებიან? დრო გადის. ხაჭაპური აღარ მოაქვთ. მთლიანობაში 90 წუთამდეა  გასული, შიმშილის გრძნობა ნელნელა სადღაც ქრება.

სხვა მაგიდებს აღარ ვაკვირდებით. არა იმიტომ რომ დაკვირება აღარ გვაინტერესებს და კითხვები გვაქვს, არამედ იმიტომ რომ კითხვები აღარ გვებადება, პასუხები ვიცით. ვიცით რომ გვჩაგრავენ, მაგრამ რატომ ვერ ვხვდებით.

იქნებ იმიტომ რომ ახლად შემოსულებმა გიას ავატარზე ვიქილიკეთ? იქნებ იმიტომ რომ ამ ავატარს სურათებს ვუღებდით? იქნებ იმიტომ რომ გამყიდველ ნათელამ გამეზას არაკეთილისინდისიერაბზე ამცნო მზარეულებს? იქნებ იმიტომ რომ ჩემმა მეზობელმა შალვა ნათელაშვილს მისცა (ან არ მისცა) ხმა? იქნებ იმიტომ რომ ავსტრალიაში ახლა ზამთარია? იქნებ იმიტომ რომ ბესო კესოა? იქნებ იმიტომ რომ ჩაკ ნორისი ყველას მოერევა?

ცომგამოცლილი ხაჭაპურის პირველი ნაკადი 101-102-ე წუთზე მოვა. მაგრამ მე-100 წუთზე ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით და ამიტომაც ვიწყებთ ჩამოთვლას თუ რისი მოსწრება შეიძლებოდა ამასობაში.

100 წუთში ფეხბურთის მატჩის თავიდან ბოლომდე ყურებაა შესაძლებელი.

ბათუმში ყოფნისას 100 წუთში  შეგიძლია ზღვაში ჩახვიდე, იბანაო, გაშრე და სახლში წახვიდე.

100 წუთში შეგიძლია ბათუმის აეროპორტამდე მიხვიდე, გაიარო რეგისტრაცია, ჩაჯდე თვითრფინავში და თბილისში ჩაფრინდე.

100 წუთში ორი სრულფასოვანი სქესობრივი აქტი შეგიძლია მოასწო და სიგარეტიც გააბოლო.

100 წუთში შეგიძლია საშუალო ხანგრძილობის ფილმი ნახო.

100 წუთში შეგიძლია ბლოგზე დაწერო თუ როგორ გალოდინეს საათი და ორმოცი წუთი ბათუმის ერთ-ერთ კაფეში.

თუმცა, ამასობაში ხაჭაპურის პირველი ნაკადი (მეორე ნაკადს დამატებითი 15 წუტი დასჭირდება) მოდის და ჩვენც “ვმშვიდდებით”.

სიმართლე უნდა ითქვას და ხაჭაპური გემრიელია. თუმცა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ უპრეცედენტოდ ხანგრძლივ ლოდინზე ვლაპარაკობთ. ცომგამოცლილის დაგემოვნება კი მხოლოდ ფონურ, მეოხარისხოვან ამბავს წარმოადგენს.

ანგარიშს ვთხოვთ. იდეა მაქვს. ჩაიზე ერთი თეთრიც არ დავუტოვოთ. ჩვენი მეგობარი კოდური სახელით “შამანა,” რომელიც ნამდვილი შამანია და სხვადასხვა შელოცვების ცოდნის მიუხედავად, ჩაიზე მაინც ტოვებს გარკვეულ თანხას.

“ტეხავს,” ამბობს შამანა და ჩვენც ვტოვებთ ტერიტორიას. მუშტშეკრული გია მზერით გვაცილებს. მშვიდობით გია, ჩვენ აღარ გნახავთ.