რას ვკითხულობ: მო იანის მაგიური რეალიზმი, ზაზა თვარაძის სიტყვები და მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია

მოკლე ჩანაწერები იმ წიგნების შესახებ რომლებიც წინა თვეში (ნოემბერი) წავიკითხე.

“ერთა სიმდიდრე და სიღარიბე (The Wealth and Poverty of Nations)” ისტორიკოს დევიდ ლენდესის სქელტანიანი ნაშრომია, რომელიც ბევრ დროს წაგართმევთ. წაგართმევთ და არა გაჩუქებთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც მგონია რომ ლენდესის 600 გვერდზე გაწერილი ეკონომიკურ ჭრილში დანახული სხვადასხვა ქვეყნების ისტორია მხოლოდ დარგით დაინტერესებულ პირებს თუ გაახალისებთ. თუმცა, მეორე მხრივ ჩემი სუბიექტური აზრით წიგნის პრობლემა არა მისი მოცულობა და მოყვანილი მაგალითებია (ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესო მაგალითები), არამედ ცოტათი ზედაპირული დასკვნებია, რომელიც ნაშრომში შეიძლება ამოიკითხოთ. ავტორი საუბრობს სხვადასხვა ქვეყნების ისტორიაში განვითარებულ მოვლენებზე და ამ მოვლენებს მიაწერს იმ კონკრეტული ქვეყნების ევოლუციას. სწორედ ასეთ მიდგომაში შეინიშნება ზედაპირულობა. თუ ამ წიგნის წაკითხვას მაინც გადაწყვეტთ, კონტრასტის დასანახად  წინა თვეში განხილულ ამარტია სენის “იდენტობა და ძალადობის” (Identity and Violence) წაკითხვას გირჩევდით. ლენდესისგან განსხვავებით ამარტია სენი ბევრად უფრო ღრმა და მეცნიერულად დასაბუთებულ დასკვნებს აკეთებს.

ნამდვილი განძია ჯონ ირვინგის “ქვრივი ერთი წლით” (A Widow for a Year) და თუ ეს ავტორი ჯერ არ წაგიკითხავთ, წინ როგორც იტყვიან დიდი ბედნიერება გელით. ირვინგის ეს კონკრეტული ნაწარმოები ერთდროულად ეროტიული, დიდაქტიკური და საოცარი გონებამახვილობით დაწერილი ტექსტია. მიუხედავად იმისა რომ ნაწარმოები ვრცელია (600 გვერდზე მეტი), რთულია ნაწარმოების რომელიმე მონაკვეთში მოიწყინო. ირვინგი ნამდვილი ოსტატია, მისი ნაწარმოები კი საინტერესო ისტორიის და კარგი ენით დაწერილის სინთეზია. ის პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ, ყოველი ნაწილი მოგვითხრობს მთავარი პერსონაჟების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე და ამ ეტაპებზე ერთმანეთთან ურთიერთობის ისტორიას. ყველაფერი კი თექვსმეტი წლის ახალგაზრდა ბიჭის და მასზე ოცი წლით უფროსი ქალის ურთიერთობით იწყება. სხვათაშორის, ნაწარმოების პირველი ნაწილის ეკრანიზაცია არსებობს, რომელშიც მთავარი როლებს ჯეფ ბრიჯესი და კიმ ბესინჯერი ასრულებენ. ფილმის ავკარგიანობაზე ნუ მკითხავთ, ჯერჯერობით არ მინახავს.

თუ თანამედროვე ქართული ნაწარმოების წაკითხვას გადაწყვეტთ, ზაზა თვარაძის “სიტყვებს” გირჩევდით. წიგნის ავტორი აწ უკვე ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი ფილოსოფოსია. მართალია ჩემს და საუბედუროდ ქართულ ლიტერატურის ექსპერტობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მაინც მგონია რომ ჩვენ ლიტერატურას ასეთი ტიპის ნაწარმოებები აკლია, ამიტომაც ჩემთვის “სიტყვები” სასიამოვნო აღმოჩენა გამოდგა. ტექსტი ერთგვარი მაგიური რეალიზმის ნიმუშია, სადაც ავტორი სიტყვების ჯადოსნურ სამყაროზე საუბრობს. აქვე უნდა ითქვას რომ ნაწარმოები არა უბრალოდ პროზაული მოგზაურობას, არამედ სხვადასვა თემების ფილოსოფიური განხვილის ასპარეზად გვევლინება.

მაგიური რეალიზმი უფრო დიდი დოზით თუ გსურთ, ჩინელი ნობელიანტი მწერლის მო იანის “სიცოცხლე და სიკვდილი მღლის” შეეჭიდეთ. წიგნის მთავარი პერსონაჟი მიწათმფლობელია, რომელსაც მაო ძედუნის მართველობის პერიოდში სიკვდილით სჯიან, მის კუთვნილ მიწას კი გლეხებზე ანაწილებენ. გარდაცვალების შემდეგ მთავარი გმირი ვირად გვევლინება, მოგვიანებით ხარად, ღორად, ძაღლად, მაიმუნად და ბოლოს კვლავ ადამიანად უბრუნდება სამყაროს. არ გეგონოთ რომ წიგნის სიუჟეტის მოყოლით ნაწარმოები დაგისპოილერეთ, წიგნის სიუჟეტი უბრალოდ ხერხია რომლის მეშვეობითაც ავტორი უფრო მნიშნელოვან თემაზე, კერძოდ კი ჩინეთის უახლოეს ისტორიაზე საუბრობს.

ისე გამოვიდა, რომ მერაბ მამარდაშვილის “მეს აუცილებლობა. შესავალი ფილოსოფიაში” (Необходимость Себя. Введение в Философию.) ნოემბრის ბოლოსთვის, ერთგვარ დესერტად მოვიტოვე. ვიქნები ბანალური და ვიტყვი რომ მამარდაშვილი მე-20 საუკუნის მსოფლიო (მსოფლიო და არა ვიწრო ეროვნული გაგებით ქართული) ფილოსოფიის უდიდესი მნიშვნელობის ფიგურაა. შეუძლებელია მამარდაშვილმა ან ნებისმიერმა სხვა ფილოსოფმა აზროვნება “გასწავლოთ,” გადმოგცეთ, თავში “ჩაგიდოთ” საკუთარი გამოცდილება ან რამე მაგდაგვარი სასწაული მოახდინოს, მაგრამ ამავდროულად სხვადასხვა ლექციების ეს კონკრეტული კრებული მკითხველს ერთგვარ ინტელექტუალურ და ესთეტურ სიამოვნებას მიანიჭებს. მამარდაშვილის აზროვნების სილაღე და თავისუფლება კი მკითხველს ზოგადად ფილოსოფიას მომხიბლავი კუთხით წარმოუჩენს.

ოქტომბრის მიმოხილვა იხილეთ აქ. 

2 thoughts on “რას ვკითხულობ: მო იანის მაგიური რეალიზმი, ზაზა თვარაძის სიტყვები და მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია

  1. მაგა რაიუელა

    საინტერსოა. ჯონ ირვინგის მხოლოდ “მეღვინეთა წესები” გამიგია

    Reply
  2. Pingback: რას ვკითხულობ. დეკემბერი-იმედგაცრუებების და აღმოჩენების თვე | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s