Monthly Archives: იანვარი 2014

მიმდინარე მოვლენების ყოველკვირეული მწარე მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

marg

გიორგი მარგველაშვილის რეალურობაში ეჭვის შემტანებს მის ვირტუალურ არსებობაში მაინც შეუძლიათ დარწმუნდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ტვიტერზე ანგარიში შექმნა, მაგრამ ეს მომხმარებელი იმდენად აროგანტულია რომ არცერთს არ უკეთებს “ფოლოუინგს.” სიმართლე გითხრათ ტვიტერზე ძალიან ბევრი “სელებრითი” მინახავს, მაგრამ მათ შორის ჯერჯერობით არცერთი (!) არ შემხვედრია რომელსაც ერთი ადამიანი მაინც არ ჩაეთვალა “ფოლოუინგის ღირსად.” ბოლოს და ბოლოს თვით რომის პაპიც კი მისდევს რვა ადამიანს. ისე, არც “ფოლოუერი” ჰყავს მარგველაშვილს განსაკუთრებით ბევრი, ერთი კვირის განმავლობაში სულ 273 მოუგროვდა, შედარებისთვის – ამ ბლოგის ავტორს 289 ჰყავს (პრეზიდენტზე უფრო პოპულარული ვარ, Yes!), ასე რომ შეიძლება ითქვას რომ საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერს რეკლამას ვუწევ.

ლეონარდო დი კაპრიოს როგორც ჩანს ერთი პეშვი ქართველობაც კი არ გააჩნია. სხვა ვერაფრით ავხსნით იმას რომ ლონდონში გამართულ მისი ახალი ფილმის პრემიერიაზე ქართველი ფანის შეძახილზე “უოლ სტრიტის მგელმა” ყურიც კი არ შეიბერტყა.  აი ეგ არის თქვენი ევროპა და ამერიკა, ქართულიც კი არ იციან. ინკოგნიტო ქართველ ფანს რაც შეეხება, მე პირადად მგონია რომ ამ ადამიანმა უნიკალური შანსი გაუშვა ხელიდან და ვერ გააგრძელა თანამედროვე ქართული იუთუბ ფოლკლორი, ხომ შეიძლება რომ “ნივიჟუსგან” განაწყენებულს ასე გაეგრძელებინა საკუთარი შეძახილი?

როგორც იქნა გავიგეთ თუ რითი სჯობია თბილისის ანძა ეიფელს. მისი ციმციმის გარეშე თბილისის ცაზე მუდმივად მფრინავი “არმადა” ნავიგაციის უნარს კარგავს, ამიტომაც ანძის გათიშვასთან ერთად სინქრონულად აციმციმდა ქართული ფეისბუქი “რას გვიშვრება ეს მთავრობას” პათოსით”. ამასობაში უმეტესობა ვერ მიხვდა პრეტენზიის ადრესატი ქვეყნის მთავრობა უნდა ყოფილიყო თუ სევდიანი მდედრი რეგენტი. მერე ვიღაცამ თქვა ციმციმი ნავიგაციასთან არაფერ კავშირში არ არისო, მერე სხვა ვიღაცამ განაცხადა, რომ სახეზეა კრიმინალის ნიშნები, საბოლოოდ ამბავი ისე ჩაიხლართა, რომ ყველაფერი რაღაც პოსტმოდერნისტულ სპექტაკლს დაემსგავსა.

სოჭის ოლიმპიური სოფლის დამპროექტემბელმა ჩათვალა რომ მარტო კაცი უნიტაზზეც ცოდოა და ამიტომაც ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით სოჭაში ერთგვარ “ფეკალურ ორგიას” უნდა ველოდოთ.  ისე, მშვენიერი საშუალებაა სპორტმსენების ერთმანეთთან სოციალიზაციისთვის და ერთმანეთის უკეთესად გაცნობისთვის. აი სიტყვაზე წარმოიდგინეთ ისლანდიელი და ჩინელი სპორტსმენები, სხედან, საქმით არიან დაკავებულები და თან ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრობენ. ისლანდიელი: “თქვენ ჩინეთში საერთოდ არ შეგხ… უჰ, აჰ, უჰ… ხო, არ შეგხებიათ ფინანსური კრიზისი”. ასე ლაპარაკობენ, ურთიერთობენ, ბოლოს ჩინელი გადის და მეორე სპორტსმენს ეუბნება რომ ძალიან გაუხარდა მისი ნახვა, მაგრამ ხელის ჩამორთმევას უკადრისობს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ქართველ ინტერნეტ მომხმარებლებს ერთმანეთისთვის “კარგი ტიპობის” დამტკიცების მორიგი საშუალება მისცა. უკრაინული დროშის ავატარის მქონე “იუზერები” “პროფაილ-პროფაილ” დაიარებიან და გმობენ ყველას ვისაც ასეთი არ უყენია. ამის ფონზე ჰიპსტერები სომალის დროშას იყენებენ, “ყოველთვის სოლიდარულები უნდა იყოთ” პათოსით (ოღონდ ამათ მოტივებს მხოლოდ სხვა ჰიპსტერები თუ ხვდებიან). რადიკალური მემარცხენეები იძახიან ჩვენ არ ვიცითო რა ხდებაო და უკრაინული დროშის ავატარის მქონე იუზერების სიებს ადგენენ. მოკლედ, უკრაინაში დარწმუნებული ვარ აზრზე არ არიან, თუ რა ციებ-ცხელება მიდის ამასობაში საქართველოში, თორემ აუცილებლად მოგვიწოდებდნენ მშვიდობისკენ.

საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთში უკრაინის ამბები ჯასტინ ბიბერის დაკავებამ გადაფარა. ბიბერი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ეს იცით რას ნიშნავს? იმას რომ ყველა ვისაც ბიბერი “აი ასეთი პატარა” გვახსოვს, დავბერდით. გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიხედვით დადის ხმები, რომ  დაწყებულია იმ პოლიციელის დემონიზაციის პროცესი , რომელმაც თინეიჯერის დაკავება განახორცილა. ისე, სპეციალური დაცვის გამოყოფა არ აწყენდა მაგ ადამიანს.

ქართველ “ფილმმეიკერებს” დაავიწყდათ რომ ვირუსებზე, ზომბემზე, უცხო პლანეტელებზე და ზოგადად აპოკალიპტურ ფილმებზე მონოპოლიას ამერიკელები ფლობენ. აპოკალიპტური მოვლენები საქართველოში უბრალოდ წარმოუდგენელია იმდენად რამდენადაც ქვეყანა პოსტაპოკალიპტურ სტადიაზე იმყოფება. ამის მიუხედავად GDS-მა შეიძლება ითქვას Resident Evil-ის რემეიქი დაანონსა, რომელშიც მილა ივოვიჩის როლს (სწორედ რომ მილა იოვოვიჩის და არა პერსონაჟ ელისის) ნანკა კალატოზიშვილი შეასრულებს.

ბოლოს კომენტარის გარეშე გიტოვებთ გასულ კვირას ინტერნეტ სივრცეში პოპულარულ ვიდეოს, რომელიც ახალი ქართული “ფილმიდან” ამონარიდს წარმოადგენს.

წინა კვირის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული მწარე მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

 

გასული კვირა ქართული კულტურის მორიგი დამაჯერებელი და საყოველთაო გამარჯვებით დაიწყო. საუბარია აკაკი წერეთლის თხზულებანის პორნო ფილმის კადრში მოხვედრაზე.  ისე კი, კიდევ კარგი ამ სცენაში წერეთლის მაგივრად ილია ჭავჭავაძის, ანუ ილია მართლის რომელიმე ნაწარმოები არ მოხვდა. ასე რომ ყოფილიყო საერთაშორისო სკანდალს ვერ ავცდებოდით. ასეთ შემთხვევაში მოწამეობისთვის და პროტესტისთვის გამზადებული ათასობით ქართველი გეზს AVN award-ისკენ აიღებდა და იქ აღგზნებულ მდგომარეობაში გააპროტესტებდა ქართული სიწმინდის შებღალვას.

ინტერნეტ განხილვის და აღშფოთების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ალბათ უილიამ დანბარის თავისუფალი თემა “როგორ გავატარე ზაფხული” კი არადა,  “რა მომწონს და არ მომწონს ქართულ სამზარეულოში” უნდა მივიჩნიოთ. დანბარის დაბნეულმა პოსტმა (სადაც ავტორი კულინარიაზე უფრო მეტად გეოგრაფიაზე გვესაუბრება) და აშკარად ნაძალადევმა თარგმანმა ერი და ბერი აალაპარაკა, მკაცრი ქართული ენის მასწავლებლებიდან დაწყებული პროფესორებით და საზოგადო მოღვაწეებით დამთავრებული. პატრიოტული სუფრის ფრთა, თემის ავტორს უცოდინრობაში და უმადურობაში სდებდა ბრალს, ქართველთა მეორე ფრთა, რომელიც გულის სიღრმეში საკუთარ თავს საზოგადოების უფრო ნათელ ნაწილად მიიჩნევს, დანბარს წერილს უქებდა.

წინა კვირაში კვლავ აქტუალური იყო ძალიან საყვარელი ფეისბუქ აპლიკაცია Quiz Your Friends. არაფერი მაქვს იმ ადამიანთა საწინააღმდეგოდ, რომლებმაც ეს ძალიან საყვარელი ტესტი გააკეთეს, მაგრამ ამავდროულად მინდა გამოვხატო პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ რომლებმაც ცდუნებას გაუძლეს. ადამიანებს რომლებაც გადაწყვიტეს არ შეეხსენებინათ სხვებისთვის თუ რა მაგარი, იუმორის მქონე, ათლეტური თუ ინტელექტუალური ტიპები არიან. თუმცა, პირველ რიგში ქედს ვიხრი მათ წინაშე იმის გამო, რომ ეყოთ ჭკუა და მიხვდნენ რომ პრინციპში მათი პერსონა მათი ახლო მეგობრების გარდა არავის აინტერესებს.

პარლამენტარები ერთმანეთს კვლავ პროფესიონალიზშმი და მაღალი ინტელექტის გამოვლენაში ეჯიბრებიან, ამჯერად ზურამ ტყემალაძემ იაქტიურა და საზოგადოებას სოსო ჯაჭვლიანი დროებით დაავიწყა . შეგახსენებთ რომ ტყემალაძე თბილისში მდებარე ძველი პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. ბუნებრივია ტყამალაძის ეს ინიციატივა ფეისბუქ მომხმარებელმა აიგდო და სწორედ მისი წყალობით მოგვეცა საშუალება გაგვეგო ა) სად ცხოვრობს ზოგიერთი ჩვენი “ფრენდი” ბ) რომელ ქალაქში ისურვებდა ეს კონკრეტული “ფრენდი” ცხოვრებას. ასე მაგალითად ჩემს ფეისბუქ მეგობრების სიაში შემოვიდა წინადადება ნახალოვკა ეჩუქებინათ ედინბურგისთვის, ხოლო გლდანი გადაეცათ ნიუ იორკისთვის. თუმცა, უფრო მთავარი ისაა რომ ტყემალაძის წყალობით ჩვენ გავიგეთ რომ ა) თბილისში ცხოვრება არავის სურს და ბ) თბილისზე კიდევ უფრო ნაკლებად თბილისელებს ქუთაისელობა უნდათ.

ამასობაში ყოფილი პრეზიდენტის ყოფილმა “სახლმოურავმა”, ანდრო ბარნოვმა ხაშურის რომელიღაც გაყინულ შენობაში პალტო ჩაცმულმა შეხვედრა გამართა. თუ ამ სიუჟეტის ავტორს დავუჯერებთ, ბარნოვი სამოქალაქო-საინიციატივო ჯგუფს  “გორი დამოუკიდებლობისთვის და ევრო ინტეგრაციისთვის” ხელმძღვანელობს.  რთული მისახვედრი არ არის, რომ ბარნოვი საბჭოურობის ამოძირკვას მისი გულიდან, ანუ სტალინის მშობლიური ქალაქიდან იწყებს, მაგრამ ამავდროულად ჯგუფის სახელწოდებიდან გამომდინარე ერთი კითხვა მიჩნდება. გორი ჯერ დამოუკიდებელი უნდა გახდეს და საქართველოს ავლით შევიდეს ევროპაში, თუ ჯერ საქართველოსთან ერთად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მერე გამოეყოს ქვეყანას?

ეკლესიის ბნელმა ფრთამ ლიბერალების წინააღმდეგ საბრძოლველად youtube-ზე მორიგი დესანტი გადმოსხა. ამჯერად დესანტი ვინმე სპირიდონ აბულაძის სახით მოგვევლინა, რომელიც სხვა აბულაძის “მონანიების” რომელიღაცა სცენის ესთეტიკაში გადაწყვეტილ ვიდეოთი დაგვემუქრა და ძალიან აღელვებულმა გვამცნო, რომ პატრიარქის ყველა კრიტიკოსი არც მეტი და არც ნაკლები, მოკვდება. ბუნებრივია ექვს წუთიან მიმართვაში მამაო გაუჩერებლად ვერ ლაპარაკობს და ამიტომაც სახეზეა რამდენიმე “რესტარტი”. ერთ-ერთი ასეთი რესტარტი მე-2 წუთსა და მე-16 წამზე შეგვიძლია ვიხილოთ. ამ პაუზის დროს ირთვება საყვარელი და მშვიდი ინტერფეისი, თუმცა რამდენიმე წამში სპირიდონ აბულაძე ახალი შემართებით აგრძელებს მუქარას. თუმცა ვიდეოს დასასრული, ის მონაკვეთი სადაც ავტორი სპერმებზე და ლამის ტინტო ბრასის სიუჟეტებზე საუბრობს  ალბათ ყველაზე საინტერესოდ და ფანტასმაგორიულად უნდა ჩავთვალოთ.

ამასობაში, მსოფლიოში ვითომ ყველაზე პრესტიჟულმა კინო აკადემიამ, რომელმაც ვითომ საუკეთესო ფილმები და მსახიობები უნდა გამოავლინოს, ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც მაყურებელი სხვადასხვა მსახიობებით და ფილმებით ინტერესდებოდა, წელს ერთადერთ ინტერესს (რომელიც ინტერნეტ ისტერიის მსუბუქ და რიგ შემთხვევაში მძიმე ფორმებში ვლინდება) ლეონარდო დი კაპრიოს და ოსკარის ურთიერთობა წარმოადგენს, რაც იძლევა ეჭვს ვიფიქროთ რომ ჟიურის წევრები ამ უკანასკნელს მთავარი როლის შესრულებისთვის ისე მისცემენ ჯილდოს, რომ სხვების მონაწილეობით ფილმებს არც კი ნახავენ.

სპორტის სამყაროში კვირის მთავარ მოვლენად შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხავის მისამართით გაკეთებული “შალაბანი” აღმოჩნდა. არ ვიცი რამდენად კარგი ფეხბურთელია იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ამ ვიდეოში ის იმ სკოლის მოსწავლეს ჰგავს, რომელიც ყველას გვყავდა კლასში თუ სკოლაში. ტიპი რომელიც არაადეკვატურ და კონტექსტიდან ამოვარდნილ საქციელს სჩადიოდა ხოლმე. ისე კი, ვფიქრობ შვედეთისთვის ძალიან კარგი უნდა იყოს ის რომ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ვაკანტური არაა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ქართული ფეისბუქისთვის საინტერესო არავინ მომკვდარა და ამიტომაც კვირამ ელექტრონული პანაშვიდების გარეშე ჩაიარა.

დასასრულისთვის გიტოვებთ ქართული ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმის ამსახველ ამ ვიდეოს, რომლისთვისაც კომენტარის მოფიქირება უბრალოდ ზედმეტად ჩავთვალე.

ცნობილი რეჟისორების ფილმები სხვა ცნობილ რეჟისორებს რომ გადაეღოთ…

გახსოვთ 12 განრისხებული მამაკაცი-ს სიუჟეტი?

ნაფიც მსაჯულებმა ერთხმად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გაასამართლონ თუ სიკვდილით დასაჯონ ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ბრალად მამის მკვლელობა ედება. ყველას, ერთი პერსონაჟის გარდა სჯერა რომ ბიჭი დამნაშავეა და მის ელექტრო სკამზე გაგზავნას ემხრობიან. რამდენიმე საათში ის ერთადერთი პერსონაჟი სხვებს საპირპისპიროში არწმუნებს.

დარწმუნებული ვარ სიდნი ლუმეტის მაგივრად ფილმი ლარს ფონ ტრიერს რომ გადაეღო, ყველაფერი პირიქით იქნებოდა. ყველა ერთის გარდა დარწმუნებულია რომ ბიჭი უდანაშაულოა. ის ერთადერთი უხსნის სხვებს რომ ადამიანი ბუნებით ბოროტია და შესაბამისად აუცილებლად დანაშაულის ჩამდენი. სხვები ეტაპობრივად ეთანხმებიან და ბოლოს ბიჭის ელექტრო სკამზე გაგზავნის გადაწყვეტილებას იღებენ. ფილმი სრულდება ეგზეკუციის ვრცელი სცენით.

ძალიან საინტერესო გამოდგებოდა მატრიცის ტრილოგია დარენ არანოფსკის რომ ეთავა. მის ვერსიაში არაფერი არ არსებობს, მათ შორის არც მატრიცა. ყველაფერი ერთი შეშლილი ნარკომანი მათემატიკოსის ტვინში ხდება, რომელსაც სისტემატური გაჩხერვისგან მარჯვენა მკლავი ძვრება. ფილმი ტრაგიკულად თავდება, ბოლოს თეთრ ფონზე ძალიან დიდი ასოებით ჩნდება წარწერა “დარენ არანოფსკი” და მაყურებელი ხვდება რომ არანოფსკის ძალიან პატარა ასო უნდა ჰქონდეს.

მებრძოლთა კლუბს აუცილებლად მარტინ სკორსეზეს გადავაღებინებდი. ედვარდ ნორტონის მაგივრად წარმოიდგინეთ რობერტ დე ნირო თავისი მიმიკით. მოგეხსენებათ ნორტონის პერსონაჟს საკუთარი თავი არარაობად მიაჩნია, ამიტომაც მწვავე შიზოფრენიის სტადიაში ის წარმოიდგენს ბრედ პიტს ტაილერ დარდენის სახით. ხოდა, ვინ იქნებოდა მარტინ სკორსეზეს ვერსიაში ტაილერ დარდენი, თუ არა ჯო პეში? ვინ არის თინეიჯერ გოგოების საყვარელი ბრედ პიტი, ნამდვილ განსტერ ჯო პეშისთან შედარებით? ჯო პეში პრეზიდენტად, კი არადა ტაილერ დარდენად.

რადგანაც სკორსეზე ჩამოვარდა საუბარი, აქვე ვიტყვი რომ ავიატორის ავტორი მშვენივრად გაუმკლავდებოდა მოსფილმის პროდუქციას სახელწოდებით “მიმინო”. თვალწინ მიდგას სცენა თუ როგორ ამტკიცებენ საბჭოური კინომატოგრაფიული კავშირის წევრები მთავარ როლზე ლეონარდო დი კაპრიოს, ოღონდ იქვე კომისიის ერთ-ერთი წევრი ამატებს, “ლეოს ძალიან მოუხდებოდა კარგი ქართული ულვაში, ასე რომ ვალიკო მიზანდარის პერსონაჟზე მუშაობას რომ დაიწყებთ, გთხოვთ ეს დეტალი გაითვალისწინოთ.”

პიერ პაოლო პაზოლინის გადავაღებინებდი ბერნარდო ბერტოლუჩის ყველა ფილმს, მხოლოდ იმიტომ რომ პირველი უკანასკნელის “დააპგრეიდებული” ვერსიაა.

საერთოდ ვერ ვხვდები რა გამოვიდოდა დიდი ლებოვსკი პედრო ალმადოვარს რომ გადაეღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ მაჩოების არმიას რომელსაც ეს ფილმი უზომოდ უყვარს, ალმადოვარის ესთეტიკა გულგრილს ვერ დატოვებდა.

დარწმუნებული ვარ სტივენ სპილბერგმა ნახა და ძალიან მოიწონა მელანქოლიაში გამოყენებული სპეც. ეფექტები, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ რომ ეს ფილმი სპილბერს რომ გადაეღო, ზუსტად იგივე გამოუვიდოდა, უბრალოდ ორჯერ უფრო მოკლე, კირსტენ დანსტის “ჟღვინტების” და ტრიერის კომპლექსების პროეცირების გარეშე, ანუ პრინციპში გაცილებით უკეთესი.

სრულად თავისუფლად შეიძლებოდა ოცნების რექვიემი დენი ბოილისთვის მიენდოთ, არ შეეცვალათ ფილმის შინაარსი თუ სიუჟეტი და უბრალოდ Trainspotting 2 დაერქვათ.

ამ სიაში ძალიან მინდოდა ჯეიმს კამერონისთვის მომენახა ადგილი, მაგრამ ეს რეჟისორი იმდენად იშვიათად და ისეთ განსხვავებულ და “უხელწერო” ფილმებს (ტერმინატორი, ტიტანიკი, ავატარი) იღებს რომ მემგონი დამატებითი ქილიკი არ სჭირდება.

ცნობილი ფილმების ალტერნატიული ქართული პოსტერები

სათაფლია

არადა, მსგავსი თარგმანი მშვენიერი მარკეტინგული სვლა იქნებოდა. დარწმუნებული ვარ ის თვით სტივენ სპილბერგსაც დააინტერესებდა, რომელიც უმალ მოითხოვდა სათაფლიას მონახულებას და ამ ლოკაციით მოხიბლული, სიქველის გადასაღებად სხვა ადგილის ძიებაზე აღარც კი იფიქრებდა.

ვერის უბნის მელოდიები

რითია ვითომ ჩვენი ვერის უბანი ვესტ საიდზე ნაკლები?

ბაღნები

არ ვიცი გადიოდა თუ არა თავის დროზე სკანდალურად ცნობილი ლარი კლარკის ფილმი Kids დასავლეთ საქართველოს კინოთეატრებში, მაგრამ სათაურის უკეთესი ქართული შესატყვისი ვერც კი წარმომიდგენია…

პალმები

If you know what I mean… 🙂

ლაზიკა

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ლაზიკაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ის საოცრად ჰგავს “28 Days Later-ის” მიტოვებულ ლონდონს ფილმის დასაწყისში, რა თქმა უნდა თავად ლონდონს თუ გამოვაკლებთ…

გლდანიპოლისი

ვფიქრობ გლდანელების გარდა, დანარჩენებისთვის გლდანი ისევე იდუმალია როგორც ფრიც ლანის მეტროპოლისი და მისი შეცნობა მხოლოდ ფილმის მეშვეობით არის შესაძლებელი…

რას ვკითხულობ. დეკემბერი-იმედგაცრუებების და აღმოჩენების თვე

ვერ გავიგე, მომეწონა თუ არა სტენლი ფიშის “როგორ დავწეროთ და წავიკითხოთ წინადადება” (How to read a sentence and how to write one). როგორც სათაურიდან ჩანს წიგნი წერის ხელოვნებას ეხება, რომელიც ერთი მხრივ ძალიან კარგი წერის ნიმუშებს გვთავაზობს, მაგრამ მეორე მხრივ ალაგ-ალაგ მოსაწყენიც კი არის. მე ძალიან მომეწონა ჯონ აპდაიკის მაგალითი, რომელიც ბეისბოლის მატჩის კომენტირებისას ასეთ ფრაზას იყენებს “ის [ბურთი] უკვე წიგნებში იყო მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ცაში იმყოფებოდა” (It was in the books while it was in the sky”). მე პირადად ამ წიგნის წაკითხვას გირჩევდით, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ სწორედ ასეთი კარგი მაგალითებით სავსეა და არა იმიტომ რომ მას წერის სწავლა შეუძლია (ნამდვილად არ შეუძლია).

არ ვიცი რას დავაბრალო, ერთგვარ ლიტერატურულ სნობიზმს თუ მოდას სტივენ კინგზე,  მაგრამ ამ მწერლის წიგნებს ხელში ცოცხალი თავით არ ვიჭერდი, ამიტომაც კრებულმა “გულებმა ატლანდიდაში” (Heart in Atlantis) სასიამოვნოდ გამაკვირვა. კრებული ორ ნოველისგან და სამი მოთხრობისგან შედგება. ხუთივე ნაწარმოები არაპირდაპირ, თუმცა ირიბად დაკავშირებულია. ეს პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ ყველა მთავარი გმირი ბეიბი ბუმერების თაობას წარმოადგენს, ნაწარმოებები კი მათი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის შესახებ მოგვითხრობენ.

მიუხედავად იმისა რომ თომას პინჩონი მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ თვალსაჩინო ფიგურად მიიჩნევა, გავბედავ და ვიტყვი რომ მისი “აცხადებენ ლოტ 49-ს” (The Crying of Lot 49)  საერთოდ არ მომეწონა, ან უბრალოდ ვერ გავიგე. ნაწარმოები პოსტ მოდერნიზმის სანიმუშო მაგალითად ითვლება, მე კი ამ ჟანრთან მწყრალად ვარ, ასე რომ მაპატიეთ, ვერაფერს ვიტყვი.

ჯონათან ლეთემის “გავლენის ექსტაზი” (The Ecstasy of Influence) ერთი დიდი გაუგებრობაა. უფრო სწორედ, ვფიქრობ წიგნის სათაური მთლიანოაბში არ ამართლებს შინაარსს. არის ძალიან საინტერესო მონაკვეთები, მაგალითად იქ სადაც ავტორი საუბრობს პოპ კულტურაზე და სხვადასხვა გავლენებზე, “მოპარვებზე” და დამთხვევებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ხშირ შემთხვევაში უხვევს თემას და პერსონებზე გადადის. მაგალითად, ჯეიმს ბრაუნზე საუბარს ავტორი წიგნის მეხუთედს მაინც უთმობს, რომელიც ნეიტრალურ მკითხველს ასეთი დოზით ალბათ არ დააინტერესებს. “აჯაფსანდალის” მთავარი მიზეზი ალბათ მაინც ისაა, რომ წიგნი წარმოადგენს ავტორის  მიერ სხვადასხვა წლებში დაწერილი სტატიების კრებულს, რომლებიც ერთ ნაწარმოებად ვერ შეიკრა.

სასიამოვნო აღმოჩენა იყო დიდი ინგლისელი მწერლის, გრეემ გრინის ნაწარმოები “ძალაუფლება და დიდება” (The Power and the Glory). თუ ამ სიიდან რომელიმე წიგნის წაკითხვას გადაწყვეტთ, სწორედ რომ ამ რომანს გირჩევდით. მარტო ეს წინადადება რად ღირს, “სიტყვა ‘სიცოცხლე’ ტაბუს წარმოადგენდა, ის სიკვდილს გახსენებდათ,” ან ეს, “ბედნიერება კვლავ გარდაიცვალა, ისე რომ  სუნთქვაც კი ვერ მოასწრო”.

ასევე იმედგაცრუებაც შეიძლება ჩავთვალოთ მალკოლმ გლადველის ბესტსელერი “დავითი და გოლიათი” (David and Goliath). ამ წიგნისგან გაცილებით მეტს ველოდი, საბოლოოდ კი შემრჩა პრინციპში სასიამოვნო წასაკითხი, მაგრამ არასაკმარისად “მეცნიერული” მიდგომა. არადა, ავტორს განზრახული ჰქონდა დავითის და გოლიათის ლეგენდის “გაშლა” და ისტორიიდან იმ მაგალითების მოყვანა როდესაც “სუსტი” მოწინააღმდეგე ამარცხებდა “ბოროტს”, რაც თავისთავად საინტერესო თემაა. სამწუხაროა, რომ გლადველი მხოლოდ ზედაპირზე ტივტივებს.

არიან ბუმბერაზი ავტორები და ერთ-ერთ ასეთად მიიჩნევა გუნტერ გრასი. უნდა ვაღიარო რომ აქამდე ამ ავტორს არ ვიცნობდი, მაგრამ მისი ერთგვარი მხატვრული ბიოგრაფიული “ყუთის” ( Die Box) წაკითხის შემდეგ ამ ავტორის სხვა ნაწარმოებს ალბათ დიდი ხანი არ მოვკიდებ ხელს. მოკლედ რომ ვთქვათ, მეუცხოვა და ვერანაირი ემოცია ვერ დამიტოვა, იქნებ სწორედ იმიტომ რომ ავტორს არ ვიცნობ?

არაუშავდა ანა ლამოტის Bird by Bird: Some Instructions on Writing and Life-ს. ავტორი საკუთარი ლიტერატურული წიაღსვლებზე მაგალითების მოყოლით ცდილობს ისაუბროს წერის ტექნიკაზე. ავტორი ლექტორია და ახალგაზრდა მწერლებს უკითხავს ლექციებს, ამიტომაც წიგნი სავსეა მაგალითებით მისი პროფესიული კარიერიდან. თუმცა, ისევ და ისევ, წიგნს არაუშავს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული…

ნოემბრის მიმოხილვა.

ოქტომბერი.

ქართველი მოგზაურის სტერეოტიპული რუკა

ბერლინში

დადიან ქართველი ტუსოვშიკები. ე.წ. ტუსოვშიკებს ბერლინი ვარშაუერ შტრასეს სადგურთან მიმდებარე ტერიტორია ჰგონიათ, რადგანაც სწორედ აქ ატარებენ მეტწილ დროს კლუბ ბერგჰაინის და უოტერგეიტის ძიებაში. ჭეშმარიტი ქართველი ტუსოვშიკის ატლასზე ყველა პრადვინუტი თვითფრინავი ბერლინის მიმართულებით მიფრინავს.

კიევში

დადიან ქართველი ბაბულიკები და პოლიტიკოსები (ესენი პრინციპში ერთმანეთისგან თვისობრივად არ განსხვავდებიან). კიევს ადრე მოსკოვი ერქვა, მაგრამ ჟამთა ცვლამ სახელი შეუცვალა, ისევე როგორც მანეთს დაერქვა ევრო. კიევის შემთხვევაში ქართველ პოლიტიკოსებს სოლიდარობის გრძნობა უღვივდებათ და ამიტომაც მზად არიან ყინვაში და თოვლშიც კი გარეთ (?) გვერდში (?) დაუდგნენ უკრაინელ ძმებს (?), ბაბულიკებისგან განსხვავებით რომლებიც გვერდში დადგომას სითბოში და კომფორტში ამჯობინებენ და არა მაინცდამაინც ძმებთან.

ერევანში

ქართველები არ დადიან, რადგანაც აქაურობა ძალიან ჰგავს საქართველოს, ოღონდ თხუთმეტი წლის წინანდელს.

მოსკოვში

დადის ბუბა კიკაბიძე, თამარ გვერწითელი, ქეთა თოფურია, საქართველოს პრეზიდენტის შვილი და ყოფილი გენ. პროკურორი არჩილ კბილაშვილი (ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ბინა აქვს იქ და მიხედვა სჭირდება). პ.ს. თინა კანდელაკის ხსენებაც მინდოდა, მაგრამ ეგ მგონი რუსია.

იერუსალიმში

დადიან ჯიპებით ჩიპების გარეშე. ქართველი მრბოლელების არ არსებობის და პარიზ-დაკარის რბოლაში წარმომადგენლის არ ყოლის გამო, ასეთი ვოიაჟები ერთგვარ სუბლიმაციას წარმოადგენენ.

სტამბოლში

დადიან ქართველი ვაჭრები და ორჰან ფამუქის ფანები, მიუხედავად იმისა რომ ამ ქალაქში არც ორჰან ფამუქი აღარ ცხოვრობს და აღარც ლიფტებიდან მოძრობილი სპილენძი სარგებლობს პოპულარობით.

ბუდაპეშტში

დადიან ქართველი სტუდენტები/მომავალი ენჯეოშნიკები. მიუხედავად იმისა რომ დასავლეთში ცენტრალურ ევროპული უნივერსიტეტის (შინაურულად სეუ) შესახებ ბუნდოვნად სმენიათ, ქართული ენჯეოს სექტორში მოხვედრის აუცილებელ პირობად CV-ში, ნუ ან საუბარში მაინც, ამ უნივერსიტეტის ხსენება არის სავალდებულო.

ნიუ-იორკში

დადიან ემიგრანტები. ვინაიდან და რადგანაც ნიუ-იორკამდე შორია მსურველებს, ათ წლიან ვიზებს ურიგებენ, ამიტომაც წასული ბევრი გვინახავს, მაგრამ დაბრუნებული არავინ. თანამედროვე ტექნოლოგიებმა (მაგ. სკაიპმა და ფეისბუქმა) მოხსნა კითხვები ე.წ. ემიგრანტების არსებობების შესახებ, ისინი ნამდვილად არსებობენ.

ლონდონში

დადიან ქართველკაცობაში ხელოვნებად ცნობილები, ლონდონში ზოგადად უცნობნი. მათ შესახებ როგორც წესი რუსთავი-2 მოგვითხრობს ხოლმე (სიუჟეტები სათაურით “ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები”).

то ли ნიცაში, то ли კანში

დადის გოგი გვახარია და სვამს ლატეს.

2013 წლის 10 ყველაზე კითხვადი პოსტი ამავე ბლოგიდან

ჯერ კიდევ ვცდილობ დავძლიო პოსტ ახალი წლის სიზარმაცე, მოვიფიქრო ახალი პოსტები და მკითხველს შეძლებისდაგვარად საინტერესო იდეები შევთავაზო, თუმცა ჯერჯერობით ეს ნაკლებად გამომდის. ამიტომაც, სანამ მუზები შემაწუხებდნენ და ბახუსის სამფლობელოს საბოლოოდ დავაღწევდე, გადავწყვიტე ფონს შედარებით მარტივად გავიდე და 2013 წლის ერთგვარი შეჯამება მოვახდინო იმ პოსტების ჩამონათვალით, რომელსაც თუ სტატისტიკა არ ტყუის, ბლოგის მკითხველი ყველაზე ხშირად სტუმრობდა.

10.

საპატიო, მე-10 ადგილი 854 ნახვით 2013 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა პოსტმა, Facebook მომხმარებელთა რამდენიმე ტიპმა დაიკავა. პოსტი მეტწილად ქართულ მომხარებელს ეხება და ასეთი მომხმარებლის რამდენიმე ტიპს განიხილავს. ყველამ ვიცით რომ ფეისბუქი ზოგადად ფენომენია, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ქართული ფეისბუქის შემთხვევაში განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ამიტომაც ის ხშირად იქცევა ბლოგერების საქილიკო თემად.

9-7.

ბლოგის სტატისტიკაზე დადებითად იმოქმედა სერიამ “ცნობილი ადამიანები და პერსონაჟები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ…” , ამიტომაც  ამ თემაზე გაკეთებულ პოსტებმა ამ ათეულში რამდენიმე პოზიცია დაიკავეს. პირველად მსგავსი შინაარსის პოსტი ორიოდე წლის წინ რომელიღაც ინგლისურენოვან გვერდზე შემხვდა, შეიძლება ითქვას იდეა “მოვიპარე,” თუმცა შინაარსობრივად შევეცადე ორიგინალური ვყოფილიყავი და იდეები არ გამემეორა (მემგონი გამომივიდა). მე-9, მე-7 ადგილები (ზევიდან ქვემოთ) შემდეგნაირად გადანაწილდა.

ცნობილი ადამიანები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ – 1,719 ნახვა

ცნობილი პერსონაჟები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ (+ რუსთაველი ბონუსად)… – 1,873 ნახვა

ცნობილი ადამიანები და პერსონაჟები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ… – 2,010 ნახვა

6.

ძალიან გამიხარდა რომ ამ ათეულში ორი კინო რეცენზია მოხვდა, ორმაგად სასიხარულოა ის რომ ორივე ფილმი ქართულია. მე-6 პოზიცია 2,084 ნახვით ზაზა ურუშაძის  ფილმ “მანდარინებმა” დაიკავა. მკითხველი მეტწილად საძიებო სისტემების მეშვეობით მოხვდა ბლოგზე, რაც იმაზე უნდა მეტყველებდეს რომ ზოგადად საზოგადოებისგან მოთხოვნა ამ ფილმზე მაღალი იყო.

5.

მე-5 პოზიციაზე კვლავ “ფეისბუქის სერიიდან” ერთ-ერთი პოსტი მოთავსდა. პოსტი სერიის მეორე ნაწილს წარმოადგენს და მას საერთო ჯამში 3,909 ნახვა აქვს.

4.

მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ დავით კოვზირიძის გადაცემა “მძიმე კაცთან” მეტნაკლებად საინტერესო, სახალისო და უპრეტენზიო პროექტია, ვერაფრით ვაპატიებ რამდენიმე თვის წინ დაწერილ “აი  იას,” რომელიც მდარე და იაფფასიან ტექსტად მიმაჩნია. მე-4 ადგილზე ამ წერილის საპასუხოდ დაწერილი აი თითი გავიდა, რომელიც მეტწილად იგივე კოვზირიძის დამსახურებით სულ 4,542 მომხმარებელმა მოინახულა და უშუალოდ ბლოგზე 46 კომენტარი დატოვა.

3.

მეორე ქართული ფილმი, რომელიც ამ სიის მე-3 საპრიზო ადგილას განთავსდა ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის “გრძელი ნათელი დღეებია”. ამ პოსტს, რომელსაც საერთო ჯამში სულ  4,768-ჯერ ეწვივნენ, შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

2.

ერთ-ერთი პოსტის ინსპირაციის წყაროდ იქცა TBC-ის ავადსახსენებელი სამი მუშკეტერის სარეკლამო კამპანია. TBC-ის სამი მუშკეტერის რგოლი ცნობილ რეჟისორებს რომ გადაეღოთ… – ასე ჰქვია პაროდიული სტილის წერილს, რომლის მიხედვით ცნობილ ქართულ რეკლამას მსოფლიო დონის რეჟისორები იღებენ. სულ 5,086 ნახვა.

1.

2013 წლის უპირობო ლიდერი აღმოჩნდა ცნობილი მწერლები და პოეტები Facebook – ის მომხმარებლები რომ ყოფილიყვნენ… ის 9,713 ნახვით ნახსენები სერიის ყველაზე წარმატებულ პოსტად იქცა. საინტერესო კი ისაა, რომ სერია ამ პოსტმა გახსნა და ვერცერთ მომდევნო პოსტს ამავე თემაზე მიახლოვებული წარმატებაც კი ვერ ხვდა წილად.