ქართული “კომიქსების” 5 სუპერგმირი

ირაკლი წერეთელი AKA პროტესტორი

ჯიგარკაცი

ენა, მამული, სარწმუნეობის პრინციპის ჭეშმარიტი დამცველი. ებრძვის ყველაფერ არაქართულს და უცხოს. სჯერა რომ ქართველი გეი არ არსებობს, ან თუ არსებობს ჯიგარკაცის ჩარევის შემდგომ, არ იარსებებს.

ნამდვილი სახელი – მურმანი. ჯიგარკაცისთვის დამახისიათებელი თვისებები შეიძინა მას შემდეგ რაც სოროსის სტიპენდიაზე ზედიზედ რამდენიმეჯერ უთხრეს უარი. მოთმინების ფიალა, რომ ამოეწურა სოროსის ოფისთანვე ზვიადისტების მუდმივ მიტიგენს შეუერთდა. სწორედ აქ შეასხა რომელიღაც ზვიადისტმა ნაკურთხი წყალი, რამაც იმავე ღამეს მურმანს საკუთარ თავში ზებუნებრივი ძალები აღმოაჩენინა.

მთავარი ატრიბუტი საგულდაგულოდ გამოთლილი ტაბურეტკაა. მისი სახლი სავსეა დაბალი, მაღალი, ხის, პლასტმასის და სხვა ტიპის ტაბურეტკებით, განსაკუთრებულ შემთხვევებისთვის აქვს კარგად წაწვეტებულებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან “ქართელობას წართმევის,” ეშინია, ასეთ შემთხვევაში  მან იცის რომ ბოროტ ძალებს ჯერ მისი მოკვლა და მისი გულის ამოგლეჯვა მოუწევთ. მისი გული ერთგვარი სეიფია, რომელსაც წარწერა “ქართველობა” ამშვენებს. სწორედ ამ გულში ძგერს ნამდვილი ქართული სული.

ივერიელი

ნამდვილი სახელი – ზეზვა. მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სჯერა რომ საქართველოს ერთდროულად დინოზავრების, ღვინის და ქრისტიანობის კერაა.

დადის სხვადასხვა ქვეყნებში და ყვება მითებს საქართველოზე. მაგალითად, ფრანგებს უხსნის რომ ღვინო წამოვიდა საქართველოდან, თავად სიტყვა კი მოგვიანებით ლათინურმა ისესხა და ასე მოიგინეს სიტყვა “vino”, ტიბეტელებს უყვება რომ საქართველოზე ლამაზი მთები არსადაა, ხოლო იტალიელებს და ესპანელებს იმას რომ ქართველ მამაკაცებზე კარგი საყვარლები არ არსებობენ. უცხოელები ღიმილით და თავაზიანობით ხვდებიან ხოლმე ივერიელის შეგონებებს, რაც ამ უკანასკნელს აფიქრებინებს რომ მისიას წარმატებით ასრულებს და მისი სჯერათ.

სჯერა რომ ბასკები და ქართველები მართლა ნათესავები არიან.

მისიის შესრულებისას იცვამს ჩოხას სრული ატრიბუტიკით, ჰყავს მეგობრები პარლამენტში და ლობირებს კანონპროექტს ჩოხის ჩაცმის აუცილებლობის შესახებ.

სუპერგმირული თვისებების გაჩენის მიზეზი 15 წლის წინ გერმანიაში სამუშაო ვიზაზე უარის თქმა გახდა.

კაი ბიჭის დის დამცველი AKA პროტექტორი

მიუხედავად იმისა რომ ბევრი მის არსებობაში დარწმუნებულია, ზოგიერთი სკეპტიკოსი თვლის რომ კაი ბიჭის დის დამცველი სხვა არაფერია თუ არა, მითი.

ზოგიერთი თვლის რომ კაი ბიჭის დის დამცველი უფრო მეტად იდეის ერთობლიობაა, რომელიც სხვადასხვა ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს, ვიდრე ამ იდეის ხორცშესხმა. მათი აზრით ის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც თავიდან გვარიდებს არასასურველ შედეგს. მაგალითად, ის შეიძლება გამოვლინდეს ადამიანში რომელსაც ესმის “აუ რა ნაშაა”, ან თუნდაც შედარებით რბილი, “აუ რა კარგი გოგოა” და ამ რეპლიკის გაგონებაზე ათქმევინებს, “რეებს ბაზრობ, კაი ბიჭის და რომ იყოს?” როგორც ცნობილია, კაი ბიჭის და არ შეიძლება იყოს ნაშა და არც კარგი გოგო.

იმ ნაწილის აზრით, რომელიც კაი ბიჭის დის დამცველი რეალურად არსებული სუპერგმირის არსებობაში დარწმუნებულია, პროტექტორი დადის კლუბებში. ის იცავს გოგოებს, რომლებსაც პოტენციურად შებმა და რაც უფრო უარესია, პერსპექტივაში იმავე კლუბში ზასაობაც კი ემუქრებათ. ამ თვისების გამო, ზოგიერთმა ამ სუპერგმირს ბაბულიკაც კი შეარქვა, ამგვარად ის კონტროვერსიული პერსონაჟია.

მიხუედავად იმისა, რომ მოდიდან დიდი ხანი გადავარდა, მისიის შერულებისას ის ისნის ბაზრობაზე ნაყიდ რეიბანებს, პლატოკს და წვეტიან შავ ტუფლებს ატარებს.

პროტესტორი

საჭიროების შემთხვევაში გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს ყველაფერს რაც არ მოსწონს ქართულ საზოგადოებას. ვინადან და რადგანაც “საჭიროების შემთხვევა” ყოველთვის არსებობს, ის მიტინგისთვის საჭირო სტრატეგიული ობიექტებს არ ცილდება (პარლამენტი, მოედნები, მერია…) და მუდამ გარეთ დგას.

პროტესტორის ბოლოდროინდელი ერთ-ერთი საყვარელი რეპლიკაა – “არ აანთო”. ერთ-ერთი სუპერძალა რომელსაც პროტესტორი ფლობს არის შიმშილობის ატანის არაადამიანური უნარი, ასე მაგალითად მან შეიძლება თვეობით იშიმშილოს და ამის მიუხედავად რიხიანად მისცეს ინტერვიუ რომელიმე ტელევიზიას. თუმცა, ბოროტი ამბობენ რომ ღამ-ღამობით მის ფანებს მის კარავში ჩუმად ღორის ხორცი და ლობიანები შემოაქვთ ხოლმე.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად პროტესტორი ნიღბის უკან ირაკლი წერეთელი იმალება.

თამადამენი

გადაარჩენს ნებისმიერ ქართულ სუფრას, მათ შორის, ქორწილს, დაბადების დღეს და რაც მთავარია ქელეხს. ნამდვილი სახელი ანზორი.

შესანიშნავად ფლობს დიალექტიკას და მუცელში ღვინის N რაოდენობის მოთავსების განსაკუთრებულ უნარს (უნდა აღინიშნოს რომ ამ უკანასკნელს პირველზე გაცილებით უკეთ ფლობს).

უყვარს ადამიანები, განსაკუთრებით კაცები, ამაზე სუფრის გარკვეულ ეტაპზე ბრეჟნევური კოცნების კასკადი უნდა მეტყველებდეს.

მეგობრობს ჯიგარკაცთან (ამბობენ ჯიგარკაცის შვილი თამადამენის მონათულიაო). აჭრის მარცხენას ყველა იმ ადამიანს რომელსაც ჭიქა “არასწორი” ხელით უჭერია. იცის სადღეგრძელოების რიგითობა. თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ მისი პოპულარობა  მას შემდეგ დაეცა როდესაც ერთ-ერთ ქელეხში თამადობისას შეცდომით “ქორწილის სადღეგრძელეობის” შპარგალკა წაუკითხავს. ამ ინციდენტის გადამოწმება ძალიან რთულია, რადგანაც ქელეხში მონაწილე ადამიანების უმრავლესობა “კარგად მთვრალი” ყოფილა და ბევრი რამე არ ახსოვს.

One thought on “ქართული “კომიქსების” 5 სუპერგმირი

  1. თაკო გვაზავა

    ძალიან სასაცილო კია მარა უკვე მეტირება, თან ეს-ესაა მოვისმინე ვასაძე როგორ ღაღადებს საბერძნეთიდან და რუსეთიდან ემიგრანტებისგან გამოგზავნილი “დოვლათის” სასწაულებრივ კავშირზე ქრისტიანობასთან, ასევე გავეცანი კოკა ყანდიაშვილის -პრემიერის პიარის შეხედულებებს “მთხლე” სააკაშვილზე, რომელსაც სიამოვნებით სცემდა და აჯობებდა. ჰოდა ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და ნუ…
    ეგაა ჩვენი რეალობა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში გაქვავებული სახით მოდის და მოდის, არ იცვლება არაფერი, ერთი დიდი მარაზმია ეს ქვეყანა და ამ მარაზმს ჩვენ ვქმნით – ლენჩი და გონებაშეზღუდული საზოგადოება.
    მე მაპატიეთ ასეთი აგრესიული გამოხტომისთვის..

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s