ქართული პოლიტიკის იდეოლოგიური ევოლუცია

zhvania
არ ვიცი რამდენად იმოქმედა ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წელს ევრო საბჭოში წარმოთქმულმა სიტყვამ, “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი,” უშუალოდ ევროპელებზე, მაგრამ მე პირადად მგონია რომ საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა ევროპელობაზე  მაგ პერიოდს უნდა მივაწეროთ.
   90-იანი წლების გაპარტახებულ საქართველოს ევროპა, იგივე დასავლეთი, წარმატების და კარგი ცხოვრების ეტალონად წარმოედგინა, სწორედ ამიტომ და არა იმიტომ რომ ქართველები მაინცდამაინც ევროპული ღირებულებების მატარებლები ვართ, მოიწონა მოსახლეობამ პროევროპული და შემდგომ უკვე პროამერიკული ორიენტაცია.
   საუბარი ევროპულ ღირებულებებზე და საქართველოს ევროპის განუყოფელ ნაწილად წარმოდგენა პოლიტიკოსების პრეროგატივად იქცა. ყველაზე კარგად ეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა. ნაციონალებმა პროდასავლური ორიენტაცია საკუთარი იდეოლოგიის ქვაკუთხედად აქციეს, რიტორიკის დონეზე მაინც. ნაციონალური მოძრაობა გამუდგემით საუბრობდა და აგრძელებს საუბარს ევროპულ ღირებულებებზე და დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე.
   ევროკავშირში, ან თუნდაც ნატოში გაერთიანებას, ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოსახლეობას ხსნად წარმოუდგენდა. თუმცა, პარადოქსალური ისაა, რომ რაც უფრო შორს ვიყავით ასეთ ორგანიზაციებში გაერთიანებასთან, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ ნაციონალებს შეენარჩუნებინათ ხელისუფლება. ნატოს და ევროკავშირის კარები ღია რჩებოდა, მაგრამ ჩვენ არ გვიშვებდნენ.
   ახლა ჰიპოტეტიურად წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირს ან ნატოს მართლა მივეღეთ-რას დაეფუძნებოდა ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია? ვიღებთ შეპირებულ ევროპულობას, ნაციონალური მოძრაობა ასრულებს მისიას და ამით კარგავს ძალაუფლებას.
   თუმცა, ვიცით რომ მოვლენები ასე არ განვითარდა. ნაციონალების მიერ დაშვებული შეცდომები იმდენად ბევრი და თვალშისაცემი იყო, რომ მოსახლეობის ნება ნათელი გახდა – ეს პარტია უნდა მოშორებოდა ხელისუფლებას.
   იმისათვის რომ განვაგრძოთ საუბარი ქართული მმართველობის ევოლუციაზე და ის რომ უფრო გასაგები იყოს, პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო.
   1975 წელს ეკრანებზე სტივენ სპილბერგის ფილმი “ყბები” გამოვიდა. ამ ფილმში ზვიგენი დასდევს და კლავს დამსვენებლებს, რომლებიც ზღვაში საბანაოდ ჩადიან. ზვიგენი ზოგიერთმა კრიტიკოსმა მეტაფორად აღიქვა. ბევრმა ჩათვალა რომ ზვიგენი წარმოადგენს იმ ჩამოსულ უცხოელებს რომლებიც ამერიკელ მოქალაქეებს ცხოვრებას “უშლიან”. კუბის ყოფილმა ლიდერმა ფიდელ კასტრომ კი მეტაფორა სულ სხვანაირად აღიქვა და გამოაცხადა, რომ ზვიგენი არის კაპიტალიზმის სიმბოლო, რომელიც უბრალო მოქალაქეებს და მშრომელებს თავის კლანჭებში აქცევს.
    თანამედროვე ფილოსოფოსმა სლავოი ჟიჟეკმა ფილმის კომენტირებისას განაცხადა, რომ ორივე ვერსია მცდარია, მაგრამ ამავდრულად მართალი და დაახლოებით შემდეგი შინაარსის იდეა განავითარა; საქმე ისაა, რომ ჟიჟეკის აზრით იდეოლოგიას სჭირდება საზოგადოების შიშების კალაპოტში მოქცევა. გასაგებია, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ტიპის შიშები, შიში დაკარგო სამსახური, შიში ჩავარდე ფინანსურ კრიზისში, ომის შიში და ა.შ. ამიტომაც ჟიჟეკი ზვიგენს მეტაფორად აღიქვამს, რომელშიც ყველა შიშის პროეცირება ხდება, ანუ ქრება ბევრი შიში და რჩება მხოლოდ ერთი, ზვიგენი. ფსიგოლოგიურად ერთ შიშთან დაპირისპირება გაცილებით მარტივია, კლავ ზვიგენს და თავისუფლდები.
   დავუბრუნდეთ ქართულ პოლიტიკას და ვთქვათ რა იყო ნაციონალური მოძრაობის “ზვიგენი”? ალბათ ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდება რომ მივხვდეთ, ნაციონალებმა საზოგადოების შიშების პროეცირება რუსეთზე გადაწყვიტეს. აქვე საინტერესო დამთხვევა, მიხეილ სააკაშვილის  მიერ რამდენიმე თვის წინ გამოთქმულო მოსაზრება შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც ის რუსეთს მძინარე ზვიგენს ადარებს. ამ შემთხვევაშიც ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ზვიგენის, როგორც შიშის სიმბოლოს მაქსიმალურად ხანგრძლივ პერიოდზე შენარჩუნება წინა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.
   მაშ ასე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შენარჩუნების იდეოლოგია ეფუძნებოდა ორ პრინციპს 1) დასავლეთთან ინტეგრაცია (ხსნა) 2) რუსეთის ფაქტორი (შიში).
   რა დაუპირისპირა ამას ქართულმა ოცნებამ? ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ახალ ხელისუფლებასაც ახალი მითები დასჭირდა და ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე შორსაც კი წავიდა. ქართულმა ოცნებამ ნაციონალების იდეოლოგიას ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა დაუპირისპირა. ანუ, ნაციონალებთან დაკავშირებულ ასოციაციების საწინააღმდეგო ასოციაციების ჩამოყალიბება დაიწყო. მაგალითად, სააკაშვილის მიერ პიარ ტექნოლოგიებზე დაყრდნობა იმდენად გამაღიზიანებელი გახდა ბოლო პერიოდში, რომ ოცნებამ ასეთ პიარზე თითქოს უარი თქვა (სინამდვილეში მსგავს პიარზე უარის თქმა შექმნილ ვითარებაში უკვე თავისთავად პიარია), ანტი-რუსული რიტორიკა შეიცვალა უფრო რბილზე და ა.შ.
   ანუ, შეიძლება ითქვას რომ ნაციონალების დამარცხებაში ოცნებას თავად ნაციონალების პოლიტიკა დაეხმარა. თუმცა, რა მოუვიდა ,,დასავლეთს”? რატომ ვერ დაეხმარა ასეთი პოპულარული იდეა წინა ხელისუფლებას? კვლავ ნაციონალების შეცდომებს თუ დავუბრუნდებით და დასავლეთს მათ დეკლარირებულ პოლიტიკას თუ დავუკავშირებთ, მაშინ შეიძლება მივხვდეთ რომ დასავლეთის ნაციონალებზე “მიბმამ” ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით დათვური სამსახური გაუწია. ანუ, ხალხის თვალში ნაციონალური მოძრაობის პროდასავლურმა კურსმა, შესაბამისად დასავლეთმა და ევროპამ ვერ გაამართლა(თავისთავად ნაციონალურ მოძრაობაზე ევროპული ღირებულებების მიბმა შეცდომაა, მაგრამ ზედაპირული აღქმის პირობებში ხშირად ხდება მსგავსი, მცდარი პროეცირება), გახშირდა ფუნდამენტალისტური ფრაზები და მოსაზრებები, “უცხოელებმა ჭკუა როგორ უნდა გვასწავლონ?” და ა.შ.
   ამ დროს ჩნდება ბიძინა ივანიშვილის ერთი შეხედვით თითქოს სასაცილო, მაგრამ საინტერესო ფრაზა – “რამდენიმე წელიწადში ევროპელებსაც კი გავაკვირვებთ”. მათთვის, ვინც მეტ ნაკლებად იცის თუ რას წაროადგენს ევროპა, ეს ფრაზა ღიმილის მომღვრელია, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა რომლისთვისაც ევროპა ნაციონალური მოძრაობის მიერ აღებულ კურსთან ასოცირდება. ანუ გამოდის რომ ივანიშვილი იპყრობს იმ გაბრაზებული ადამიანების გულებს ვინც ფიქრობს რომ “ევროპამ ვერაფერი მოიტანა”.
   შესაბამისად გამოდის, რომ თუ ნაციონალური მოძრაობისთვის ხელისუფლების შენარჩუნების იდეოლოგია ეფუძნებოდა პროდასავლურ კურსს, ქართული ოცნება კიდევ უფრო შორს წავიდა და ქვაკუთხედათ “ევროპაზე უკეთესი” აირჩია. რაც შეეხება შიშის პროეცირებას, არც თუ ისე რთულია დავასვკნათ რომ ქართულმა ოცნებამ “ზვიგენად” თავად ნაციონალური მოძრაობა აირჩია და თუ ნაციონალები გამუდმებით რუსეთით აპელირებდნენ, ქართულ ოცნებას სავარაუდოდ კიდევ დიდი ხანი შეეძლება საზოგადოების ნაციონალებით შეშინება.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

One thought on “ქართული პოლიტიკის იდეოლოგიური ევოლუცია

  1. LiLaC

    საინტერესო პოსტია.
    ვინ ან რა არის ის რეალური ზვიგენი, რომლისაც მართლა უნდა გვეშინოდეს?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s