რას ვკითხულობ: ამარტია სენის იდენტობა და ძალადობა, მარტინ კოენის ფილოსოფიური ზღაპრები და ირვინ შოუს მოთხრობები

მოკლე ჩანაწერები იმ წიგნების შესახებ რომლებიც წინა თვეში (ოქტობერი) წავიკითხე

ოქტომბერი წარმოშობით იაპონელი, ბრიტანელი მწერლის კაზუო იშიგუროს “არასოდეს არ გამიშვა-ს” (Never Let Me Go) რომანის კითხვით დავიწყე. წიგნი რამდენიმე ახალგაზრდაზე მოგვითხრობს. ისინი სხვა ახალგაზრდებისგან პრინციპში არაფრით განსხვავდებიან, მათ უყვართ, მეგობრობენ და ფიქრობენ სიცოცხლეზე, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მაინც არის –  არცერთ მათგანს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია ბედად, მათ სპეციალურ დაწესებულებაში მხოლოდ ერთი მიზნით ზრდიან – საჭიროების შემთხვევაში სხვა ადამიანების გადასარჩენად გამოიყენონ ორგანოების დონორებად. 1954 წელს ნაგასაკიში დაბადებული იშიგურო ფენომენალურად ფლობს ინგლისურს და მიუხედავად იმისა, რომ მე-20 და 21-ე საუკუნის მწერალია, მისი ნაწარმოებები კლასიკურ სტილშია დაწერილი და ენის ფლობის მხრივ, მე-19 საუკუნის კლასიკოსებს არ ჩამოუვარდება. 2004 წელს დაწერილი რომანის იმავე სახელწოდების ეკრანიზაცია 2010 წელს გამოვიდა, თუმცა ვინაიდან ფილმი ჯერჯერობით არ მინახავს, მის ავკარგიანობაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა აქვე რეკომენდაციას მის საუნდტრეკს გავუწევ. სიმღერის შემსრულებელს ჯუდი ბრიჯვოტერს არასდროს უარსებია, ის იშიგუროს ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ფილმის პროდუსერებმა მისი “გაცოცხლება” გადაწყვიტეს და ეს შესანიშნავი სიმღერაც შეიქმნა.

მხატვრული ლიტერატურიდან ამერიკელი ლინგვისტის და ფილოსოფოსის ნომ ჩომსკიზე “თანხმობის წარმოება: მას მედიის პოლიტიკურ ეკონომიაზე” (Manufacturing Consent: The Political Economy of Mass Media) გადავერთე. ეს წიგნი დიდი ხანია სახლში მედო, თუმცა  თემის სერიოზულობიდან და მოცულობიდან გამომდინარე და თან იმის გათვალისწინებით რომ ნაწარმოების ერთგვარი დოკუმენტური ეკრანიზაცია ადრე მქონდა ნანახი, მის წაკითხვას ხშირად სხვა დროზე ვდებდი. წიგნში ჩომსკი მეტწილად დასავლურ მედიაზე საუბრობს და მათ მიერ გაშუქების მაგალითების მოყვანით (ვიეტნამი, კამბოჯა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები) მეინსტრიმ მედიას აკრიტიკებს. წიგნი სერიოზული ანალიტიკური ნაშრომია და ვფიქრობ ის მედიით ან პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის უნდა იყოს საინტერესოა, რადგანაც ერთი მხრივ ტექსტი უზარმაზარ და საინტერესო ინფორმაციას სთავაზობს მკითხველს და მეორე მხრივ ლიბერალურ და თითქოს თავისუფალ მედიას სხვა კუთხიდან გვიჩვენებს.

ერთგვარ იმედის გაცრეუბად შემიძლია ჩავთვალო მარტინ კოენის “ფილოსოფიური ზღაპრები” (Philosophical Tales), რომელიც ასევე ოქტომბერში წავიკითხე. მართალია წიგნის ერთბაშად მოსროლა არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ტექსტისგან მეტს ველოდი. მარტინ კოენი ქრონოლოგიურად მოგვითხრობს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ფილოსოფოსების (სოკრატეთი დაწყებული, ჟაკ დერიდათი დამთავრებული)  შესახებ, ოღონდ ამ შემთხვევაში ის აქცენტს არა მათ ნაშრომებზე, არამედ მათ პიროვნებებზე აკეთებს. კოენი ფილოსოფოსებს ერთგვარ “სელებრითებად” წარმოგვიჩენს და ყვითელი პრესასავით მოგვითხრობს მათ შესახებ. თუ გართობა გსურთ ამ წიგნს გირჩევთ, მაგრამ თუ სერიოზულ ფილოსოფიური ტექსტს ეძებთ – დაივიწყეთ.

“ფილოსოფიური ზღაპრებისგან” განსხვავებით აშკარად სერიოზულ მეცნიერულ ნაშრომად უნდა მივიჩნიოთ ინდოელი ეკონომისტის და ამავე დარგში ნობელიანტი ავტორის ამარტია სენის “იდენტობა და ძალადობა” (Identity and Violence). ავტორი საუბრობს იდენტობის ფენომენზე და ძალიან მარტივად განიხილავს თუ რატომ შეიძლება იყოს სხვადასხვა იდენტობებისადმი სტერეოტიპული მიდგომა, ძალადობის მიზეზი. ამარტია სენი განხილვის ერთ-ერთ ქვაკუთხედად სამუელ ჰანტინგტონის “ცივილიზაციების შეხლას” (Clash of Civilizations) ირჩევს, აკრიტიკებს მის ზედაპირულობას და მკითხველს აჩვენებს თუ რატომ არის საკითხისადმი ასეთი ზედაპირული მიდგომა ხშირ შემთხვევაში დამღუპველი. ამარტია სენის ხელმისაწვდომს ხდის სერიოზულ თემას ნებისმიერი ტიპის მკითხველისთვის, ამიტომაც ვფიქრობ რომ ავტორი იმ მეცნიერების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც აკადემიურობას გვერდზე დებს და ძალიან საჭირო (კეთილ) საქმეს აკეთებს. აქვე იმას ვიტყვი რომ ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი ამბავი გავიგე – ილიას უნივერსიტეტს წიგნის ქართულად თარგმნა დაუწყია და ახლო მომავალში ტექსტი ქართულენოვანი მკითხველისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

ამარტია სენის შემდეგ კვლავ მხატვრულ ლიტერატურაზე გადავერთე და ირვინ შოუს პროზაული კრებულით – “ღმერთი აქ იყო, მაგრამ ადრე წავიდა” (God was here, but he left early) აღვფროთვანდი. ირვინ შოუს ეს კრებული გონებამხვილობის და ლაკონურობის ზეიმად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მოთხრობები შეკრულია და სასიამოვნო წასაკითხი. საინტერესოა რომ ავტორი ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს, მაგრამ ამას ლაღად და იუმორით აკეთებს, არ გძაბავს, ტრაგიკულ პათოსს არ იყენებს, მაგრამ ამავდროულად გაფიქრებს. ამიტომაც, თუ ამ პოსტში მოყვანილ რომელიმე ტექსტის წაკითხვას დააპირებთ – ირვინ შოუთი დაიწყეთ.

“მოტაცების ამბების”  (Noticia de un secuestro) წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ  გაბრიელ გარსია მარკესს “მარტოობის ას წელიწადზე” უკეთესი არაფერი დაუწერია. კოლუმბიელი მწერალი ამ შემთხვევაში დოკუმენტალურ პროზას ეჭიდება და ცნობილი ნარკო ბარონის პაბლო ესკობარის მიერ განხორციელებული რამდენიმე გახმაურებული მოტაცების შესახებ მოგვითხრობს. ტექსტი ინფორმატიულია, მწერალი თემაში გაურკვეველ მკითხველს დეტალებში უყვება ცნობილი კოლუმბიელი ჟურნალისტების და პოლიტიკასთან დაკავშირებული ადამიანების გატაცებების შესახებ, მოტივებზე და ა.შ. ამ მხრივ წიგნი ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ მეორე მხრივ ცოტა არ იყოს და გაწელილია, მოტაცებებზე 300 მეტი გვერდის კითხვამ ბოლოსკენ ნამდვილად დამღალა, მითუმეტეს რომ ტექსტში მხატვრულ ღირებულებებს ნაკლებად უნდა ვეძიოთ.

5 thoughts on “რას ვკითხულობ: ამარტია სენის იდენტობა და ძალადობა, მარტინ კოენის ფილოსოფიური ზღაპრები და ირვინ შოუს მოთხრობები

  1. LiLaC

    “არასოდეს გამიშვა” ძალიან შთამბეჭდავი წიგნი იყო ჩემთვის…მართალია, ქართულად წავიკითხე, თუმცა მაინც საოცრად იმოქმედა. სხვათა შორის, ფილმიც კარგია. შეიძლება, კალსიკურად “წიგნი ყოველთვის ჯობდეს”, მაგრამ ვთვლი, რომ ერთ-ერთი ნორმალური ეკრანიზაციაა… ისე, სიამოვნებით წავიკითხავდი უფრო სიღრმისეულ ანალიზს ამ წიგნის, რადგან ბევრი ისეთი საკიტხია, რომელზეც მსჯელობა, ჩემი აზრით, საინტერესო იქნებოდა🙂

    Reply
  2. Pingback: რას ვკითხულობ: მო იანის მაგიური რეალიზმი, ზაზა თვარაძის სიტყვები და მერაბ მამარდაშვილის ფილოსო

  3. Pingback: რას ვკითხულობ. დეკემბერი-იმედგაცრუებების და აღმოჩენების თვე | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s