სიურრეალიზმი ცომგამოცლილი ხაჭაპურის მოლოდინში

დაფუძნებულია რეალურ ამბავზე

შუაგულ ბათუმში ერთი კაფეა. “რეტრო” ჰქვია. რეტროს ფასადს ვინმე გიას პლაკატი ამშვენებს. ამ პლაკატზე გიას, რომელიც წითელი აგურის ფონზეა გამოსახული, ხელები მუშტად აქვს შეკრული. აგრესიულად შეკრული მუშტები არ გეგონოთ. ეს მუშტები ქვეცნობიერ დონეზე გაუწყებთ რომ გიას ამ ხელებით ისეთი აჭარული ხაჭაპურის მოზელვა და კონტურების მიცემა შეუძლია, რომ თავის ხელობაში ის ერთგვარ ლეონარდო და ვინჩისთან შეგვიძლია გავაიგივოთ.

ჩვენ, რამდენიმე მეგობარი აქ ვართ, კაფეს ექსტერიერში გია მონალიზისეური ღიმილის ფონზე ვსხედვართ და ათასჯერ ნაქებ ცომგამოცლილი ხაჭაპურის მოტანას ველოდებით. გია უბრალოდ ადამიანი, ცალკეული ინდივიდი აღარაა. გია ბრენდია. პლაკატი კი მისი ერთგვარი ავატარია, რომელიც ბათუმიდან თბილისამდე ყველაზე ცნობილ სახაჭაპურეებს აერთიანებს.

გია თანამედროვეობის და რეალური სამყაროს ვილი ვონკაა. ისევე როგორც ვილი ვონკას, გიასაც ჰყავს თავისი უმპა ლუმპები, რომლებიც საიდუმლო რეცეპტების გამოყენებით სხვადასხვა სამზარეულოებში ფუსფუსებენ. გიას ავატარი მათ დაჰყურებთ და ღმერთმა არ ქნას რამე შეეშალოთ, გიას მუშტებს ცომის გამოცლის გარდა ხომ სხვა რამის გაკეთებაც ძალუძთ.

ვსხედვართ, ველოდებით. დრო გადის. აგვიანდება. როგორც ჩანს რაღაც განსაკუთრებულს გვიმზადებენ. ამასობაში, ჩვენს მეგობარს კოდური სახელწოდებით “გამეზა,” რომელსაც მაღაზიაში უნდა გაევლო ასევე აგვიანდება. ვურეკავთ, “გამეზ, მოდი”. გამეზა გვპირდება რომ მალე მოვა, ოღონდ ამას შოკირებული ხმით გვეუბნება.

ცოტა ხანში გამეზა მოდის, აღშფოთებულია. “სიგიჟეა, სიგიჟე, ეს რა ქალაქია, ეს რა იყო?”.

“რა მოხდა გამეზ?”

გამეზა გვიყვება.

იქვე ახლო მახლო მაღაზიაში გასულს ათი ლარის ფარგლებში რაღაცის ყიდვა სდომებია. ოცლარიანი მიუწოდებია გამყიდველისთვის, გამყიდველი კი ხურდას არ უბრუნებს. გაკვირვებული გამეზა გამყიდველს ამცნობს რომ ოცლარიანი მიაწოდა. გამყიდველი უარზეა. გამყიდველი ამბობს რომ გამეზა სტყუის. “როგორ გეკადრება?” ეუბნება და იქვე ახლო მახლო ხალხს გადახედავს. ხალხი რიგშია და წუხდება. გამეზას ცუდი თვალით უყურებენ. გამეზა არ იშლის, ათლარიანი უნდა. ხალხი კიდევ უფრო წუხდება. გამყიდველი ქალი კიდევ უფრო ბრაზდება. ხალხი კი გამეზას კიდევ უფრო ცუდი თვალით უყურებს.

“ნათელა დეიდა, რამე პრობლემაა? ვინმე ხომ არ გაწუხებთ?” ფურთხების ფონზე ეკითხება ნათელა დეიდას, ანუ გამყიდველ ქალს კართან მდგომი 15 წლის ლაწირაკი. გამეზა ხვდება რომ მდგომარეობა შეიძლება უკონტროლო გახდეს. მის საბედნიეროდ კარებში დაცვა შემოდის. “კამერაში ვნახოთ,” იძახის დაცვა და გამეზას ეჭვის თვალით სთხოვს ცალკე ოთახში გამოყოლას.

ცალკე ოთახში გამეზა, დაცვა და ნათელა არიან. ჩანაწერს ახვევენ. კადრში კარგად არ ჩანს რა კუპიურაა. გამეზა ნერვიულობს. ნათელა დარწმუნებულია რომ ათლარიანს ხედავს. გამეზა კადრის გადიდებას სთხოვს. დაცვა “აზუმებს”. ბოლოს ოცლარიანს ხედავს. ოცლარიანი ყოფილა. ნათელა გამეზას გაბრაზებული უყურებს. გამეზას პულსი და სუნთქვა უსწორდება. დახლთან გასული ნათელასგან ბოდიშს ელოდება, მაგრამ წარბშეკრული ნათელასგან მხოლოდ ათ ლარიანს სჯერდება.

გამეზა ჩვენთანაა. ისტორია დამთავრებული აქვს, აღშფოთება არა. მაგრამ ხაჭაპური მაინც არ მოდის. 40 წუთია გასული. არაუშავს, ბევრი ხალხი ჰყავთ, ეს პირველი შემთხვევაა არაა. აგვიანდებათ ხოლმე საქართველოში, ლოდინი ღირს. თავს ვიწყნარებთ.

ამასობაში ჩვენი დაკვირვებები სხვა მაგიდებთან მიმართებაში ძლიერდება. ვაკვირდებით ვინ რას ჭამს, სვამს და რაც მთავარია ეს ყველაფერი მათთან რა დროში მოაქვთ. თავიდან ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ, მაგრამ როდესაც ვხედავთ რომ გვერდზე მაგისთან უფრო გვიან მოსულებისთვის პრაქტიკულად იგივე შეკვეთა ჩვენზე ადრე მოაქვთ, ვხდებით რომ გვჩაგრავენ. ღიმილნარევი ოფიციანტი გვიახლოვდება და გვეუბნება რომ ჩვენ შეკვეთას სულ მალე მოიტანენ: “თქვენს გარდა ერთი მაგიდაა გასაშვები და ამის მერე თქვენი შეკვეთაც მოვა”.

ვერ ვხვდებით რას ნიშნავს “ერთი მაგიდაა გასაშვები”. ანუ ყველა უნდა დააკმაყოფილონ და ჩვენ მხოლოდ ამის მერე მოგვემსახურებიან? დრო გადის. ხაჭაპური აღარ მოაქვთ. მთლიანობაში 90 წუთამდეა  გასული, შიმშილის გრძნობა ნელნელა სადღაც ქრება.

სხვა მაგიდებს აღარ ვაკვირდებით. არა იმიტომ რომ დაკვირება აღარ გვაინტერესებს და კითხვები გვაქვს, არამედ იმიტომ რომ კითხვები აღარ გვებადება, პასუხები ვიცით. ვიცით რომ გვჩაგრავენ, მაგრამ რატომ ვერ ვხვდებით.

იქნებ იმიტომ რომ ახლად შემოსულებმა გიას ავატარზე ვიქილიკეთ? იქნებ იმიტომ რომ ამ ავატარს სურათებს ვუღებდით? იქნებ იმიტომ რომ გამყიდველ ნათელამ გამეზას არაკეთილისინდისიერაბზე ამცნო მზარეულებს? იქნებ იმიტომ რომ ჩემმა მეზობელმა შალვა ნათელაშვილს მისცა (ან არ მისცა) ხმა? იქნებ იმიტომ რომ ავსტრალიაში ახლა ზამთარია? იქნებ იმიტომ რომ ბესო კესოა? იქნებ იმიტომ რომ ჩაკ ნორისი ყველას მოერევა?

ცომგამოცლილი ხაჭაპურის პირველი ნაკადი 101-102-ე წუთზე მოვა. მაგრამ მე-100 წუთზე ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით და ამიტომაც ვიწყებთ ჩამოთვლას თუ რისი მოსწრება შეიძლებოდა ამასობაში.

100 წუთში ფეხბურთის მატჩის თავიდან ბოლომდე ყურებაა შესაძლებელი.

ბათუმში ყოფნისას 100 წუთში  შეგიძლია ზღვაში ჩახვიდე, იბანაო, გაშრე და სახლში წახვიდე.

100 წუთში შეგიძლია ბათუმის აეროპორტამდე მიხვიდე, გაიარო რეგისტრაცია, ჩაჯდე თვითრფინავში და თბილისში ჩაფრინდე.

100 წუთში ორი სრულფასოვანი სქესობრივი აქტი შეგიძლია მოასწო და სიგარეტიც გააბოლო.

100 წუთში შეგიძლია საშუალო ხანგრძილობის ფილმი ნახო.

100 წუთში შეგიძლია ბლოგზე დაწერო თუ როგორ გალოდინეს საათი და ორმოცი წუთი ბათუმის ერთ-ერთ კაფეში.

თუმცა, ამასობაში ხაჭაპურის პირველი ნაკადი (მეორე ნაკადს დამატებითი 15 წუტი დასჭირდება) მოდის და ჩვენც “ვმშვიდდებით”.

სიმართლე უნდა ითქვას და ხაჭაპური გემრიელია. თუმცა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ უპრეცედენტოდ ხანგრძლივ ლოდინზე ვლაპარაკობთ. ცომგამოცლილის დაგემოვნება კი მხოლოდ ფონურ, მეოხარისხოვან ამბავს წარმოადგენს.

ანგარიშს ვთხოვთ. იდეა მაქვს. ჩაიზე ერთი თეთრიც არ დავუტოვოთ. ჩვენი მეგობარი კოდური სახელით “შამანა,” რომელიც ნამდვილი შამანია და სხვადასხვა შელოცვების ცოდნის მიუხედავად, ჩაიზე მაინც ტოვებს გარკვეულ თანხას.

“ტეხავს,” ამბობს შამანა და ჩვენც ვტოვებთ ტერიტორიას. მუშტშეკრული გია მზერით გვაცილებს. მშვიდობით გია, ჩვენ აღარ გნახავთ.

One thought on “სიურრეალიზმი ცომგამოცლილი ხაჭაპურის მოლოდინში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s