ახალი ამბების ყოველკვირეული მწარე მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

 

გასული კვირა ქართული კულტურის მორიგი დამაჯერებელი და საყოველთაო გამარჯვებით დაიწყო. საუბარია აკაკი წერეთლის თხზულებანის პორნო ფილმის კადრში მოხვედრაზე.  ისე კი, კიდევ კარგი ამ სცენაში წერეთლის მაგივრად ილია ჭავჭავაძის, ანუ ილია მართლის რომელიმე ნაწარმოები არ მოხვდა. ასე რომ ყოფილიყო საერთაშორისო სკანდალს ვერ ავცდებოდით. ასეთ შემთხვევაში მოწამეობისთვის და პროტესტისთვის გამზადებული ათასობით ქართველი გეზს AVN award-ისკენ აიღებდა და იქ აღგზნებულ მდგომარეობაში გააპროტესტებდა ქართული სიწმინდის შებღალვას.

ინტერნეტ განხილვის და აღშფოთების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ალბათ უილიამ დანბარის თავისუფალი თემა “როგორ გავატარე ზაფხული” კი არადა,  “რა მომწონს და არ მომწონს ქართულ სამზარეულოში” უნდა მივიჩნიოთ. დანბარის დაბნეულმა პოსტმა (სადაც ავტორი კულინარიაზე უფრო მეტად გეოგრაფიაზე გვესაუბრება) და აშკარად ნაძალადევმა თარგმანმა ერი და ბერი აალაპარაკა, მკაცრი ქართული ენის მასწავლებლებიდან დაწყებული პროფესორებით და საზოგადო მოღვაწეებით დამთავრებული. პატრიოტული სუფრის ფრთა, თემის ავტორს უცოდინრობაში და უმადურობაში სდებდა ბრალს, ქართველთა მეორე ფრთა, რომელიც გულის სიღრმეში საკუთარ თავს საზოგადოების უფრო ნათელ ნაწილად მიიჩნევს, დანბარს წერილს უქებდა.

წინა კვირაში კვლავ აქტუალური იყო ძალიან საყვარელი ფეისბუქ აპლიკაცია Quiz Your Friends. არაფერი მაქვს იმ ადამიანთა საწინააღმდეგოდ, რომლებმაც ეს ძალიან საყვარელი ტესტი გააკეთეს, მაგრამ ამავდროულად მინდა გამოვხატო პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ რომლებმაც ცდუნებას გაუძლეს. ადამიანებს რომლებაც გადაწყვიტეს არ შეეხსენებინათ სხვებისთვის თუ რა მაგარი, იუმორის მქონე, ათლეტური თუ ინტელექტუალური ტიპები არიან. თუმცა, პირველ რიგში ქედს ვიხრი მათ წინაშე იმის გამო, რომ ეყოთ ჭკუა და მიხვდნენ რომ პრინციპში მათი პერსონა მათი ახლო მეგობრების გარდა არავის აინტერესებს.

პარლამენტარები ერთმანეთს კვლავ პროფესიონალიზშმი და მაღალი ინტელექტის გამოვლენაში ეჯიბრებიან, ამჯერად ზურამ ტყემალაძემ იაქტიურა და საზოგადოებას სოსო ჯაჭვლიანი დროებით დაავიწყა . შეგახსენებთ რომ ტყემალაძე თბილისში მდებარე ძველი პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. ბუნებრივია ტყამალაძის ეს ინიციატივა ფეისბუქ მომხმარებელმა აიგდო და სწორედ მისი წყალობით მოგვეცა საშუალება გაგვეგო ა) სად ცხოვრობს ზოგიერთი ჩვენი “ფრენდი” ბ) რომელ ქალაქში ისურვებდა ეს კონკრეტული “ფრენდი” ცხოვრებას. ასე მაგალითად ჩემს ფეისბუქ მეგობრების სიაში შემოვიდა წინადადება ნახალოვკა ეჩუქებინათ ედინბურგისთვის, ხოლო გლდანი გადაეცათ ნიუ იორკისთვის. თუმცა, უფრო მთავარი ისაა რომ ტყემალაძის წყალობით ჩვენ გავიგეთ რომ ა) თბილისში ცხოვრება არავის სურს და ბ) თბილისზე კიდევ უფრო ნაკლებად თბილისელებს ქუთაისელობა უნდათ.

ამასობაში ყოფილი პრეზიდენტის ყოფილმა “სახლმოურავმა”, ანდრო ბარნოვმა ხაშურის რომელიღაც გაყინულ შენობაში პალტო ჩაცმულმა შეხვედრა გამართა. თუ ამ სიუჟეტის ავტორს დავუჯერებთ, ბარნოვი სამოქალაქო-საინიციატივო ჯგუფს  “გორი დამოუკიდებლობისთვის და ევრო ინტეგრაციისთვის” ხელმძღვანელობს.  რთული მისახვედრი არ არის, რომ ბარნოვი საბჭოურობის ამოძირკვას მისი გულიდან, ანუ სტალინის მშობლიური ქალაქიდან იწყებს, მაგრამ ამავდროულად ჯგუფის სახელწოდებიდან გამომდინარე ერთი კითხვა მიჩნდება. გორი ჯერ დამოუკიდებელი უნდა გახდეს და საქართველოს ავლით შევიდეს ევროპაში, თუ ჯერ საქართველოსთან ერთად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მერე გამოეყოს ქვეყანას?

ეკლესიის ბნელმა ფრთამ ლიბერალების წინააღმდეგ საბრძოლველად youtube-ზე მორიგი დესანტი გადმოსხა. ამჯერად დესანტი ვინმე სპირიდონ აბულაძის სახით მოგვევლინა, რომელიც სხვა აბულაძის “მონანიების” რომელიღაცა სცენის ესთეტიკაში გადაწყვეტილ ვიდეოთი დაგვემუქრა და ძალიან აღელვებულმა გვამცნო, რომ პატრიარქის ყველა კრიტიკოსი არც მეტი და არც ნაკლები, მოკვდება. ბუნებრივია ექვს წუთიან მიმართვაში მამაო გაუჩერებლად ვერ ლაპარაკობს და ამიტომაც სახეზეა რამდენიმე “რესტარტი”. ერთ-ერთი ასეთი რესტარტი მე-2 წუთსა და მე-16 წამზე შეგვიძლია ვიხილოთ. ამ პაუზის დროს ირთვება საყვარელი და მშვიდი ინტერფეისი, თუმცა რამდენიმე წამში სპირიდონ აბულაძე ახალი შემართებით აგრძელებს მუქარას. თუმცა ვიდეოს დასასრული, ის მონაკვეთი სადაც ავტორი სპერმებზე და ლამის ტინტო ბრასის სიუჟეტებზე საუბრობს  ალბათ ყველაზე საინტერესოდ და ფანტასმაგორიულად უნდა ჩავთვალოთ.

ამასობაში, მსოფლიოში ვითომ ყველაზე პრესტიჟულმა კინო აკადემიამ, რომელმაც ვითომ საუკეთესო ფილმები და მსახიობები უნდა გამოავლინოს, ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც მაყურებელი სხვადასხვა მსახიობებით და ფილმებით ინტერესდებოდა, წელს ერთადერთ ინტერესს (რომელიც ინტერნეტ ისტერიის მსუბუქ და რიგ შემთხვევაში მძიმე ფორმებში ვლინდება) ლეონარდო დი კაპრიოს და ოსკარის ურთიერთობა წარმოადგენს, რაც იძლევა ეჭვს ვიფიქროთ რომ ჟიურის წევრები ამ უკანასკნელს მთავარი როლის შესრულებისთვის ისე მისცემენ ჯილდოს, რომ სხვების მონაწილეობით ფილმებს არც კი ნახავენ.

სპორტის სამყაროში კვირის მთავარ მოვლენად შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხავის მისამართით გაკეთებული “შალაბანი” აღმოჩნდა. არ ვიცი რამდენად კარგი ფეხბურთელია იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ამ ვიდეოში ის იმ სკოლის მოსწავლეს ჰგავს, რომელიც ყველას გვყავდა კლასში თუ სკოლაში. ტიპი რომელიც არაადეკვატურ და კონტექსტიდან ამოვარდნილ საქციელს სჩადიოდა ხოლმე. ისე კი, ვფიქრობ შვედეთისთვის ძალიან კარგი უნდა იყოს ის რომ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ვაკანტური არაა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ქართული ფეისბუქისთვის საინტერესო არავინ მომკვდარა და ამიტომაც კვირამ ელექტრონული პანაშვიდების გარეშე ჩაიარა.

დასასრულისთვის გიტოვებთ ქართული ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმის ამსახველ ამ ვიდეოს, რომლისთვისაც კომენტარის მოფიქირება უბრალოდ ზედმეტად ჩავთვალე.

5 thoughts on “ახალი ამბების ყოველკვირეული მწარე მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 1]

  1. Evellini

    ააააღფრთოვანებული ვარ.
    ყველაფერი დაგიწერია, რასაც ბოლო დროს ვფიქრობდი. სულსულ ყველაფერი. პოსტში მოცემულ ყველა საკითხის შესახებ გეთანხმები და ბედნიერი ვარ, შენსავით მოაზროვნე ხალხი რომ არსებობს❤

    Reply
  2. თაკო გვაზავა

    ვაიმე:/ ვაი ვაი. მე ბოლო ვიდეოდან დავიწყებ, მდა. მეც არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მიკრო-ინტელექტუალური შოკი მაქვს. ასე რომ კიდევ ერთხელ ვავა-ვავა:/
    დანარჩენს რაც შეეხება, აკაკი წერეთელზე, ბარნოვზე და სპირიდონზე აზრზე არ ვიყავი და შესაბამისად შევიგრძენი რა საკუთარი მდგომარეობის უდიდესი უპირატესობა ამ საოცარი ამბების არ გაგების გამო, რაღა თქმა უნდა ლინკებზე აღარც გადავსულვარ.
    ქუიზს რას შეეხება, სახალისო იყო ძაან, ერთი დღე გადასარევად გავერთე, რა გინდა.. შენ რა დასკვნებიც გაგიკეთებია ეგ ისედაც ვიცით კაცო :))
    და დიკაპრიოს რაც შეეხება, სულით და გულით ვუერთდები ამ თემაზე ეგზალტირებულთა არმიას და გულში მჯიღის ცემით მოვითხოვ, რომ მისცენ ჩემს ლეოს ოსკარი, დამპლებმა მაგნებმა !

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      უკვე ვფიქრობ იმაზე თუ რას დავწერ სასწაული რომ მოხდეს და დი კაპრიოს ოსკარი წელსაც არ მისცენ…🙂

      Reply
      1. თაკო გვაზავა

        ტფუი ეშმაკს, მსწრაფლ უკუაგდე მსგავსი მოლოდინები, მოგიწოდებ. წელსაც თუ არ მისცეს, ჟიურის სერიოზულად დაერხევა. ლინჩის წესით გავასამართლებთ.

  3. Pingback: მიმდინარე მოვლენების ყოველკვირეული მწარე მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 2] | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s