კარლ სეიგანის მკრთალი ლურჯი წერტილი

1990 წელს ვოიაჯერ 1-მა ჩვენს პლანეტას 6 მილიარდი კილომეტრის სიშორიდან სურათი გადაუღო. ამ სურათს “მკრთალი ლურჯი წერტილი” უწოდეს. 1994 წელს ასტროფიზიკოსმა კარლ სეიგანმა ეს სათაური საკუთარი წიგნის სახელწოდებაში გამოიყენა. ქვემოთ მოყვანილი ტექსტი წიგნის ნაწყვეტის ჩემეულ თარგმანს წარმოადგენს.

Pale_Blue_Dot

მკრთალი ლურჯი წერტილი [ნაწყვეტი]

შეხედეთ ამ წერტილს კიდევ ერთხელ. ის აქ არის. ის ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ. ყველა ვინც კი გიყვართ, ყველა ვისაც იცნობთ, ყველა ვის შესახებაც გსმენიათ, ყველა ადამიანი რომელსაც ოდესმე უარსებია, ყველას მანდ უცხოვრია. მთელი ჩვენი სიხარული და ტანჯვა, ათასობით რელიგია, იდეოლოგია და ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და  შემგროვებელი, ყოველი გმირი და მხდალი, ყოველი ადამიანი რომელიც ცივილიზაციას ჰქმნიდა  და ადამიანი რომელიც მას ანადგურებდა, ყოველი მეფე და  გლეხი, ყოველი შეყვარებული წყვილი,  დედა, მამა, ყოველი დაიმედებული ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, მორალის ყოველი მასწავლებელი, კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი სუპერვარსკვლავი,  ლიდერი,  წმინდანი და ცოდვილი, ყველა და ყველაფერი რაც კი ისტორიას ახსოვს მზით განათებულ ამ მკრთალ წერტილზე ცხოვრობდა.

დედამიწა ძალიან პატარა სცენაა უკიდეგანო კოსმიური არენის პირობებში. დაფიქრდით სისხლის მდინარეებზე, რომლებსაც  სხვადასხვა გენერლები და იმპერატორები ღვრიდნენ,  მხოლოდ იმიტომ რომ დიდების და ტრიუმფის ძიებაში, ამ წერტილის პატარა ფრაგმენტზე წარმავალი ბატონობა მოეპოვებინათ.

 დაფიქრდით გაუთავებელ სისასტიკეებზე, რომლებსაც სჩადიოდნენ ამ წერტილის ერთი კუთხის მაცხოვრებლები მეორე კუთხის მაცხოვრებლებზე, მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთმანეთისგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებოდნენ. დაფიქრდით, რამდენად ხშირად არ ესმით მდგომარეობა, როგორ არიან მზად მოკლან ერთმანეთი, რამდენად მგზნებარენი არიან ისინი ერთმანეთის სიძულვილში. 

ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ მნიშვნელობაზე, ჩვენი ილუზია თითქოს სამყაროში განსაკუთრებული ადგილი გვიკავია – ყველაფერ ამას მკრთალ შუქზე მოციმციმე წერტილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენი პლანეტა კოსმიური სიბნელის უკიდეგანო სივრცეში მარტოხელა ლაქას წარმოადგენს. ამ წყვდიადში და უსასრულობაში არ არის მინიშნება იმაზე რომ დახმარება, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავისგან გადაარჩენდა, გარედან მოვა.

დედამიწა ერთადერთი ცნობილი პლანეტაა სადაც სიცოცხლე არსებობს. არ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები დასახლებას შეძლებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში.  ვიზიტი შესაძლებელია. დასახლება – არა. მოგწონთ თუ არა, დღესდღეობით დედამიწა ის ადგილია, რომელსაც ვერ გავცდებით.

ამბობენ რომ ასტრონომია თავმდაბლობას და კეთილშობილებას გვასწავლის. ეს პატარა წერტილი სავარაუდოდ ყველაზე კარგად გვაგებინებს თუ რამდენად ამაოა ადამიანთა ამპარტავნება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთმანეთს უფრო მეტი სიკეთე უნდა ვაჩუქოთ, შევინარჩუნოთ და მოვუფრთხილდეთ ამ მკრთალ ლურჯ წერტილს. ის ხომ ჩვენი ერთადერთი სახლია!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s